განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002211152
საქმე №1ბ/1206-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- მ---------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა-–---------- ს-------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი № 0----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და მცხოვრები ქ.თ---–--–---------------–-------------ში;
ადვოკატი - ა-------- ჭ--–---–ი;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის;
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ა-–---------- ს-------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი ჩაეთვალა პირობითად 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის №1------- განკარგულების საფუძველზე ა-–---------- ს-------–--- გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ა-–---------- ს-------–---მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 0,095 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელიც მოათავსა პოლიეთილენის პარკის წონაკებში და გადაყლაპა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 2 ნოემბერს ქ.თ---–--–------–-----------------ში მდებარე ,,ნ--------------–ში“ მისი სხეულიდან გამოძევებული იქნა სამედიცინო ჩარევის შედეგად ექიმ ენდოსკოპისტ ზ---------------ის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელისგან ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით:
ა-–---------- ს-------–--- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ს-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
ა-–---------- ს-------–---ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის ადვოკატმა ა-------- ჭ--–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა-–---------- ს-------–---მ ნარკოტიკული საშუალება მოხმარების მიზნით გადაყლაპა მიუხედავად იმისა, რომ ა-–---------- ს-------–---მ დამაჯერებლად ახსნა, თუ რატომ მიიღო ნარკოტიკული საშუალება შეფუთულ მდგომარეობაში - ასეთი მეთოდით ნარკოტიკული საშუალების მიღება ახანგრძლივებს მისი მოქმედების დროს. რაც შეეხება პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალების არაერთ ფენად გადახვევას, ამას ის დანიშნულება აქვს, რომ ორგანიზმში ნარკოტიკული საშუალება ერთდროულად არ გაიხსნას, ვინაიდან მისი ერთდროულად გახსნა სახიფათოა პირის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. შესაბამისად, დაცვის მხარის მტკიცებით, სახეზეა ა-–---------- ს-------–--ის მიერ არა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, არამედ - მოხმარება.
ბ) დაცვის მხარის მტკიცებით, ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება მოხდა უკანონოდ. 2017 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა ა-–---------- ს-------–--ის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება აღმოჩენილი და ამოღებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, იმავე დღეს ა-–---------- ს-------–---მ თანხმობა განაცხადა მუცლის ღრუს ტომოგრაფიულ გამოკვლევაზე მის სხეულში უცხო სხეულის აღმოჩენის მიზნით. აშკარაა, რომ პოლიციელების მხრიდან ა-–---------- ს-------–---ზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზემოქმედება. 2017 წლის 2 ნოემბერს, 15:46 საათზე ა-–---------- ს-------–---ს ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, თუმცა რაიმე სახის უცხო სხეულის არსებობა დადგენილი ვერ იქნა. ამის შემდეგ კი ენდოსკოპიური მეთოდით ა-–---------- ს-------–--ის კუჭის შუა მესამედიდან სპეციალური კალათის მეშვეობით ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკში გახვეული უცხო სხეული. ენდოსკოპიური მეთოდის ჩატარებისას ა-–---------- ს-------–---მ განიცადა შიში და დაითრგუნა - მხოლოდ მეოთხე ცდაზე შეძლო ექიმმა, ე.წ. „ზონდი“ გადაეყლაპებინა მისთვის. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ა-–---------- ს-------–--ის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას - უცხო სხეულის ამოღება მოხდა ზეწოლის შედეგად, უკანონოდ, რის გამოც ამოღებული ნარკოტიკული საშუალება დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას ცნობილი.
ბრალდების მხარის - პროკურორ დ----- მ---------–---–ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–---------- ს-------–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან იგი არის კანონიერი და დასაბუთებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე და იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ვ--–--------------–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ა-–---------- ს-------–---ს პირადად (სხეულში) და ავტომანქანაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. იგი პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად მივიდა ქ.თ---–--–------------–ის გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,მ--------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წარუდგნენ ა-–---------- ს-------–---ს და განუცხადეს, თუ რა ინფორმაციის თაობაზე იქნა იგი შეჩერებული, განუმარტეს პირადი ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობა. ა-–---------- ს-------–---მ განაცხადა თანხმობა პირადი ჩხრეკის ჩატარებაზე და განმარტა, რომ სხეულში ჰქონდა ორი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გადაყლაპა. ა-–---------- ს-------–--- გადაიყვანეს სამედიცინო ცენტრ ,,ნ--------------–ში“, სადაც ექიმმა მუცლის ღრუდან ამოუღო პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალ-ცალკე შეფუთული ნივთიერება.
ა-–---------- ს-------–--ის პირადი ჩხრეკის სისწორე დაადასტურა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ-------------–-–---–მა (გამომძიებელი).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე-–-------–---–---ემ განმარტა, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად ა-–---------- ს-------–--- უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას. იგი ავტომანქანით უნდა ყოფილიყო ქ.თ---–--–------------–ის გზატკეცილზე მდებარე რესტორან ,,მ--------ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე და ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა თან (სხეულში) ან ავტომანქანაში. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესახებ პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა სხვა მოწმეებმა: ა-–---------------მ (გამომძიებელი), ჯ-------------მ (გამომძიებელი), ო-–------------–---მ (გამომძიებელი) დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჩვენებები ა-–---------- ს-------–--ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები (გარდა მოწმეების ვ--–--------------–---–ის, ე-–-------–---–---ის, ზ-------------–-–---–ის, ა-–--------------ის, ჯ------------ის და ო-–------------–--ის ჩვენებებისა) მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - მოწმეების: ზ---------------ის, ლ-----------–---–ის, მ-----–-----------–--ის, მ-----–------–---–ის გამოკითხვის ოქმები; ა-–---------- ს-------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი (02.11.2017); ა-–---------- ს-------–--ის ხელწერილი (02.11.2017); კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგები (02.11.2017); სამედიცინო ჩარევის ოქმი №1--- (02.11.2017); ექიმ ზ---------------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმი (02.11.2017); მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნა (02.11.2017); საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების №7------ დასკვნა (02.11.2017); საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტის №1--------------- დასკვნა (03.11.2017); თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენი; საქართველოს პრეზიდენტის №1------- განკარგულება სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ (12.06.2015) .
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავიანთი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
ა) სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სდავოდ არ გაუხდიათ და მოწმეების ვ--–--------------–---–ის ჩვენებით, ზ---------------ის, ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ა-–---------- ს-------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით (02.11.2017), ა-–---------- ს-------–--ის ხელწერილით (02.11.2017), კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგებით (02.11.2017), სამედიცინო ჩარევის ოქმით №1--- (02.11.2017), ექიმ ზ---------------ისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღების ოქმით (02.11.2017), მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის დასკვნით (02.11.2017), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტის №1--------------- დასკვნით (03.11.2017) სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 2 ნოემბერს სწორედ ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან იქნა ამოღებული ორ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“. აღნიშნულს სადავოდ არ ხდის დაცვის მხარეც. როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის, თუ რა მიზნით გადაყლაპა ა-–---------- ს-------–---მ მისი სხეულიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება და მსჯავრდებულის სხეულიდან ნივთმტკიცების ამოღების დროს ადგილი ჰქონდა თუ არა მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობას.
სააპელაციო პალატა მტკიცებულებათა გონივრული ანალიზის საფუძველზე აფასებს, სახეზე გვაქვს ა-–---------- ს-------–--ის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თუ სხეულში მისი შენახვის ფაქტი.
სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ა-–---------- ს-------–--- არის ნარკოტიკების სისტემატიური მომხმარებელი, ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის და არის მეთადონის პროგრამის მონაწილე, რისი გათვალისწინებითაც არადამაჯერებელია დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მისთვის კარგად არ იყო ცნობილი, თუ როგორ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებას. საყურადღებოა, რომ ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეფუთული იყო ორმაგ პოლიეთილენის პარკში, რაც მიუთითებს მის საგულდაგულოდ შენახვაზე და არა აქამდე უცნობი ხერხით მის მოხმარებაზე. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის უსაფუძვლო მტკიცებას იმის შესახებ, რომ პოლიეთილენის პარკში შეფუთული ნარკოტიკული საშუალების გადაყლაპვა მისი მოხმარების ერთერთი ხერხია და ამგვარი გზით მისი მიღება ახანგრძლივებს ნარკოტიკის მოქმედების დროს, ხოლო ნარკოტიკული საშუალების რამდენიმე ფენად გადახვევა კი უზრუნველყოფს სისხლში მისი ერთდროულად შეწოვის თავიდან აცილებას, რადგან ამას შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყვეს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ხდება ადამიანის ორგანიზმზე მისი ზემოქმედების მიზნით ნარკოტიკული თრობის გამოსაწვევად, თუმცა ამგვარი ზემოქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუკი გადაყლაპული ნარკოტიკი ცელოფნის პაკეტში იქნება შეფუთული, ადამიანის ორგანიზმთან პირდაპირი შემხებლობა არ ექნება, ანუ ორგანიზმს გაივლის მასზე ზემოქმედების გარეშე. დაცვამ ვერ ახსნა, ნარკოტიკული საშუალების ამგვარად მიღების შემთხვევაში რა უზრუნველყოფს ნარკოტიკის თანდათანობით შეწოვას სისხლში - შეფუთვის მექანიკურად ნელნელა გახსნა თუ შესაფუთ მასალაზე (ცელოფნის პაკეტზე) საჭმლის მომნელებელი წვენის ზემოქმედება, როგორ ხდება სიზუსტის დაცვა, რომ არც საჭიროზე მეტი ნარკოტიკი გაიხსნას ერთდროულად (რაც სიციცხლისათვის სახიფათოა) და არც მისი სხეულიდან გამოდევნა მოხდეს სრული შეწოვის (მაქსიმალური ეფექტის მიღების) გარეშე. ამ ლოგიკის თანახმად ასევე აუხსნელი რჩება, მოცემულ შემთხვევაში რამ განაპირობა ერთდროულად ორი შეკვრის მიღების საჭიროება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ სამართლებრივი კუთხით, მსჯავრდებული ნარკოტიკულ საშუალებას შარვლის ჯიბეში მოათავსებდა, ავტომობილში თუ სხეულში, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ს-------–--- სხეულში უკანონოდ ინახავდა მის მიერ ასევე უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას.
ბ) რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას ნარკოტიკული საშუალების ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან ამოღების დროს მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის ამ მინიმალური ზღვრის შეფასება ფარდობითია. იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა, მაგალითად, მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი ზემოქმედება და რიგ შემთხვევებში დაზარალებულის სქესი, ასაკი თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. inter alia, Price v. the United Kingdom, საქმე № 33394/96, პუნქტი 24, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო /ECHR/ 2001-VII; Mouisel v. France, საქმე № 67263/01, პუნქტი 37, ECHR 2002-IX; და Naumenko v. Ukraine, საქმე N 42023/98, პუნქტი 108, 2004 წლის 10 თებერვალი). ბრალდებები არასათანადო მოპყრობაზე უნდა მყარდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. mutatis mutandis, Klaas v. Germany, 1993 წლის 22 სექტემბერი, პუნქტი 30, სერია A, საქმე N 269). ამ მტკიცებულების შესაფასებლად, სასამართლო იღებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტს. თუმცა, დასძენს, რომ ამგვარი მტკიცებულება უნდა გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, აშკარა და ერთსულოვანი დასკვნების თანაარსებობიდან ან ამგვარი არაწინააღმდეგობრივი ფაქტების პრეზუმციიდან (იხ. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, პუნქტი 161 ბოლო, სერია A, საქმე № 25, და Labita v. Italy [დიდი პალატა], საქმე № 26772/95, პუნქტი 121, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-IV). სასამართლომ მოპყრობა მიიჩნია ,,არაადამიანურად”, რადგან inter alia იგი იყო წინასწარ განზრახული, გაგრძელდა საათების მანძილზე და გამოიწვია როგორც სხეულის დაზიანება, ასევე ღრმა ფიზიკური და სულიერი ტკივილი (იხ. ზემოხსენებული ლაბიტას საქმე Labita, პუნქტი 120). მოპყრობა ითვლება ,,ღირსების შემლახველად”, როდესაც იგი თავისი შინაარსით დაზარალებულებში იწვევს შიშის, წვალებისა და დამცირებულობის გრძნობებს, რასაც შეუძლია მათი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, ისევე როგორც ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის გრძნობის გატეხვა (იხ. Hurtado v. Switzerland, 1994 წლის 28 იანვარი, კომისიის გადაწყვეტილება, პუნქტი 67, სერია A, საქმე № 280). ან როდესაც ის იყო იმგვარი, რომ უბიძგა დაზარალებულს, ემოქმედა საკუთარი ნებისა და სინდისის საწინააღმდეგოდ (მაგალითისთვის იხ. Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v. Greece (ე.წ. ,,ბერძნული საქმე” “Greek case”) №№: 3321/67, 3322/67, 3323/67 და 3344/67, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, მე-12 წელიწდეული, გვ. 186, და Keenan v. the United Kingdom საქმე N 27229/95, პუნქტი 110, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-III). ასევე, განსჯისას - არის, თუ არა მოპყრობა ,,ღირსების შემლახველი” მე-3 მუხლის ფარგლებში, ერთ-ერთი ფაქტორთაგანი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს, არის ის, იყო თუ არა მისი საგანი შესაბამისი პირის დამცირება და მისი ღირსების შელახვა, თუმცა ამგვარი მიზეზის არარსებობას არ შეუძლია საბოლოო ჯამში გამორიცხოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა (იხ. Raninen v. Finland, 1997 წლის 16 დეკემბერი, პუნქტი 55, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII; Peers v. Greece, საქმე № 28524/95, პუნქტები 68 და 74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-III; და ზემოთ მოყვანილი პრაისის საქმე Peers, პუნქტი 24). იმისთვის, რომ დასჯა ან მასთან დაკავშირებული მოპყრობა ჩაითვალოს ,,არაადამიანურად” ან ,,ღირსების შემლახველად”, მიყენებული ტანჯვა ან დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცილდებოდეს ტანჯვისა და დამცირების იმ უცილობელ შემადგენელ ელემენტს, რაც უკავშირდება მოპყრობისა თუ დასჯის მოცემულ კანონიერ ფორმას (იხ. Labita, ციტირებულია ზემოთ, პუნქტი 120). დაპატიმრებული პირის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სამედიცინო ჩარევის გამოყენებისას კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, დაიცვას თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობა, რაც, მაგალითად, გამოიხატება სათანადო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფაში. მიუხედავად ამისა, ეს პირები რჩებიან მე-3 მუხლის დაცვის ქვეშ, რომლის მოთხოვნებიც არ უშვებს გადახვევას (Mouisel, ციტირებულია ზემოთ, პუნქტი 40, და Naumenko, პუნქტი 112). ზომა, რომელიც სამედიცინო პრაქტიკის პრინციპებიდან გამომდინარე გამოწვეულია მკურნალობის აუცილებლობით, არსებითად, ვერ ჩაითვლება არაადამიანურად და ღირსების შემლახველად (კერძოდ, იხ. Herczegfalvy v. Austria, 1992 წლის 24 სექტემბერი, პუნქტი 82, სერია A, საქმე “ 244, და ზემოხსენებული Naumenko, პუნქტი 112). იქაც, სადაც ეს არ არის განპირობებული სამედიცინო აუცილებლობით, კონვენციის მე-3 და მე-8 მუხლები, როგორც ასეთი, არ კრძალავენ სამედიცინო პროცედურის ჩატარებას ეჭვმიტანილის წინააღმდეგობის მიუხედავად, რათა მისგან მიიღონ მტკიცებულება სისხლის სამართლის დანაშაულში მისი მონაწილეობის შესახებ. ამრიგად, კონვენციით შექმნილმა ორგანოებმა რიგ შემთხვევებში დაადგინეს, რომ დანაშაულის გამოძიების მიზნით, სისხლისა და ნერწყვის სინჯების აღებას ეჭვმიტანილის ნების საწინააღმდეგოდ, არ დაურღვევია ხსენებული მუხლები მათ მიერ განხილულ საქმეთა გარემოებებში (იხ. inter alia, X v. the Netherlands, საქმე N 8239/78, კომისიის 1978 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებები და მოხსენებები /Decisions and Reports (DR) 16/, გვ. 187-89, და Schmidt v. Germany (dec.), საქმე N 32352/02, 2006 წლის 5 იანვარი). მიუხედავად ამისა, იძულებითი სამედიცინო ჩარევა სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულების მოპოვების მიზნით უნდა იყოს დამარწმუნებლად დასაბუთებული, კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით. ეს განსაკუთრებით მართებულია, როდესაც ღონისძიება მიზნად ისახავს პირის ორგანიზმიდან საკუთრივ იმ დანაშაულის ნამდვილი ნივთმტკიცების ამოღებას, რომელშიც მას ედება ბრალი. ამგვარი ქმედების განსაკუთრებულად იძულებითი ბუნება მოითხოვს არსებულ გარემოებათა განსაკუთრებული ყურადღებით შესწავლას. ამ მიმართებით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ჩადენელი დანაშაულის სერიოზულობას. ხელისუფლების ორგანოებს ასევე მართებთ აჩვენონ, რომ მათ გაითვალისწინეს მტკიცებულების ამოღების ალტერნატიული მეთოდებიც. ამასთან, ღონისძიებას თან არ უნდა ახლდეს რაიმე საშიშროება, რამაც შეიძლება დააზიანოს ეჭვმიტანილის ჯანმრთელობა (იხ. მუტატის მუტანდის, mutatis mutandis, Nevmerzhitsky-ს საქმე, ციტირებულია ზემოთ, პუნქტები 94 და 97, და Schmidt). მეტიც, რაც შეეხება პირის მიმართ თერაპევტული მიზნებით განხორციელებულ ჩარევას, მისი ორგანიზმიდან მტკიცებულების ამოსაღებად იძულებითი სამედიცინო პროცედურა იმგვარად უნდა ჩატარდეს, რომ არ გასცდეს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც დადგენილია კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. სახელდობრ, გასათვალისწინებელია, განიცდის თუ არა პირი სერიოზულ ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას იძულებითი სამედიცინო ჩარევის შედეგად (იხ. Peters v. the Netherlands, საქმე № 21132/93, კომისიის 1994 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება, DR 77-B; Schmidt-ის საქმე, ციტირებულია ზემოთ; და Nevmerzhitsky, პუნქტები 94 და 97). კიდევ ერთი საკითხი, რაც განსახილველია მსგავს საქმეებში: ტარდება თუ არა იძულებითი სამედიცინო პროცედურა ექიმის ნებართვითა და ხელმძღვანელობით, ან იმყოფებოდა თუ არა პირი მუდმივი სამედიცინი მეთვალყურეობის ქვეშ? (მაგალითისთვის იხ. Ilijkov v. Bulgaria, საქმე № 33977/96, კომისიის 1997 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება, არასაანგარიშო). გარდა ამისა, რელევანტურია იმის გარკვევა, დასრულდა თუ არა იძულებითი სამედიცინო ჩარევა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ან განგრძობადი თანმდევი შედეგებით (იხ. Ilijkov-ის საქმე, ციტირებულია ზემოთ და mutatis mutandis Krastanov v. Bulgaria, საქმე № 50222/99, პუნქტი 53, 2004 წლის 30 სექტემბერი).
სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად არის დადასტურებული და არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღება მოხდა მისი გაცნობიერებული თანხმობით, რა დროსაც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. სისხლის სამართლის საქმის მასალებს ერთვის ა-–---------- ს-------–--ის ხელით შესრულებული ხელწერილი, სადაც იგი აცხადებს თანხმობას, ჩაუტარდეს მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ტომოგრაფიული გამოკვლევა მის სხეულში უცხო სხეულის აღმოჩენის და ამოღების მიზნით. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მართალია ე-–-------–---–---ის პატაკში (02.11.2017) მითითებული იყო, რომ ოპერატიული ინფორმაციით ა-–---------- ს-------–--- როგორც პირადად, ასევე ავტომანქანაში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა ა-–---------- ს-------–--ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ სწორედ მსჯავრდებულმა მიუთითა სამართალდამცავებს, რომ გადაყლაპული ჰქონდა და სხეულში ინახავდა ორ წონაკად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალებას. ა-–---------- ს-------–---მ ისე მოაწერა ხელი პირადი ჩხრეკის ოქმს, რომ პრეტენზია არ გამოუთქვამს, მეტიც, მისი შინაარსი სადავოდ არ გაუხდია არც საქმის არსებითად განხილვის დროს. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულების მოპოვების მიზნით მსჯავრდებულზე განხორციელებულ რაიმე სახის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაზე საუბარი ყოველგვარ გონივრულ საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება იმ საკითხს, ჩატარდა თუ არა სამედიცინო პროცედურა ექიმის ნებართვითა და ხელმძღვანელობით, ან იმყოფებოდა თუ არა მსჯავრდებული მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებით ა-–---------- ს-------–---ს 2017 წლის 2 ნოემბერს ქ.თ---–--–---------------------–----------ში მდებარე სამედიცინო კლინიკა ,,ნ--------------–სის“ რადიოლოგიურ განყოფილებაში ექიმ-რადიოლოგის ნ----------ს მიერ ჩაუტარდა მუცლის ღრუს ზედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია და ექიმ-ენდოსკოპისტის ზ----------ის მიერ ჩაუტარდა ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (უცხო სხეულის ამოღება ენდოსკოპიური მეთოდით), რა დროსაც კუჭის სხეულის შუა მესამედში აღინიშნა პოლიეთილენის პარკში გახვეული 1 უცხო სხეული ზომით: 0,8-1,0 სმ-მდე, რომელიც სპეციალური კალათის მეშვეობით იქნა ამოღებული. საყურადღებოა, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ექიმ-ენდოსკოპისტის ზ---------------ის გამოკითხვის ოქმი, რომელმაც დაადასტურა მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გასტროსკოპია, რა დროსაც დადგინდა კუჭში უცხო სხეულის არსებობა, რომელიც სპეციალური კალათის მეშვეობით იქნა ამოღებული. მოგვიანებით, მუცლის ღრუს ზედა და ქვედა ნაწილის განმეორებითი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შემდგომ ა-–---------- ს-------–--ის ორგანიზმში უცხო სხეულის არსებობა არ გამოვლენილა. ამდენად, სააპელაციო პალატასაც ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა-–---------- ს-------–--ისგან უცხო სხეულის ამოღება განხორციელდა სამედიცინო კლინიკაში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით.
იმის დადგენას, განიცადა თუ არა ა-–---------- ს-------–---მ სერიოზული ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა სამედიცინო ჩარევის შედეგად და დასრულდა თუ არა ეს ჩარევა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, ან განგრძობადი თანმდევი შედეგებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაცვის მხარის მითითება იმის თაობაზე, რომ ა-–---------- ს-------–--ისგან უცხო სხეულის ამოღება მოხერხდა ენდოსკოპიური მეთოდით მხოლოდ მეოთხე ცდაზე, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა შიში და დაითრგუნა. სამედიცინო ჩარევის ოქმის მიხედვით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან უცხო სხეულის ამოღება ენდოსკოპიური მეთოდით მიმდინარეობდა 17:00-17:20 საათებს შორის შუალედში. ამასთან, მსჯავრდებულს სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე, მით უფრო შესაძლო არასათანადო მოპყრობიდან მალევე, როდესაც ასეთი მოპყრობის კვალის აღმოჩენა გაცილებით მარტივია, არ განუცხადებია პრეტენზია მის მიმართ ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციის შედეგად განცდილ დისკომფორტზე. მეტიც, ასეთი სერიოზული პრეტენზიების ფონზე სააპელაციო პალატას გაუჩნდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მხარე წარმოადგენდა რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტაციას მის პრეტენზიებში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად (და ეს არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის მასზე გადაკისრება), თუმცა დაცვის მხარეს არანაირი დოკუმენტი ამ ვარაუდის გასამყარებლად არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მტკიცება ა-–---------- ს-------–--ის სხეულიდან ნარკოტიკული საშუალების ამოღებისას მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის თაობაზე გონივრულს ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მიერ წარმოდგენილი საკვანძო არგუმენტების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ გაჩენილა ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შესახებ ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ საფუძველს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაცხადებული პოზიციის საწინააღმდეგოდ.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა-–---------- ს-------–--ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებმა სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა. ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის (უდანაშაულობის) და მისი გამართლების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებაა ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში, სხეულში ან სხვაგვარად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არაერთგზის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ა-–---------- ს-------–---მ უკანონოდ შეიძინა 0,095 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“, რომელსაც 2017 წლის 2 ნოემბერს სხეულში ინახავდა.
ამასთან, ა-–---------- ს-------–--- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და დანაშაულის ჩადენის დროს (2017 წლის 2 ნოემბერს) მისი ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------- ს-------–--ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა-–---------- ს-------–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხავი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი, რითიც მსჯავრი დაედო ა-–---------- ს-------–---ს, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ა-–---------- ს-------–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას - დამნაშავის მყარ სურვილს, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ხარჯზეც კი ჩაიდინოს დანაშაული, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - დანაშაულის ძალზედ საშიშ, შენიღბული ფორმით ჩადენას და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ამოღებული ნარკოტიკის სახეობას, რომელიც შეტანილია სამოქალაქო ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნივთიერებათა სიაში, ასევე მსჯავრდებულის პიროვნებას - იგი არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, დაკავების შემდგომ ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა არაერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, მისი ჯანმრთელობის არასახარბიელო მდგომარეობას და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ა-–---------- ს-------–---ს სასჯელის სახით განესაზღვეროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ა-–---------- ს-------–---მ დანაშაული ჩაიდინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რისი გათვალისწინებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და ა-–---------- ს-------–---ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიბით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ა-–---------- ს-------–---ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობებს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის ინტერსების დაცველი ადვოკატის ა-------- ჭ--–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-–---------- ს-------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ა-–---------- ს-------–--- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------- ს-------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით;
ა-–---------- ს-------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან - 2019 წლის 11 ივნისიდან;
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2017 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 8 დეკემბრიდან 2017 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით;
ა-–---------- ს-------–---ს 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–---------- ს-------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ა-–---------- ს-------–--ის მიმართ გამოყენებული გირაოს თანხის სანაცვლოდ გ-------------–-–---–ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების ექვივალენტურ წილზე დადებული ყადაღა (მდებარე: ქ. თ---–-------------------–---------------------------------. საკადასტრო კოდი 0---------------) გაუქმებულია.
ნივთმტკიცება:
ნარკოტიკული საშუალება სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე