განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210119002166502
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-506-2019 07 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე(მომხსენებელი) - ლაურა მიქავა
მოსამართლეები - თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - შპს ,,მა----------“ ქე-------------- შპს „ალ----“ მე--------------
დავის საგანი - თანხის (დავალიანების) დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- სარჩელი დაკმაყოფილდა.
- შპს ,,მა----------" შპს ,,ალ----ს" სასარგებლოდ დაეკისრა 92115 ლარის გადახდა.
- შპს ,,მა----------" შპს ,,ალ----ს" სასარგებლოდ დაეკისრა 250 ლარის გადახდა.
- შპს ,,მა----------" სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 2513, 45 ლარის გადახდა.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის 24 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით მიაწოდა 92115 ლარის ღირებულების ოჯალეშის ჯიშის ყურძენი:
_ 24.10.2011 წ - 5430 კგ - ღირებულებით 16290 ლარი.
_ 30.10.2012 წ - 3950 კგ - ღირებულებით 11850 ლარი.
_ 12.10.2013 წ. - 11525 კგ - ღირებულებით 34575 ლარი.
_ 08.11.2014 წ. - 9800 კგ - ღირებულებით 29400 ლარი.
2.2. 2014 წლის 29 ნოემბერს მოპასუხემ წერილობით აღიარა არსებული დავალიანება და და გადახდის ვალდებულება. შესაბამის წერილში მიუთითა, რომ დავალიანება უახლოეს ხანში იქნება დაფარული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ხოლო 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს;
2.4. დასახელებული კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;
2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას;
2.6. საქმეში წარმოდგენილი იქნა 29.11.2014წ. შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც მოპასუხემ აღიარა დავალიანება. მოპასუხემ იშუამდგომლა აღნიშნული დოკუმენტის ამორიცხვა მტკიცებულებათა სიიდან, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მხარის მსჯელობა, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე და 136-ე მუხლის დანაწესებით წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე;
2.7. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტის ფოტოასლი, დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ და მას მიენიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა;
2.8. აღნიშნული დასკვნებით სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული;
2.9. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალისაგან შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს გააჩნია ვალდებულების ძალით, ხოლო 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კი, ვალდებულების წარმოშობის ერთ- ერთი საფუძველია ხელშეკრულება;
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;
2.11. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება;
2.12. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისრებოდა აღიარებული ვალის გადახდა.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მიუთითა, რომ თითქოს 2014 წლის 29 ნოემბერს მოპასუხემ წერილობით აღიარა არსებული დავალიანება და გადახდის ვალდებულება. შესაბამისად წერილში მიუთითა, რომ დავალიანება უახლოეს ხანში იქნებოდა დაფარული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასწორადაა დადგენილი. მოპასუხეს მსგავსი აღიარება არ შეუდგენია და ის არ არსებობდა. როგორც სასამართლო პროცესზე მათ მიერ არა ერთხელ გაჟღერდა, ამ დოკუმენტის შედგენა მოხდა მოგვიანებით, შპს "მა----------"-ს ყოფილი დირექტორის, მამუკა გვალიას მიერ შეცვლილი თარიღით, რათა მოსარჩელეს შეძლებოდა გაყალბებული დოკუმენტით ედავა სასამართლოში. სწორედ ამიტომ მოითხოვეს ექსპერტიზის ჩატარება და დედანი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც მოსარჩელის მიერ პირველად წარდგენილი იყო სასამართლოში, ხოლო შემდგომ რატომღაც წარმოადგინა დამოწმებული ასლის სახით. თუმცა, მოსარჩელემ განაცხადა, რომ აღნიშული დოკუმენტი მათთან არ მოიპოვებოდა. ასევე სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ თითქოს მათ საერთოდ არ ჰქონიათ დედანი დოკუმენტი და წერილის გაგზავნა მეილის საშუალებით მოხდა, ხოლო მითითების შემდგომ, რომ ნოტარიუსი ვერ დაამოწმებდა ასლს, ვინაიდან იგი მხოლოდ დედანს ამოწმებს, განაცხადეს, რომ თითქოს სამრეცხაოში დაიკარგა. მიუხედავად მთელი რიგი, მსგავსი, ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებისა, სასამართლომ მაინც მიიჩნია აღნიშნული გარემოება დადგენილად, რითაც მათ წაერთვათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვერ ჩაატარეს ექსპერტიზა დოკუმენტზე მისი სიყალბის დასადასტურებლად (მოსარჩელემ არ წარმოადგინა დოკუმენტის დედანი, რომელიც რამდენიმე თვით ადრე დაზუსტებით მათთან იყო, რადგან სასამართლოში წარადგინეს), თუმცა სასამართლომ მაინც გაიზიარა აღნიშნული დოკუმენტი და დაეყრდნო მას როგორც ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, ასევე შემდგომ გადაწყვეტილების მისაღებად;
3.2. აპელანტი უთითებს, რომ მათ ჰქონდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული წერილი შედგენილი იყო მოგვიანებით, მაშინ, როდესაც მოთხოვნა წარმოადგენდა ხანდაზმულს, არაუფლებამოსილი პირის მიერ, როდესაც მამუკა გვალია აღარ იყო შპს "მა----------"-ს დირექტორი, თუმცა წაღებული ბეჭდით შეეძლო შეედგინა გაყალბებული დოკუმენტი, რომელიც გააკეთა სხვა შემთხვევებშიც. შესაბამისად, ითხოვდნენ დედანი დოკუმენტის წარმოდგენას, რათა მომხდარიყო მასზე ექსპერტიზის ჩატარება, თუ რეალურად როდის მოხდა ამ დოკუმენტის შედგენა და იყო თუ არა ის მართლაც 2014 წლის დოკუმენტი. აღნიშნული ექსპერტიზის შედეგით, როდესაც დადგინდებოდა, რომ დოკუმენტი იყო შედგენილი არა 2014 წელს არამედ მოგვიანებთ, ცალსახა იქნებოდა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი;
3.3. სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის უკანონო ქმედებით ვერ შეძლეს ექსპერტიზის ჩატარება დოკუმენტზე, თუმცა სასამართლომ მაინც მიიჩნია სარწმუნოდ დამოწმებული ფოტოასლი, როდესაც განმარტებულია, რომ ფოტოასლის დამოწმება გულისხმობს მხოლოდ მის ვიზუალურ თანხვედრაში დამოწმებას დედანთან, ხოლო ხელმოწერისა და ბეჭდის ნამდვილობა, ასევე დოკუმენტის სიძველე, ვერ იქნება ნოტარიუსის მიერ დადასტურებული. "სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის №71 ბრძანების (2010 წლის 31 მარტი) 58-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ ასლის შესაბამისობის დამოწმება არ ნიშნავს დოკუმენტის დედნის კანონიერებისა და ნამდვილობის დამოწმებას. შესაბამისად, შეიძლება დოკუმენტი იყოს კანონსაწინააღმდეგო, ან გაყალბებული;
3.4. სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის უკანონო ქმედების გამო, რადგანაც მათ არ წარმოადგინეს დედანი დოკუმენტი, ვერ შეძლეს ექსპერტიზის ჩატარება. ასევე არ იმსჯელა მტკიცების ტვირთის გადანაწილების თაობაზე, თუ ვის ეკისრებოდა დოკუმენტის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი იმ პირობებში, როდესაც მათი მხრიდან დედანი დოკუმენტის წარმოუდგენლობამ გამოიწვია ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობა. რაც შეეხება მოწმეს, მოწმემ ვერ შეძლო ვერანაერი გარემოების დადასტურება. მან ვერ განუცადა სასამართლოს დაზუსტებით თუ როდის შეადგინა დოკუმენტი, როგორ გააგზავნა და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები;
3.5. აღნიშნულ შემთხვევაში გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რადგანაც დავალიანების აღიარება მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა. ასევე ხანდაზმულია მოთხოვნა ბოლო მიწოდებასთან დაკავშირებითაც (რომლის ვალის აღიარებაც არ მომდდარა) 29400 ლარის ნაწილში, რაზეც სასამართლოს საერთოდ არც კი უმსჯელია. მიწოდება განხორციელდა 2014 წლის 08 ნოემბერს. პრეზუმციის თანახმად თანხის გადახდაც უნდა მომხდარიყო მიწოდების დღეს, ანუ 2014 წლის 08 ნოემბერს. სარჩელი კი შეტანილია 2017 წლის 09 ნოემბერს. შესაბამისად, გასულია 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. სარჩელი სასამართლოში შპს "ალ----"-ს მიერ შეტანილია 2017 წლის 09 ნოემბერს, შესაბამისად მის მიერ წარდგენილი ყველა სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და მას დაკარგული აქვს მოთხოვნის უფლება;
3.6. აპელანტი უთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა მათ პოზიციაზე თავად ვალის აღიარებასთან მიმართებაში. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთგზის აქვს განმარტებული, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა. ამდენად, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნერბისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა.შ).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინების 2.1 პუნქტში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას და დამატებით ადგენს შემდეგს:
4.2. საქმეში წარმოდგენილი და ნოტარიული წესით დამოწმებული 2014 წლის 29 ნოემბრის შპს ,,მა----------“-ს დირექტორ მ.გვალიას მიერ ხელმოწერილ და შპს ,,მა----------“-ს ბეჭდით დამოწმებულ წერილის ასლში, რომელსაც იგი წერს შპს ,,ალ----“-ს დირექტორ რ.ნარსიას, მითითებულია შემდეგი: ,,გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ყურძენი გადამუშავებული იქნა და ღვინო მასალა ინახება ჩვენს საცავებში. უახლოეს მომავალში ვაპირებთ მის რეალიზაციას და თქვენი დავალიანება 62 715 ლარი სრულად იქნება დაფარული“.
(იხ. წერილი, ს/ფ 23);
4.3. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2011 წლის 24 ოქტომბრიდან 2014 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით მიაწოდა 92 115 ლარის ღირებულების ოჯალეშის ჯიშის ყურძენი:
- 24.10.2011 წ - 5430 კგ - ღირებულებით 16290 ლარი;
- 30.10.2012 წ - 3950 კგ - ღირებულებით 11850 ლარი;
- 12.10.2013 წ. - 11525 კგ - ღირებულებით 34575 ლარი;
- 08.11.2014 წ. - 9800 კგ - ღირებულებით 29400 ლარი.
4.4. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შპს ,,მა----------“ შპს ,,ალ----“-სათვის ოჯალეშის ჯიშის ყურძნის მიწოდებისათვის უნდა გადაეხადა 92115 ლარი. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. მოპასუხე მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხადაზმულობაზე, რის გამოც მათ არ უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხები;
4.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლზე, რომლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვადა ესაა მხარის შესაძლებლობა სასამართლოს გზით აღიდგინოს დარღვეული უფლება ან ინტერესი. ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. აღნიშნული შესაძლებლობა განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლში, რომლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან;
4.6. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს;
4.7. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია ვადის ათვლის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, ანუ თუ პირმა იცის ან ობიექტურად უნდა ცოდნოდა, რომ მის უფლებას არღვევენ ან ეცილებიან, ამავე დროის მონაკვეთში პირს შეუძლია დაიცვას თავი სამართლებრივად;
4.8. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი;
4.9. სადავო საკითხის გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს;
4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ, მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას;
4.11. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ამავე კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი თავის პროფესიულ საქმიანობაში თავისუფალია და სანოტარო და სხვა, მასთან დაკავშირებულ მოქმედებათა მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედება სრულდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. ამავე კანონის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასრულებს ნოტარიუსი ფიზიკური ან იურიდიული პირის თხოვნით და მას აქვს იურიდიული შედეგი. სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტს აქვს უდავო მტკიცებულებითი ძალა;
4.12. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 29 ნოემბრის შპს ,,მა----------“-ს დირექტორ მ.გვალიას მიერ ხელმოწერილი და შპს ,,მა----------“-ს ბეჭდით დამოწმებულ წერილით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,მარნისკარმა“ შპს ,,ალ----“-ს მიმართ აღიარა დავალიანება 62 715 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 24.10.2011 წელს მიწოდებული, 16290 ლარის ღირებულების, 5430 კგ. ყურძნის; 30.10.2012 წელს მიწოდებული, 11850 ლარის ღირებულების, 3950 კგ. ყურძნის და 12.10.2013 წელს მიწოდებული, 34575 ლარის ღირებულების, 11525 კგ. ყურძნის ღირებულებების ჯამს, სულ 62715 ლარს (16290+11850+34575=62715, იხ. სასაქონლო ზედნადებები ს/ფ.: 19-21). ამავე პუნქტში მითითებული 29.11.2014 წლის წერილი წარმოადგენს ასლს, რომლის დედანტან იგივეობა დამოწმებულია სანოტარო წესით. ნოტარიუსის მიერ დადასტურებულია აღნიშნული წერილის იდენტურობა მის დედანთან. ამდენად, არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძვლები;
4.13. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან;
4.14. ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან დაკავშირებით, რადგან 2014 წლის 29 ნოემბრის წერილით მოპასუხემ აღიარა დავალიანება 62 715 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს საქმეში წარმოდგენილი №10, №ელ-0037584130, და №ელ-0084673729 სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა ჯამს. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენა ამ მოთხოვნის ნაწილში შეწყდა;
4.15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში;
4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი;
4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება;
4.18. ამდენად, ვალის აღიარების ხელწერილის საფუძველზე, 62 715 ლარის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის ათვლა თავიდან დაიწო 2014 წლის 30 ნოემბერს (2014 წლის 29 ნოემბრის მომდევნო დღეს); ხოლო დარჩენილი 29400 ლარისა 09.11.2014 წლის (2014 წლის 08 ნოემბრის მომდევნო დღეს);
4.19. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილი 08.11.2014 წლის სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული - 16290 ლარის ღირებულების მოთხოვნის ხანდაზმულობას, რომელზედაც უთითებს აპელანტი. დადგენილია, რომ 2014 წლის 08 ნოემბერს, მოსარჩელემ შპს ,,ალ----’’-მ მოპასუხეს - შპს ,,მა----------“ მიაწოდა 29400 ლარის ღირებულების ყურძენი; დადგენილია, რომ 29400 ლარი შპს ,,მა----------’’ გადახდილი არ აქვს; ასევე დადგენილია, რომ მითითებული თანხის გადახდის მოთხოვნით შპს ,,ალ----’’-ს სარჩელი აღძრული აქვს სასამართლოში 2017 წლის 09 ნოემბერს, ანუ ამ პუნქტში მითითებული სასაქონლო ზედნადების გამოწერიდან 3 წლის ფარგლებში, კერძოდ ხანდაზმულობის ვადის ბოლო დღეს - 09.11.2017 წელს, რადგან სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის დენა დაიწყო სწორედ ზედნადების გამოწერის დღის - 2014 წლის 08 ნოემბრის მომდევნო დღეს -2014 წლის 09 ნოემბერს და დასრულდა 2017 წლის 09 ნოემბერს, ხოლო ამ უკანასკნელი თარიღით მოთხოვნის მქონე პირმა - შპს ,,ალ----’’-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რითაც მისი მოთხოვნა 29400 ლარის ნაწილშიც მოექცა სწორედ 3 წლიანი ხანდაზმულობის ფარგლებში (იხ. სსსკ-ის 59-61-ე მუხლები, საპროცესო ვადების გამოთვლასთან დაკავშირებით, წინამდებარე განჩინების 4.15-4.17 პუნქტები). რიც გამოც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები;
4.20. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,მა----------“-ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,მა----------“ -ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი