განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.04.2019
საქმის ნომერი
080310016001500550
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბაჟო-საგადასახადო ურთიერთობასთან დაკავშირებით
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080310016001500550

საქმე №3/ბ-52-2019წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ სსიპ შემოსავლების სამსახური

 

მოწინააღმდეგე მხარე _ რევაზ კვაჭაძე

 

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და რევაზ კვაჭაძის სარჩელის უარყოფა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2016 წლის 12 სექტემბერს რევაზ კვაჭაძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი:

- საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 05 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N172897 ოქმი;

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება სადავო აქტებს და აღნიშნავს, რომ ავტომობილი, რომელიც გადამოწმებული იქნა საგადასახადოს თანამშრომლების მიერ წარმოადგენდა შპს ,,ნაბეღლავის’’ დისტრიბუციის მანქანას, რომელთაგან მოსარჩელემ შეიძინა 50 ლიტრი წყალი, აღნიშნული სჭირდებოდა პირადი საჭიროებისათვის და არა სარეალიზაციოდ.

 

მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით რევაზ კვაჭაძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 05 ივლისის №172897 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანება.

 

ამავე გადაწყვეტილებით რევაზ კვაჭაძის სარჩეი იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 შეტყობინების ბათილობას, შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის მოტივით.

 

მხარეებს განემარტათ, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურს რევაზ კვაჭაძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 ივლისს (07:00:00 საათი) გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები Nელ 0247425107, რომლის თანახმად, გამყიდველია კახა მეგრელიშვილი; მყიდველი - რევაზ კვაჭაძე; საქონლის დასახელება - ნაბეღლავი პეტი 1ლტ; ნაბეღლავი პეტი 0,5ლტ. და წყაროს წყალი ბახმარო პეტი 10 ლტ; სატრანსპორტო საშუალების სახ. ნომერი - II 758 LL; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ჩოხატაური, სოფელი ფარცხმა; ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ლანჩხუთი; მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა - 67.85 ლარი.

 

2016 წლის 05 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N172897 ოქმი.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს 10:57 წუთზე საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ წვერმაღალაში გადამოწმდა ავტომობილი II 758 LL, რა დროსაც დადგინდა, რომ რევაზ კვაჭაძე (პ/ნ 26001033472) ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადოს გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რითაც დაირღვა სსკ-ის 66-ე მუხლი, რაც იწვევდა დაჯარიმებას სკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმის სახით - 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს 10:57 სთ-ზე. ოზურგეთის რაიონის სოფელ წვერმაღალაში, მონიტორინგის სამმართველოს განყოფილების ოფიცრის მიერ, მონიტორინგის მიზნით სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL, რომლითაც ხორციელდებოდა ინდ.მეწარმე ,,კახა მეგრელიშვილის’’ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი (მინერალური წყლების) ტრანსპორტირება, საიდანაც ტრანსპორტირების ტიპის საქონლის ზედანადებით N0247425107 საქონელი მიეწოდა ფ/პ. რევაზ კვაჭაძეს (პ/ნ 26001033472). დისტრიბუტორის სიტყვიერი განმარტებით ფ.პ. რევაზ კვაჭაძეს აქვს სავაჭრო ობიექტი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის გადამოწმებით დადგინდა, რომ რევაზ კვაჭაძის სახელზე გამოწერილი იყო სულ 05 ერთეული სასაქონლო ზედნადები ჯამური ღირებულებით 192.5 ლარის საქონელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რევაზე კვაჭაძის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N172897 და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 273-ე მუხლით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 28 ივლისის N96823-21-12 წერილის თანახმად დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით რევაზ კვაჭაძე, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად 2016 წლის 06 ივლისს. ამავე წერილის თანახმად, შემდგენი ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 05 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამოწმებისას დადგინა, რომ ფ.პ. რევაზ კვაჭაძე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ასევე, ფ.პ. რევაზ კვაჭაძის მიმართ ფიქსირდება მსგავსი ტიპის საქონელზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერის სხვა ფაქტებიც.

 

დადგენილია, რომ რევაზ კვაჭაძემ 2016 წლის 05 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 აგვისტოს N22734 ბრძანებით - ფ/პ. რევაზ კვაჭაძის (პ/ნ 26001033472) 2016 წლის 19 ივლისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2016 წლის 05 ივლისს, დილის საათებში, გააჩერეს ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეკითხვაზე, მძღოლმა ფრიდონ ქათამაძემ განაცხადა, რომ პირველად მიაქვს ტვირთი ამ მისამართზე და არ იცის რა მიზნით არის ნაყიდი. ამავე ავტომანქანაში მყოფი სხვა პიროვნება, სატელეფონო საუბრით არკვევს (სხვა პირთან, რომლის სახელი და გვარი დაუდგენელია), რომ რევაზ კვაჭაძეს აქვს მაღაზია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, 2016 წლის 07 ივლისს სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება, რის საფუძველზეც, რევაზ კვაჭაძის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება რევაზ კვაჭიძეს ჩაბარდა პირადად 2016 წლის 14 ივლისს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი).

 

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კონკრეტული პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც სამართალდარღვევა, უპირველესად უნდა დადგინდეს ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელება და შემდგომ მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 05 ივლისს, რევაზ კვაჭაძის მიმართ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N172897. ოქმში აღინიშნა, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ 2017 წლის 05 ივლისს გადამოწმდა ა/მანქანა სახ. ნომრით II 758 LL, რა დროსაც დადგინდა, რომ რევაზ კვაჭაძე ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით, რაც სანქცირებადია სსკ-ს 273-ე მუხლით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

 

საგადასახადო კანონმდებლობა განმარტავს ეკონომიკური საქმიანობის ცნებას. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლომ ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტა, რომ ქმედების კვალიფიკაცია, როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საგადასახადო კოდექსით პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლომ ასევე, მიუთითა ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებს“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები (ამ მუხლის მიზნებისთვის შემდეგში – ზედნადები) არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს;

 

სადავო სამართალდარღვევის ოქმისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახ. ნომრით II 758 LL. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ სამართალდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა, დარღვევის გამოვლენის მიზნით, საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია: 1. სასაქონლო ზედნადები - 0247425107, რომელიც გაწერილია რევაზ კვაჭაძის სახელზე, საქონლის დასახელება: ნაბეღლავი პეტი 1ლტ; ნაბეღლავი პეტი 0,5ლტ და წყაროს წყალი ბახმარო პეტი 10 ლტ. 2. სატელეფონო საუბრით (არაიდენტიფიცირებულ პიროვნებისგან) მიღებული ინფორმაცია და 3. ელექტრონულად გადამოწმებული ზედნადებში მითითებული საქონლის საერთო ღირებულება 67,85 ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დაფიქსირების (აღმოჩენის) გზით, არამედ გამოვლინდა ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადები, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებული იყო მოსარჩელე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციის შემდეგ მოსარჩელე ახორციელებდა თუ არა აღნიშნული საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას თუ შეძენის მიზანს წარმოადგენდა პირადი საჭიროება. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადგენა-გამოკვლევის გარეშე მიიჩნიეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

სასამართლომ მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებდა რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს. მრავალი სასაქონლო ზედნადების გამოწერაც კი არ ადასტურებს შემსყიდველი პირის მიერ შემდგომში მის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენებას, ხოლო მხოლოდ მესამე პირის განმარტება აღნიშნულზე არ უნდა დაედოს საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემას, რომელიც ასახვას ჰპოვებს კონკრეტული პირის უფლებებსა და ვალდებულებებზე. საგულისხმოა, რომ სასაქონლო ზედნადებში, რომელიც გამოწერილ იქნა კახი მეგრელიშვილის მიერ, დაფიქსირებული იყო ტრანსპორტირების დასრულების მისამართიც, კერძოდ: ლანჩხუთი. კონტროლის განხორციელების მიზნით საგადასახადო ორგანოს შეეძლო გადაემოწმებინა აღნიშნულ მისამართზე რევაზ კვაჭაძე ახორციელებდა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას და კონკრეტული ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ჩაეთვალა სამართალდარღვევა გამოვლენილად და შესაბამისად, სამართალდარღვევის ჩადენა გამყარებული იქნებოდა სათანადოდ მოპოვებული მტკიცებულებებით, რაც საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიერ არ განხორციელებულა. სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობა მიაჩნია მხოლოდ მოსაზრებად, რომელიც არ არის გამყარებული არავითარი მტკიცებულებებით.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე მითითებით, რომ რევაზ კვაჭაძე 2016 წლის 06 ივლისიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად, სასამართლო ამ გარემოებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ქმედებას, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კვალიფიცირებული იყო საგადასახადო სამართალდარღვევად, ადგილი ჰქონდა 2016 წლის 05 ივლისს. შესაბამისად ის ფაქტი, რომ რევაზ კვაჭაძე მეორე დღეს - 06 ივლისს, საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირდა გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, აპრიორი არ ქმნის მისი მხრიდან წინა პერიოდში რაიმე სახის უკანონობის ჩადენის პრეზუმციას, თუ აღნიშნული მოსაზრება ფაქტების შესწავლის გარეშე და არასაკმარის მტკიცებულებებს ეყრდნობა.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს ეკისრება ვალდებულება, დაადასტუროს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ოპერაცია - საქონლის შესყიდვის ფაქტი და შემდგომ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე ვერ ადასტურებს მოსარჩელის მიერ საქონლის შესყიდვისა და მის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებას და არ წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებას, მოსარჩელე არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მართლაც არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება გააქარწყლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების მიზნით, სრულყოფილად არ გამოიყენა ის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო უფლებამოსილებები, რაც გააჩნია.

 

საქალაქო სასამართლომ, ასევე, მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კოდექსის და მათ შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 70-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში აღნიშნება: ა) ოქმის დასახელება; ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი; გ) საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს უფლებამოსილი პირის (პირების) თანამდებობა, სახელი, გვარი და პირადი ნომერი; დ) სამართალდამრღვევი პირის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი; ვ) შეფარდებული სანქციის სახე ან/და ოდენობა; ზ) ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის არსებობის შესახებ, ამ წესის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელებისას, დამსწრეთა არარსებობის შემთხვევაში. ამდენად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს ნაწილს წარმოადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამართალდარღვევის შინაარსი არ წარმოადგენს მარტოოდენ გამოყენებული ნორმის დეფინიციის მითითებას სამართალდარღვევის ოქმში, არამედ იგი გულისხმობს კონკრეტული ქმედების აღწერას, რაც შეფასებულ იქნა სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში ოქმში მიეთითა ორი სახის გარემოება, კერძოდ 1) უფლებამოსილი პირებმა გადამოწმებული იქნა კონკრეტული ავტომანქანა და 2) დადგინდა, რომ რევაზ კვაჭაძე ახორციელებდა ეკონომიკურ საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევით. მოცემული ჩანაწერით არ დგინდება თუ რა სახის ეკონომიკურ საქმიანობას ჰქონდა ადგილი, როდის რა ვითარებაში განხორციელდა იგი და სხვა მახასიათებლები, რაც ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის არის დამახასიათებელი. მარტოოდენ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაზე მითითება არ გადმოსცემს სამართალდარღვევის შინაარს. ამდენად სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას დარღვეულ იქნა ოქმის შევსების კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ნორმა წარმოადგენდა სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს.

 

სასამართლო ასევე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის Nბს-205-203 (კ-14) საქმეზე გაკეთებულ განმარტებას - ,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო ბრუნვის მონაწილე ფიზიკური პირის ქმედების ეკონომიკურ საქმიანობად დაკვალიფიცირება ქვეყნის ადმინისტრაციულ, კერძოდ, საგადასახადო ორგანოების მნიშვნელოვან ფუნქციას განეკუთვნება, რაც კანონით მკაცრად რეგლამენტირებული წესების უზრუნველყოფით უნდა განხორციელდეს თანაზომიერების პრინციპის საფუძველზე, რათა ამ სფეროს ადმინისტრირების პროცესში გამოირიცხოს კერძო ინტერესების დაუსაბუთებელი და უკანონო შეზღუდვა.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ საქონლის შეძენა თანამედროვე ადამიანის ყოფის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს და მის ინტენსიურ ხასიათს ყოველი პირის პირადი ცხოვრება, შემოსავლების ოდენობა, დასაქმებულობის ხარისხი, ოჯახის სულადობა, მოთხოვნილებათა, საჭიროებათა მოცულობა, სამომხმარებლო კულტურა განსაზღვრავს. საგადასახადო სამსახურების მოხელეთა უფლებამოსილება - გამოავლინონ სამეწარმეო საქმიანობის მიზნის მქონე შემძენი პირები, იმთავითვე მოიცავს ვალდებულებას - ზუსტად გამიჯნონ შემთხვევები, პირი საქონლის შეძენას ახორციელებს პირადი საჭიროებისათვის თუ მოგების მიღების მიზნით.

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სფეროში საგადასახადო ადმინისტრირების ფუნქციით აღჭურვილი საგადასახადო მოხელეები უნდა ფლობდნენ შესაბამის კვალიფიკაციას, შესაბამის უნარ-ჩვევებს, რათა გამოირიცხოს ამგვარი მიზნის არ მქონე პირების მიმართ უკანონო სანქციების გავრცელება, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი და მმართველობითი ავტორიტეტისათვის საზიანო.

 

საკასაციო სასამართლო განმარტავს: ბრუნვაუნარიანი ფიზიკური პირების სამოქალაქო უფლებების რეალიზაციის აქტიურობის ხარისხი არ იძლევა იმის მტკიცების წინაპირობას, რომ ისინი უსათუოდ მოგების მიღების მიზნით მოქმედებენ. სამართლის ნორმის ამგვარი გაგება-გამოყენება საგადასახადო ორგანოების მხრიდან არ ემსახურება კანონიერი მმართველობის სტანდარტების მიღწევას. პირიქით, ადმინისტრირების უხეში, არაკვალიფიციური სტილი და მეთოდები მმართველობას რეპრესიულ ხასიათს სძენს და იგი დამთრგუნველი, შესაბამისად, მიუღებელი ხდება ფართო საზოგადოებისათვის“.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს სადავო აქტი გამოცემული აქვს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, შესაბამისად ადგილი აქვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2016 წლის 05 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N172897 ოქმის და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 აგვისტოს N22734 ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინებას ბათილად ცნობას, სასამართლომ აღნიშნა, შემდეგი:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანხმად, სასამართლოში საგადასახადო დავის წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 7 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე რევაზ კვაჭაძის ნებისმიერი სახის ქონებაზე წარმოიშვა საგადასახადო გირავნობა/ იპოთეკის უფლება. ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 07 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინება რევაზ კვაჭიძეს ჩაბარდა პირადად - 2016 წლის 14 ივლისს, შესაბამისად სასამართლოში სარჩელის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2016 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო სარჩელი სასამართლოში (ქუთაისის საქალაქო სასამართლოში) შემოტანილია 2016 წლის 12 სექტემბერს (იხ. სარჩელი), ანუ გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში – უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული აქტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალურ წესს, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელი წარმოდგენილია აღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ რევაზ კვაჭაძის სარჩელი - 2016 წლის 07 ივლისის N054-854 საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის წარმოშობის შესახებ შეტყობინების ბათილად ცნობის ნაწილში დაუშვებელი იყო, რის გამოც ამ ნაწილში მოცემული საქმის წარმოება შეწყვიტა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება -შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 05 ივლისის N172897 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის და 2016 წლის 08 აგვისტოს N22734 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და რევაზ კვაჭაძის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

აპელანტი მხარე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა უფლებამოსილი პირების მიერ გამოვლინდა მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნა ავტომანქანა სახ.ნომრით II-758-LL. სამართლდამრღვევი სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე არ იმყოფებოდა. საქმეში წარმოდგენილი ვიდეო მასალით დასტურდება, რომ ავტომანქანის გადამოწმების დროს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილმა პირმა, დარღვევის გამოვლენის მიზნით, საკმარის და სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნია: 1. სასაქონლო ზედნადები - N0247425107, რომელიც გამოწერილია იყო რევაზ კვაჭაძის სახელზე, 2. სატელეფონო საუბრით (არაიდენტიფიცირებული პიროვნებისაგან) მიღებული ინფორმაცია და 3. ელექტრონულად გადამოწმებული ზედნადებში მითითებული საქონლის საერთო ღირებულება 67.85 ლარის ოდენობით. საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის გამოვლენის გზით, არამედ გამოვლინდა ერთი კონკრეტული ზედნადები, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებული იყო მოსარჩელე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს.

 

აპელანტი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს სამართალდარღვევის ადგილზე და ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას სამართალდამრღვევ პირს. მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა მიერ დადგინდა რევაზ კვაჭაძის სახელზე არაერთი სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტი, შესაბამისად არსებობდა კანონით დადგენილი წესით შედგენილი არაერთი წერილობითი დოკუმენტი. ასევე სამართალდარღვევის ადგილზე შემმოწმებლებს დისტრიბუტორმა განუმარტათ, რომ ფ/პ რევაზ კვაჭაძეს აქვს სავაჭრო ობიექტი. აღსანიშნავია და გასათვალისწინებელი ასევე საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას ზედნადებით მიწოდებული საქონლის რაოდენობა: 1. ნაბეღლავი 1 ლტ-იანი - 45 ცალი. 2. ნაბეღლავი 0,5 ლტ-იანი - 24 ცალი და 3. წყაროს წყალი ბახმარო 10 ლტ-იანი - 5 ცალი, რითაც ასევე შეიძლება დადგინდეს მისი შემდგომი გამოყენების მიზნობრიობა. ასეთ პირობებში საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და ვერ შეითავსებდა საგამოძიებო ორგანოს ფუნქციებს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად – სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

აპელანტი მხარე თვლის, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იგნორირებით, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც სსსკ-ს 393–ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით მისი გაუქმების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად აპელანტი მახარის განმარტებით საქალაქო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების არსებობის გარეშე გაითვალისწინა მოსარჩელის მითითება მის მიერ სამართალდარღვევის არ ჩადენასთან დაკავშირებით, ხოლო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენისას შედგენილი აქტები ანუ დოკუმენტური მტკიცებულებები, განმარტებები, გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები და ვიდეო ჩანაწერი არ გაითვალისწინა, ყოველივე აღნიშნული კი ეწინააღმდეგება საქმის ყოველმხივ და ობიექტურად განხილვის პრინციპს.

 

ამდენად აპელანტის განმარტებით უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელე რევაზ კვაჭაძის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

შემოსავლების სამსახური ასევე არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბაჟის შემოსავლების სამსახურისათვის დაკისრების ნაწილშიც და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა წარმოებს "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ლ" ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები - სარჩელზე გადასახადის, მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე. შესაბამისად, ნათელია, რომ მოცემული მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება. პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის სრულად დასაბუთებული და იგი იძლევა მკაფიო შესაძლებლობას, მონაწილე მხარეებმა გაიგონ, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მოსარჩელის პოზიცია საგადასახადო ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობასთან დაკავშირებით და რატომ უარყო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან დამატებით განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში რევაზ კვაჭაძის მიერ სასამართლოში აღძრულია შეცილებითი სარჩელი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (2016 წლის 5 ივლისის №172897 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 8 აგვისტოს N22734 ბრძანებ) ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (1-ლი მუხ.).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ კონკრეტული პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს როგორც სამართალდარღვევა, უპირველესად უნდა დადგინდეს ქმედების (მოქმედების ან უმოქმედობის) განხორციელება და შემდგომ მისი მართლსაწინააღმდეგო ხასიათი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ამდენად, გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციას სავალდებულო ძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პირი აპირებს განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირი წარმოადგენს გადასახადის გადამხდელს, რომელიც უნდა იყოს ასეთად რეგისტრირებული კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამდენად, სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი განმარტებულია, როგორც ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს.

 

გადასახადის გადამხდელის მიერ აღრიცხვის წესების დარღვევით განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, საჭიროებს უპირველესად თავად განხორციელებული ფაქტის დადგენას, რეალურად განხორციელდა თუ არა ოპერაცია, რომელიც შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობად. დადგენის შემთხვევაში გამოკვლეულ უნდა იქნეს განხორციელებული ოპერაციის მიზანი, კერძოდ იგი განხორციელებულია თუ არა მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღების მიზნით. მხოლოდ აღნიშნულის დადგენის შემთხვევაში არის უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის წესების დარღვევის საფუძველზე, განუსაზღვროს პირს ჯარიმა კანონით დადგენილი ოდენობით.

 

,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 251-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სასაქონლო ზედნადები არის №II-012 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ზედნადები ივსება ელექტრონულად (გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) საქონლის გამყიდველის/გამგზავნის მიერ, საქონლის მიწოდებისთანავე ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყებისთანავე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ზედნადები ივსება შემდეგი წესით: ა) პირველ სტრიქონში ავტომატურად იწერება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მინიჭებული ზედნადების სარეგისტრაციო ნომერი; ბ) მე-2 სტრიქონში იწერება ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), ხოლო მე-3 სტრიქონში ამოქმედების (გააქტიურების) დრო (საათი, წუთი). ზედნადების ამოქმედების (გააქტიურების) თარიღი და დრო ემთხვევა საქონლის მიწოდების ან საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს და დროს.

 

,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 71-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საგადასახადო სამართალდარღვევის საქმე განიხილება სამართალდარღვევის გამოვლენის ადგილზე, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

 

საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ 2016 წლის 5 ივლისს (07:00:00 საათი) გამოწერილი იქნა სასაქონლო ზედნადები Nელ 0247425107, რომლის თანახმად, გამყიდველია კახა მეგრელიშვილი; მყიდველი - რევაზ კვაჭაძე; საქონლის დასახელება - ნაბეღლავი პეტი 1ლტ; ნაბეღლავი პეტი 0,5ლტ. და წყაროს წყალი ბახმარო პეტი 10 ლტ; სატრანსპორტო საშუალების სახ. ნომერი - II 758 LL; ტრანსპორტირების დაწყების ადგილი - ჩოხატაური, სოფელი ფარცხმა; ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ლანჩხუთი; მიწოდებული საქონლის მთლიანი თანხა - 67.85 ლარი.

 

2016 წლის 05 ივლისს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის N172897 ოქმი.

 

აღნიშნული ოქმის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს 10:57 წუთზე საგადასახადო მონიტორინგის ოფიცრების მიერ ოზურგეთის რაიონის სოფელ წვერმაღალაში გადამოწმდა ავტომობილი II 758 LL, რა დროსაც დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ რევაზ კვაჭაძე (პ/ნ 26001033472) ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადოს გადამხდელად აღრიცხვის წესის დარღვევით, რითაც დაირღვა სსკ-ის 66-ე მუხლი, რაც იწვევდა დაჯარიმებას სკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმის სახით - 500 ლარის ოდენობით.

2016 წლის 28 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 05 ივლისს 10:57 სთ-ზე. ოზურგეთის რაიონის სოფელ წვერმაღალაში, მონიტორინგის სამმართველოს განყოფილების ოფიცრის მიერ, მონიტორინგის მიზნით სასაქონლო ზედნადებზე გადამოწმდა ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL, რომლითაც ხორციელდებოდა ინდ.მეწარმე ,,კახა მეგრელიშვილის’’ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი (მინერალური წყლების) ტრანსპორტირება, საიდანაც ტრანსპორტირების ტიპის საქონლის ზედანადებით N0247425107 საქონელი მიეწოდა ფ/პ. რევაზ კვაჭაძეს (პ/ნ 26001033472). დისტრიბუტორის სიტყვიერი განმარტებით ფ.პ. რევაზ კვაჭაძეს აქვს სავაჭრო ობიექტი. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის გადამოწმებით დადგინდა, რომ რევაზ კვაჭაძის სახელზე გამოწერილი იყო სულ 05 ერთეული სასაქონლო ზედნადები ჯამური ღირებულებით 192.5 ლარის საქონელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რევაზე კვაჭაძის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N172897 და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევისათვის დაჯარიმდა სსკ-ის 273-ე მუხლით და სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

2016 წლის 28 ივლისის N96823-21-12 წერილის თანახმად დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით რევაზ კვაჭაძე, სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად 2016 წლის 06 ივლისს. ამავე წერილის თანახმად, შემდგენი ოფიცრების მიერ წარმოდგენილი ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ 2016 წლის 05 ივლისს ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამოწმებისას დადგინა, რომ ფ.პ. რევაზ კვაჭაძე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით. ასევე, ფ.პ. რევაზ კვაჭაძის მიმართ ფიქსირდება მსგავსი ტიპის საქონელზე სასაქონლო ზედნადებების გამოწერის სხვა ფაქტებიც.

 

დადგენილია, რომ რევაზ კვაჭაძემ 2016 წლის 05 ივლისის საგადასახადო სამართალდარღვევის N 172897 ოქმი გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში.

 

დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 08 აგვისტოს N22734 ბრძანებით - ფ/პ. რევაზ კვაჭაძის (პ/ნ 26001033472) 2016 წლის 19 ივლისის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეში წარმოდგენილი ვიდეო-მასალით დასტურდება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნით, 2016 წლის 05 ივლისს, დილის საათებში, გააჩერეს ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით II 758 LL. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის შეკითხვაზე, მძღოლმა ფრიდონ ქათამაძემ განაცხადა, რომ პირველად მიაქვს ტვირთი ამ მისამართზე და არ იცის რა მიზნით არის ნაყიდი. ამავე ავტომანქანაში მყოფი სხვა პიროვნება, სატელეფონო საუბრით არკვევს (სხვა პირთან, რომლის სახელი და გვარი დაუდგენელია), რომ რევაზ კვაჭაძეს აქვს მაღაზია.

 

ამდენად საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ სამართალდარღვევა გამოვლენილი არ ყოფილა უშუალოდ რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დაფიქსირების (აღმოჩენის) გზით, არამედ გამოვლინდა ერთი კონკრეტული სასაქონლო ზედნადები, სადაც მყიდველ პირად დაფიქსირებული იყო მოსარჩელე რევაზ კვაჭაძე. საგადასახადო ორგანოს მხრიდან გამოკვლეული არ ყოფილა სასაქონლო ზედნადებში მითითებული ოპერაციის შემდეგ მოსარჩელე ახორციელებდა თუ არა აღნიშნული საქონლით ეკონომიკურ საქმიანობას თუ შეძენის მიზანს წარმოადგენდა პირადი საჭიროება. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადგენა-გამოკვლევის გარეშე მიიჩნიეს, რომ ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ აპელანტი მხარის მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს რევაზ კვაჭაძის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტს.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. იმავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შესრულება განაპირობებს დავის შედეგს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რადგან საქმის შედეგი იმაზეა დამოკიდებული რა მტკიცებულებებზე მითითებით დაასაბუთებენ მხარეები გარემოებებს, რომლებზედაც ამყარებენ თავიან მოთხოვნებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. ამასთან, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება - მტკიცების ტვირთი, ასეთ დროს, გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 37.1 მუხლით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სსსკ-ის 37.2 მუხლით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სსსკ-ის 38.1 მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. სსსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის.

სსსკ-ის 46.1 მუხლი პირდაპირ მიუთითებს სუბიექტებზე, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, გარდა ამისა, სსსკ-ის 46.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი მიუთითებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარეთა გათავისუფლების სხვა შემთხვევებზე. ამ კანონის 5.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა ეს არ ათავისუფლებს სამსახურს, დავის მის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, მოდავე (მოსარჩელე) მხარისათვის, ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის) ანაზღაურების ვალდებულებისაგან, რაც დადგენილის სსსკ-ის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადებებით, რომელთა მიხედვითაც, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

საქმეში დაცული საგადახდო დავალებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რევაზ კვაჭაძის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი (ს.ფ. 24).

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მას (მოპასუხეს, რომლის საწინააღმდეგოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება) არ უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის (რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი

 

მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე

 

ხათუნა ხომერიკი