განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120100119002949280, №1ბ/1130-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - კ--------- ა-–--------ის ძე მ--------- - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ---–-----------------------–------–-----–-.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
სასჯელი:
4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენის გაუქმება, ალტერნატიული მოთხოვნა დანიშნული სასჯელის შეცვლა ჯარიმით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, საქმეზე არ იქნა ობიექტურად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები. განაჩენით განსაზღვრული სასჯელი არის მკაცრი, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეიცვალოს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმით (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრები).
ბრალდების მხარის პოზიცია - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან სასამართლომ საქმეში არსებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით კ--------- მ--------- ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივრის შესაგებელი).
სასამართლომ დაადგინა:
კ--------- მ--------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს მოქალაქემ, 2--------- წელს დაბადებულმა კ--------- მ--------მა, განიზრახა თ--------ის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველო-თ--------ის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2019 წლის 11 მარტს, კ--------- მ--------- მივიდა სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს N3 სექტორის ,,ჭარალი“ დასაცავი მონაკვეთის N231 სასაზღვრო ნიშნის რაიონში გამავალ საქართველო-თ--------ის სახელმწიფო საზღვართან და გადმოკვეთა GPSN 319802/4603958 კოორდინატებში გამავალი საქართველო-თ--------ის სახელმწიფო საზღვარი თ--------ის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით და უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით, კ--------- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ--------- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. დაცვის მხარე, ერთ სააპელაციო საჩივარში ითხოვს განაჩენის გაუქმებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე საჩივრით ითხოვს სასჯელის შემცირებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. ვინაიდან მოცემული საქმე წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია საჩივრების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები: მოწმეების: ა-–------------ის, რ----------------------ის, ბ------------------ის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ კ--------- მ---------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მისი გამოკითხვის ოქმები, მიმართვის წერილი შსს საინფორმაციო ცენტრის სახელზე და პასუხი საზღვრის კვეთის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მიმართვის წერილი შსს სასაზღვრო პოლიციის სასაზღვრო წარმომადგენლობისა და სადემილიტაციო-სადემარკაციო სამმართველოს სახელზე, პასუხი თანდართული რუკით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარის ინიციატივით, სასამართლომ შეიძლება უარყოს პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტი, თუ ეს ფაქტი ეწინააღმდეგება სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგებს. შესაბამისად, შესაფასებელია გარემოება, თუ რა დადგინდა პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებებით და ამის შემდეგ მოხდეს აღნიშნული ფაქტების უარყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები საქმის ფაქტობრივ გარემოებებს გამოკვლევის გარეშე იღებენ მტკიცებულებად, ესე იგი ისინი თავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისაგან, ხოლო ინფორმაცია კი ავტომატურად იძენს მტკიცებულებით ხასიათს, რაც, ბუნებრივია, არსებით სხდომაზე მათ დამატებით გამოკვლევას აღარ საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეიუდიციის ინსტიტუტი საერთოდ აზრს დაკარგავდა, რადგან ყველა ის მტკიცებულება, რომელსაც მხარეები პრეიუდიციად მიიჩნევდნენ, ნებისმიერ დროს გახდებოდა მხარეთათვის მიუღებელი და სადავო. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით, პრეიუდიცია გათანაბრებულია მტკიცებულებასთან და გათავისუფლებულია გამოკვლევის პროცესისგან (ვრცლად იხილეთ 2019 წლის 17 იანვრის განაჩენი საქმეზე №455აპ-18).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი დასჯად ქმედებად მიიჩნევს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. მოცემული დანაშაულის ობიექტია საქართველოში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა. აღნიშნული დანაშაული, ობიექტური მხრივ გულისხმობს დადგენილი წესის გვერდის ავლით, სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე საქართველოდან გასვლას, ასევე საქართველოში შემოსვლას. აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან.
მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უპირობოდ არ გულისხმობს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ კ--------- მ--------მა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ უსამართლო სამართლებრივი შეფასების ფონზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება. წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობას, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განაჩენის გაუქმების მოთხოვნით არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი კ--------- მ--------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნების განსასაზღვრად სრულყოფილად უნდა შეფასდეს ყველა ის გარემოება, რაც სასჯელის დანიშვნის დროს არის გასათვალისწინებელი და ასევე ნათლად უნდა იქნეს გაანალიზებული საფრთხეები, რაც შექმნა დამნაშავის ქმედებამ თუ ქმედებებმა.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ქმედებით გამოწვეული საფრთხეების და სიმძიმის გათვალისწინების შედეგად ადეკვატური, შესაბამისი და თანაზომიერი სასჯელის დაკისრებას. რესოციალიზაციის მიზანი კი სასჯელის მეშვეობით დამნაშავის საზოგადოებაში საყოველთაოდ აღიარებული თანაცხოვრების წესებისადმი შეგუება, სასჯელის მოხდის შედეგად საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მართლზომიერი ქცევის წესებისა და პირობებისადმი პირის ადაპტაციაა. რესოციალიზაციის მიზანი მჭიდროდაა დაკავშირებული ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზანთან. შესაბამისად, სასჯელი მიაღწევს თუ არა მიზანს, უნდა იქნეს შეფასებული მსჯავრდებულის პიროვნებითაც.
მტკიცებულებებით დადგენილია, რომ კ--------- მ--------- ნასამართლობის მქონეა როგორც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ“ ,,ლ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 12 სექტემბრის განაჩენი), ისე ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782 მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 მაისის განაჩენი). ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულმა ჰუმანურმა აქტმა - 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონმა, ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება. სახელმწიფოს მხრიდან, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილ დანაშაულთან მიმართებაში კვლავ იქნა გამოყენებული შეღავათი საპროცესო შეთანხმების სახით. მიუხედავად გამოყენებული შეღავათებისა, კ--------- მ---------ს მიერ კვლავ იქნა ჩადენილი განზრახი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის პიროვნების, მისი წარსული ცხოვრების, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების და ქმედების განხორციელების სახის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი არ არის კ--------- მ---------სთვის მსუბუქი სასჯელის - ჯარიმის განსაზღვრა, შესაბამისად, პალატას სამართლიანად მიაჩნია მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე. კ--------- მ--------ს ნასამართლობა განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისთვის გაქარწყლებული ან მოხსნილი არ აქვს, შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ--------- მ---------ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის კ---------------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
კ--------- მ--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ კ--------- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 12 მარტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
კ--------- მ---------ს სახელზე გაცემული პასპორტი და მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბარბაქაძე