განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2019
საქმის ნომერი
130100119003131139
ინსტანცია
თარიღი
25.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100119003131139

საქმე № 1ბ/1579 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ვ-–- ს-------ი, დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N4----------, ნასამართლობის არ მქონე (გაქარწყლებული), რეგისტრირებული: ქ-------–-----–----–----–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.------–----------------------–--

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ-- გ-----ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ვ-–- ს-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება და მის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა (მოხდის რეჟიმის გათვალისწინებით). მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი. ვ-–- ს-------ის მიერ განხორციელებული დანაშაული არის ძალადობრივი ხასიათის, იგი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა მეუღლეს, ხოლო შემდეგ კი მოკლე პერიოდში მის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმდებს იმდაგვარად, რომ განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისთვის, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ვ-–- ს-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, ქ-------––----------------------ში მისსავე საცხოვრებელ სახლში ვ-–- ს-------მა ჩაიდინა ძალადობა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მ----- მ------–---–ის მიმართ. კერძოდ, მას შემდეგ რაც მეუღლემ თხოვა შეეწყვიტა ალკოჰოლური სასმელის ჭარბად მიღება, ჯერ მუშტი დაარტყა მას თვალის არეში, შემოახია ტანსაცმელი და თავის არეში ურტყამდა ხელს, ხოლო შემდეგ წააქცია ძირს და ფეხებითა და ხელებით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ვ-–- ს-------მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 08 ივლისს, დილის საათებში, ქ--------––----------------------ში მისსავე საცხოვრებელ სახლში ვ-–- ს-------მა ურთიერთშელაპარაკებისას წარმოქმნილი კონფლიქტის დროს დანის დემონსტრირების გზით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს მ----- მ------–---–ს. კერძოდ, წინა ღამეს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შემდეგ, დილის საათებში, სახლში დაბრუნებულ მ----- მ------–---–ს ვ-–- ს-------ი ყელის არეში ხელის მოჭერით და დანის დემონსტრირების გზით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. შეეცადა რა ეს უკანასკნელი მისგან თავის დაღწევას და გაიქცა სახლის ეზოსკენ, ვ-–- ს-------ი დაედევნა მას და კვლავ განაგრძო დანით მუქარა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ-–- ს-------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-–- ს-------ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - მ----- მ------–---–ის, მოწმეების: ზ---------------–---–------------------------–-–--------------ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 23 ივლისის N0-------- დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N2----–- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N7------- დასკვნით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ვ-–- ს-------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-–- ს-------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ-–- ს-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

 

ვ-–- ს-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოება წარმოადგეს დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ვ-–- ს-------მა დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია მუქარა და ფიზიკური ძალადობა რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ვ-–- ს-------ი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ვ-–- ს-------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ვ-–- ს-------მა დანაშაული ჩაიდინა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ----- მ------–---–ის მიმართ ე.ი. ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ვ-–- ს-------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ვ-–- ს-------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ დანაშაულის ჩადენას, ამდენად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 531 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ ვ-–- ს-------ს სასჯელი დანიშული აქვს საქართველოს სს-კ-ის 531 მუხლის მე-2-3 ნაწილების მოთხოვნათა გათვალისწინებით. შესაბამისად, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება ვერ იქნება გაზიარებული.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს ვ-–- ს-------ის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ვ-–- ს-------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, ვ-–- ს-------ის მოცემულ შემთხვევაში საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ვ-–- ს-------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვ-–- ს-------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ვ-–- ს-------ის სათანადო ქცევას. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, რაც შეეხება სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–- ს-------ის მიმართ, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ-- გ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 სექტემბრის განაჩენი ვ-–- ს-------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-–- ს-------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

_ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

_ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით ვ-–- ს-------ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი) წელი;

 

მსჯავრდებულს ვ-–- ს-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2019 წლის 08 ივლისიდან 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ვ-–- ს-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხისტარიანი დანა, რაც ინახება შსს ქარელის რაიონულ სამმართველოში, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო მაისური დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი