განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002988201 საქმე №1ბ/1452-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული - ლ-------------, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).
სასჯელი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის საფუძველზე და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საბოლოო სასჯელის სახედ ლ-------------ს განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ადეიშვილმა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა რუსთა ვის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, ლ-------------ს ქმედების საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება და აღნიშნული კვალიფიკაციით მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ლ-------------ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით დაუსაბუთებელია. სასამართლოს განმარტებით, ერთადერთი მტკიცებულება რაც ადასტურებს ლ-------------ს მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტს „დაინტერესებული“ მოწმის, იგულისხმება დაზარალებული, ჩვენებაა, რომლის უფლებრივ და ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ მდგომარეობაზე, რასაც ოჯახში ძალადობა იწვევს და რა სამართლებრივი გარანტიებიც მას აქვს კონვენციითა თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ვრცლად საუბრობს განაჩენის დასაწყისში. თუ სასამართლო იზიარებს მოწმის ჩვენებას, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, რაც სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში საფუძველი გახდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის, მაშინ მითითება იმაზე, რომ დაზარალებული მიკერძოებული პირია ეწინააღმდეგება თავისივე მსჯელობას. განაჩენში აღნიშნულია, რომ არ არის დაკითხული არასრულწლოვანი მ------ მ-------, შვიდი წლის ბავშვი, რომელიც რეგულარულად არის შემსწრე დედ–მამას შორის კონფლიქტის, მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის და ბოლოს ნახა ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა, მიიღო სერიოზული სტრესი და დღესაც იმკის ამ ყოველივეს შედეგებს. როდესაც სასამართლო ბავშვის დაკითხვის აუცილებლობაზე უთითებს ბრალდების მხარის პოზიცია უგულვებელყოფილია. არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესი გათვალისწინებულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით. კანონის მიზანია მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვა. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, არასრულწლოვანი დაზარალებულისა და არასრულწლოვანი მოწმის უფლებათა დაცვა. არასრულწლოვანი მ------ მ-------ს დაკითხვა გარდაუვლად გამოიწვევდა მის მეორეულ ვიქტიმიზაციას და მიადგებოდა ზიანი მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის შედეგად. სასამართლომ ბრალდებულის დასკვნით სიტყვაში ნათქვამი „ბავშვი არ შესწრებია“ გაიზიარა და მისი დასკვნითი სიტყვა სანდოობის თვალსაზრისით გაუტოლა დაზარალებულის მიერ ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებას. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლო სასჯელის დანიშვნისას იყო ლოიალური, არ იქნა გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები და ის ფაქტი, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არ არის ამოწურული კონფლიქტი. რისკები და საფრთხეები, არ იქნა სწორად შეფასებული ოჯახში ძალადობის სპეციფიკა, ბრალდებულის პიროვნება და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე. საქართველოს სსკ–ის 531-ე მუხლზე დაყრდნობით, რომლის თანახმადაც დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა დაენიშნა, რაზეც საერთოდ არ იმსჯელა განაჩენში და აღნიშნულია, რომ ლ-------------ს არ ჰქონდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. საქმის ფაქტობრივი გარემოებების და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასეთი მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ბრალდებული ნასამართლევი იყო განზრახი მძიმე კატეგორიის ქონებრივი დანაშაულისთვის, რაზეც გაეწია კანონით გათვალისწინებული შეღავათი, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. მოცემულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადასინჯვისას კი ბრალდებულმა განმარტა, რომ წინა დანაშაულის ჩადენისას დათვრა, რაც სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ახალი დანაშაულის ჩადენის იმგვარ საფრთხედ რომ კვლავ პატიმრობაში დატოვა ბრალდებული. საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არ არის პრევენციული ხასიათის, არც სამართლიანია, რადგან მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის პირობითად ჩათვლილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ბოლო განაჩენით დანიშნულ მინიმალურ სასჯელს სასამართლომ დაუმატა მხოლოდ 6 თვე, როდესაც პირს რომელსაც არ გააჩნია სინანულის გრძნობა ჩადენილი ქმედების მიმართ, არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სახეზეა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ან მის გარეშე ძალადობრივი დანაშაული და მხოლოდ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნება, ბრალდების მხარე თვლის, რომ ამგვარი არასამართლიანი სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, როგორც ვერ იქნა მიღწეული წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოხდისას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ ლ-------------ს ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სანქციით გათვალისწინებული მკაცრის სასჯელის განსაზღვრას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ლ-------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------მ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
ლ-------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
თ----- ო------–---–ს მისი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე ლ------------- 2019 წლის თებერვლის თვიდან დღემდე სისტემატურად დროის მცირე ინტერვალით, ყოველდღიურად არაერთხელ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას: აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, ეჩხუბებოდა, ლანძღავდა, რაც თ----- ო------–---–ისათვის იყო შეურაცხმყოფელი და იწვევდა მის ტანჯვას. აღნიშნულის გარდა 2019 წლის 15 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, ქ-----------–--------------------–- მდებარე ბინაში თ----- ო------–---–ს ლ-------------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში ჩაარტყა გაშლილი ხელები, რის შედეგადაც თ----- ო------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით, ლ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე და ლ------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით. საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდა ლ-------------ს მიმართ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 06 (ექვსი) თვე თავისუფლების აღკვეთისა და საბოლოოდ, ლ-------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 17 აპრილიდან.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ლ-------------ს მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ-------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-------------ს მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეატანის და ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ დაზარალებულის ჩვენების გარდა, ბრალდებას არ წარმოუდგენია უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდებოდა ლ-------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მხოლოდ დაზარალებულმა თ----- ო------–---–მა აჩვენა, რომ 2019 წლის 15 აპრილს მას ლ-------------მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცყოფა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 15 აპრილს ლ-------------ს მიერ ძალადობის განხორციელება მოხდა არასრულწლოვანის თანდასწრებით. ბრალდება ამ ეპიზოდში ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - დაზარალებულ თ----- ო------–---–ის ჩვენებას. მსჯავრდებულ ლ-------------ს მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით დანაშაულის ჩადენის ფაქტი ვერ დასტურდება მოცემულ საქმეზე მხარეთა შეთანხმებით პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: თ---------–---------–---–-ს, მ-----–---------–-–---–-ს და მ--------------------ის გამოკითხვისას მიღებული პირდაპირი ხასიათის ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად ბრალდებულ ლ-------------ს აღიარებითი ინფორმაციით.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ერთადერთ მტკიცებულებაზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი ბრალდების ამ ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ-------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის დამადასტურებლად, რომ ლ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშული და საქმეზე არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ თ----- ო------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, მოწმეების: თ---------–---------–---–-ს, მ-----–---------–-–---–-ს და მ--------------------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თავად ბრალდებულ ლ-------------ს აღიარებითი ინფორმაცია, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ-------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამრთლომ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სწორად დაასაბუთა ლ-------------ს მიერ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ლ-------------ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში კვალიფიკაციის შეცვლის საკითხი სათანადოდ არ იქნა ასახული, რაც უნდა შესწორდეს.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ლ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ლ-------------ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის ნაწილშიც, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ლ-------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ-------------სთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, რომ ლ------------- ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ისტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას ასევე სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის წარსული ნასამართლობა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ლ------------- გასამართლებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელი დაენიშნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ლ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი ლ-------------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი, არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ-------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ადეიშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი ლ-------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ლ-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ლ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამარლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით ლ-------------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი, თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ ლ-------------ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ლ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ლ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 17 აპრილიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ.ჯორბენაძე