განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100118002456596
საქმე #1ბ/189-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–---–ის
ადვოკატის: ი-----------------ს
მსჯავრდებულის: ზ-----------------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ისა და მსჯავრდებულ ზ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ზ-----------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ------–-------------------------------------–----ის დ-----–---, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-----------------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი). მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აპრილის დასაწყისში, დღის დროს, თ------–-------------------------–-------ში, ფ----------------–---ში მდებარე ქ------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ-----------------ემ, ეჭვიანობის გამო, მარჯვენა ხელის თავის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - ნ---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------– და ნ---------------ეები.
2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-------------------------–-------ში, ფ----------------–---ში მდებარე ქ------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ-----------------ემ, ეჭვიანობის გამო, კედლებზე მიხეთქებისა და ხელის სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმის გზით, ფიზიკურად, ხოლო თანაცხოვრების ბოლო ორი წლის მანძილზე, სისტემატური გინებითა და შეურაცხყოფით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი მეუღლის - ნ---------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები - გ-------– და ნ---------------ეები.
2018 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 12:00 საათზე, თ------–-------------------------–-------ში, ფ----------------–---ში მდებარე ქ------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ზ-----------------ე, ეჭვიანობის გამო, დანის დემონსტრირებითა და სიტყვებით - „უნდა მოგკლა და შენს სისხლში დავიბანო ხელები“, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით ნ---------------ეს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
ზ-----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი).
ზ-----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ზ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადა და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 15 აპრილიდან.
ზ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა და მსჯავრდებულმა ზ-----------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა გ-------------–---–მა მოითხოვა ზ-----------------ის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ ზ-----------------ე დამნაშავედ იქნას ცნობილი ბრალდების კვალიფიკაციით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და განესაზღვროს შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი.
მსჯავრდებულ ზ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მის მიმართ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ზ-----------------ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს ბრალდების ამ ეპიზოდებში საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - ნ--------------ის, ხ------------------–---–ის, ნ---------–---–---–ის, კ-------------–---–ის ჩვენებებს, დაზარალებულის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ამოღებულ ნივთმტკიცებას (დანა), რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები) ზ-----------------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. ზ-----------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება. ასევე დაზარალებულმა - ნ---------------ემ და მოწმე ნ-----–---------------ემ სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ნ---------------ემ (ზ-----------------ის მეუღლე) და მოწმე ნ-----–---------------ემ (ზ-----------------ის შვილი) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ზ-----------------ის მეუღლემ და შვილმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული და მოწმე არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ზ-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები) დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ფიზიკური ძალადობის ეპიზოდთან მიმართებით, ბრალდების მხარის მიერ მხოლოდ ერთი მტკიცებულება - მოწმე ნ--------------ის (ზ-----------------ის რძალი) ჩვენებაა წარმოდგენილი, რომელმაც სასამართლოში აღნიშნა, რომ ორი კვირის წინ (რაც დროის თვალსაზრისით ემთხვევა 2018 წლის აპრილის დასაწყისს) ზ-----------------ემ ერთხელ დაარტყა ხელი ნ---------------ეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აქვე სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში ტკივილის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა სასამართლოში არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, შესაბამისად, არ გვაქვს დაზარალებულის შეფასება ტკივილის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში. იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას. ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდთან მიმართებაში სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილია მოწმეების - ნ--------------ისა და ხ------------------–---–ის (ნ--------------ის დედა) ჩვენებები, რომლებიც მიუთითებენ მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, თუმცა საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დაზარალებულმა მსჯავრდებულის მხრიდან ამგვარი მოპყრობის შედეგად განიცადა ტანჯვა, რომლის არსებობაც ფიზიკური ტკივილის მსგავსად, ასევე სავალდებულოა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის.
რაც შეეხება პროკურორის აპელირებას საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა დაზარალებულ ნ---------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ნ---------------ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს, მისი უფლებიდან გამომდინარე - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის (მოცემულ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა, ბრალდების მხარე მას ჩვენების ადგილზე შემოწმებას უწოდებს, თუ ვითარების აღდგენას, რაც იმ მნიშვნელობით, რასაც სასამართლო ეხება, იდენტურ მონაცემებს შეიცავს და ისედაც, საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-3 ნაწილიც ანალოგიურად არის ფორმულირებული) ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება - შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდთან მიმართებაში სააპელაციო პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ, მართალია, მოწმე ნ--------------ის ჩვენებით დასტურდება ზ-----------------ის მიერ დანის მოღერების ფაქტი, ასევე საქმეზე ამოღებულია დანაც, თუმცა მიწმე აღნიშნავს, რომ ზ-----------------ემ დანის მოღერების შემდეგ გზა გააგრძელა საძინებლისკენ და შეინახა დანა. ამგვარ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით, სააპელაციო პალატას, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, შეუძლებლად მიაჩნია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს, რომ დაზარალებულმა ნ---------------ემ დაინახა დანა, აღიქვა დანის მოღერებით გამოწვეული საფრთხე და გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების საფუძვლიანი შიში, რომლის განცდაც სავალდებულოა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის.
რაც შეეხება მოწმეების - ნ---------–---–---–ისა და კ-------------–---–ის (პოლიციის გამომძიებლები) ირიბ ჩვენებებს, რომლებიც ეფუძნება მოცემულ საქმეზე მათ მიერ გამოკითხული სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მითითებულ პირთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ზ-----------------ემ 2018 წლის აპრილის დასაწყისში ჩაიდინა მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, აგრეთვე, 2018 წლის წლის 15 აპრილს ჩაიდინა მეუღლის მიმართ მუქარა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდებში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ზ-----------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ზ-----------------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ზ-----------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი), იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე, ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ზ-----------------ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ-----------------ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზ-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახესა და ხერხზე, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებაზე, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომაზე, კერძოდ, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ზ-----------------ე არის ალკოჰოლური სასმელების სისტემატური მომხმარებელი და მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ლანძღავს და აგინებს ოჯახის წევრებს, მან უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო, ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვანი შვილიშვილების, თანდასწრებით იძალადა თავის მეუღლეზე, რა დროსაც დაზარალებული არა მარტო მიახეთქა კედელზე, არამედ გაუსწორდა ხელით სხეულის სხვადასხვა არეში მრავალჯერადი დარტყმით. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ძალადობის მსხვერპლნი ასევე არიან ბავშვები, როგორც მათზე ძალადობის უშუალო, პირდაპირი მოქმედებით, ასევე არაპირდაპირი - დედაზე, ან ოჯახის სხვა წევრზე განხორციელებული ძალადობის მოწმედ ყოფნით, რაც მათში იწვევს შიშს, წარმოშობს დაუცველობისა და უკონტროლობის შეგრძნებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძალადობის შემსწრე მცირეწლოვნებმა - გ-------– ქ---------ემ (6 წლის) და ნ---------------ემ (4 წლის) განსაკუთრებით განიცადეს პაპის მხრიდან ბებიაზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და იტირეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ-----------------ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. ზ-----------------ისთვის დანიშნული 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ ზ-----------------ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ-----------------ის მიმართ, როგორც გამამართლებელ, ისე გამამტყუნებელ ნაწილში, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ-----------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ზ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ზ-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ-----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის დასაწყისისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი);
ზ-----------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ-----------------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 15 აპრილის ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
ზ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 15 აპრილიდან;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ზ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
დანა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ. №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე