განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001979938
საქმე #1/ბ-1364-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
8 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ლევან თევზაძემ
სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;
მსჯავრდებული - ილ-------------------–-----------ა, დაბადებული 1--- წლის 7-------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- რეგისტრირებული: ს-------- თ------–---–-------- N4- ბინა 2-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ლ--–-----------–---- ს-------------------, ბ----------
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად: ილ--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. თბილისში, სადგურის მოედნის №2-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ არსებული შპს „ჯ--------“ კუთვნილი მაღაზია „ტ-------------“ ილ--------------ა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 9 ლარად და 95 თეთრად ღირებულ ქალის საცვალს, რის შედეგადაც შპს „ჯ-------“ მიადგა ამავე ოდენობის მატერიალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ილ--------------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 18 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ილ--------------ა შეეცადა ქ. თბილისში, სადგურის მოედნის №2-ში მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ არსებული შპს „ჯ--------“ კუთვნილი მაღაზია „ტ-------------“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა 9 ლარად და 95 თეთრად ღირებულ ქალის საცვალს, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ილ---------------ას ქმედების შედეგად შპს „ჯ-------“ შესაძლოა მისდგომოდა ამავე ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენით ილ--------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ილ--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობისა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
მსჯავრდებულმა ილ--------------ამ (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა. აპირებდა ნივთის შეძენას და არა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ კონსულტანტის მითითებით მოძრაობდა პირდაპირ შეუჩერებლად, მივიდა სალაროსთან და მოლარეს მიაწოდა ნივთი. რაც შეეხება მაღაზიიდან სწრაფად შევლა-გამოსვლას, დიდი სივრციდან და მანძილიდან გამომდინარე ნორმალურია და ქურდობის განზრახვას არ ნიშნავს. მოწმე თე------------–---–ის ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და მისი გამოყენება აკრძალულია მოქმედი კანონმდებლობით. სასამართლოში დაკითხვისას ისიც კი არ ახსოვდა ფორმა ეცვა თუ არა პოლიციელს, მაგრამ აღნიშნა რომ პოლიციელები ტ----------ა და ვაიკიკს შორის ტრიალებდნენ. ამის საპირისპიროდ კი ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ილ--------------ას „ტ-------------“ მიყვება მა----–------ე. მოწმემ ვერ გაიხსენა ვის ეჭირა ნივთი და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ ეჭირა იმას, ვინც მოიპარა. მას უკვე გადაწყვეტილი ქონდა, რომ ნივთი მოიპარეს და აქედან გამომდინარე არასანდო და არადამაჯერებელია. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს შო---------–---–მა ილ--------------ას მოუწოდა შეჩერებულიყო, არანაირი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული და რომც ყოფილიყო, საიდან დაადგინა სასამართლომ, რომ ილ--------------ამ გაიგო მისი მოწოდება. ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ ილ--------------ა ნივთს არ მალავს, პირიქით შეცდომით მიაქვს მოლარესთან და ითხოვს თანხის გადახდას, მას ხელში უჭირავს თანხა და მისი კუთვნილი თანხის ოდენობა შეადგენს 120 ლარს. სასამართლომ მისი ქმედება არამართლზომიერადაც რომ მიიჩნიოს, მაინც უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ზიანი არის მხოლოდ ათ ლარამდე. საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
სახელმწიფო ბრალდმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ილ--------------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იმ საფუძვლით, რომ ილ--------------ას ქმედებაში ცალსახად იკვეთება, რომ მან ჩაიდინა არა ქურდობის მცდელობა, არამედ დამთავრებული დანაშაული. მაღაზია „ტ-------------“ ილ--------------ამ თანხის გადახდის გარეშე გამოიტანა ქალის თეთრეული. მან დატოვა მაღაზიის ტერიტორია, ის სივრცე, სადაც მისი ქმედება ჯერ კიდევ შეიძლებოდა კანონიერების ჩარჩოებში მოქცეულიყო. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ დამნაშავის ქმედება ვერ განხორციელდა რაიმე ობიექტური მიზეზის გამო. ეს შეიძლება ყოფილიყო მომსახურე პერსონალის ან სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული ისეთი ქმედებები, რომლებიც აღკვეთდა დანაშაულის დასრულებისაკენ სწრაფვას. მაღაზიის ტერიტორია ის ადგილია, სადაც მოქალაქეს თავისუფლად შეუძლია ატაროს გასაყიდი საქონელი. ქურდობის ნიშნები ჩნდება მაშინ, როდესაც პირი ნივთს წინასწარ დამალავს მისი მაღაზიიდან ჩუმად გატანის მიზნით, ან შეეცდება მაღაზიის ტერიტორიის დატოვებას ნივთის ღირებულების გადახდის გარეშე და მას გასასვლელში შეაკავებენ (დანაშაულის მცდელობა). გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული რამდენჯერმე ტოვებს მაღაზია „ტ----------“, სცდება სასიგნალო მოწყობილობას რამდენიმე ნაბიჯით და შემდეგ ისევ ბრუნდება მაღაზიაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს გასვლა-შემოსვლა სულაც არ არის ადეკვატური ქმედება. ილ--------------ა ხან არარსებულ ბარიერს გადაახტება, ხან გასასვლელთან ნაბიჯს აჩერებს, გარბენით ტოვებს ტერიტორიას და გასვლისთანავე მოულოდნელად ჩერდება. მისი ასეთი ქმედებები ცალსახად მიუთითებს დანაშაულის მომზადებაზე. ის ცდილობდა გადაემოწმებინა სასიგნალო მოწყობილობის სენსორების მუშაობის ხარისხი და სისწრაფე. ამასთან, საქმეზე დაკითხულმა „ტ----------“ თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ქურდობის ფაქტი ვერ გაიგეს, რადგან ნივთის მაღაზიიდან გატანის დროს არ ჩაირთო სიგნალიზაცია. თუმცა იგივე ნივთის მაღაზიაში შემოტანის დროს ჩაირთო. ილ--------------ას ქმედება დააფიქსირეს პოლიციის თანამშრომლებმა შო---------–---–მა და მა----–------ემ. მართალია ისინი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ მსჯავრდებულის ქმედებებს, თუმცა რეაგირება მხოლოდ მაღაზიის დატოვების შემდეგ მოახდინეს, რადგან ობიექტურად იყო შესაძლებელი ილ--------------ა მისულიყო სალაროსთან და ნივთის ღირებულება გადაეხადა. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს მაღაზიის გასასვლელში, ან გასასვლელიდან რამდენიმე ნაბიჯში შეაჩერებდნენ, ნამდვილად მცდელობა იქნებოდა, რადგან პირი ვერ შეძლებდა ნივთის სრულად დაუფლებას და მის თავისუფლად განკარგვას. ამის საპირისპიროდ ილ--------------ამ დატოვა მაღაზია, გადაადგილდა თბილისი ცენტრალის ტერიტორიაზე, პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად არ გაჩერდა და გზა გააგრძელა მაღაზია „ვაიკიკისკენ“, შევიდა მაღაზიაში და მოლარეს მიაწოდა ნივთი გასატარებლად. მსჯავრდებულის ეს ქმედებები ნივთის თავისუფლად განკარგვის ფაქტს ადასტურებს და ილ--------------ა მოიქცა ისე, როგორც მოისურვა კონკრეტულ სიტუაციაში მოქცევა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა შემდეგი:
მოწმე თე-------------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით მუშაობდა სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ტ---------–-“ კონსულტანტად. იგი იმ დროს იმყოფებოდა ქალის თეთრეულის განყოფილებაში, როდესაც მაღაზიაში შევიდა ილ--------------ა. ეს უკანასკნელი მასთან მივიდა და საცვლის არჩევაში დახმარება სთხოვა, შემდეგ კი უთხრა, რომ გავიდოდა იმავე სართულზე მდებარე მაღაზია „ვაიკიკიში“, რომ ენახა, უფრო იაფად ხომ არ იყიდებოდა მსგავსი საცვალი. ილ--------------ა რამდენჯერმე გავიდა მაღაზიიდან, ერთ-ერთ მიზეზად დარეკვა დაასახელა. ბოლოს დაბრუნდა და უთხრა, რომ სურდა შეძენა. მოწმემ ხელით მიუთითა და განუმარტა, რომ სალარო იყო შესასვლელიდან ხელმარჯვნივ. მისი ნათქვამის მიუხედავად, ილ--------------ა გავიდა მაღაზიიდან და ნივთი ისე გაიტანა, რომ დეტექტორმა ვერ აღიქვა. ილ--------------ა მალევე მიიყვანა პოლიციის თანამშრომელმა და მაღაზია „ვაიკიკის“ მოლარემ. მოწმის განმარტებით, მაღაზია „ტ----------ა“ და მაღაზია „ვაიკიკს“ შორის მანძილი დაახლოებით 30 მეტრია. ორივე მაღაზიას აქვს დიდი, მარტივად შესამჩნევი წარწერა, მათ შორის კი არის საერთო სივრცე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებიან.
მოწმე მა---------------ის ჩვენებით გაირკვა, რომ არის სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ტ----------“ მენეჯერი. შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა ილ--------------ას მიერ საცვლის მოპარვის შესახებ. ესაუბრა კონსულტანტებს და დაითვალა სადავო პროდუქცია, რომელიც აღმოჩნდა ერთით ნაკლები. ნივთის გატანისას დეტექტორს რეაქცია არ ჰქონია. მოწმის განმარტებით, მომხმარებლის მიერ თანხის გადახდის მიზნით, პროდუქციის ერთი მაღაზიიდან მეორეში გატანას მის პრაქტიკაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის ნა----–----–--–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ მუშაობს სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ელსი ვაიკიკიში“ მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მასთან სალაროს გასასვლელი მხრიდან, რიგის გარეშე მივიდა აღელვებული გოგო, რომელმაც მიაწოდა საკიდზე დამაგრებული ერთი ცალი საცვალი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია „ტ----------“ იარლიყი და სალარო აპარატზე გატარებას თხოვა. მან აუხსნა, რომ ნივთი უნდა დაეფიქსირებინა მაღაზია „ტ----------“ სალაროში. ამის შემდეგ, იგი გამოვიდა სალაროდან და რამდენიმე მეტრში შეხვედრილ პოლიციისა და მაღაზია „ტ----------“ თანამშრომლებს აუხსნა ვითარება. შემდეგ დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე და როგორ განვითარდა მოვლენები მისთვის უცნობია.
მოწმე მა----–------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2017 წლის 18 მაისს, მეწყვილესთან - შო---------–---–თან ერთად გადაადგილდებოდა თავის სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“), რა დროსაც შენიშნა ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც არაადეკვატურად იქცეოდა, შეუჩერებლად ლაპარაკობდა ტელეფონზე და მაღაზია „ტ---------–-“ ძალიან სწრაფად შედიოდა და გადიოდა. აღნიშნული საეჭვო გარემოების გამო, უცნობი გოგონა მოექცა მისი თვალთახედვის არეში. მან დაინახა, თუ როგორ მივიდა აღნიშნული გოგო ქალის თეთრეულის სექციაში და იქიდან აიღო ერთი ცალი საცვალი. ამ დროს კონსულტანტმა მას მიუთითა სალაროზე და ხელით ანიშნა, თუ სად უნდა გადაეხადა ნივთის ღირებულება. ამის მიუხედავად, გავიდა მაღაზიიდან თანხის გადახდის გარეშე და წავიდა პირდაპირ. მისმა მეწყვილემ გოგონას შეჩერებისკენ მოუწოდა, თუმცა მან გზა შეუჩერებლად, სწრაფი ნაბიჯით განაგრძო და შევიდა მაღაზია „ვაიკიკში“, სადაც საწინააღმდეგო მხრიდან მივიდა სალაროსთან. მაღაზია „ვაიკიკის“ მოლარემ რომ ნახა მასთან მიტანილი ნივთი იყო მაღაზია „ტ----------“ საკუთრება, წამოიყვანა ეს გოგო და ნივთი დაუბრუნა „ტ----------“ თანამშრომელს. მაღაზია „ვაიკიკიდან“ გამოსვლის დროს, გოგონა, რომელმაც ნივთი გაიტანა მაღაზია „ტ-------------“ იძახდა, რომ გადაიხდიდა ნივთის ღირებულებას. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების სისწორე.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა შო---------–---–მა.
მოწმე ნა--------–----ის ჩვენებით დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზიებს: „ელსი ვაიკიკისა“ და „ტ----------“ შესასვლელთან აქვთ დიდი აბრა, სადაც აწერია მაღაზიის სახელი. აღნიშნულ მაღაზიებს შორის არის საერთო სივრცე, სადაც ხალხი ხვდება ესკალატორის მეშვეობით და გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით. ზემოაღნიშნულ მაღაზიებს შორის მანძილი დაახლოებით 40-50 ნაბიჯია.
მოწმე ქე--------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ არის სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ელსი ვაიკიკის“ სექციის მენეჯერი. მაღაზიას შესასვლელთან აქვს დიდი აბრა, სადაც აწერია მაღაზიის სახელი. შემთხვევის დღეს ილ--------------ა შევიდა მაღაზია „ელსი ვაიკიკიში“ და სწრაფად მივიდა სალაროსთან, იმ ადგილიდან სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოლარეს მიწოდა საცვალი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია „ტ----------“ იარლიყი.
შპს „ჯითექსის“ დირექტორის წერილის თანახმად, 2017 წლის 18 მაისის მდგომარეობით მაღაზია „ტ---------–-“ გამოვლინდა დანაკლისი, კერძოდ, 21 ცალი ქალის თეთრი საცვლის (არტიკულაციით SAC0005138001, შტრიხკოდით 1000438918952) ნაცვლად, ფიქსირდებოდა 20 ცალი საცვალი. დანაკლისი იყო ერთი ცალი ქალის თეთრი საცვალი, ღირებულებით 9,95 ლარი.
ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერით დადგინდა, რომ 2017 წლის 18 მაისს, 12:23:17 საათზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ტ---------–-“ შედის ილ--------------ა, რომელსაც აცვია ჯინსის შარვალი, წითელი მაისური და შავი ჟილეტი. ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ილ--------------ა მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე, კერძოდ, იგი რამდენჯერმე მიდის ქალის თეთრეულის სექციასთან, იქიდან კი - გასასვლელისკენ. იგი რამდენჯერმე მივიდა კონსულტანტთან, რომელიც იმავე სექციაში იმყოფებოდა. ბოლო მისვლის დროს, კონსულტანტმა მას მიაწოდა ერთი ცალი ქალის საცვალი. ამის შემდეგ ილ--------------ა 12:31:33 საათზე მიდის გასასვლელისკენ და სწრაფად, ისე, რომ სალაროსთან არ მისულა, გადის მაღაზიიდან. კადრში ასევე ჩანს, რომ ილ--------------ას, რამდენიმე მეტრში მიყვება პოლიციის თანამშრომელი.
ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერით დადგინდა, რომ 2017 წლის 18 მაისს, 12:29:35 საათზე სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ელსი ვაიკიკიში“ შედის ილ---------------ა, რომელიც საპირისპირო მხრიდან სწრაფად, რიგის დარღვევით მიემართება სალაროებისაკენ. ამავე სალაროში მომუშავე მოლარეს კი გამოჰყავს იგი მაღაზიიდან.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ილ--------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ იქნა ქალის თეთრი საცვალი, იარლიყით “Terranova”. საცვალი დამაგრებულია თეთრ საკიდზე წარწერით - “Terranova”. ამასთან, მასზე მიმაგრებულია ნაცრისფერი სასიგნალო მოწყობილობა. ილ--------------ას პირადი ჩხრეკის დროს ასევე ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები.
2017 წლის 19 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ქ. თბილისში, ვ-----–------------ №2--- მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ მე-2 სართულზე მდებარეობს მაღაზია „ტერანოვა“, სადაც არის სხვადასხვა სექციები. შესასვლელიდან დაახლოებით 35 მეტრის მოშორებით არის ქალის თეთრეულის სექცია, ხოლო შესასვლელიდან ხელმარჯვნივ მდებარეობს სალაროები.
2017 წლის 19 მაისის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ მე-2 სართულზე ასასვლელად, სადაც არის დარბაზი, გამოიყენება ესკალატორი. მე-2 სართულზე ესკალატორის ხელმარცხნივ მდებარეობს მაღაზია „ტერანოვა“, ხოლო ხელმარჯვნივ მაღაზია „ელსი ვაიკიკი“. აღნიშნულ მაღაზიებს შორის არსებულ თავისუფალ სივრცეში განთავსებულია სხვადასხვა კომპანიის დახლები.
სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის №033759017 დასკვნის თანახმად, ილ--------------ას აღენიშნება შერეული პერსონოლოგიური აშლილობა. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ილ---------------ა ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - შერეული პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ილ--------------ას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მას გაცნობიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას დაავადებული არ არის. ილ--------------ას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის საკუთარი დაცვის განხორციელებას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ილ--------------ა იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს.
აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ხა--------------მ და აკ-----------–---მ.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების საფუძველზე პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით ილ--------------ას გამართლების შესახებ, ვინაიდან აპელანტების პოზიცია აშკარად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ილ--------------ას მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას ილ--------------ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის შესახებ. ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ილ--------------ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ილ--------------ას ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია ქურდობის მცდელობის, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები.
განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება).
სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ილ--------------ას, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გი--------------ს და ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ილ--------------ას მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 2 კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქურდობის, ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ხასიათი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლი) მდგომარეობს იმაში, რომ სხვისი ქონების დაუფლება ხდება ფარულად, მისი ჩადენა შეუმჩნეველი რჩება სხვა პირებისთვის. როგორც ქონების მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არა აქვს გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მათ საკუთრებას. დამნაშავეს შეგნებული უნდა ჰქონდეს, რომ დამსწრეთ გააზრებული არ აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. იმისთვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას და ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ილ--------------ას პოზიციას უდანაშაულობის თაობაზე, რომ მას სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა არ ქონია და აპირებდა ნივთის საფასურის გადახდას, ვინაიდან აღნიშნული ვერსია მოგონილია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და არსებითად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებს, ასევე საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს, რომელთა ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო: მოწმე თე------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ილ--------------ა რამდენჯერმე შევიდა მაღაზიაში, ბოლოს კი როდესაც საცვლის შეძენა გადაწყვიტა, მან ხელით მიუთითა სალაროზე და უთხრა, რომ იქ გადაეხადა ნივთის ღირებულება, თუმცა მითითების მიუხედავად, ილ--------------ამ ღირებულების გადახდის გარეშე, სწრაფად დატოვა მაღაზია. თე------------–---–ის ჩვენება სრულად დასტურდება და თანხვდენილია შემთხვევის შემსწრე თვითმხილველი მოწმეების - მა----–------ის და შო---------–---–ის ჩვენებებთან. მოწმე მა----–------ემ აჩვენა, რომ დაინახა, თუ როგორ მივიდა ილ--------------ა ქალის თეთრეულის სექციაში და იქიდან აიღო ერთი ცალი საცვალი. ამ დროს კონსულტანტმა მას მიუთითა სალაროზე და ხელით ანიშნა, თუ სად უნდა გადაეხადა ნივთის ღირებულება, მაგრამ აღნიშნულის მიუხედავად, იგი მაღაზიიდან გავიდა თანხის გადახდის გარეშე და წავიდა პირდაპირ. პოლიციის თანამშრომლის შო---------–---–ის მოწოდების მიუხედავად, ილ--------------ა არ შეჩერებულა, შემდეგ კი აღელვებულ მდგომარეობაში შევიდა მაღაზია „ვაიკიკიში“. მოწმე ნა----–----–--–---–მა განმარტა, რომ მასთან სალაროს გასასვლელი მხრიდან, რიგის გარეშე მივიდა აღელვებული გოგო, რომელმაც მიაწოდა საკიდზე დამაგრებული ერთი ცალი საცვალი, რომელსაც ჰქონდა მაღაზია „ტ----------“ იარლიყი და სთხოვა სალარო აპარატზე გატარება. მან აუხსნა, რომ ნივთი მაღაზია „ტ----------“ სალაროში უნდა დაეფიქსირებინა, რის შემდეგაც, იგი გამოვიდა სალაროდან და რამდენიმე მეტრში შეხვედრილ პოლიციისა და მაღაზია „ტ----------“ თანამშრომლებს აუხსნა ვითარება. მოწმეთა მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულ შესაბამისობაშია საქმეში წარმოდგენილ, ვიდეოჩანაწერებზე ასახულ ინფორმაციასთან, საიდანაც აშკარად ჩანს, თუ როგორ გადაადგილდება ილ--------------ა მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე, კერძოდ, იგი რამდენჯერმე მიდის ქალის თეთრეულის სექციასთან, იქიდან კი - გასასვლელისკენ. რამდენჯერმე მიდის კონსულტანტთან, რომელიც იმავე სექციაში იმყოფება, ბოლო მისვლის დროს, კონსულტანტმა მას აწოდებს ერთ ცალ ქალის საცვალს. შემდეგ ილ--------------ა 12:31:33 საათზე მიდის გასასვლელისკენ და სწრაფად გადის მაღაზიიდან, რომელსაც რამდენიმე მეტრში მიყვება პოლიციის თანამშრომელი. ვიდეო სათვალთვალო კამერების დათვალიერების ოქმით და სასამართლო სხდომაზე დათვალიერებული ვიდეოჩანაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 მაისს, 12:29:35 საათზე სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზია „ელსი ვაიკიკიში“ შედის ილ---------------ა, რომელიც საპირისპირო მხრიდან სწრაფად, რიგის დარღვევით მიემართება სალაროებისაკენ. ამავე სალაროში მომუშავე მოლარეს კი გამოჰყავს იგი მაღაზიიდან.
უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თე------------–---–ის ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე იმ მოტივით, რომ წარმოადგენს ირიბ ჩვენებას და არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. პალატა მიუთითებს საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ირიბია ისეთი ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში, თეონა სამნიაშვილი, რომელიც უშუალოდ შეესწრო უკანონო ქმედებას, თანმიმდევრულად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, მისი ჩვენება დამაჯერებელია და შეესაბამება საქმის სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც მოწმის ჩვენების სარწმუნოობაში ეჭვის შეტანისა და მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა ასევე სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ილ--------------ას გააჩნდა მაღაზია „ტ----------“ კუთვნილი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. მას შეცნობილი ჰქონდა, რომ მაღაზიები „ტერანოვა“ და „ვაიკიკი“ არ იყო ერთი და იგივე ობიექტი, თუმცა ამის მიუხედავად, შეეცადა მაღაზია „ტ-------------“ გაეტანა ნივთი. პოლიციის თანამშრომელ შო---------–---–ის დაძახების შემდეგ კი, როდესაც იგრძნო, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თავის გადარჩენის მიზნით, თითქოსდა ნივთის ღირებულების გადასახდის მიზნით, შევიდა მაღაზია „ვაიკიკში“.
საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა რამდენჯერმე დატოვა მაღაზია „ტ----------“ ტერიტორია, გასცდა სასიგნალო მოწყობილობას და შემდეგ ისევ დაბრუნდა მაღაზიაში. სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მდებარე მაღაზიებს „ელსი ვაიკიკსა“ და „ტ----------“ შესასვლელთან განთავსებულია დიდი აბრები, რომლებზეც აწერია მაღაზიის სახელები, ხოლო აღნიშნულ მაღაზიებს შორის არის საერთო სივრცე, სადაც მოხვედრა ესკალატორის მეშვეობითაა შესაძლებელია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მაღაზიებს შორის არსებული მანძილი და სავაჭრო ცენტრის განლაგება გამორიცხავს მაღაზია „ტ----------ა“ და მაღაზია „ვაიკიკის“ ერთმანეთთან გაიგივების შესაძლებლობას.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, თითქოს ილ--------------ას მიერ ნივთის შეძენის განზრახვაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ მისი კუთვნილი თანხის ოდენობა შეადგენდა 120 ლარს. პალატას მიაჩნია, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ოდენობის თანხა გააჩნდა ილ--------------ას დაკავების მომენტში, აღნიშნული გარემოება ფარულად დაუფლებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვის არარსებობაზე არ მიუთითებს და არც მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას გამორიცხავს.
დაცვის მხარის პოზიციას, რომ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში დამნაშავედ ცნობის შემთხვევაშიც ილ--------------ას არ უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, მიყენებული ზიანის მცირე მნიშვნელობის გამო, პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ილ--------------ას უდანაშაულოდ ცნობისათვის არ არსებობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №556აპ-16).
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ 10 ლარამდე ზიანზე აპელირებით არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან, როდესაც თავად ქმედების ხასიათი და მისი ჩადენის ხერხი არ წარმოადგენს მცირე მნიშვნელობის მქონეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, არავინაა ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი სახელმწიფო ბრალდების მოვალეობაა. მოცემულ შემთხვევაშიც, მსჯავრდებული არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, თუმცა მის მიერ განვითარებული ვერსია უდანაშაულობის შესახებ და აღნიშნულის დაუდასტურებლობა სხვა მტკიცებულებებით, დაუსაბუთებელი, ზეპირსიტყვიერი ვარაუდები, ვერ გახდება მისი გამართლების საფუძველი, მაშინ როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარდგენილია იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ილ--------------ას მიმართ შერაცხულ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება რაც არათუ უარყოფდა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, არამედ ეჭვს მაინც შექმნიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასა და უტყუარობაზე, რაც საბოლოოდ მსჯავრდებულის სასარგებლოდ იქნებოდა გადაწყვეტილი.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ილ--------------ას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია არა დამთავრებული ქურდობა, არამედ ქურდობის მცდელობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს ილ--------------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული.
ბრალდების მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ილ--------------ას მაღაზია „ტ----------“ დატოვების შემდეგ სრული შესაძლებლობა ჰქონდა განეხორციელებინა ნებისმიერი ქმედება, რასაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ანუ ქურდობა მიეკუთვნება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას და იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რის შედეგადაც პირს ეძლევა რეალური შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, მიუხედავად იმისა, მოახერხა/მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ ილ--------------ამ შეასრულა ყველა მოქმედება, რათა ბოლომდე მიეყვანა განზრახული ქმედება, მაგრამ, ვინაიდან დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანამდე, შემჩნეული იქნა პოლიციის თანამშრომლების მაკა ლუტიძის და შოთა ყანჩაშვილის მიერ, აღარ მიეცა დაუფლებული ნივთის განკარგვის შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, რაც წარმოადგენს დანაშაულის მცდელობას.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლის მა----–------ის ჩვენებით დასტურდება, რომ დაინახა, თუ როგორ მივიდა ილ--------------ა ქალის თეთრეულის სექციაში და იქიდან აიღო ერთი ცალი საცვალი. მოწმე შო---------–---–ის ჩვენებების თანახმად, ილ--------------ას მოუწოდა შეჩერებისკენ, თუმცა მან შეუჩერებლად, სწრაფი ნაბიჯით განაგრძო გზა და შევიდა მაღაზია „ვაიკიკში“. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებთან, რომლებითაც დასტურდება, რომ ილ--------------ას, რომელიც გამოდის მაღაზია „ტ-------------“, რამდენიმე მეტრში მიყვება პოლიციის თანამშრომელი. მოწმე ნა----–----–--–---–ის ჩვენების თანახმად, მას შემდეგ, რაც ილ--------------ას აუხსნა, რომ ნივთი მაღაზია „ტ----------“ სალაროში უნდა დაეფიქსირებინა, გამოვიდა სალაროდან და რამდენიმე მეტრში შეხვედრილ პოლიციისა და მაღაზია „ტ----------“ თანამშრომლებს აუხსნა ვითარება, შემდეგ კი დაბრუნდა თავის სამუშაო ადგილზე. ამდენად, პალატის შეფასებით ვინაიდან ილ--------------ა ქურდობის მომენტში დაინახეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მაღაზია „ტ-------------“ გამოსვლის მომენტიდან ახორციელებდნენ მასზე კონტროლს, თვალყურს ადევნებდნენ მის მოქმედებას, ილ--------------ას არ გააჩნდა დაუფლებული ნივთის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა, რაზეც უსაფუძვლოდ აპელირებს ბრალდების მხარე.
საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. დანაშაულის მცდელობის დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: ა) დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; ბ) დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს და შედეგი ობიექტური პირობების გამო არ დგება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის, დანაშაულის მცდელობის ყოველი კომპონენტის შესაბამისობა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით ნათლად დაასაბუთა, რასაც პალატაც ეთანხმება და მიაჩნია, რომ ილ--------------ას მიერ ჩადენილია დანაშაულის მცდელობა, ვინაიდან პოლიციელთა მხრიდან მყისიერი რეაგირების გამო ვერ მოახერხა დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ილ--------------ასთვის შეფარდებულ სასჯელს, სააპელაციო პალატა სასჯელის განსაზღვრის დროს ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოტივაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ილ--------------ას შეუფარდა ადეკვატური, სამართლიანი და პროპორციული სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას - ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ილ--------------ას, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გი--------------ს და ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–----------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ილ--------------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ილ--------------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გი--------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სა-–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ივნისის განაჩენი ილ--------------ას მიმართ დარჩეს უცვლელი.
ილ--------------ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ილ--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობისა და სტაციონარულ ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალოს მოხდილად.
მსჯავრდებულ ილ--------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ილ--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ქალის თეთრეული, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ელექტრონული დისკები, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე