განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.04.2019
საქმის ნომერი
010310014418451
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010310014418451 (3/ბ-05-2019წ.)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - ქ------- ბ-------–---–ი, ბ----- ღ-–-----ი

 

მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2014 წლის 28 იანვარს ქ------- ბ-------–---–მა, ბ-----, ქ-------, რ---- და ნ-----–-- ღ-–-----ებმა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, ყოფილი პროკურორის დიმიტრი ფაღავას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოითხოვეს:

- მოპასუხეების: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის, ყოფილი პროკურორის დიმიტრი ფაღავას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, მოსარჩელეთა (მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის) სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით სოლიდარულად 210 000 (ორას ათასი) ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის დაკისრება.

- აწ გარდაცვლილი ქ----- ღ-–-----ის კუთვნილი, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე (ს/კ 0------------------) და გ-----------–------–ეს ქ. №52-ში მდებარე, ნ-----–-- ღ-–-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილების (საქმე №1-153/09) საფუძველზე აღსრულების საქმის წარმოების განხორციელების აკრძალვა.

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ქ------- ბ-------–---–ს 2007 წლის 09 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის მიერ ბრალი წარედიგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. იმავე წლის 05 მარტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტის, 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ბრალი

 

წარუდგინა ბ----- ღ-–-----საც. რადგანაც ქ------- ბ-------–---–ს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში, ბრალდების მხარემ მის მიმართ 2017 წლის 10 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით (ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით) გამოიყენა გირაო - 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2013 წლის 17 მარტის სასამართლო ბრძანებით ქ------- ბ-------–---–ი გადაყენებული იქნა, ქ. ბათუმის ნოტარიუსის თანამდებობიდან, საქმის განხილვამდე.

 

2008 წლის 09 მარტს, ქ------- ბ-------–---–ის მეუღლეს, ბ----- ღ-–-----საც წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-ე-3 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. აღკვეთის ღონისძების სახით ძალაში დატოვებული იქნა გირაო, რომელიც მის მიმართ მანამდე, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული ბ----- ღ-–-----ის დედის, ქ----- ღ-–-----ის კუთვნილ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინას და შვილის, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ №14 ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ეს ქ. №52-ში.

 

2012 წლის 07 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორატურამ და იშუამდგომლა ბ----- ღ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - დაპატიმრებით შეცვლისა და გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული ქონების „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. შუამდგომლობის საფუძველს წარმოადგენდა 2007 წლის 09 მარტს წარდგენილ ბრალდებაზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აღკვეთის ღონისძიების სახით ბ----- ღ-–-----ს შეეფარდა პატიმრობა. ამავე დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უძრავ ქონებებს მოეხსნა ყადაღა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მიექცა აღსრულებაზე.

 

სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 2013 წლის 07 მარტს და დასრულდა - 2013 წლის 24 აპრილს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი ყველა წარდგენილ ბრალდებაში როგორც ქ------- ბ-------–---–ი, ისე ბ----- ღ-–-----ი ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ. ამავე განაჩენით სასამართლოს მიერ მოსარჩელეებს განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, არ იმსჯელა 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით აღკვეთი ღონისძიების შეცვლის და უძრავი ქონების აღსრულებაზე მიქცევის სამართლებრივ შედეგებზე. 2013 წლის 31 მარტს გარდაიცვალა ბ----- ღ-–-----ის დედა, ქ------- ღ-–-----ი, რომლის გარდაცვალების შედეგადაც გაიხსნა სამკვიდრო მის გარდაცვალებამდე საკუთრებაში არსებულ აქტივებსა და პასივებზე, მათ შორის ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ.№74ა-ში მდებარე №8 ბინაზე. სამკვიდრო ქონების მიღებამდე გარდაიცვალა ქ------- ღ-–-----ის პირველი რიგის მემკვიდრეც, ა------- ღ-–-----ი, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მემკვიდრეობის უფლება ტრანსმისიით გადავიდა შვილებზე, ქ------- და რ---- ღ-–-----ებზე, მაგრამ სამკვიდრო მოწმობა უძრავ ქონებაზე ვერ გაიცა იმ მიზეზით, რომ მას ედო ყადაღა.

 

მოსარჩელეთა მიმართ უკანონოდ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მოთხოვნით გამოყენებული იქნა მკაცრი აღკვეთის ღონისძიებები - შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის გირაო, თანამდებობიდან გადაყენება და პატიმრობა, ხოლო აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში უპრეცედენტოდ დიდხანს, დაახლოებით ექვის წელი გაგრძელდა.

 

მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ს სისხლის სამართლებრივი დევნის და სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე არ ჰქონდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება, დაყადაღებული ქონების მესაკუთრეებს, უძრავი ქონებების განკარგვის უფლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა ბ----- ღ-–-----ისთვის თავისუფლების აღკვეთა. მთელი ამ პერიოდის განმვალობაში, თითოეულ ბრალდებულს არ ჰქონდა დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავალის წყარო და ისინი სრულად დამოკიდებულები იყვნენ ახლო ნათესავების დახმარებაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი რეაბილიტაციის საფუძველია. ამავე კოდექსის 228-ემუხლის თანახმად, რეაბილიტირებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და სასარჩელო წარმოების წესით მოითხოვოს თავისი უფლებების აღდგენა გამამართლებელი განაჩენის ან რეაბილიტაციის შესახებ სხვა აქტის გამოტანის დღიდან, 3 წლის განმავლობაში. რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლისსამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, უკანონოდ დაკავების შედეგად მიყენებული ზიანის სახელმწიფოს მიერ ანაზღაურება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციით, საქართველოს კონსტიტუციით, სამოქალაქო კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღიარებული უფლებაა და ამ უფლების რეალიზების საშუალება წარმოადგენს სწორედ მატერიალიზირებული სახით გამოხატულებას, რომელიც შეიძლება მოსარჩელემ მიიღოს მოპასუხისათვის ფულადი სახით თანხის დაკისრების შემთხვევაში.

 

მატერიალური ზიანის ამაზღაურების შესახებ მოთხოვნა ქ------- ბ-------–---–ის ნაწილში, გამომდინარეობს იქიდან, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში - 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად განხორციელებული საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა 38 199 (ოცდათვრამეტი ათას ას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარს, რაც ექვის წლის გაანაგარიშებით, შემოსავლის სახით შეადგენს 229 000 ლარზე მეტს, რომელიც მოპასუხეთა უკანონო მოქმედების გამო ვერ მიიღო. რაც შეეხება ბ----- ღ-–-----ის მიმართ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, იგი გამომდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მის მიმართ გამოყენებული მკაცრი აღკვეთი ღონისძიების, გირაოს გამოყენების შედეგად განცდილი ზიანიდან. ამასთან, მას სისხლისსამარათლებრივი დევნის ეტაპზე შეზღუდული ჰქონდა საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყების უფლება, ხოლო კერძო სფეროში ყველა დამსაქმებელი თავს იკავებდა მასთან შრომით ურთიერთობაში შესვლაზე, მაშინ, როდესაც თავისი პროფესიული გამოცდილებით და განათლებით ჰქონდა შესაძლებლობა, პროფესიული საქმიანობის განხორციელების და მატერიალური დოვლათის შექმნისა. აქედან გამომდინარე, მის მიერ გამომუშავებული შემოსავალი ექვსი წლის მანძილზე იქნებოდა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელეების განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად უნდა ანაზღაურდეს, საქმის შედეგის მიუხედავად, ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სისხლისსამართლებრივი საქმის სასამართლო განხილვა უპრეცედენტოდ დიდხანს მიმდინარეობდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს, რადგან ყოველდღიურად ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო მათ მიმართ გამოიტანდა გამამტყუნებელ განაჩენს და აღმოჩნდებოდნენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში. მთელი იმ პერიოდის განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებების სტატისტიკა 99% -ს შეადგენდა გამამტყუნებელ განაჩენეზე, რაც სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ეს შიში საფუძვლიანი ყოფილიყო. მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ს ნერვიულობის შედეგად სისხლში შაქრის შემადგნელობა აუმაღლდა და გადააჭარბა დადგენილ ოდენობას, რის შემდეგაც იმყოფება მედიკამენტოზური მკურნალობის ქვეშ. დადენილი ფაქტია, რომ დიაბეტის ჩამოყალიბების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს სწორედ მძიმე სტერსული მდგომარეობა.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში მორალური ზიანის ანაზღაურება სწორედ საკანონმდებლო საფუძვლებიდან გამომდინარე არსებობს, რაც შეეხება ოდენობას, იგი არის სამართლიანი და შეესაბამება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადატანილ მდგომარეობას.

 

მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ 2012 წლის 12 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ შეცვალა აღკვეთი ღონისძიება გირაო - პატიმრობით და უძრავი ქონება მიექცა აღსრულებაზე, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სასამართლოს მიერ მიღებული გამამართლებელი განაჩენი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბ----- ღ-–-----ის მხრიდან რეალურად არ ჰქონია ადგილი აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას. შესაბამისად, იმ დროს მიღებული დადგენილება, მიუხედავად იმისა, რომ აკმაყოფილებდა „პროცესუალურ მოთხოვნებს“, იყო უსაფუძვლო, თუმცა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენის დადგენის ეტაპზე არ იმსჯელა უძრავი ქონების ყადაღისგან გათავისულფების თაობაზე.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში, სავსებით შესაძლებელია, სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ დაყადაღებული უძრავი ქონება მიაქციოს აღსრულებაზე. გამომდინარე იქედან, რომ ბ----- ღ-–-----ის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, შესაბამისად, ყველა იმ პირის მიმართაც, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სისხლის სამართლის საქმესთან არაპირდაპირ, უნდა გავრცელდეს გამამართლებელი განაჩენის „სიკეთე“ და მათაც უნდა აღუდგეთ ყველა ის უფლება, რომელიც აღნიშნული სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იყო შელახული.

 

მოსარჩელეებმა 2014 წლის 24 მარტის წერილობითი განცხადებით გამოიხმეს სარჩელი, მოპასუხე დიმიტრი ფაღავას ნაწილში და ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 27 მარტის განჩინებით, საქართველოს სსკ 83.1-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი ამ ნაწილში დატოვა განუხილველი (ს.ფ. 160-162, ტ.1).

 

მოპასუხე მხარის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგერნელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები მიუთითებს და განსაზღვრავს პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მასში მითითებულია ზიანის ანაზღაურების საკითხი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობის ან უფრო მეტი-უკანონო ქმედებიდან გამომდინარე. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული მტკიცებულებებიდან, რომლითაც ცალსახად იქნება დადგენილი მისი ოდენობა. მხარეთა მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზიანის - 210 000 ლარის მიყენების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში მოსარჩელეთა მიერ არ არის წარდგენილი. გარდა ამისა, მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 17 მარტის ბრძანებით იქნა იგი გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1--------–ის ბრძანებით შეუჩერდა ქ------- ბ-------–---–ს ნოტარიუსის უფლებამოსილება. ამდენად, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები, გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, სახეზე არ არის საგამოძიებო ორგანოსა და თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც არ არსებობს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. ამდენად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ბ----- ღ-–-----ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე. აქ მხარე შემოიფარგლა იმის განმარტებით, რომ მას სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო შეეზღუდა შრომის უფლება, თუმცა გარდა მისი ზეპირი განმარტებისა, სხვა მტკიცებულება, რაც ობიექტურ პირს მითითებული გარემოების ნამდვილობაში დაარწმუნებდა, არ წარმოდგენილა და ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენლი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს ევროსასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც ბ----- ღ-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო, დადგინდა, რომ მის მიერ ადგილი ჰქონდა ახალი დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, პროკურორმა კანონის სრული დაცვით მიმართა სასამართლოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რაც დააკმაყოფილა სასამართლომ. ამდენად, გირაო უზრუნველყოფილი იყო უძრავი ქონებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს თანხის ამოღების მიზნით აღნიშნული ქონება მიექცა აღსასრულებლად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს არც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომდგენლებმა სასამართლო სხდომაზე ზეპირ განმარტებაში აღნიშნეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე ისინი წარმოადგენენ არასათანადო მოპასუხეებს.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას დაეკისრა:

- მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ, ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სახით 210 000 (ორას ათი ათასი) ლარის გადახდა.

- მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის სასარგებლოდ, არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების სახით, თითოეულის სასარგებლოდ 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

ამავე გადაწყვეტილებით ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ი 2007 წლის 10 მარტამდე, წლების განმავლობაში მუშაობდა ქ. ბათუმში ნოტარიუსად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4------ის №2---------- წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში ქ------- ბ-------–---–ის მიერ განხორციელებული სანოტარო საქმიანობის შედეგად მიღებული საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა 36 539.69 ლარს (ოცდათექვსმეტიათასხუთასოცდაცხრამეტი ლარი და 69 თეთრი).

 

ქ------- ბ-------–---–ს 2007 წლის 5 მარტს აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. 2007 წლის 8 მარტს დაკავებული იქნა ქ------- ბ-------–---–ის მეუღლე, ბ----- ღ-–-----იც, რომელსაც 2007 წლის 9 მარტს აჭარის ა/რ პროკურატურამ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარუდგინა ბრალი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ბ----- ღ-–-----ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 50 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განესაზღვრა არაუმეტეს 55 დღისა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით, ბ----- ღ-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50 000 ლარის უზრუნეველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ----- ღ-–-----ის დედის, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე, №8 საცხოვრებელ ბინას და ბ----- ღ-–-----ის შვილის, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, №14 საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში.

 

2008 წლის 5 მარტს მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის მეუღლეს, ბ----- ღ-–-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. აღკვეთის ღონისძების სახით ძალაში იქნა დატოვებული გირაო, რომელიც მანამდე ბ----- ღ-–-----ის მიმართ 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული, ბ----- ღ-–-----ის დედის, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინას და ბ----- ღ-–-----ის შვილის, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ №14 საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ქ------- ბ-------–---–ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო 2007 წლის 17 მარტის სასამართლო ბრძანებით ქ------- ბ-------–---–ი გადაყენებული იქნა ქ. ბათუმის ნოტარიუსის თანამდებობიდან, სისხლის სამართლის საქმის განხილვამდე. სასამართლოს ამ აქტის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1--------–ის №----- ბრძანებით შეუჩერდა ქ------- ბ-------–---–ს ნოტარიუსის უფლებამოსილება, სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 8 თებერვლის განაჩენით ბ----- ღ-–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ვინაიდან ბ----- ღ-–-----მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, აჭარის პროკურატურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა, გირაოს შეცვლის შესახებ, უფრო მკაცრი ღონისძიებით - დაპატიმრებით, ხოლო გირაოს, 50 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონება უნდა მიქცეულიყო აღსასრულებლად.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბ----- ღ-–-----ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, დაპატიმრებით. ამავე დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს, 50 000 ლარის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნა და უძრავი ქონების 50 000 ლარის წილი მიექცა აღსრულებაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

№92070094 სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 2007 წლის 20 მარტს და დასრულდა 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით (საქმე №010100108216103), რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

ამავე განაჩენით სასამართლოს მიერ მოსარჩელეებს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავით გათვალისწინებული უფლებების თაობაზე.

 

ბ----- ღ-–-----მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენში (საქმე №010100108216103) ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახულიყო ყადაღის მოხსნა, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინასა და ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ №14 საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 1-ლი აგვისტოს განჩინებით ბ----- ღ-–-----ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა განხილული.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობდა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები, ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ყველასთვის არის გარანტირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებული არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა, კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატება პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამავე კოდექის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს.

 

შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება, ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.

 

რაც შეეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის ან სასამართლოს დადგენილებას, ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს შეწყვეტის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეების, ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძვლები, რის შესაბამისად პროკურორმა ისარგებლა თავისი დისკრეციული უფლებამოსილებით და უარი თქვა ბრალდებაზე იმ საფუძვლით, რომ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა არ იყო საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისათვის, ქ------- ბ-------–---–ის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის, ხოლო ბ----- ღ-–-----ის მიმართ, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, თავისი შედეგებით უთანაბრდებოდა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ანუ ამ შემთხვევაშიც, მსგავსად გამამართლებელი განაჩენისა, დგინდება პირის უდანაშაულობა, რაც წარმოადგენს პირის მარეაბილიტირებელ უპირობო გარემოებას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, მოცემულ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარი ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით.

 

სასამართლომ მიიჩნია რომ არ შეიძლება აღნიშნული ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა, რამდენადაც ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ, ადამიანის და ადამიანის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი ან/და შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა იმ საფუძვლით, რომ მის მიმართ არ ასრებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, რა დროსაც აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა, კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს, დამდგარი შედეგისათვის. ერთ-ერთი კომპონენტის არარსებობის შემთხვევაში, აღარ იარსებებს ზიანის ანაზღაურების საფუძველიც.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეების მიმართ წარდგენილი პროკურორის ბრალდება იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რასაც პირდაპირი სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, კერძოდ, მოსარჩელეებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით მაღალი ოდენობის გირაოს შეფარდება და მის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების გამოყენება, მოსარჩელეთა დაპატიმრებაში ყოფნა 5 დღით, მათი შრომით უფლებებში შეზღუდვა, ასევე, განცდილი მორალური ზიანი.

 

მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ს სისხლისსამართლებრივი დევნის და სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვის მიმდინარეობის ეტაპზე არ ჰქონდა სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება, რადგანაც ის გადაყენებული იქნა თანამდებობიდან.

 

მოსარჩელე ბ----- ღ-–-----იც სისხლისსამართლებრივი დევნის გამო შეზღუდული იყო შრომით უფლებებში. დაყადაღებული ქონების მესაკუთრეებს, უძრავი ქონებების განკარგვის უფლება შეეზღუდათ.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა დიდხანს, 6 წლამდე დროის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსარჩელეთა მიმართ და ამ პერიოდის განმავლობაში მოსარჩელეები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხს, ხოლო ეს მდგომარეობა ნეგატიურად მოქმედებდა მათ ჯანმრთელობაზეც. ამ პერიოდის განმავლობაში ბრალდებულებს არ ჰქონდათ დამოუკიდებელი ფინანსური შემოსავალის წყარო და სრულად დამოკიდებულები იყვნენ ახლო ნათესავების დახმარებაზე. ამასთან, უკანონოდ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნით და დაპატიმრებით მოსარჩელეთა პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია შეილახა, რამაც ძლიერი სულიერი ტანჯვა და მორალური ზიანი მიაყენა მათ.

 

ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მხარეს მიაჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესი, კონკრეტული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის არსებობის შემთხვევაში, ბრალდებულთა მარეაბილიტირებელი უფლების წარმოშობასთან ერთად, ამ მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენი სს №010100108216103 საქმეზე, რომლითაც შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელეთა მიმართ არ არსებობდა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

 

სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლების რეალიზაციის შესახებ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მათ უფლება აქვთ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვონ და მიიღონ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მათ მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მიერ, სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ მიმართ ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების შერჩევა და სხვა, რამდენადაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, დადასტურებული იქნა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის უდანაშაულობა, რაც გულისხმობს მათი უფლებების აღდგენას, ანუ მათ რეაბილიტაციას.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელის ეს უფლება გადმოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით, რომლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუმცა ეს ზოგადი ხასიათის ნორმაა, ხოლო ამის სამართლებრივი შესაძლებლობა მას ეძლევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით, რომლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის, გირაოს ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქ------- ბ-------–---–ის მიმართ მატერიალური ზიანი გამოხატულია სამუშაოს დაკარგვითა და სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში იმ ხელფასის მიუღებლობით, რაც მისი ნოტარიუსის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებული, 2007 წლის 17 მარტის სასამართლო ბრძანებით იქნა გამოწვეული.

 

დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ი მრავალი წლის განმავლობაში და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროსაც, მუშაობდა ქ. ბათუმში, ნოტარიუსად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4------ის №2---------- წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად გამომუშავებული მისი საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა, 36 539,69 ლარს (ოცდათექვსმეტი ათას ხუთასოცდაცხრამეტი ლარი და 69 თეთრი), რაც ასევე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ქ------- ბ-------–---–ის პირადი აღრიცხვის ბარათებით, საგადასახადო დეკლარაციებითა და შედარების აქტებით.

 

№92070094 სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 2007 წლის 20 მარტს, რაც მიმდინარეობდა 6 წელზე მეტი დროის განმავლობაში და დასრულდა 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით (საქმე №010100108216103), რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდეგინლ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის პერიოდში ქ------- ბ-------–---–ს იძულებით ჰქონდა შეზღუდული ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამ ექვსი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური შემოსავლის (რაც შეადგენს 36 539,69 ლარს) გამოთვლის მიხედვით, ქ------- ბ-------–---–ი ხელფასის სახით მიიღებდა 36 539,69 X 6 = 219 238 ლარს, რაც მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს. ქ------- ბ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის მიუღებელი ხელფასის სახით ანაზღაურების შესახებ, შეადგენს 210 000 ლარს, რაც არ აღემატება ექვსი წლის პერიოდზე, საშუალო შემოსავლის ოდენობას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელფასი წარმოადგენს მუშაკის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებულ ანაზღაურებას, რაც მოსარჩელემ ვერ მიიღო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, კერძოდ, სისხლისსამართლებრივი დევნისა და ამასთან დაკავშირებით, მისი სამუშაოდან გადაყენების გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად კი ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ ქ------- ბ-------–---–ის სარჩელი მატერიალური ზიანის, კერძოდ, მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანიდ მიიჩნია და დააკმაყოფილა. აჭარის ა/რ პროკურატურას დააკისრა მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, 210 000 (ორასათი ათასი) ლარის გადახდა.

 

რაც შეეხება მოსარჩელეების მიმართ ზიანის ანაზღაურების ნაწილში აჭარის ა/რ პროკურატურასთან ერთად, თანამოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიჩნევას, სასამართლომ განმარტა, რომ ეს სამინისტრო არც მატერიალური და არც მორალური ზიანის მხრივ განსახილველ დავაში მოპასუხე მხარედ ვერ ჩაითვლება, რამდენადაც, სახელმწიფოს იმ ორგანოს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანისათვის, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანო, რომელიც ამ შემთხვევაში აჭარის ა/რ პროკურატურაა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, სამართლებრივად უსაფუძვლოა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ ფაქტობრივ დასაბუთებას და სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ბ----- ღ-–-----ის სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელე მხარე სარჩელის ამ ნაწილის არგუმენტად იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების გამო ბ----- ღ-–-----ს შეეზღუდა შრომის უფლება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი არსით წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს და მის დასადგენად აუცილებელია, გათვალისწინებული იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმისათვის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეულ ქმედებასთან, რაც კონკრეტულად უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ ბ----- ღ-–-----მა შრომითი შემოსავლები ვერ მიიღო, სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში შრომითი უფლებების შეზღუდვის გამო.

 

დადგენილია და უდავო, რომ მოსარჩელე ბ----- ღ-–-----ს იმ პერიოდისათვის, როდესაც მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მუდმივი სამუშაო არ გააჩნდა და შესაბამისად, არც მუდმივი შემოსავალი ჰქონდა. ამასთან, სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ბ----- ღ-–-----ი მხოლოდ რამოდენიმე დღით იყო პატიმრობაში, ხოლო დანარჩენი დროის, ექვსი წლის განმავლობაში ის მდევნელი ორგანოს, ან სასამართლოს მიერ შეზღუდული არ ყოფილა შრომით უფლებებში.

 

მოსარჩელე მხარე მოთხოვნის დასაბუთებისას შემოიფარგლა მხოლოდ იმის განმარტებით, რომ მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო ბ----- ღ-–-----ი ვერ ახერხებდა მუშაობას და მას ამ საფუძვლით ყველგან უარს ეუბნებოდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც სასამართლოს მითითებული გარემოების ნამდვილობაში დაარწმუნებდა, არ წარმოდგენილა. ამდენად, ამ ნაწილშიც სარჩელი დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ (ზიანის ანაზღაურების ისეთი ფორმა, როცა შესაძლებელი არ არის ზიანის ანაზღაურება კომპენსაციის ან რესტიტუციის გზით) ფუნქციას შეადგენს.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა ხანგრძლივი დროის განმავლობაში წარმოადგენს მის მიმართ მორალურ ზიანს, მით უფრო სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა. მართალია მოსარჩელეები აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში ხანმოკლე ვადით, სულ რამოდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა ამის მიუხედავად სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელეთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ხანგრძლივი ვადა, რაც აღემატება ექვს წელს და რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან, მოსარჩელეები მიუთითებენ ნეგატიურ და მძიმე განცდებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე, მართალია, ამა თუ იმ ფორმით სისხლისსამართლებრივი დევნა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ ბრალდებული პირი გონივრულ ფარგლებში მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები.

 

სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეებს და ნეგატიურ განცდებს. იგივეს თქმა არ შეიძლება პირზე, რომელიც უკანონოდ იდევნება. ის არ არის ვალდებული, ითმინოს ამასთან დაკავშირებული შეზღუდვები და დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში.

 

საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა და დაპატიმრება ნეგატიურად აისახა ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის პატივზე, შეილახა მათი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რამაც ძლიერი სულიერი ტანჯვა მიაყენა მათ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნია ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება, 2000 ლარით ოდენობით, თითოეულზე.

 

სასამართლომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე (ს.კ. 0------------------) და გ-----------–------–ის ქ. №52-ში მდებარე, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილების (საქმე №1-153/09) საფუძველზე აღსრულების საქმის წარმოების განხორციელების აკრძალვის შესახებ, აღნიშნავს შემდეგს:

 

სასამართლოს მიერ დადგენილია და უდავო, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მარტის ბრძანებით აღკვეთის ღონისძიების სახით ბ----- ღ-–-----ის მიმართ გამოყენებული იქნა გირაო, 50 000 (სამოცდაათიათასი) ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გირაოს თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად განესაზღვრა არაუმეტეს 55 დღისა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით, ბ----- ღ-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50 000 ლარის უზრუნეველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ----- ღ-–-----ის დედის, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინას და ბ----- ღ-–-----ის შვილის, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ №14 საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში.

 

2007 წლის 10 და 15 მარტს შედგენილი ოქმების თანახმად, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებლის მიერ ბ----- ღ-–-----ი და გირაოს შემტანები გაფრთხილებული იქნენ მასზედ, რომ თუ ბ----- ღ-–-----ი თავს აარიდებდა გამოცხადებას, ან ჩაიდენდა ახალ დანაშაულს, გირაო შეიცვლებოდა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა ჩაირიცხებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში, უძრავი ქონება კი გადაეცემოდა სახელმწიფოს.

 

2008 წლის 05 მარტს ბ----- ღ-–-----ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და ამავე კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის. აღკვეთის ღონისძიების სახით ძალაში იქნა დატოვებული გირაო, რომელიც მანამდე ბ----- ღ-–-----ის მიმართ 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა გამოყენებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ხოლო გირაოს ოდენობა შეადგენდა - 50 000 (ორმოცდაათიათასი) ლარს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა ჰქონდა დადებული, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინას და ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ №14 საცხოვრებელ ბინას, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 08 თებერვლის განაჩენით ბ----- ღ-–-----ი ცნობილი იქნა დამნაშავედ, 2008 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სსკ 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 6 თვის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით.

 

ვინაიდან ბ----- ღ-–-----მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, აჭარის პროკურატურის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა, გირაოს შეცვლის შესახებ, უფრო მკაცრი ღონისძიებით - დაპატიმრებით, ხოლო გირაოს, 50 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული უძრავი ქონება უნდა მიქცეულიყო აღსასრულებლად.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ბ----- ღ-–-----ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, დაპატიმრებით. ამავე დადგენილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს, 50 000 ლარის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა მოიხსნა და უძრავი ქონების 50 000 ლარის წილი საქართველოს სსსკ 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიექცა აღსრულებაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბ----- ღ-–-----მა სააპელაციო საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენში (საქმე №010100108216103) ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში ასახულიყო ყადაღის მოხსნა, ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ჯ-----–---–ის ქ. №74ა-ში მდებარე №8 საცხოვრებელ ბინასა და ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ №14 საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ. ბათუმში, გ-----------–------–ის ქ. №52-ში.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 01 აგვისტოს განჩინებით ბ----- ღ-–-----ის სააპელაციო საჩივარი არ იქნა განხილული.

 

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სასამართლო აქტებით სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით განსაზღვრული წესის შესაბამისად იქნა გადაწყვეტილი საკითხი, აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დამატებით ამ საკითხის რეგულაცია და გადაწყვეტა ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. შესაბამისად, ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის ეს სასარჩელო მოთხოვნა, რომელშიც მოპასუხედ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოც არის მითითებული, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზრაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აქედან ნათლად ჩანს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ადგილი უნდა ჰქონდეს სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან უკანონო მოქმედების ფაქტს, რამაც პირისთვის ზიანი გამოიწვია. მოცემულ შემთხვევაში კი აჭარის ა/რ-ის პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (2006 წლის რედაქცია) 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში.

 

სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის ფაქტი, რომ 2013 წლის 26 იანვარს ბრალდების მხარემ შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ ბრალდებაზე უარის თქმის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით და მოსარჩელეები გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებაში.

 

მატერიალური ზიანის დაკმაყოფილების დასასაბუთებლად სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ქ. ბ-------–---–ის მიმართ 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საქმის განხილვა სასამართლოში, იგი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით იქნა გადაყენებული დაკავებული თანამდებობიდან და მას არ ჰქონდა ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ამ მსჯელობის მიღმა რჩება სასამართლოს ამ ნაწილში პროკურატურის ბრალეულობის საკითხის გამოკვლევა, კერძოდ არაფერს ამბობს სასამართლო იმაზე, თუ რატომ გრძელდებოდა საქმის განხილვა 6 წელზე მეტი ხანი სასამართლოში, მაშინ, როდესაც საქმე სასამართლოს წარმოებაში იყო და აქ რაში გამოიხატა პროკურორის ბრალეულობა, რაც შემდგომ პროკურატურისათვის მითითებული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, ზიანის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, დაუსაბუთებელია. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მიუღებელი შემოსავლის ოდენობასთან მიმართებით. ის გარემოება, რომ ქ. ბ-------–---–ი დაკავებამდე იღებდა გარკვეული სახის შემოსავალს, არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ის ასევე მომდევნო წლებში იმავე ოდენობის შემოსავალს მიიღებდა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2012 წლის 20 იანვრის (ას-1156-1176-211) განჩინებაში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო

შედეგი. სასამართლომ უნდა შეაფასოს რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება მხარე მიიღებდა ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტითა და მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 თავი განსაზღვრავს - სხვა საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის, რეგლამენტირებულია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საპროცესო შესაძლებლობა, კერძოდ, 159-ე, 162-ე მუხლებით განსაზღვრულია ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, წესი და ვადა.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1--------–ის №----- ბრძანებიდან დგინდება, რომ ქ------- ბ-------–---–ი გადაყენებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შემდგომ ის აღდგენილ იქნა თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე, აუნაზღაურდა თუ არა განაცდური და იდავა თუ არა ამ კუთხით უცნობია და არც სასამართლოს გამოუკვლევია აღნიშნული გარემოება. შესაბამისად, აპელანტს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები.სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით (მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით) მიანდო სასამართლოს.

 

მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებაში დადგენილი პრაქტიკა, ისე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა. კერძოდ, "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი. საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა. "კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ" საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო. "ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასმართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 (ათას ხუთასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 ნოემბრის №3/2827-14 გადაწყვეტილების (უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 აპრილის №3ბ/1637-14 განჩინებით) მიხედვით, მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4,200 (ოთხი ათას ორასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე გ.ბ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 07 თვე. ამავე სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის №3/4031-14 გადაწყვეტილებით, მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის ოდენობით, მოსარჩელე ზ.ჭ-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 7 დღე და 26 დღე.

 

კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მაისის №3/4964-14 გადაწყვეტილებით, მორალური (არამატერიალური) ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 2000 (ორი ათასი) ლარით, მოსარჩელე დ.ა-მ პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარა 4 თვე, ხოლო გამოძიება მის მიმართ მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში. ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის №3/780-16 გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით) მორალური ზიანის ანაზღაურება განისაზღვრა 10 000 ლარით. რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.

 

ზემოაღნიშნულ შემთხვევაში კი მოსარჩელეები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდნენ 5 დღე, შესაბამისად, მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 2000 ლარი, სამართლებრივი ნორმებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

ამდენად აპელანტი მხარე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელის უარყოფას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით („თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“) და სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. იმავე მუხლის მე-5 პუნქტით, ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს აქვს კომპენსაციის ქმედითი უფლება.

 

საქმეზე ბაისუევი და ანზოროვი საქართველოს წინააღმდეგ (Baisuev and Anzorov v. Georgia) 18/12/2012 წ. მიღებულ გადაწყვეტილებაში (საჩივრის N 39804/04) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა: „... კონვენციის მე-5 მუხლი მოიცავს ფუნდამენტურ უფლებას, კერძოდ სახელმწიფოს მხრიდან პირის დაცვას თვითნებური ჩარევისგან მისი თავისუფლების აღკვეთის გზით. „თავისუფლების უფლების“ დეკლარირებისას, მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი მოიცავს პირის ფიზიკურ თავისუფლებას; მისი მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ არცერთ პირს არ აღეკვეთოს თავისუფლება თვითნებურად. ეს არ უკავშირდება უბრალო შეზღუდვებს გადაადგილების თავისუფლებაზე, მსგავსი შეზღუდვები რეგულირდება მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი თავისუფლების აღკვეთას, საწყისი წერტილი უნდა იყოს პირის კონკრეტული სიტუაცია და მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ამ საქმის დროს წარმოშობილი მთელი რიგი ფაქტორები, როგორებიცაა, სადავო ღონისძიების განხორციელების ტიპი, ხანგრძლივობა, შედეგი და მეთოდი. თავისუფლების აღკვეთასა და თავისუფლების შეზღუდვას შორის განსხვავება მდგომარეობს ხარისხში ან ინტენსივობაში და არა მის ხასიათში ან არსში (იხ. Guzzardi v. Italy, 6 November 1980, Series A no. 39, §92, and H.L. v. the United Kingdom, no. 45508/99, §89, ECHR 2004-IX; see also Austin and Others v. the United Kingdom [GC], nos. 39692/09, 40713/09 and 41008/09, §§ 52 60, ECHR 2012). კონვენციის მე–5 მუხლი შეიძლება გამოყენებული იქნეს მოკლე ვადით თავისუფლების აღკვეთის შემთხვევებშიც (იხ. Gillan and Quinton v. the United Kingdom, no. 4158/05, §57, ECHR 2010 ... (extracts), როდესაც მომჩივნები გააჩერეს ჩრეკის მიზნით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 30 წუთს (იხ. Iliya Stefanov v. Bulgaria, no. 65755/01, §71, 22 May 2008, and Foka v. Turkey, no. 28940/95, §75, 24 June 2008)“.

 

სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით, წინამდებარე პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას: a) ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა; b) უზრუნველყოს თითოეული პირის იურიდიული დაცვის უფლება, ვინც კი ასეთ დაცვას მოითხოვს, რომელიც დადგენილია კომპეტენტური სასამართლო, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ხელისუფლების ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ ამ სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის შესაბამისად და განავითაროს სასამართლო დაცვის შესაძლებლობები; c) უზრუნველყოს კომპეტენტური ორგანოების მიერ არსებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების გამოყენება. პაქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით, თითოეულ ადამიანს აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველას ვინც უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლი გახდა უნდა ჰქონდეს კომპენსაციის მიღების სასამართლოს მიერ აღსრულებადი უფლება. მე-5 პუნქტი ადგენს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კონკრეტული, ეფექტური დაცვის საშუალების მაგალითს და წევრ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ აღნიშნული საშუალების ხელმისაწვდომობა. ეს კონკრეტული დაცვის საშუალებები არ ანაცვლებს, არამედ ემატება სხვა საშუალებებს, რაც შეიძლება საჭირო იყოს კონკრეტულ სიტუაციაში უკანონო ან თვითნებური დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლისთვის პაქტის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სწრაფ საშუალებას პირის მიმდინარე უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის, მე-5 პუნქტი კი ხაზს უსვამს, რომ უკანონო დაკავების ან პატიმრობის მსხვერპლს აქვს აგრეთვე ფინანსური კომპენსაციის უფლება. „უკანონო პატიმრობა მოიცავს პატიმრობას, რომელიც კანონიერი იყო დაწყების მომენტში, მაგრამ შემდგომში გახდა უკანონო...“ /იხ. პაქტის ზოგადი კომენტარი ნო 24, თარგმნილი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მხარადაჭერით) ().

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-13 მუხლით (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ყველას, ვისაც ამ კონვენციით გაცხადებული უფლება ან თავისუფლება დაერღვა უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს. „კონვენციის მე-13 მუხლი უზრუნველყოფს სახელმწიფოში სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებას კონვენციაში წარმოდგენილ უფლებებსა და თავისუფლებებზე, რა სახითაც არ უნდა იყოს ისინი ასახული შიდა კანონმდებლობაში“ (Soering v. U.K.).

 

ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი განმარტავს, თუ რას მოიცავს ეფექტიანი დაცვის საშუალებებს და მიუთითებს, რომ როდესაც პირი აცხადებს, რომ მისი უფლებები დაირღვა უკანონო ბრალდებით და ამ პროცესში სისხლისსამართლებრივი იძულების მექანიზმების გამოყენებით, _ ეფექტიანი დაცვის საშუალება მოიცავს - გამოძიების წარმოებას პასუხისმგებელ პირთა გამოსააშკარავებლად და დასასჯელად, მომჩივანის ხელმისაწვდომობას საგამოძიებო პროცესზე და, საჭიროების შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის წესს, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებული პირისათვის შექმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. 208-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

მოსარჩელეები მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ იმ საფუძვლით, რომ პროკურატურის მხრიდან მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უკანონო, რაც დადასტურდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ 2012 წლის 25 ოქტომბრის დადგენილებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ამავე განაჩენით ქ------- ვიქტორის ასული ბ-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში. ქ------- ვიქტორის ასული ბ-------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ქ------- ვიქტორის ასული ბ-------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 მარტის ბრძანებით ქ------- ბ-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 70 000 ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ბ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე: ქ.ბათუმში, გ-----------–------–ეს ქუჩის N52/13-ში, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის წილზე მოიხსნა დადებული ყადაღა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით გამართლებულებს განემარტათ, რომ მათ უფლება აქვთ ისარგებლონ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე თავით გათვალისწინებული უფლებებით. განაჩენითვე სისხლის სამართლის N92070094 საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მაისის ბრძანებით სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად ქ------- ბ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი, ფ--------------ის ქუჩის N79-ში, დადებული ყადაღა მოიხსნა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ. სისხლის სამართლის N92070094 საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 თებერვლის ბრძანებით სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ უძარვ ქონებაზე, მდებარე ქ.ბათუმი, ლ-------------ის ქუჩის N37-ში, დადებული ყადაღა მოიხსნა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევის შემდეგ (ს.ფ. 28-62, ტ.1).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის N12-99 მოსამართლის ბრძანებით, ქონებაზე ყადადღის დადების შესახებ, დადგენილია, რომ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებლის შუამდგომლობა და ბრალდებულ ბ----- ღ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ----- ღ-–-----ის დედის - ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე -ქ.ბათუმი, ჯ-----–---–ის ქუჩა N74ა, ბინა N8 (საცხოვრებელი ბინა 54.91 კვ.მ.) და ბრალდებულ ბ----- ღ-–-----ის შვილის - ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას მდებარე ქ.ბათუმი, გ-----------–------–ეს ქუჩა N52, ბინა N14 (საცხოვრებელი ბინა 28.17 კვ.მ.) (ს.ფ. 63-64, ტ.1).

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო სისხლის სამართლის N92070094 საქმე ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ქ------- ვიქტორის ასული ბ-------–---–ის მიმართ, დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-3, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. 2007 წლის 10 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბრძანებით ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს უზრუნველსაყოფად ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ს შეეფარდა წინასწარი პატიმრობა და გირაოს თანხის გადახდის ვადად განესაზღვრა არაუმეტეს 55 დღე. ამასთან პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით, ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 50 000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ბ----- ღ-–-----ის დედის - ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას, მდებარე - ქ.ბათუმში, ჯ-----–---–ის ქუჩის N74ა, ბინა N8-ში (საცხოვრებელი ბინა 54.91 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება 2007 წლის 14 მარტის N52/07 დასკვნის თანახმად შეფასებულია 30 000 ლარად) და ბ----- ღ-–-----ის შვილის - ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინას - მდებარე ქ.ბათუმში, გ-----------–------–ის ქუჩის N52, ბინა N14-ში (საცხოვრებელი ბინა 28.17 კვ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება 2007 წლის 12 მარტის N51/07 დასკვნის თანახმად შესაფებულია - 20 000 ლარად).

 

12.09.2012 წლის დადგენილებით ასევე ირკვევა, რომ 2012 წლის 07 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 თებერვლის განჩინება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 02 აპრილის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინება ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ და იშუამდგომლა განსასჯელ ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს, უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - დაპატიმრებით შეცვლისა და გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით გირაოს უზრუნველსაყოფად დაყადაღებული უძრავი ქონების (ბ----- ღ-–-----ის დედის ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის - მდებარე- ქ.ბათუმი, ჯ-----–---–ის ქუჩა N74 ა, ბინა N8-ში და ბ----- ღ-–-----ის შვილის, ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის - მდებარე- ბათუმი, გ-----------–------–ის ქუჩა N52/14-ში) ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლდა მიქცევის შესახებ, რაც დაასაბუთა შემდეგი მოტივებით - რომ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 თებერვლის განჩინებით დადგინა, რომ ბ----- ღ-–-----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ 2008 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც 2008 წლის 21 ნოემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად გაუნახევრდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 03 (სამი) თვის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2011 წლის 05 ივლისიდან. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 02 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 08 თებერვლის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 25 მაისის განჩინებით ბ----- ღ-–-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად თუ ბრალდებული ან განსასჯელი, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურიორთად ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით... ვინაიდან ბ----- ს------ს ძე ღ-–-----მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, ჩაიდინა ახალი დანაშაული, ის უნდა შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთი ღონისძიებით - დაპატიმრებით... აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და განსასჯელ ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის (პ/ნ. 6----------, დაბადებული 0--------- წ.) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეიცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - დაპატიმრებით. განსასჯელ ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ დაპატიმრების ვადის ათვლა დაიწყო დადგენილების გაცემის მომენტიდან - 2012 წლის 12 სექტემბრიდან. ამავე დადგენილებით განსასჯელ ბ----- ს------ს ძე ღ-–-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო 50 000 ლარის უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანებით, ბ----- ღ-–-----ის დედის - ქ----- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე - ქ.ბათუმში, ჯ-----–---–ის ქუჩის N74ა, ბინა N8-ში (საცხოვრებელი ბინა 54.91 კვ.მ) და ბ----- ღ-–-----ის შვილის - ნ-----–-- ღ-–-----ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაზე - მდებარე ქ.ბათუმში, გ-----------–------–ეს ქუჩის N52, ბინა N14-ში (საცხოვრებელი ბინა 28.17 კვ.მ) დადებული ყადაღა მოიხსნა და აღნიშნული უძრავი ქონებების 50 000 ლარის წილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს სახით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით აღსარულებლად მიექცა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით... (ს.ფ. 65-70, ტ - 1.)

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1--------–ის N1---- ბრძანებით ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2007 წლის 17 მარტის ბრძანების შესაბამისად, აჭარის ა/რ ბათუმის ნოტარიუსი ქ------- ბ-------–---–ი, რომელსაც 2007 წლის 10 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, გადაყენებულ იქნა ქ.ბათუმის ნოტარიუსის თანამდებობიდან სასამართლის მიერ საქმის განხილვამდე. ამავე ბრძანებით იუსტიციის მინისტრმა მ.ქავთარაძემ ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის შესაბამისად ქ.ბათუმის ნატარიუს - ქ------- ბ-------–---–ს შეუჩერა ნოტარიუსის უფლებამოსილება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე (ს.ფ. 85, ტ.1)

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 0-------ის N2---------- წერილის მიხედვით ქ------- ბ-------–---–ის (პ/ნ. 6----------) 2004 წლის საშემოსავლო და სოციალური დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 45 537 ლარს, აქედან გამოანგარიშებული კუთვნილი სოციალური გადასახადი 10 774 ლარს, დარიცხული სოციალური გადასახადის და გამოქვითვების გათვალისწინებით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი 6900 ლარია. დასაბეგრი შემოსავლიდან გამოანგარიშებული სოციალური და საშემოსავლო გადასახადის შემდეგ დარჩენილი თანხა შეადგენს 27 753.4 ლარს. 2005 წლის საშემოსავლო და სოციალური დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 576 ლარს, აქედან გამოანგარიშებული კუთვნილი სოციალური გადასახადი 10 115 ლარს, დარიცხული სოციალური გადასახადის და გამოქვითვების გათვალისწინებით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი 4907 ლარია. დასაბეგრი შემოსავლიდან გამოანგარიშებული სოციალური და საშემოსავლო გადასახადის შემდეგ დარჩენილი თანხა შეადგენს 35 985.66 ლარს. 2005 წლის საშემოსავლო და სოციალური დეკლარაციების მიხედვით დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 65 170 ლარს, აქედან გამოანგარიშებული კუთვნილი სოციალური გადასახადი 13 034 ლარს, დარიცხული სოციალური გადასახადის და გამოქვითვების გათვალისწინებით გამოანგარიშებული საშემოსავლო გადასახადი 6256 ლარია. დასაბეგრი შემოსავლიდან გამოანგარიშებული სოციალური და საშემოსავლო გადასახადის შემდეგ დარჩენილი თანხა შეადგენს 45 880 ლარს (ს.ფ. 315, ტ.2).

 

უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 2007 წლის 17 მარტის ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენებამდე და შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 1--------–ის N1---- ბრძანებით უფლებამოსილების შეჩერებამდე მოსარჩელე ქ------- ბ-------–---–ი მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ქ. ბათუმში, ნოტარიუსად. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 0-------ის №2---------- წერილის თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში, 2004, 2005 და 2006 წლებში სანოტარო საქმიანობის შედეგად მისი საშუალო წლიური შემოსავალი შეადგენდა - 36 539.69 ლარს, რაც ასევე დასტურდება გადასახადის გადამხდელის, ქ------- ბ-------–---–ის პირადი აღრიცხვის ბარათებით, საგადასახადო დეკლარაციებითა და შედარების აქტებით.

 

№92070094 სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაიწყო 2007 წლის 20 მარტს, რაც მიმდინარეობდა 6 მეტი წლის განმავლობაში და დასრულდა 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით (საქმე №010100108216103), რომლითაც მოსარჩელეები ყველა წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში ქ------- ბ-------–---–ისა და ბ----- ღ-–-----ის მიმართ უკანონოდ ჩატარებულ საპროცესო მოქმედებად და უკანონო გადაწყვეტილებად მიჩნეული უნდა იქნას სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ის პროცედურები, რაც მათ მიმართ იქნა განხორციელებული პროკურატურის მხრიდან სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათთვის დაუსაბუთებელი ბრალის წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების სახით მაღალი ოდენობით გირაოს და გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად დაპატიმრების შერჩევა, პატიმრებაში ყოფნა 5 დღით, შრომითი უფლებების შეზღუდვა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა მოსარჩელეთათვის ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რომლის მოთხოვნის უფლებაც მათ წარმოეშვა სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით, რომლითაც დადასტურდა წარდგენილი ბრალდების უკანონობა და განემარტა, რომ უფლება ჰქონდათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას უპირობოდ წარმოადგენს მოსარჩელეთა მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის პერიოდში ქ------- ბ-------–---–ს იძულებით ჰქონდა შეზღუდული ნოტარიუსის საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ექვსი წლის განმავლობაში, საშუალო წლიური შემოსავლის (რაც შეადგენს 36 539.69 ლარს) მხედველობაში მიღებით, ქ------- ბ-------–---–ის შემოსავალი იქნებოდა 36 539.69 X 6 = 219 238 ლარი. ამდენად საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 411-ე მუხლზე მითითებით, კანონის მოთხოვნათა დაცვით მართებულად დააკმაყოფილა ქ------- ბ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით 210 000 ლარის ანაზღაურების შესახებ, რაც არ აღემატება ექვსი წლის პერიოდზე ნოტარიუსის საშუალო შემოსავლის ოდენობას.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ პროკურატურის ბრალეული ქმედების დაუდასტურებლობის პირობებში, დაუშვებელია მისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება, რადგან განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად, რაც შესაძლებელს ხდის პირის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებას, რამდენადაც იგი შესაძლებელია. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა უკავშირდება ზიანის გამომწვევი ქმედების უკანონობასა და პირის მარეაბილიტირებელ გარემოებას.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მარეაბილიტირებელ გარემოებად უდავოდ მიიჩნევა პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, რადგან გამართლება წარდგენილ ბრალდებაში იწვევს გამართლებულის აღდგენას უფლებებში - სრულ რეაბილიტაციას, რაც ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის შემთხვევაში სახეზე გვაქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებენ მათ უკანონო ბრალდებას და აღნიშნული ბრალდებიდან გამომდინარე, მათი რეპუტაციის შელახვაზე.

 

სასამართლო მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას (საქმე№ბს-972-936(3კ-08) 08.04.2009 წ.), რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით... მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი წონასწორობის მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის უკანონოდ ბრალდება წარმოადგენს მორალური ზიანის გამომწვევ ქმედებას და სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

პალატა ვერ გაიზიარებს არაქონებრივი ზიანის ოდენობის შეუსაბამობაზე აპელანტის მოსაზრებას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის კრიტერიუმს წარმოადგენს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურება“, რომლის შეფასებასაც სასამართლო ახორციელებს ინდივიდუალურად, ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ სხვა გარემოებათა მხედველობაში მიღებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. კომპენსაციის მოცულობა კი უნდა განისაზღვროს განცდილი სულიერი ტრავმისა და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც დაზარალებულის მიერ გადატანილ მორალურ ტანჯვას ადასტურებენ. ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება აგრეთვე ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, ბრალის ხარისხისა და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში არაქონებრივი ზიანის სახით მოსარჩელეების სასარგებლოდ მოპასუხისათვის ორ-ორი ათსი ლარის ლარის დაკისრება შეესაბამება სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნებს და არ არსებობს სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტების გაზიარების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს საქალაქო სასამართლოს შეფასებას, რომ უკანონოდ დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა ნეგატიურად აისახა ქ------- ბ-------–---–ის და ბ----- ღ-–-----ის პატივზე, შეილახა მათი ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რაც ძლიერი სულიერი ტანჯვის გამომწვევია. შესაბამისად, გონივრულია, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათ მიერ განცდილი უარყოფითი ემოციების გათვალისწინებით, მორალური ზიანი განისაზღვროს 2000-2000 ლარით.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

აპელანტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილება;

 

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნტის „უ“ ქვეპუნქტისა;

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი