განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002285296 (N3ბ/865-19)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი
აპელანტი - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მოწინააღმდეგე მხარე - ლ------ კ-----ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის განხილვის ფორმა- ზეპირი მოსმენის გარეშე
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ------ კ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაეკისრა მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ლ------ კ-----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 54 745 ლარის (44 745 ლარი განაცდური ხელფასი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) ანაზღაურება.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ საქმის მასალებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2010 წლის 2 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ლ------ კ-----ეს შორის. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ლ------ კ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2009 წლის 20 ოქტომბრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2017 წლის 6 აპრილის განაჩენი საქმეზე N1/აგ-968-16 ( ს/ფ - 15-46)
2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებულების ლ------ კ-----ისა და სხვათა მიმართ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქმეზე N1/აგ-968-16 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. განემარტა გამართლებულს, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2017 წლის 6 აპრილის განაჩენი საქმეზე N1/აგ-968-16 (ს/ფ - 15-46)
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის ცნობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ კ-----ის მიერ, 2009 წლის იანვრის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 15623,6 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 3124,72 ლარს.
ამავე ცნობის დანართის მიხედვით, შპს საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, 2009 წელს, ლ------ კ-----ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 14915 ლარს. ცნობაში მითითებულ პერიოდში, შპს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟიდან ლ------ კ-----ეს სხვა შემოსავალი არ უფიქსირდება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 21 დეკემბრის ცნობა (ს/ფ - 48-49)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 30 მაისის N3---- წერილით დგინდება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის მიერ 2010 წლის 02 მარტის განაჩენის საფუძველზე (საქმე N1/819-10) გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ლ------ კ-----ეს დაეკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული განაჩენი აღსრულებულია და თანხა ჯარიმის სახით გადარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში 2010 წლის 21 ივნისს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 30 მაისის N3---- წერილი ( ს/ფ 94)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 24 ივლისის N0---------- წერილის მიხედვით, ლ------ კ-----ის განცხადება, რომლითაც იგი ითხოვდა მის მიერ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის 10 000 ლარის უკან დაბრუნებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად(თუ განცხადებით მოთხოვნილი საკითხის გადაწყვეტა მიეკუთვნება სხვა ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა უგვიანეს 5 დღისა გადაუგზავნოს განცხადება და მასზე დართული საბუთები უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს), კუთვნილებისამებრ გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 24 ივლისის N0---------- წერილი (ს/ფ 127)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის N MOD 5------------ ცნობის თანახმად, ლ------ კ-----ე 2013 წლის 6 მარტიდან მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 27 ნოემბრის N MOD 5------------ ცნობა (ს/ფ 47)
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტზე რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება)
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით,, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი
პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს
პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების
დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."
სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648- 623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის სამოცდათორმეტი დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ლ------ კ-----ეს შორის. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ლ------ კ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2009 წლის 20 ოქტომბრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებულების ლ------ კ-----ისა და სხვათა მიმართ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით საქმეზე N1/აგ-968-16 საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. განემარტა გამართლებულს, რომ მას უფლება ქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამრიგად, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის სოციალურ მდგომარეობა, მის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმები, სახელდობრ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად ორი თვისა და 10 დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩი დადგა საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხოლო გამამართებელი გააჩენი კი 7 წლის შემდეგ. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ------ კ-----ეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით 44 745 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ, წარმოდგენილია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც, ლ------ კ-----ის მიერ, 2009 წლის იანვრის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 15623,6 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 3124,72 ლარს. ამავე ცნობის დანართით/ინფორმაციით დგინდება, რომ ლ------ კ-----ე მუშაობდა შპს საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში და მისი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 2009 წელს შეადგენდა 14915 ლარს. ამავე ცნობის თანახმად, 2009 წელს ლ------ კ-----ეს ასევე ხელფასის სახით მიღებული აქვს 621.1 ლარი და 2010 წელს 87.5 ლარი, რომელიც გაცემულია შპს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის მიერ (აღნიშნულს მოსარჩელე არ ითხოვს მატერიალური ზიანის სახით). სხვა შემოსავალი 2013 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მას არ უფიქსირდება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ლ------ კ-----ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში დასაქმებულია 2013 წლის 6 მარტიდან. საქმის მასალებით ასევე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენით, 3 წლის ვადით საარბიტრაჟო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამო, ლ------ კ-----ემ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც მას საარბიტრაჟო საქმიანობის განორციელების დროს ჰქონდა. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მას სხვა შემოსავალი 2013 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, 2010 წლის შემდეგ არ უფიქსირდება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც დასაქმდა 3 წლის გასვლის შემდგომ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება 44 745 ლარის (14 915 ლარი გამრავლებული 3 წელზე) ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე, ლ------ კ-----ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2010 წლის 02 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის - 10 000 ლარის - მატერიალური ზიანის სახით ანაზღაურება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია სასჯელის სახეები. პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის სახეებია: ა) ჯარიმა; ბ) თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა; გ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა; დ) გამასწორებელი სამუშაო; ე) სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა; ვ) თავისუფლების შეზღუდვა; ზ) ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; თ) უვადო თავისუფლების აღკვეთა; ი) ქონების ჩამორთმევა.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია ძირითადი და დამატებითი სასჯელები, პირველი ნაწილის თანახმად გამასწორებელი სამუშაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა და უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ძირითად სასჯელად. მე-2 ნაწილის თანახმად საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად. მე-21 ნაწილის თანახმად ერთდროულად შესაძლებელია რამდენიმე დამატებითი სასჯელის დანიშვნა.
ამავე კოდექის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ჯარიმა არის ფულადი გადასახდელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
მითითებული მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება, ხოლო პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ლ------ კ-----ემ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე გადაიხადა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ, 2010 წლის 02 მარტს მიღებული განაჩენის საფუძველზე, 2010 წლის 21 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა და 10 000 ლარი ჯარიმა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, გამამართლებელი განაჩენით კი ლ------ კ-----ეს განემარტა, რომ მას შეეძლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ჯარიმის სახით გადახდილი თანხის მატერიალური ზიანის სახით პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა და მისი დაბრუნების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ. სასამართლო მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც გამართლებულ პირს, მორალური ზიანის სახით მიეცემა ფულადი კომპენსაცია, ხოლო მიუღებელი შემოსავლისათვის - მატერიალური ზიანი, შესაბამისად მის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხა დამატებით სასჯელის სახით განხილულ უნდა იქნეს როგორც მატერიალური ზიანი. ამდენად, რომ არა გამამტყუნებელი განაჩენი, მას აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მოცემულ დავაში ჩართულია მესამე პირად სწორედ იმ საფუძვლით, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული თანხების ანაზღაურება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მის უფლებებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად საქართველოს მთავარ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე ლ------ კ-----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის - 1650 (ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 54 745 (ორმოცდათოთხმეტი ათას შვიდასორმოცდახუთი) ლარის (44 745 ლარი განაცდური ხელფასი და 10 000 ლარი ჯარიმის სახით გადახდილი თანხა) ანაზღაურება.
3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ საგასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
ლ------ კ-----ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით, ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 მარტის განაჩენით ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება. ზოგადად, სს საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობის საკითხები, ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი დაეკისროს მას.
2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ პრიმა ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენის გადასინჯვა, რაც დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 06 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი და ლ------ კ-----ე გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო სასამართლომ განაჩენში მიუთითა: იმ პირობებში, როდესაც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა ერთი პირი, არ არსებობდა საკმარისობის სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების საფუძველი სხვათა მიმართ. ასევე, უდანაშაულოდ სცნო ლ------ კ-----ე. შესაბამისად, ერთი პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას მოჰყვა ლ------ კ-----ის გამართლება, რის გამოც, პროკურატურის მიერ მიყენებულ მორალურ ზიანზე არ უნდა ვისაუბროთ.
საქართველოს პროკურატურას ლ------ კ-----ის სასარგებლოდ, მატერიალური ზიანის სახით დაეკისრა 44 745 ლარი, როგორც განაცდური ხელფასი და 10 000 ლარი, როგორც გამამტყუნებელ განაჩენზე დამატებითი სასჯელის სახით გადახდილი თანხა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-17 თავი განსაზღვრავს - სხვა საპროცესო მოქმედებებს, მათ შორის, რეგლამენტირებულია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების საპროცესო შესაძლებლობა, კერძოდ, 159ე-162-ე მუხლებით განსაზღვრულია ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, წესი და ვადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობა და დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ლ------ კ-----ეს შორის. ლ. კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 03 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება "კერძო არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით.
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ფაქტობრივ-სამართლებრივად არ არის საკმარისად დასაბუთებული. კერძოდ, შემოსავლის სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პროკურატურას, ლ------ კ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 14 915 ლარი გამრავლებული 3 წელზე, რაც უსაფუძვლოა, რადგან, აღნიშნული 14 915 ლარი, რომელიც შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილ ცნობაში ფიქსირდება 2009 წლის მდგომარეობით, მოცემულია დაბეგვრის გარეშე.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტისა, სასამართლოს მიერ არც ის ყოფილა გამოკვლეული, თუ რა ოდენობის ხელფასს იღებდა ლ------ კ-----ე, ვინაიდან, ხელფასი შეიძლება იყოს ცვალებადი სხვადასხვა წლების მიხედვით და რა საფუძვლით იქნა მოსარჩელე გათავისუფლებული სამსახურიდან. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე იმის მტკიცება, რომ არა სს დევნა, 2010-2013 წლებში ლ. კ-----ე იმუშავებდა და მიიღებდა 44 745 ლარის ხელფასს უსაფუძვლოა". როგორც უკვე მოგახსენეთ ლ------ კ-----ეს საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 მარტის განაჩენის საფუძველზე, როგორც დამატებითი სასჯელის სახით. შესაბამისად, გაუგებარია პროკურატურისთვის აღნიშნული თანხის დაკისრება. ვინაიდან, ძირითად სასჯელთან ერთად პირის მიმართ დამატებითი სასჯელის გამოყენება მოხდა სასამართლო განაჩენის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს და მისი მოპასუხისათვის დაკისრება ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
რაც შეეხება საქართველოს პროკურატურისთვის დაეკისრებულ 10 000 ლარს, აღნიშნულიც უსაფუძვლოა, ვინაიდან, იმავე 2010 წლის 02 მარტის განაჩენით იქნა სასამართლოს მიერ ჯარიმა განსაზღვრული, როგორც დამატებითი სასჯელი. შესაბამისად, განაჩენი, რომლითაც ლ. კ-----ეს ძირითად სასჯელთან ერთად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა, სრულად გაუქმდა. ლოგიკურია, რომ გაუქმებული განაჩენი ჯარიმის ნაწილსაც მოიცავდა, რის გამოც აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრება ასევე უკანონოა.
ამასთან, სასამართლოს არ მიუცია სწორი სამართლებრივი შეფასება არც იმ ფაქტისთვის, თუ რამდენად სწორად იქნა გადმოგზავნილი, განმცხადებლის ყოველგვარი ინფორმირების გარეშე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ლ. კ-----ის ჯარიმის თანხის დაბრუნების თაობაზე შეტანილი დოკუმენტაცია, არც მოსარჩელეს გაუსაჩივრებია აღნიშნული. აპელანტს მიაჩნია, რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად, აპელანტი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ "პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვვაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი", თუმცა არა პროკურატურის მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით უარი ეთქვას მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს კონსტიტუციის II თავით განმტკიცებულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. საჯარო მოხელის მხრიდან, მისი დარღვევისათვის დგება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი. კონსტიტუციის 31-ე მუხლი აწესრიგებს პირის საპროცესო უფლებების დაცვის გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ადგენს, რომ ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. კერძოდ, კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.
პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოებისა და მუშაკების მიერ მიყენებული ზიანისთვის ემსახურება ერთადერთი მიზნის მიღწევას, კერძოდ, როგორც ადამიანის უფლებების, ისე სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. ხოლო აღნიშნული მიზნის მიღწევის სამართლებრივი საშუალებებია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განმტკიცებული ნორმები. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება, ასევე, აღიარებული და გარანტირებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ლ------ კ-----ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის თავისუფლების შეზღუდვა მოხდა კანონით დადგენილი წესის დაცვით, შესაბამისად, სახეზე არ არის თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქმედება და საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. პალატა არ ეთანხმება ზემოთ მითითებულ მსჯელობას და საჭიროდ მიიჩნევს, დეტალურად მიმოიხილოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობა, რათა განისაზღვროს კანონისმიერი წინაპირობები, რომლებიც პირს ანიჭებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას და შესაბამისად, იძლევა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სააპელაციო სასამართლო ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. ამ პირობად, აღნიშნული მუხლი ზოგად შემთხვევაში, ადგენს ზიანის მიმყენებელი პირის ბრალს, კერძოდ, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილ ქმედებას, ხოლო ამავე მუხლითვეა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ისეთ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებით, როგორიცაა რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენება, პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრება. განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, აღნიშნული შემთხვევაა სახეზე.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2010 წლის 2 მარტის განაჩენით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და ლ------ კ-----ეს შორის. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ლ------ კ-----ის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 03 (სამი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2009 წლის 20 ოქტომბრიდან 2009 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
2016 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ზ1’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ბრალდებულების ლ------ კ-----ისა და სხვათა მიმართ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქმეზე N1/აგ-968-16 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. განემარტა გამართლებულს, რომ მას უფლება ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
აპელანტი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისთვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის აღნიშნულ მსჯელობას და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფოს წარმომადგენლის ქმედებაში ბრალის არსებობის განსაზღვრა არ არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ დაზარალებულმა პირმა მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. დასახელებული ნორმა ცალსახად ადგენს, რომ ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება წარმოიშობა, თუ პირის მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო მსჯავრდებას ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემას, ან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენებას და ამავე დროს მიუთითებს, რომ ზიანი ანაზღაურდება შესაბამის პირთა (გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა) ბრალის მიუხედავად. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა უშვებს შესაძლებლობას, რომ ზიანის მიმყენებლის ქმედება იყოს უკანონო, მაგრამ სახეზე არ იყოს მისი ბრალი, კერძოდ, გამოხატული განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით.
პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევის შესაძლებლობა, როდესაც ქმედება თავისი ხასიათით უკანონოა, თუმცა მისი ჩამდენი პირის ბრალი (არცერთი ფორმით) არ არის სახეზე. ცხადია, ლ. კ-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანამდე განხორციელებულ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებებს გააჩნდათ მათი გამოყენების და შეფარდების კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები და არსებობდა შესაბამისი გარემოებები, რომელიც ამ მოქმედებებს კანონიერ ხასიათს ანიჭებდა. გარდა ამისა, მათი განხორციელება იყო სწორედ იმ სამართალწარმოების პროცესის ნაწილი, რომლის შედეგადაც, საბოლოოდ, ბრალდებული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. გამამართლებელი განაჩენის გამოტანა პირის მიმართ, უდავოა, რომ ავტომატურად აბათილებს ყველა იმ მოქმედების კანონიერებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა.
თუმცა, რადგან აღნიშნული დგინდება სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე, განაჩენის გამოტანის შემდეგ, სახელმწიფო ორგანოების ბრალი ჩადენილი ქმედებისთვის, შეიძლება სრულიად გამოირიცხოს, რადგან მათ ქმედების განხორციელების პროცესში არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ქმედების ხასიათი შეეფასებინათ, როგორც უკანონო. ამდენად, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლებში ჩადენილ ქმედებებს, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს, დანაშაულის აღკვეთას და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას, აქვს კანონიერი საფუძვლები, თუმცა მას უკანონოდ აქცევს გამამართლებელი განაჩენი, ასეთის გამოტანის შემთხვევაში. ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას, რომ პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ წინაპირობას ქმნის საქმეზე დადგენილი გარემოებები. კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით, საქმეზე N1/აგ-968-16 გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენი. ლ------ კ-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
პალატა მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას ანუ იწვევს მის რეაბილიტაციას. ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის საფუძველზე, რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ, მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას, ლ------ კ-----ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არსებობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა, ხოლო თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისგან დამოუკიდებლად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის უკანონო ბრალდება წარმოადგენს მორალურ ზიანს, ამასთან, დადგენილია მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ მორალური ზიანის სახით განსაზღვრული თანხის ოდენობა გონივრულია და წარმოადგენს მოსარჩელის სამართლიან დაკმაყოფილებას. სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება აპელანტის-საქართველოს მთავარი პროკურატურის მოსაზრებას, რომ ევრო-სასამართლოს პრაქტიკის, ასევე ქართული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებით განსაზღვრული არამატერიალური ზიანის თანხის ოდენობასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთთან მიმართებით, ევრო-სასამართლოს პრაქტიკა და ქართული სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს საქართველოს მთავარი პროკურატურის მითითებას მატერიალური ზიანის დაანგარიშების პროცესში სასამართლოს მხრიდან დადგენილი და გამოკვლეული გარემოებების უგულვებელყოფის თაობაზე და თვლის, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ ანალიზს.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 21 დეკემბერს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ლ------ კ-----ის მიერ, 2009 წლის იანვრის თვიდან 2013 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 15623,6 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 3124,72 ლარს.
ამავე ცნობის დანართის მიხედვით, შპს საქართველოს მუდმივმოქმედ არბიტრაჟში, 2009 წელს, ლ------ კ-----ის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი შეადგენს 14915 ლარს. ცნობაში მითითებულ პერიოდში, შპს საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟიდან ლ------ კ-----ეს სხვა შემოსავალი არ უფიქსირდება.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 02 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ------ კ-----ეს 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა ,,კერძო არბიტრაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული საარბიტრაჟო საქმიანობის უფლება.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. დაზარალებულს უფლება აქვს მკურნალობის ხარჯები მოითხოვოს წინასწარ.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
პალატა დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ განაჩენით, 3 წლის ვადით საარბიტრაჟო საქმიანობის უფლების ჩამორთმევის გამო, ლ------ კ-----ემ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც მას საარბიტრაჟო საქმიანობის განორციელების დროს ჰქონდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო კანონიერად მიიჩნევს მიუღებელი შემოსავლის სამ წლიან პერიოდზე გადაანგარიშებას და მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის სახით მიყენებული მატერიალური ზიანის 44 745 ლარის ოდენობით დაკისრებას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 მარტის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის - 10 000 ლარის მატერიალური ზიანის სახით პროკურატურისათვის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა. რადგან პალატას საქმის მასალებით დადგენილად მიაჩნია, რომ ლ------ კ-----ემ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე გადაიხადა ჯარიმა - 10 000 ლარის ოდენობით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ, 2010 წლის 02 მარტს მიღებული განაჩენის საფუძველზე, 2010 წლის 21 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა და 10 000 ლარი ჯარიმა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, გამამართლებელი განაჩენით კი ლ------ კ-----ეს განემარტა, რომ მას შეეძლო მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ------ კ-----ის მიერ ფაქტობრივად გადახდილი თანხა დამატებით სასჯელის სახით განხილულ უნდა იქნეს, როგორც მატერიალური ზიანი და რომ არა გამამტყუნებელი განაჩენი, მას აღნიშნული თანხის გაღების აუცილებლობა არ ექნებოდა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ფაქტობრივ - სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღურებაზე კანონიერი და უნდა დარჩეს ძალაში.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1. ,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი