განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/6872-17
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ანა გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ეკატერინე ცისკარიძე, ხათუნა არევაძე
სხდომის მდივანი - ანა ჩიკვაიძე
აპელანტი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი - ნ----------------ე;
მოწინააღმდეგე მხარე – სს გეს „ს-------------ო“;
წარმომადგენელი - მ-------------------ე;
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
წარმომადგენელი - ზ--------------ა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება;
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება;
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. ”საქართველო-სომხეთის 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის N515 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებიდან საკრედიტო რესურსად 8 000 000 ლარის გამოყოფა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან ერთად სს ”ს-------------ოსთან” სათანადო სასესხო ხელშეკრულების გაფორმება საქართველო-სომხეთის 400 კვ ეგხ-ის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით გათვალისწინებულ ღონისძიებათა, კერძოდ, 500 კვ ეგხ ”მ-------ის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად.
2.2. საბიუჯეტო სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 წელი, სესხის სარგებლად - წლიური 7%-იანი განაკვეთი.
2.3. 2006 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ”ს-------------ოს” შორის გაფორმდა მიზნობრივი სესხის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სს ”ს-------------ოს” სესხის სახით გამოეყო 8 000 000 ლარი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ”მ-------ის” სარეაბილიტაციო სამუშაოთა დასაფინანსებლად. სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2013 წელი (ხელშეკრულების ხელის მოწერიდან 7 წელი). ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის შესაბამისად, სს ”ს-------------ოს” ვალდებულია სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის.
2.4. 2010 წლის 31 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის N092100335 საქმეზე და ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს ”ს-------------ოს” ყოფილმა ხელმძღვანელებმა მოახდინეს სს ”ს-------------ოსათვის” სესხის სახით გამოყოფილი 8 000 000 ლარიდან 2 138 300 ლარის არამიზნობრივად ხარჯვა, რითაც სს ”ს-------------ომ” დაარღვია სასესხო ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსაზრებით მას მიაყენა ზიანი.
2.5. 2006 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების დაფარვის მიზნით, 2013 წლის 25 თებერვლის მდომარეობით მოპასუხის მიერ გადახდილია ძირითადი თანხა 6 600 000 ლარის ოდენობით და ამავე თარიღისათვის დარჩენილია: ძირითადი თანხიდან 1 600 00 ლარი და სარგებლის თანხიდან 70 000 ლარი;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, 2 138 300 ლარი შეიძლება თუ არა ყოფილიყო მის მიმართ დამდგარი ზიანი. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული თანხის გამოყენება მოსარჩელეს შეეძლო მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით, თუმცა სარგებელი, რასაც აღნიშნული სადავო თანხის სხვაგვარი გამოყენება მოუტანდა მოსარჩელის მიერ დასაბუთებული ვერ იქნა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, აღნიშნა, რომ 2006 წლის 14 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და სს ”ს-------------ოს” შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებას სესხის სახით გადაეცა 8 000 000 ლარი. სესხის ხელშეკრულება იყო მიზნობრივი - ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის შესაბამისად სს ”ს-------------ო” ვალდებული იყო სესხის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენებინა მხოლოდ და მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისთვის.
2.12. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-625-ე მუხლების თანახმად კი, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში სესხის სარგებლად გათვალისწინებული იყო წლიური 7%-იანი განაკვეთი. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ქვითრებით დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ ხდებოდა აღნიშნული თანხის გადახდა გრაფიკის მიხედვით.
2.13. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის განმარტებაზე, სადაც აღნიშნავდა, რომ მოხდა სესხის სახით გამოყოფილი 8 000 000 ლარიდან 2 138 300 ლარის არამიზნობრივად ხარჯვა, რითაც მოპასუხემ დაარღვია სასესხო ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიაყენა ზიანი; სასამართლოს მითითებით, მოპასუხე შესაგებლით აღნიშნავდა, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით უნდა დადასტურებულიყო სს ”ს-------------ოს” მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა და ამ ქმედებით გამოწვეული მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაც არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა.
სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა ეყრდნობოდა საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებას. აქედან გამომდინარე ენერგეტიკის სამინისტრო მოითხოვდა არამიზნობრივად გამოყენებული თანხის უკან დაბრუნებას. ამას, საფუძვლად უდებდა იმ გარემოებას, რომ ამ ქმედებით მას მიადგა ზიანი.
სასამართლომ განმარტა შემდეგი: დელიქტური ვალდებულებები ატარებს ფარდობით ხასიათს, რადგანაც წარმოიშობა ზიანის მიყენების შედეგად კონკრეტულ პირებს შორის, კერძოდ, დაზარალებულს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურება (კრედიტორი) და ზიანის მიმყენებელს შორის, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი (მოვალე). სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე, ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლოს განმარტებით, მოცემული მუხლით პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მისი ბიუჯეტი იყო შეზღუდული და მხოლოდ გარკვეული მიზნებისათვის ხდებოდა თანხების გამოყოფა. სასამართლოს მიერ გამოტანილი საბოლოო განაჩენით დადგენილი იყო, რომ მიუხედავად არამიზნობრივად გახარჯული თანხებისა, სამუშაოები შესრულებული იყო. აღნიშნული ადასტურებდა, რომ მოპასუხეს არ ესაჭიროებოდა აღნიშნული სესხად აღებული თანხა სრულად და ზედმეტად აიღო სესხი. აღნიშნული ზედმეტობის (არამიზნობრივად გამოყენებული თანხის) სხვა მიმართულებით მიქცევა შეეძლო მოსარჩელეს, რის გამოც მას მიაჩნია, რომ მიადგა ზიანი.
სასამართლომ განმარტა, რომ ზიანი უნდა იყოს კონკრეტული, დათვლადი და მისი განსაზღვრა ობიექტური საზომებით უნდა იყოს შესაძლებელი. ზიანი უნდა იყოს გამოხატული მოსარჩელის მატერიალურ დანაკლისში, მისი შემოსავლის შემცირებაში ან უნდა არსებობდეს მოსარჩელის ქონების მიმართ შემცირების ტენდენცია, რაც გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის ქმედებით. მოსარჩელე კი მიუთითებდა ისეთ გარემოებებზე, რომლის ობიექტურად გაზომვა იყო შეუძლებელი. მოსარჩელეს არ ჰქონდა კონკრეტულად განსაზღვრული რა ოდენობის ზიანი მიადგა მას, როგორ გამოიყენებდა იგი ზედმეტად გაცემულ თანხას, რა სარგებელს მიიღებდა ამით, იქნებოდა თუ არა მის მიერ გაცემული თანხა უფრო მეტ პროცენტად გასესხებული, ვიდრე წინამდებარე შემთხვევაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა აღნიშნული გარემოებების დამტკიცება. მან ვერ შეძლო დაედასტურებია სასამართლოსათვის, რომ ზიანი არსებობდა. ზიანის არსებობის გარეშე კი მის ანაზღაურებაზე მოთხოვნა იყო უსაფუძვლო.
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი იყო ზიანის სრულად ანაზღაურება. ეს ნიშნავდა, რომ დაზარალებულს უნდა ანაზღაურებოდა ყველა ქონებრივი დანაკარგი, როგორც რეალური, ასევე გაშვებული მოგება. მიყენებული ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთი აწვა დაზარალებულს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი. საქმეში არ იკვეთებოდა მართსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობა. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის მიერ მოხდა თანხის არამიზნობრივად გამოყენება, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნები მაინც იყო განხორციელებული. ე.ი შედეგი, მიზანი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული - იყო მიღწეული. მიუხედავად იმისა, რომ გამოყოფილი თანხა სრულად არ იყო გამოყენებული. ასევე მოპასუხის მხრიდან ხდებოდა გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდა; მოპასუხე აგრძელებდა სესხის გადახდას, რაც ითვალისწინებდა როგორც ძირითადი თანხის, ასევე პროცენტის გადახდას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას ვერ მოახერხებდა, მოსარჩელეს ექნებოდა საფუძველი მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება არსებული ხელშეკრულების ფარგლებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა ს-------------ომ“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სესხი მიზნობრივი იყო და ეს გარემოება სესხის გაცემის არსებით პირობას წარმოადგენდა (სსკ-ის 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სესხის არამიზნობრივად დახარჯვის მომენტიდან კრედიტორი აღარაა ვალდებული, არამიზნობრივად დახარჯული სესხით სარგებლობის უფლება მისცეს მოვალეს ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე. შესაბამისად, ამ საფუძვლით, კრედიტორის ვალდებულება წყდება (სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავო თანხის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა და, შესაბამისად, შეძენილი უკან უნდა დაებრუნებინა (სსკ-ის 979.1 მუხლი). განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ ითქვა, მოპასუხემ დაუბრუნა მოსარჩელეს არამიზნობრივად დახარჯული სესხი, შესაბამისად, ამ თანხის განმეორებით მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს აღარა აქვს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი), თუმცა მას შეუძლია, მოითხოვოს ფულად ვალზე პროცენტის გადახდა, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 981.2 მუხლით. ამასთან, მართალია, მოპასუხემ სადავო თანხასთან ერთად მოსარჩელეს პროცენტიც (წლიური 7%) გადაუხადა, მაგრამ ასეთი შეღავათიანი პროცენტით მოპასუხეს მხოლოდ მაშინ შეეძლო ესარგებლა, თუ სესხს მიზნობრივად დახარჯავდა. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სესხი არამიზნობრივად დახარჯა, ამიტომ ამ მომენტიდან, უსაფუძვლოდ ფლობდა რა მოსარჩელის კუთვნილ ფულს, მოპასუხე, მოსარჩელის ხარჯზე, ზოგავდა თავის ქონებას იმით, რომ არ იხდიდა საპროცენტო სარგებელს, სულ ცოტა, საბანკო კრედიტისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასის მიხედვით. აქედან გამომდინარე, გამდიდრების ოდენობა, განსახილველ შემთხვევაში, საბანკო კრედიტისათვის სადავო პერიოდში დადგენილი საშუალო საბაზრო ფასისა და მოპასუხის მიერ გადახდილი წლიური საპროცენტო სარგებლის სხვაობის ტოლი იქნება. ამასთან, გამდიდრების საბოლოო მოცულობა იმაზეც იქნება დამოკიდებული, იცოდა თუ არა მოპასუხემ ან, უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მისთვის უცნობი იყო თუ არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის განსახორციელებლად სადავო თანხა საჭირო რომ აღარ იყო. იმ შემთხვევაში, თუ ზემოხსენებული ხარვეზის თაობაზე მოპასუხემ იცოდა, მაშინ, იგი პასუხს აგებს სწორედ ამ ცნობის მიღების მომენტიდან, ხოლო, თუ არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა - მაშინ პასუხისმგებლობა დაეკისრება მოთხოვნის თაობაზე სასამართლოში სარჩელის შეტანის მომენტიდან. ამდენად, გამდიდრების ოდენობის გამოსარკვევად, სასამართლომ უნდა დაადგინოს: საბანკო კრედიტისათვის სადავო პერიოდში დადგენილ საშუალო საბაზრო ფასსა და მოპასუხის მიერ გადახდილ წლიურ საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობა; ფაქტი იმის შესახებ, თუ როდის შეიტყო მოპასუხემ, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად სადავო თანხა საჭირო აღარ იყო. ამ გარემოებათა დადგენის გარეშე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი.
აპელანტის განმარტებით, აღნიშნულ საქმეზე არსებობს როგორც სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენი, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს გამომძიებლის დადგენილება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაზარალებულად ცნობის შესახებ, საიდანაც დასტურდება ის გარემოება, რომ სს „ს-------------ოს“ ხელმძღვანელების მართლსაწინააღმდეგო ქმედებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიადგა 2 138 000.00 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, სახეზეა პირის მიერ მიყენებული ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის.
3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 6.3. პუნქტში მიუთითა, რომ ზიანი უნდა იყოს კონკრეტული, დათვლადი და მისი განსაზღვრა ობიექტური საზომებით უნდა იყოს შესაძლებელი.
აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ზიანი არის სწორედ ბიუჯეტიდან ზედმეტად ათვისებული და გახარჯული თანხის ტოლფასი, რომელიც სს „გეს ს-------------ოს“ მიერ დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიმართული იქნებოდა სხვა მსგავსი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.
აპელანტმა ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ იყო მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და მისი მიზანი სესხის გაცემისას არ ყოფილა საპროცენტო სარგებლის მიღება. ხელშეკრულების მიზანი (რომელიც დარღვეულ იქნა სს „გეს ს-------------ოს“ მიერ) იყო ელექტროგადამცემი ხაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და თანხაც შესაბამისად გამოყოფილი იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს „მაღალი და დაბალი ელექტროგამომცემი ხაზების მშენებლობისა და მათი იმედიანობის გაზრდის მიზნით სარეაბილიტაციო ღონისძიებების“ დასაფინანსებელი ღონისძიებებიდან. სწორედ სს „გეს ს-------------ოს“ ხელმძღვანელების გამო სახელმწიფომ, კერძოდ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ვერ მოახერხა 2 138 000 ლარის ზემოაღნიშნული მიზნებისათვის მიმართვა და აღნიშნული თანხის ფარგლებში ვერ განახორციელდა ბიუჯეტის შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. უზენაესი სასამართლოს განჩინებაში, რომლითაც საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ასახული მითითებები არ იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნეს ფაქტობრივი გარემოებები შემოთავაზებული სამართლებრივი ნორმის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის არგუმენტები მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ჭრილში, შემდეგნაირად გამოიყურება: 1. 2010 წლის 31 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სს „ს-------------ოს“ ყოფილმა ხელმძღვანელებმა მოახდინეს სს „ს-------------ოსათვის“ სესხის სახით გამოყოფილი 8 000 000 ლარიდან 2 138 300 ლარის არამიზნობრივი ხარჯვა. აღნიშნულით მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტი და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიაყენა ზიანი. 2. „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისათვის, შესაბამისად, ეს თანხა მაშინვე რომ დაბრუნებულიყო ან შემდეგ პერიოდში, გამოიყენებოდა სხვა შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად... ზიანია ის 2 138 300 ლარის სამუშაოები, რომლის ჩატარებაც ჩვენ ვერ შევძელით იმიტომ რომ თანხა არ გვქონდა (იხ. ტ.1, 2013 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 13:36:10-13:37:30 სთ) ... ჩვენ იმ წელს 2 138 300 ლარი რომ არ მიგვეცა, შევძლებდით სხვა ღონისძიებების დაფინანსებას (იხ. ტ.1, 2013 წლის 18 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 13:37:30-13:37:55 სთ)...“
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს შემდეგს: მოსარჩელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არსებული მოთხოვნის ფარგლებში, არ არის წარმოდგენილი სათანადო ფორმით, რომ განისაზღვროს მისი სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მსგავსი შინაარსით უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი. მოთხოვნის აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლებისადმი შესაბამისობას განსაზღვრას სარჩელის ფაქტობრივი ნაწილი. მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომელიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას, რადგან მოთხოვნა არსებობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მოცემულია კანონით გათვალისწინებული წინაპირობები. სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას სავალდებულო წინაპირობების სახით, რაც შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს შეაფასოს მოთხოვნა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელიც მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლებას აწესრიგებს, განსაზღვრავს რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრვი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალისწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ცდილობს უფლების დაცვას სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შინაარსით, მას სავალდებულო წესით უნდა მიეთითებინა ის აუცილებელი წინაპირობები რომლებიც ქმნიან აღნიშნული მუხლის ნორმატიულ შინაარს, სახელდობრ, ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სარჩელი ამ ნაწილში, მხოლოდ მშრალი მოთხოვნის სახით არის დეკლარირებული. დასახელებული წინაპირობებიდან ერთ-ერთის არარსებობა კი, გამორიცხავს დასახელებული ნორმის ჭრილში სასარჩელო მოთხოვნის წარმატების პერსპექტივას.
მოსარჩელის ახსნა-განმარტებები მაშინ არის გამართული (დასაბუთებული), თუ მასში დასახელებული ფაქტები და გარემოებები შესაბამის სამართლებრივ (სამოქალაქო კოდექსის) ნორმასთან ერთად ქმნის იმის საფუძველს, რომ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება წარმოეშვას მოსარჩელე პირს, ანუ დაფუძნდეს იგი მის პიროვნებასთან და მის კონკრეტულ საქმესთან მიმართებით. საუბარია, როდესაც მითითებული ფაქტები შეიცავს მოთხოვნის წარმოშობისათვის ნორმით გათვალისწინებულ ყველა წინაპირობას (იხ. შტეფან შმიტი, ჰარალდ რიჰტერი - „მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში“ გვ. 8-9).
ამასთან, მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ მოსარჩელემ არამხოლოდ ზიანის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, არამედ მან სრულყოფილად ვერ განახორციელა მოსარჩელის სტადია, კერძოდ, ცალსახად ვერ მიუთითა სად უნდა მიმართულიყო ის თანხა, რომელიც არამიზნობრივად იქნა გამოყენებული (მით უფრო, მაშინ როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი უფლება-მოვალეობების შესრულება რეალურად არ უკავშირდებოდა თანხის მიზნობრივად გამოყენებას, უკეთუ, ხელშეკრულების შინაარსის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ფულადი ვალდებულების შეთანხმებული პირობებით შესრულება), რა ოდენობით მატერიალური სარგებელი იქნებოდა მიღებული. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. საყურადღებოა და აღნიშნულს არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ მოსარჩელეს 2 138 300 ლარი მიღებული აქვს, კერძოდ, საწარმომ სესხი, სარგებელთან ერთად, მოსარჩელეს სრულად დაუბრუნა ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გაკეთებული მითითება, კერძოდ, „ჩვენ იმ წელს 2 138 300 ლარი რომ არ მიგვეცა, შევძლებდით სხვა ღონისძიებების დაფინანსებას“ წარმოადგენს აბსტრაქტულ, დაუსაბუთებელ პოზიციას რაც ზიანის არსებობასთან დაკავშირებით, არ იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ გავიზიარებთ უზენაესი სასამართლოს მითითებებს, რომლის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობაც არ გააჩნია სააპელაციო სასამართლოს (ვრცლად, იხ.ქვემოთ), მოსარჩელეს არც სსკ-ის 981-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი მართლწესრიგის პირობებში აქვს წარმატების პერსპექტივა, რადგან, მის მიერ საქმის წარმოების სათანადო ეტაპზე არ მომხდარა მითითება დასახელებული ნორმით დადგენილ წინაპირობებზე. აპელანტი, ზიანის არსებობას უკავშირებდა არა სადავო თანხაზე მისაღებ პროცენტს, არამედ „სხვა ღონისძიების“ დაფინანსებას და აქედან გამომდინარე შემოსავლის მიღებას. ასევე, არ ირკვევა მისაღები სარგებლის ოდენობად 2 138 300 ლარი რაზე დაყრდნობით შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ასახულ შემდეგ მოსაზრებაზე - „სესხის არამიზნობრივად დახარჯვის მომენტიდან კრედიტორი აღარაა ვალდებული, არამიზნობრივად დახარჯული სესხით სარგებლობის უფლება მისცეს მოვალეს ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე. შესაბამისად, ამ საფუძვლით, კრედიტორის ვალდებულება წყდება (სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამდენად, ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სადავო თანხის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნდა და, შესაბამისად, შეძენილი უკან უნდა დაებრუნებინა (სსკ-ის 979.1 მუხლი)“. პალატა მიუთითებს, რომ არამიზნობრივად დახარჯული თანხის გამო, განსაზღვრული ვადის გასვლამდე ხელშეკრულების დასრულება აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილ პირს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეს დასახელებული უფლებით არ უსარგებლია და ამჟამად, მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულებულია, ვალდებულება შეწყვეტილია მოვალის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულების გზით (იხ. სკ-ის 427-ე მუხლი).
ამასთან, განსახილველი დავის სპეციფიკიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია განიმარტოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ის პრინციპები რაზე დაყრდნობითაც ხორციელდება სამოქალაქოსამართლებრივი წარმოება, კერძოდ: დემოკრატიული წესწყობილების უმთავრეს ამოცანას მართლმსაჯულების მხარეთა თანასწორობის საწყისზე განხორციელება წარმოადგენს, რაც სამართალში სამართლიანი სასამართლოს კონცეფციითაა დამკვიდრებული და იგი გარანტირებულია არაერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4(1) მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. სამოქალაქო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს სახელმწიფოს მონაწილეობას კერძო-სამართლებრივ სფეროში და მისი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი უფლებაუნარიანობით და ქმედუნარიანობით. ამგვარი საკანონმდებლო კონსტრუქცია განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სახელმწიფოს ყველა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება კერძოსამართლებრივ სივრცეში დაექვემდებაროს ერთიან მართლწესრიგს. შესაბამისად, დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, მისთვის, როგორც სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტისათვის, კანონით გარანტირებულია ყველა იმ სამოქალაქო უფლებით სარგებლობა, რაც დასაშვებია კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის სხვა მონაწილისათვის.
შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არაერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ემუხლის პირველი ნაწილით აღიარებულია რა ფაქტზე მიმთითებული მხარის ვალდებულება, წარადგინოს ამ ფაქტის დამადასტურებელი განკუთვნადი მტკიცებულებები, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერთოს ამ პროცესში, რამეთუ აქსიომატურია, რომ მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები (იხ. სსსკ-ის 83-ე, ასევე, 103-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი, ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული ხსენებული მიდგომა (პრაქტიკის თვალსაზრისით მრავალთა შორის იხ. სუსგ-ეგები: №ას-1170-1125-2016, 13 ივნისი, 2017 წელი; Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი, ასევე, სუს დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი). შეჯიბრებითობის,ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებული პირთა თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე, მხარეები უნდა იყვნენ ინფომირებული სასამართლოს მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის თაობაზე და მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პოზიცია. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, რაც გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებების თავად განსაზღვრას.
ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩავთვლით, რომ მოთხოვნილი 2 138 300 ლარი წარმოადგენს სკ-ის 981-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულ სარგებელს, წარმოდგენილი სარჩელის გათვალისწინებით, შეუძლებელი ხდება მიუღებელი სარგებლის ოდენობად მოთხოვნილი თანხის მიჩნევა. არც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ ირკვევა თუ სად განათავსებდა სადავო თანხას კრედიტორი (მაგალითად, რომელიმე საბანკო დაწესებულების ანგარიშზე, დეპოზიტზე და ა.შ), რა პერიოდითა და საპროცენტო განაკვეთით, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით მომხდარიყო მიუღებელი სარგებლის დათვლა. ამასთან, მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელსაც კანონმდებლობით მკაცრად აქვს განსაზღვრული საქმიანობა და ბიუჯეტით გათვალისწინებული ფულადი სახსრების ხარჯვა. შესაბამისად, რამდენად გააჩნია მას საბიუჯეტო თანხების საბანკო ანგარიშებზე სარგებლის მიღების მიზნით განთავსების საშუალება უნდა შეფასდეს დასაბუთებული ფაქტობრივი მოცემულობისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების პირობებში, რაც განსახილველ შემთხვევაში მას პირველი ინსტანციის სასამართლოში არ განუხორციელებია.
პალატა მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მითითების გათვალისწინება გამოიწვევს სარჩელის ფაქტობრივი ნაწილის შეცვლას და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენის საჭიროებას, რომლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქმის ხელახალი დაბრუნების საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საქმის მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იყო, აღნიშნული შესაძლებლობა გააჩნდა ამავე საქმის განმხილველ საკასაციო სასამართლოსაც.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი წარმოადგენს ე.წ „შეზღუდული აპელაციის“ პრინციპის განმსაზღვრელ ნორმას და მხოლოდ საგამონაკლისო წესით მიიჩნევს დასაშვებად მტკიცებულებათა ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებას, თავის მხრივ, მტკიცებულების წარდგენის საპატიოობაც სრულად უნდა შეესაბამებოდეს ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი), რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს პროცესის ფუნდამენტური პრინციპები. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-5 ნაწილისა (მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა) და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული) დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელი დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რომ მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობა მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზითაა განპირობებული. ამის ნათელი მაგალითია ზემოხსენებული 380-ე მუხლი, რომლის მოქმედებაც მხოლოდ სააპელაციო სამართალწარმოებაზე ვრცელდება, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით), სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს რა ფაქტების დამდგენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მას სრული საპროცესო შესაძლებლობა გააჩნია, შედავების ფარგლებში გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულებები (იხ. სუსგ საქმე №ას-123-123-2018, 9.11.2018წ.).
ზემოდასახელებული მსჯელობის გათვალისწინებით, ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლო მოკლებულია საპროცესო-სამართლებრივ შესაძლებლობას მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დავა განიხილოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლით დადგენილი ნორმატიული წინაპირობების შესაბამისად. უკვე არსებული შედავების, რაც ასახულია, როგორც სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში, ასევე სასამართლოს სხდომებზე მიცემული ახსნა-განმარტებებით. აღნიშნულის შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, კი, არ არსებობს როგორც სარჩელის, ასევე სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარი უნდა ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დასახელებული კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, ხოლო აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ანა გოგიშვილი
მოსამართლეები: ხათუნა არევაძე
ეკატერინე ცისკარიძე