განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2019
საქმის ნომერი
140100119002919129
ინსტანცია
თარიღი
12.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140100119002919129

საქმე № 1ბ/1107-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

15 ივლისი, 2019 წელი თბილისი

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნ--- გ--------–---–ი

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული - ე------------– მ-------ს ძე თ------ - დაბადებული 1----–-–-------------, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი №-----------, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ--------------------–--------–--------------–----------–-.

 

ადვოკატი: მ------ ი------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე------------– თ-----მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ი------–---–მა და ითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე------------– თ------ს მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო საჩივრის თანახმად, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტს. ამავე დროს დაცვა აცხადებს, რომ მსჯავრდებული პასუხისმგებლობისაგან უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნის თანახმად. კერძოდ, დაცვის მხარის მტკიცებით, ე------------– თ------ იძულებული იყო თურქეთის ტერიტორიიდან ფარულად შემოსულიყო საქართველოში, რადგან თურქეთში მის სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხე ემუქრებოდა. საქართველოში შემოსვლისთანავე, ბათუმში ყოფნისას მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს თავშესაფრის მიღების თაობაზე. 2019 წლის იანვრიდან, საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ ის დარეგისტრირებულია თავშესაფრის მაძიებელ პირად და მიმდინარეობს მისი საქმის განხილვა.

 

პროკურორი ნ--- გ--------–---–ი არ ეთანხმება წარმოდგენილ საჩივარს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის გაზაფხულზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე------------– თ-----მა, თურქეთის რესპუბლიკიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, მალულად, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს ეს დასკვა ემყარება შემდეგ მსჯელობასა და მტკიცებულებებს:

 

როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.

 

შემდგომ სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასასამართლო სხდომაზე საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლომ მსჯელობა წარმართა უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში. სასამართლომ განმარტა, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ხელყოფს მმართველობის წესს და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია პირი ფაქტობრივად უკანონოდ გადაადგილდეს სახელმწიფო საზღვარზე. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ასევე გულისხმობს როგორც საქართველოდან გასვლას, ასევე საქართველოში შემოსვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე. უკანონოდ ითვლება აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადალახვა თუ იგი ჩადენილია კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით აკრძალული წესით. სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინეული დანაშაული დამთავრებულად ითვლება დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. დანაშაულის ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით და კვალიფიკაციისათვის მისი ჩადენის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (ჩვენების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთა გამოწვეული იყო განსაკუთრებული აუცილებლობით, კერძოდ, ვინაიდან იგი არის ქურთი, საკუთარ ქვეყანაში იდევნება რასობრივი კუთხით, ასევე მის მიმართ ხორციელდება კანონსაწინააღმდეგო იძულება სმხედრო სამსახურის შესრულებასთან დაკავშირებით, რის გამოც საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

 

ამის შემდეგ სასამართლომ გამოიკვლია საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: მ------ მი------–---------------------–---–--------–---------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 16 იანვრის დათვალიერების ოქმი, შსს შ------------–-------–-–--- დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს წერილი, 2019 წლის 17 იანვრის საქართველოს შსს მიგრაციის დეპარტამენტის (ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს) მიერ გაცემული წერილი, ამავე დეპარტამენტის 2019 წლის 24 იანვრის წერილი, ანკარას ინტერპოლიდან მიღებული წერილი და ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ე------------– თ------მ უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მას საზღვრის გადმოკვეთისთანავე არ უცდია დაკავშირებოდა შესაბამის ორგანოებს. კერძოდ, 2019 წლის 21 იანვრამდე, არ ფიქსირდება მისი არცერთი განცხადება საერთაშოროსო დაცვასა და თავშესაფრის მაძიებელ პირად დარეგისტრირების თაობაზე.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. ამავე კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილით პატიმარ მსჯავრდებულს უფლება აქვს, სააპელაციო საჩივრით მოითხოვოს სააპელაციო განხილვაში უშუალოდ მონაწილეობა, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო.

 

განსახილველი საქმე სწორედ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. კონკრეტულ შემთხვევაში, აპელანტს, საჩივარში მითითებული არგუმენტების გასამყარებლად რაიმე დამატებითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და არც გამოკვლეული მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევის საჭიროებაზე მიუთითებია. ანალოგიური პოზიცია უკავია ბრალდების მხარესაც. არსებითად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მხარეები არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიან და ეთანხმებიან როგორც მათ შინაარსს, ისე ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო საჩივარს არ ერთვის მსჯავრდებულის მოთხოვნა საჩივრის განხილვაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ საკითხის სრულყოფილად გამოკვლევა და გადაწყვეტა შესაძლებელია ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე------------– თ------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და შესაბამისად სადავოდ არ ხდიან დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ქმედების სამართლებრივი შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სამართლებრივი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ ვარაუდს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

შემდგომ სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, იხელმძღვანელა რა ამ კრიტერიუმებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ე------------– თ------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამავე დროს, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლის ამ დასკვნას და პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მხარეების მიერ სადავო არ გამხდარა მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც „2018 წლის გაზაფხულზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე------------– თ-----მა, თურქეთის რესპუბლიკიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით, მალულად, საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სარფის“ ტერიტორიიდან უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი“. ეს ფაქტობრივი გარემოება სადავოდ არც სააპელაციო საჩივრით არ არის გამხდარი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად კი „სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა არსებით ყურადღებას მიაპყრობს საკითხის გარკვევას იმის თაობაზე, უნდა გათავისუფლდეს თუ არა მსჯავრდებული პასუხისმგებლობისაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნის საფუძველზე.

 

კანონის ამ ნორმის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.

 

როგორც ვხედავთ, ამ ნორმით პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისათვის დადგენილია რამდენიმე პირობა, რაზედაც დაცვის მხარეც მართებულად უთითებს სააპელაციო საჩივარში. მათ შორის სავალდებულოა პირი შემოსული იყოს იმ ტერიტორიიდან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა. გარდა ამისა, ასეთი პირისათვის სავალდებულოა, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ხელისუფლების ორგანოში და წარადგინოს სათანადო განმარტება საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ.

 

პალატა განმარტავს, რომ იმისათვის რათა გადაწყვეტილების მიღებისას დასახელებული პირობები სასამართლომ მხედველობაში მიიღოს, ისინი დადგენილი უნდა იყოს როგორც ფაქტობრივი გარემოებები. თითოეული ფაქტობრივი გარემოება კი დგინდება შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოში, გარდა თვითონ მსჯავრდებულის განმარტებისა, არ წარდგენილა არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მსჯავრდებულ ე------------– თ------ს მიმართ ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას. ასეთი მტკიცებულებების არსებობაზე არ არის მითითებული არც სააპელაციო საჩივარში.

 

რაც შეეხება თვითონ მჯავრდებულის ჩვენებას, რომელიც, როგორც აღინიშნა, უდავო მტკიცებულებაა ამ საკითხთან მიმართებაში არ არის თანმიმდევრული და არ ადასტურებს მსჯავრდებულის პოზიციას. კერძოდ, თავის ჩვენებაში მსჯავრდებული აჩვენებს, რომ საზღვარი გადმოკვეთა მისთვის ფაქტიურად უცნობი მოქალაქის, ვინმე „თ-----------“, დახმარებით იმ მიზნით, რომ ეს მოქალაქე თურქეთშივე შეპირდა საქართველოს გავლით გერმანიაში წაყვანას. ამავე ჩვენებით მსჯავრდებულმა ბათუმში მდებარე პოლიციის შენობაში ითხოვა დახმარებოდნენ თავშესაფრის მიღებაში თუმცა, პოლიციაში მისვლის მიზეზად ასახელებს არა თავშესაფრის მიღების სურვილს, არამედ სხვა მოქალაქის მხრიდან მისთვის ტელეფონის წართმევას. მისივე ჩვენებით, პოლიციელებმა მას უთხრეს, რომ თავშესაფრის მიღება არ იყო მათ მიერ განსახილველი საქმე და დაუსახელეს სხვა უწყება, ვისთვისაც უნდა მიემართა. დაკითხვისას მას ამ უწყების სახელი არ ახსოვდა და არც არასდროს წასულა იქ მიმართვის მიზნით. სააქართველოში შემოვიდა 2019 წლის დასაწყისში და მას შემდეგ სულ აწუხებდა „თ---------ს“ შეესრულებინა დანაპირები და წაეყვანა გერმანიაში. 2019 წლის 7 იანვარს, ამ უკანასკნელმა როგორც იქნა უთხრა, რომ დანაპირებს უსრულებდა და მიჰყავდა გერმანიაში. სინამდვილეში მოატყუა, ჩასვა ტაქსში და გერმანიის ნაცვლად, საქართველოს კუთვნილ და უცხო სახელმწიფოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა.

 

მსჯავრდებულის ამ მონაყოლიდან ცალსახად იკვეთება, რომ მის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზანი არ ყოფილა საქართველოში ლტოლვილად დარჩენა და ამ მიზნით ჩვენი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის მიმართვა. მას არა თუ დაუყოვნებლივ, საერთოდ არ მიუმართავს საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ შესაბამისი ორგანოებისათვის და არ წარუდგენია სათანადო განმარტება, ვიდრე 2019 წლის 21 იანვრამდე, როდესაც უკვე დაპატიმრებული იყო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. უფრო მეტიც, სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მსჯავრდებული საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს გადმოსცეს ოკუპირებული ტერიტორიიდან, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივ კონტროლს. ამ ტერიტორიაზე გადასვლისას კი ის დარწმუნებული იყო, რომ კიდევ ერთხელ კვეთდა უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და სურდა კიდეც ამ ქმედების განხორციელება.

 

ყველა ამ გარემოების საფუძველზე პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც მსჯავრდებულ ე------------– თ------ს მიმართ არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული შენიშვნის პირობები. მათ შორის, უდავოდ დადგენილია, რომ საქართველოში უკანონოდ შემოსვლისას მას არ ამოძრავებდა საქართველოს ხელისუფლებისაგან თავშესაფრის მიღების სურვილი და საქართველოში უკანონო შემოსვლისა და უნებართვოდ ყოფნის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოების შესახებ დაუყოვნებლივ არ წარუდგენია სათანადო განმარტება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ე------------– თ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემობაა ის, რომ მან აღიარა მის მიერ ფაქტიურად ჩადენილი ქმედების ფაქტი, რის გამოც ბრალი წარედგინა და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას უდავო სამართალწარმოების წესით.

 

ე------------– თ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ აქვს.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ე------------– თ-----ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა მინიმალური ოდენობით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ მსჯავრდებულს არ აქვს მყარი ეკონომიური კავშირი სამართალწარმოების ქვეყანასთან. ამავე დროს მისი უნარი არალეგარულად გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი, ასევე ოკუპირებულ ტერირორიასთან არსებული პირობითი საზღვარი, საფუძველია დასკვნისათვის, რომ არასაპატიმრო სასჯელის პირობებში მსჯავრდებული შეეცდება თავი აარიდოს მის მოხდას. შესაბამისად ასეთი სასჯელი ვერ იქნება ეფექტური დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ე------------– თ-----მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად მიიჩნევს, რომ დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება კანონით დადგენილი საპატიმრო სასჯელის მინიმალური ზღვარი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები - ე------------– თ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საფულე და ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და თურქულ ენაზე შევსებული ორი ცალი ფურცელი, ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რომლებიც ინახება შსს შ------------–-------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ე------------– თ------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ე------------– თ------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ი------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი ე------------– თ------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ე------------– თ------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

ე------------– თ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ ე------------– თ-----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 იანვრიდან.

 

საქმეზე ამოღებული საგნები და ნივთები - ე------------– თ------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, საფულე და ფულადი თანხა, პირადობის მოწმობა და თურქულ ენაზე შევსებული ორი ცალი ფურცელი, ტანსაცმელი და პირადი ნივთები, რომლებიც ინახება შსს შ------------–-------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი