განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
330100119002835606
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002835606

საქმე №1ბ/1077-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ--- ჯ----–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ნ-----–---- გ-------–---–ი (პ/ნ 0----------, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თ---–--–----------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–---------------------------------ში)

 

ადვოკატი - გ------- მ---------–---–ი;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);

 

სასჯელი: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ნ-----–---- გ-------–---–ს წარდგენილი ჰქონდა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებათა ჩადენა გამოიხატა შემდეგში: 2012 წლიდან ცხოვრობს თ---–-–----------------------------------------ში დასთან მ--- გ-------–---–თან ერთად. ერთად ცხოვრების განმავლობაში ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს თავის დას, ასევე ემუქრება სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც იწვევს მ--- გ-------–---–ის ტანჯვას და მუქარის გამო აქვს მუდმივად შიშის გრძნობა. 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, იმყოფებოდნენ რა საცხოვრებელ ბინაში ზემოაღნიშნულ მისამართზე, ურთიერთშელაპარაკებისას ნ-----–---- გ-------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ--- გ-------–---–ს, რომლის მიმართ ასევე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, რა დროსაც სცემა ხელებით თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია მ--- გ-------–---–ის ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება. ამავდროულად, ნ-----–---- გ-------–---–ი დაემუქრა მ--- გ-------–---–ს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და დაასახიჩრებდა. მ--- გ-------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ნ-----–---- გ-------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; ნ-----–---- გ-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და ასევე ვერ დადასტურდა ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განაჩენის თანახმად ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში: ნ-----–---- გ-------–---–ი ცხოვრობს თ---–--–----------------------------------------ში დასთან - მ--- გ-------–---–თან ერთად. 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, იმყოფებოდნენ რა საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნ-----–---- გ-------–---–მა მ--- გ-------–---–ის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, დაარტყა თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და ჯანმრთელობის დაზიანება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ--- ჯ----–მა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი არის ნაწილობრივ უკანონო, დაუსაბუთებელი და სასჯელის ნაწილში უსამართლო და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მიღებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ძირითადად ასაბუთებს იმით, რომ დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ოჯახის წევრის – ნ-----–---- გ-------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ვერ იქნა მიღებული ინფორმაცია უშუალოდ დაზარალებულისგან მასზე განხორციელებული მუქარის და ფსიქიკური ძალადობის შესახებ, ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით აღნიშნული არ დადასტურდა. ბრალდების მხარე არ ეთანხმება აღნიშნულის, რადგან სასამართლოს განმარტება ეწინააღმდეგება საქმის მასალებს, კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორები მ-----– ძ---–--ე და ქ------- ელ------–---–ი, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მათ დახვდათ შეტყობინების ინიციატორი მ--- გ-------–---–ი, რომელიც იყო სისხლიანი, სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და ითხოვდა თავისი ძმის - ნ-----–---- გ-------–---–ის დაკავებას. პატრულ-ინსპექტორების განმარტებით, მ--- გ-------–---–მა მათ განუცხადა, რომ ნ-----–---- გ-------–---–ი მასზე სისტემატურად ძალადობს და აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით აგრესიული კი ხდება ალკოჰოლის მიღებისას, რასაც ასევე სისტემატური ხასიათი აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მართალია, დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება ძმის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშულის მიზეზად სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-----–---- გ-------–---–ს აძლევს კიდევ ერთ შანსს იმ პირობით, თუ იგი აღარ ილოთებს და აღარ შეაწუხებს მას. ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ დაზარალებულის მიმართ მუქარის კიდევ ერთი დადასტურებაა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0------- დასკვნა, რომელიც ბრალდების მხარემ მოიპოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის დადგენის – 2019 წლის 22 მაისის შემდეგ, 2019 წლის 29 მაისს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: მ--- გ-------–---–ის მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას (ექსპერტი მ------ მ-----–---–ი). აღნიშნული დასკვნაში გადატანილია დაზარალებულის გამოკითხვის ოქმების შინაარსი, ხოლო დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, მ--- გ-------–---–ი ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და საექსპერტო კვლევის ფორმატში გასაუბრებისას გარემოებებს გადმოსცემს ოქმში არებულის ანალოგიურად. ამავე დასკვნის თანახმად, საქმის მასალების, კვლევის შედეგების და გასაუბრებისას გადმოცემულის შინაარსის მიხევით, მ--- გ-------–---–მა, მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რისი გათვალისწინებით ითხოვა მისი ძალაში დატოვება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია, შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობა მისცა სააპელაციო პალატას ამ მტკიცებულებებმა ინდივიდუალურად და ერთობლიობაში.

 

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა

 

საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ძმის - ნ-----–---- გ-------–---–ის წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეებმა მ-----– ძ---–--ემ და ქ------- ელ------–---–მა (პატრულ-ინსპექტორები) განმარტეს, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დილის საათებში, დაახლოებით 8 საათისთვის, 112-დან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მ--- გ-------–---–ის მიერ განხორციელებული შეტყობინების გამო, გამოცხადდნენ თ---–--–----------------------------------------ში. შეტყობინების ინიციატორი ითხოვდა, დროულად მისულიყვნენ, ძალიან განერვიულებული იყო და ყვიროდა. ამის გამო მ-----– ძ---–--ემ ისიც კი უთხრა, რომ კარი ღია დაეტოვებინა, რათა მისვლის შემდეგ დაყოვნების გარეშე შესულიყვნენ ბინაი. ახლოს იმყოფებოდნენ და ძალიან მალე მივიდნენ. ბინაში დახვდათ მ--- გ-------–---–ი და ნ-----–---- გ-------–---–ი, რომელიც იწვა, მაგრამ არ ეძინა. მ--- გ-------–---–ს ცხვირი ჰქონდა დასისხლიანებული, ყვიროდა, შველას ითხოვდა, ამბობდა, რომ ძმამ - ნ-----–----მა სცემა, მუშტები ურტყა. ამბობდა, რომ როდესაც სვამდა, ხდებოდა აგრესიული და აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გაესაუბრნენ ნ-----–---- გ-------–---–ს, რომელმაც უარყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და, ჩვეულებრივ, წყნარად იქცეოდა. ეს უკანასკნელი დააკავეს და შედგა დაკავების ოქმი. ალკოტესტით შემოწმებისას დაკავებულს დაუდგინდა თრობა. მ--- გ-------–---–მა ადგილზე უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და მისი გამოძახება მოხდა საპატრულო პოლიციაში.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შინაარსზე, რომლის შესაბამისადაც, გამოკვლევის გარეშე (პრეიუდიციად) მიიღება მტკიცებულებად ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების ნაწილი მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რისი გათვალისწინებით, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, რომლიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, 2018 წლის 28 დეკემბერს მ--- გ-------–---–ს პირადი გასინჯვით აღენიშნებოდა ნაჭდევი ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2018 წლის 28 დეკემბერს.

 

2018 წლის 28 დეკემბერს გაცემული შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით, რომლებიც დაცვის მხარეს ასევე არ გაუხდია სადავოდ, დგინდება მოძალადის - ნ-----–---- გ-------–---–ის მხრიდან მსხვერპლის - მ--- გ-------–---–ის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით, რომელიც, მხარეების მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, დადგენილია ნ-----–---- გ-------–---–ის სიმთვრალე დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 28 დკემბერს.

 

მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის (ძმის) წინააღმდეგ, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მ--- გ-------–---–ის განცხადება (28.12.2018), რომელშიც მითითებულია, რომ აღნიშნულ დღეს ძმამ - ნ-----–---- გ-------–---–მა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და დახმარება აღმოუჩინა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ.

 

მხარეებს ასევე სადავოდ არ გაუხდიათ 2018 წლის 28 დეკემბერს სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადის მიერ გაცემული პაციენტის სამედიცინო ბარათი, რითიც დასტურდება მ--- გ-------–---–ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულისა და დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორებს ბინაში მხოლოდ და-ძმა - მ--- და ნ-----–---- გ-------–---–ები დახვდნენ, დაზარალებულს ცხვირი სისხლიანი ჰქონდა და ძალიან განერვიულებული იყო. მ--- გ-------–---–მა მათ ადგილზევე განუცხადა, რომ მისმა ძმამ რამდენჯერმე ჩაარტყა, რითიც მიაყენა დაზიანება და განიცადა ტკივილი. ასევე უტყუარად არის დადგენილი ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლამდე პატრულ-ინსპექტორები ესაუბრნენ დაზარალებულს, რა დროსაც ის განერვიულებული იყო, ყვიროდა და ითხოვდა დროულ დახმარებას. არც დაცვის მხარე უარყოფს და სააპელაციო პალატაც იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ იმ დროს, როდესაც ბინაში და-ძმის გარდა არავინ იყო, ცალსახად გამორიცხულია დაზარალებულისთვის სხვა პირის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც მ--- გ-------–---–ის პირადი გასინჯვისა და სამედიცინო ბარათის საფუძველზე არის გაცემული, დადგენილია, რომ მ--- გ-------–---–ის დაზიანება, ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში, განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ამასთან, დასკვნაში პირდაპირაა მითითებული მ--- გ-------–---–ის მიერ ექსპერტისთვის გადაცემული ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე, საცხოვრებელ ბინაში ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა ხელი თავის არეში. აღნიშნული სრულ თანხვედრაშია მოწმეების - მ-----– ძ---–--ისა და ქ------- ელ------–---–ის ჩვენებებთან, რაც ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს, რომ სწორედ ნ-----–---- გ-------–---–მა განახორციელა ძალადობა მ--- გ-------–---–ის მიმართ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს: მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა გამოიყენა პროცესუალური უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ძმის ნ-----–---- გ-------–---–ის წინააღმდეგ, მ--- გ-------–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, პალატა დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული როგორც მოწმეების მ-----– ძ---–--ის და ქ------- ელ------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებებ ით, რომლებმაც თვალნათლივ ნახეს მსხვერპლის სხეულზე ძალადობის კვალი დანაშაულის ჩადენიდან დაუყოვნებლივ, ასევე მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტის დასკვნით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმეების მ-----– ძ---–--ის და ქ------- ელ------–---–ის (გამომძიებელი) ჩვენებებზე, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მ--- გ-------–---–ს ცხვირი ჰქონდა დასისხლიანებული, ყვიროდა და შველას ითხოვდა. ასევე, სამედიცინო ექსპერტის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ მ--- გ-------–---–ი უჩიოდა ტკივილს ცხვირის მიდამოში, ხოლო დასკვნით ნაწილში აღნიშნულია, რომ მ--- გ-------–---–ს აღენიშნებოდა ნაჭდევი ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში, რაც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, რაც სააპელაციო პალატის აზრით, ცალსახად გამოიწვევდა მსხვერპლში ტკივილს.

 

სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო მსხვერპლის საქციელი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, რომელიც იყო მოტივირებული, რათა ხელი შეეწყო ობიექტური გამოძიებისთვის - თავად მიმართა პოლიციას განცხადებით, მოითხოვა ძმისგან ძალადობის აღსაკვეთად შემაკავებელი ორდერის გაცემა, ასევე ჩაიტარა ექსპერტიზა და გულახდილად საუბრობდა როგორც სამართალდამცველებთან, ასევე ექსპერტთან მის სხეულზე არსებული ძალადობის კვალის წარმომავლობაზე, რაც სრულიად განსხვავდება მისი შემდგომი საქციელისგან, როდესაც არ მისცა ჩვენება სასამართლოს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მ--- გ-------–---–ის ქმედებები ნამდვილად წარმოადგენს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ ქცევას, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამდენად, სააპელაციო პალატა ფაქტად იღებს იმ მოცემულობას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეირტალების (თვითგადარჩენის) შსაძლებლობას მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს ან, როგორც მის დას, ებრალება იგი და ცდილობს, ააცილოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სწორედ ამან განაპირობა მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების რადიკალურად შეცვლა - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რაც არამც და არამც არ შეიძლება, გახდეს მოძალადის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების საფუძველი.

 

ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება

 

მოწმეებმა მ-----– ძ---–--ემ და ქ------- ელ------–---–მა (პატრულ-ინსპექტორები) დეტალურად აღწერეს 2018 წლის 28 დეკემბერს თ---–--–--------------------------------ში განვითარებული მოვლენები. ამასთან, ორივე მათგანმა მიუთითა, რომ მ--- გ-------–---–მა მათ უთხრა, რომ მისი ძმა სისტემატურად სვამდა, ამის გამო ხდებოდა აგრესიული და აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N00------- დასკვნით, მ--- გ-------–---–ი მასზე განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ მ-----–---–მა.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ მისი დის მ--- გ-------–---–ის სისტემატური შეურაცხყოფის და დამცირების ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი პატრულ-ინსპექტორების ჩვენებები ბრალდების ამ ეპიზოდში არის ბუნდოვანი, ვინაიდან არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია, რომ დაზარალებულმა მათ დაუსახელა რაიმე კონკრეტული ფაქტი წარსულიდან, კონკრეტული თარიღი ან თუნდაც პერიოდი, როდესაც ნ-----–---- გ-------–---–მა ამგვარი ქმედება განახორციელა მ--- გ-------–---–ის მიმართ. დაზარალებულის ჩვენების გადამოწმების შესაძლებლობა კი სასამართლოს არ მისცემია.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს: გარდა იმისა, რომ სისტემატიური შეურაცხყოფია, შანტაჟისა და დამცირების ბრალდებასთან მიმართებით მ-----– ძ---–--ის და ქ------- ელ------–---–ის ჩვენებები არის ზოგადი და შეუძლებელია მათზე დაყრდნობით რაიმე სახის ფაქტობრივი გარემოების დადგენა, ეს ბუნდოვანი განმარტებები სისტემატიური ძალადობის ფაქტთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან სასამართლოს გადმოსცემენ ისეთი პირის ჩვენებას, რომლის ნამდვილობის გადამოწმების შესაძლებლობა სასამართლოს არ მიეცა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეები - მ-----– ძ---–--ე და ქ------- ელ------–---–ი, სისტემატიური ძალადობის ფაქტთან მიმართებით არიან ირიბი მოწმეები და გარდა იმისა, რომ ეს ჩვენებები არის ზოგადი და ბუნდოვანი, სასამართლოს არ მისცემია მათი გადამოწმების შესაძლებლობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მხოლოდ დასახელებული მოწმეების ჩვენებებით დაადგინოს ფაქტები სისტემატიური ძალადობის ბრალდების ნაწილში და, მით უფრო, საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

რაც შეეხება ექსპერტის დასკვნას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია, დადგინდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიური თავისებურებების არსებობა, მათი სიმძიმე, ხარისხი, განიცდიდა თუ არა მსხვერპლი ფსიქოლოგიურ ტანჯვას, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა და ამ დასკვნაში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის დაზარალებულის მიერ ექსპერტისთვის მიცემული განმარტებები, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა სადავოდ, ამასთან, მ--- გ-------–---–მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, დაცვის მხარეს არ მისცემია შესაძლებლობა ჯვარედინად დაეკითხა და სასამართლოს წინაშე ეჭვქვეშ დაეყენებინა დაზარალებულის შესაძლო განმარტებები, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ მოცემულობაში ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნით იმის უტყუარად დადგენა, იყო თუ არა მ--- გ-------–---–ი სისტემატიური შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების ობიექტი, ფაქტობრივად შუძლებელია.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ მ--- გ-------–---–ის სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

გ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა

 

დაზარალებულმა მ--- გ-------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის ძმის - ნ-----–---- გ-------–---–ის წინააღმდეგ.

 

მოწმეებს ქ------- ელ------–---–ს და არც მ-----– ძ---–--ეს (პატრულ-ინსპექტორები), სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში არ განუცხადებიათ, რომ შეესწრნენ ნ-----–---- გ-------–---–ის მხრიდან დის მიმართ მუქარის განხორციელებას ან ამ სახის ინფორმაცია მათ მიაწოდა დაზარალებულმა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, მათ შორის არც მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული, ირიბადაც კი არ მიანიშნებს ნ-----–---- გ-------–---–ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულებით (არც ირიბი და არც პირდაპირი), მითუფრო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ნ-----–---- გ-------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა მის დას მ--- გ-------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 თებერვლის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნ-----–---- გ-------–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მუქარა. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება მოქმედებაში: ა) სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბ) ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში გ) ქონების განადგურების მუქარაში. მუქარა შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტს გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი (რეალური) შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ დაზარალებულს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის აღძვრა. აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებას (მუქარა) და დამდგარ შედეგს (შიში) შორის. მუქარა შეიძლება, განხორციელდეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, წერილობითი ან ზეპირი ფორმით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის ან ძალის დემონსტრირებით და სხვა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის და.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს იხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ნ-----–---- გ-------–---–ს ედავებოდა, რომ ეს უკანასკნელი მ--- გ-------–---–ს დაემუქრა, რომ არ აცოცხლებდა და დაასახიჩრებდა, რაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის ოდენ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა, არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება №590აპ.-09) დაზარალებულისთვის აღძრული შიშის საფუძვლიანობის შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ობიექტურ კრიტერიუმებს, როგორიც არის მთლიანობაში ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერობა, ნორმად ქცეული კინკლაობა, ხშირი ჩხუბი და შერიგება, დაზარალებულის ქცევა ქმედების შემდგომ, რომელიც იცინოდა და სურდა ბრალდებულთან ერთად გართობის გაგრძელება. თუმცა სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ისეთ სუბიექტურ კრიტერიუმს, როგორიც არის დაზარალებულის აღქმა და განმარტავს, რომ დანაშაულის (მუქარის) არსებობისათვის აუცილებელია სწორედ იმის უტყუარად დადგენა, გაუჩნდა თუ არა დაზარალებულს მუქარის განხორციელების რეალური შიში. თუ დაზარალებულს ასეთი შიში არ გასჩენია, მუქარა, ზოგადად შიშის მომგვრელიც რომ ყოფილიყო, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა.

 

სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, მხოლოდ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიც არის დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობა და დაზარალებულის ბრალად წარდგენილი ქმედების შემდგომი ქცევა, დაადგინოს დაზარალებულზე განხორციელებული მუქარის ფაქტი და, მით უფრო, შეაფასოს ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულში აღძრული შიშის რეალურობა, თუკი დაზარალებული თავად არ დაადასტურებს იმ განცდას, რასაც მასში შიშის მომგვრელი გრძნობები შეეძლო აღეძრა. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის დროს ადამიანზე ხდება არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობა, რომლის შედეგების თვალნათელი დადასტურება ისეთი მტკიცებულებით, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ექსპერტის დასკვნა, შეუძლებელია, ვინაიდან ფსიქიკური ძალადობა, როგორც წესი, ფიზიკურ კვალს არ ტოვებს, თუმცა ზიანდება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, რაც ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დაბალი ფასი ჰქონდეს როგორც ფაქტის თვითმხილველი, ასევე დაზარალებულის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გადმომცემი მოწმეების ჩვენებებსაც კი, ვინაიდან ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის გადამწყვეტია არა მარტო მუქარის ფაქტის დადგენა (რაც ასევე ვერ მოხერხდა კონკრეტულ შემთხვევაში), არამედ მსხვერპლის მიერ რეალობის სწორედ მისეული აღქმა. ამდენად, მუქარის დროს დაზარალებულის ჩვენება არის სწორედ ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომლის საპირწონე სამხილის მოძიება თითქმის შეუძლებელია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამდენად, ბრალდების მხარის ეჭვი, რომ ნ-----–---- გ-------–---–მა მისი დის - მ--- გ-------–---–ის მიმართ განახორციელა მუქარა, დარჩა ეჭვად და ვარაუდად და ვერ დადასტურდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, რისი გათვალისწინებით, in dubio pro reo-ს პრინციპის მიხედვით დაუდასტურებელი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ-----–---- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ნ-----–---- გ-------–---–ის მხრიდან მ--- გ-------–---–ის მიმართ სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, თუმცა ეს გარემოება არ ათავისუფლებს მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისგან, ვინაიდან უტყუარად დადგინდა, რომ 2018 წლის 28 დეკემბერს ნ-----–---- გ-------–---–მა მის დას - მ--- გ-------–---–ს დაარტყა თავისა და სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ნ-----–---- გ-------–---–ი ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ნ-----–---- გ-------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო ნ-----–---- გ-------–---–ს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ურთიერთშელაპარაკება), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბების გათვალისწინებით ეს დანაშაული მომეტებული საშიშროების მატარებელია), ასევე მის პიროვნებას (დანაშაულის ჩადენის დროს იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებები მისი უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), ასევე მსჯავრდებულის მიერ საპატიმრო დაწესებულებაში გატარებულ ხანგრძლივ პერიოდს, რამაც ხელი შეუწყო, მსჯავრდებულს დაფიქრებულიყო მისი ქმედების შედეგებზე და დაესახა მისი რეალურად გამოსწორების გზები და მიიჩნევს, რომ ნ-----–---- გ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–---- გ-------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 2019 წლის 22 მაისის ჩათვლით, უნდა ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში (შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 1 დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი), რაც მოხდილი აქვს სრულად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ნ--- ჯ----–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ნ-----–---- გ-------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი';

 

ნ-----–---- გ-------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;

 

ნ-----–---- გ-------–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ-----–---- გ-------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----–---- გ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვეფხია ლომიძე