განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002824898
საქმე №1ბ/857-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ--------------–ის, ლ-------------–--ის
მსჯავრდებულის: დ---------------–---–ის
ადვოკატების: თ----------------ის, ა----------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის და მსჯავრდებულ დ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ----------------ისა და ა----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ---------------–---–ის, დაბადებულის 1961 წლის 2 ივნისს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ №5----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: გ------------------------–--------–--------------------------–-------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------------------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ---------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ-------–-----------------------------------------------------------ში, დ---------------–---–მა გენდერული დისკრიმინაციის მოტივაციით, ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ, რომელთანაც ამ დრომდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 23 დეკემბრამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, დ---------------–---–ი, ვინაიდან მისივე განმარტებით, ტრადიციულად, ქალს ოჯახში არ ჰქონდა რაიმე სახის უფლება, ქ---------------–--ი, როგორც ქალი და მეუღლე წარმოადგენდა ქმრის ,,ნივთს“ და ვალდებული იყო მისი გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ---------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ-------–-----------------------------------------------------------ში, დ---------------–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა თავისი ყოფილი მეუღლის - ქ---------------–--ის მიმართ, რომელთანაც ამ დრომდე იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და 2018 წლის 23 დეკემბრამდე ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, კერძოდ, დ---------------–---–ი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მხრით განზრახ დაეჯახა ქ---------------–--ს და მიაჯახა ფანჯრის რაფას. მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად, ქ---------------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით:
დ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ვადით, რაც, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 23 დეკემბრიდან 2018 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, შეუმცირდა და დ---------------–---–ს, საბოლოოდ, მოსახდელად დარჩა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
დ---------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–მა და მსჯავრდებულ დ---------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა თ----------------მა და ა----------–-–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ დ---------------–---–ი დამნაშავედ იქნას ცნობილი წარდგენილი ბრალდების მიხედვით (ოჯახური დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით) და დანიშნული სასჯელი შეეცვალოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დაცვის მხარემ მოითხოვა დ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს და პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა დ---------------–---–ის ბრალეულობა მოცემული დანაშაულის ჩადენაში (იხ. სააპელაციო საჩივრები).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სახელმწიფო ბრალმდებლისა და მსჯავრდებულის ადვოკატების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, დ---------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და დ---------------–---–ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქმის არსებითი განხილვისას, მოწმე გ------------------მ განმარტა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, საღამოს საათებში შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში ასრულებდა პასუხისმგებელი მორიგის მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა აღელვებული ქალბატონი, რომელმაც მას განუცხადა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მან (მოწმემ) განუმარტა, რომ ამასთან დაკავშირებით შეეძლო განცხადებით მიემართა განყოფილების უფროსისთვის და მისცა განცხადების ბლანკი. ქალბატონმა დაწერა განცხადება, რომელიც გატარდა ელექტრონულად და გადაეგზავნა ხელმძღვანელობას.
მოწმე თ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის დეკემბერში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში, უბნის ინსპექტორის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებას განცხადებით მიმართა ქალბატონმა, რომელიც იყო აღელვებული და განმარტავდა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მხრით დაეტაკა და მიაჯახა სხვა საგანს. ის (დ---------------–---–ი) იმჟამად იმყოფებოდა სახლში და ქალბატონს ამის გამო სახლში მისვლის ეშინოდა, რომ კიდევ არ მიეყენებინა რაიმე ზიანი. ხსენებულ ქალბატონს მკლავზე აღენიშნებოდა სიწითლე, რასაც იტკიებდა. მოწმის განმარტებით, მას დაზარალებულთან უშუალო კომუნიკაცია არ ჰქონია და არც რაიმე ძალადობის ფაქტს არ შესწრებია. მითითებული გარემოებების შესახებ ხელმძღვანელისგან შეიტყო. ასევე, ხელმძღვანელის დავალებით, იგი თავის თანამშრომელ გ-----------–-–--ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილას, სადაც დახვდათ დ---------------–---–ი. მას აუხსნეს თუ რის გამო იყვნენ მისულები, განუმარტეს მისი უფლებები და დააკავეს. აღნიშნულზე გ-----------–-–--ემ შეადგინა დაკავების ოქმი, რომელსაც გაეცნო დაკავებული.
მოწმე გ-----------–-–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის უფროსი გამომძიებელი. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მივიდა ქალბატონი ქ---------------–--ი, რომელიც აცხადებდა, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მხრით დაეჯახა, რის შედეგადაც წაიქცა ძირს. იგი მარჯვენა მხარსა და წელის არეს იტკიებდა და დაჯდომას ითხოვდა. იგი ამ დროს იყო აღელვებული და ნამტირალევი. მას სახლში დაბრუნება არ სურდა, რადგან ეშინოდა და იძახდა, შეიძლება მომკლასო. ამ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ს ბაზაში მოძიებულ იქნა დ---------------–---–ის მონაცემები და ფოტოსურათი, რის შემდეგაც თ---------------–---–თან ერთად გაემართა მისამართზე. ადგილზე დახვდათ დ---------------–---–ი, რომელსაც გაეცნენ, აუხსნეს მისვლის მიზეზი და დააკავეს. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, გაეცნო დაკავების ოქმს, რომლის ასლი გადაეცა განყოფილებაში.
მოწმე ლ-–-------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და მოცემული სისხლის სამართლის საქმის ძირითადი გამომძიებელი. მან გამოძიება დაიწყო ქ---------------–--ის განცხადების საფუძველზე და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლის კანონიერებასა და ავთენტურობასაც ადასტურებს. 2018 წლის 23 დეკემბერს მათ განყოფილებაში მივიდა აღელვებული ქალბატონი, რომელიც ტიროდა და ემოციურად იყო განწყობილი. მან განცხადება დაწერა ემოციურ ფონზე. იგი აცხადებდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ამის გამო მის მიმართ ჰქონდა შიში, სახლში ვეღარ მიდიოდა და ითხოვდა დახმარებას. ქ---------------–--ს სიწითლე ჰქონდა მკლავის ნაწილში და სტკიოდა. იგი განმარტავდა, რომ დ---------------–---–ი მას მხრით დაეჯახა, რის შემდეგაც ფანჯრის რაფას დაეჯახა და ძირს წაიქცა.
2018 წლის 23 დეკემბრის #------- განცხადების მიხედვით, ქ---------------–--მა მიმართა შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსს და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე დ----------------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 23 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას და მის მეუღლეს მოუვიდათ სიტყვიერი შეკამათება, მისმა მეუღლემ დ---------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაარტყა მხარში, რის შედეგადაც ის წაიქცა და მხარზე აღენიშნება ჩალურჯებული (ს.ფ. 2).
2018 წლის 24 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით, ქ-------–-----------------------------------------------------------ში, ქ---------------–--მა მიუთითა სამზარეულოს მაგიდასა და ფანჯარას შორის ადგილზე და განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იდგა თვითონ, როდესაც მისი მეუღლე დ---------------–---–ი განზრახ, მიზანმიმართულად, მხრით დაეჯახა, რა დროსაც იგი წაიქცა და მიუთითა ფანჯრის რაფაზე და განმარტა, რომ წაქცევის შედეგად აღნიშნულ ფანჯრის რაფას დაეცა, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ტკივილი (ს.ფ. 54-60). მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა, - თ-------–-–----ემ და გ------------–--ემ სასამართლოში ჩვნების მიცემის დროს დაადასტურეს მოცემულ საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის კანონიერება და ავთენტურობა.
2019 წლის 29 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 24 დეკემბერს, მოქალაქე ქ---------------–--ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში და მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვადრატში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, შემოწმების მომენტში უჩივის თავის და ზურგის ტკივილს. მარჯვენა მხარის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 5,5x10 სმ. ასეთივე ფერის სისხლნაჟღენთი აღინიშნება: მარცხენა დუნდულის ქვედა-გარეთა კვანდრატში ზომით 2x6 სმ (ს.ფ. 136-137). სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა, დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ ქ----------------–--მა შემოწმებისას განაცხადა, რომ 2018 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით ორ საათზე, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დაეჯახა, რის შედეგადაც წაიქცა.
დ----------------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული ზემოხსენებული მტკიცებულებებით - მოწმეების: გ------------------ს, თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ის, ლ-–------–--ის, თ-------–-–----ის, გ------------–--ის, გ---–--------------–---–ის ჩვენებებით, დაზარალებულ ქ---------------–--ის 2018 წლის 23 დეკემბრის განცხადებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - უტყუარად არ დასტურდება დ---------------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულს, ქ---------------–--მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს. სასამართლოში ჩვენების მიცემაზე ასევე უარი განაცხადეს დაზარალებულის და მსჯავრდებულის შვილებმა - ნ--------------–---–მა, მ-------------–--მა, რ-------------------–---–მა და გ-----------------–---–მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ქ---------------–--მა (მსჯავრდებულის ყოფილი მეუღლე) და მოწმეებმა - ნ--------------–---–მა, მ-------------–--მა, რ-------------------–---–მა და გ-----------------–---–მა (დაზარალებულის და მსჯავრდებულის შვილები) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე (მათ შორის ყოფილი) და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მეუღლემ და შვილებმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, დაზარალებული და მითითებული მოწმეები (მსჯავრდებულის შვილები) არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი დ---------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
რაც შეეხება მოწმეების - გ------------------ს, თ--------------–---–ის, გ-----------–-–--ის, ლ-–------–--ის, თ-------–-–----ის, გ------------–--ისა და გ---–--------------–---–ს ჩვენებებს, აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ეს მოწმეები არ ყოფილან არც ფაქტის უშუალო შემსწრე და არც ცხელ კვალზე მსჯავრდებულის მხრიდან ოჯახის რომელიმე წევრის მიმართ რაიმე აგრესიის გამოვლინებას შესწრებიან. მათ მოცემული საქმის გარემოებები იციან დაზარალებულის მონაყოლით, რომლის ჩვენებაც თავის მხრივ საქმეში არ არსებობს. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად დ---------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
სააპელაციო პალატის აზრით, ასევე ვერ დაედება საფუძვლად დ---------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, დაზარალებულ ქ---------------–--ის 2018 წლის 23 დეკემბრის განცხადება, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა. მართალია დაზარალებულმა ხსენებულ განცხადებაში მიუთითა დ---------------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, მაგრამ რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ქ---------------–--ის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ ზემოხსენებული განცხადების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს; რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით 2018 წლის 24 დეკემბერს მოქალაქე ქ---------------–--ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ექსპერტის დასკვნით შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტის, მისი ლოკალიზაციის ან ხანდაზმულობის დადგენა, მაგრამ ცალკე აღებული ამ მტკიცებულებით, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები დაზარალებულს ნამდვილად დ---------------–---–მა მიაყენა. იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლოში არ დაკითხულა დაზარალებული ქ---------------–--ი, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში აღწერილი ექსპერტის გასაუბრება დაზარალებულთან დაზიანების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.
რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ასევე ვერ დაეყრდნობა ქ---------------–--თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (დაზარალებულ ქ---------------–--ის) მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ქ---------------–--მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს), წარმოუდგენელია სხვა მსგავსი შინაარსის მტკიცებულებები აღნიშნულის საწინააღმდეგოდ განიმარტოს და ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა, ასეთ მტკიცებულებას გამოკითხვის ოქმი ერქმევა, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტის. სასამართლო მოცემული განმარტების ფარგლებში მოიაზრებს საგამოძიებო მოქმედების ოქმს იმ ნაწილში, რაც ეხება მოწმის ინფორმაციას, რაც ფაქტობრივად წარმოადგენს ჩვენებას, რომლის მიცემაზეც მოწმე უარს ამბობს, მისი უფლებიდან გამომდინარე - არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. სასამართლოს შეფასებით, ასეთ ვითარებაში, თუ მოხდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულება, დაირღვეოდა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცემოდა საშუალება - შეკითხვები დაესვა იმ პირისთვის, ვის ინფორმაციასაც ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რითაც უმნიშვნელოვანესი მტკიცებულების ეჭვქვეშ დაყენების რეალური შესაძლებლობა მოესპობოდა და ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა დაცვის მხარე. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, გამომძიებელი არარელევანტური პირია და ვერ შეცვლის ინფორმაციის წყაროს. და ბოლოს, სასამართლო განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი არ არის გამოკითხვის ოქმის ჩანაცვლება და ამით პარალელური რეალობის შექმნა, რომლითაც, დაცვის მხარისათვის სათანადო გარანტიების გარეშე (აქ უპირველესად იგულისხმება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მასში მონაწილე პირის გაფრთხილების გარეშე - არ მისცეს ისეთი ინფორმაცია, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, თუნდაც საგამოძიებო ექსპერიმენტი გამოკითხვის შემდეგ განხორციელდეს, რა დროსაც ასეთი განმარტება უკვე გაკეთებულია, ვინაიდან ყოველი ახალი კომუნიკაცია საჭიროებს მსგავსი გაფრთხილების აუცილებლობას, როგორც ეს ხდება ყოველი ახალი გამოკითხვისას/დაკითხვისას), ბრალდების მხარე მიიღებს იდენტურ შედეგს, როგორც ეს გამოკითხვის ოქმის არსებობის შემთხვევაში იქნებოდა, რაც საქართველოს სსსკ-ის 129-ე მუხლის მიღმაა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს ან/და ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან/და ტანჯვა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულ ქ---------------–--ის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დ---------------–---–მა მის მიმართ განახორციელა ძალადობა და დანაშაულებრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი და გამოკვლეული არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული კვალიფიკაციით დ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის გამყარებული ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მიუთითებენ მსჯავრდებულ დ---------------–---–ის მიერ დანაშაულის – ოჯახის წევრის (მეუღლის) მიმართ ძალადობის ჩადენას, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის, საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის, 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის და 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნებია, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დ---------------–---–ი ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ დ---------------–---–ის მიმართ არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ დ---------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ----------------ის და ა----------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი დ---------------–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;
დ---------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ---------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
გამართლებულ დ---------------–---–ს განემარტოს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე