განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002628548
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002628548

საქმე N3ბ/1350-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - გიორგი გოგიაშვილი

 

ზეპირი განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ან--------------–---–ი

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტი ან--------------–---–ის მოთხოვნა:

 

1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ან--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა ან--------------–---–ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს გენერალურ პროკურატურას ან--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

ან--------------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 6 იანვარს 15:00 საათზე. 2017 წლის 7 იანვარს ან--------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

 

2017 წლის 7 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბრალდებულ ან--------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 იანვრის №10/ა-1-17 განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ბრალდებულ ან---------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ან--------------–---–ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 6 იანვრის 15:00 საათიდან.

 

ან--------------–---–ი დაბადებულია 1999 წლის 19 მარტს. შესაბამისად, დაკავებისას იგი იყო არასრულწლოვანი. სრულწლოვანების ასაკი შეუსრულდა პატიმრობაში ყოფნის პერიოდში - 2017 წლის 19 მარტს (ს.ფ.99-102).

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით (საქმეზე №1/59-17) ან--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ან---------------–---–ს, ასევე, განემარტა, რომ მას როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა საკასაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ს.ფ.12-61);

 

ან--------------–---–ის საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 28 ივნისის ჩათვლით დროის მონაკვეთში ან--------------–---–ის ანგარიშზე ჩაირიცხა 1850 ლარი, რომელიც გამოყენებულ იქნა სხვადასხვა საქონლის/მომსახურების შესასყიდად (ს.ფ.127-131).

 

„საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 7 იანვრის ხელშეკრულების თანახმად, მამუკა ნოზაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა ან--------------–---–ის ინტერესები წინასწარ გამოძებაში იმ საქმეზე, რომლის გამოც იყო დაკავებული. აღნიშნული საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის მამუკა ნოზაძის ჰონორარად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

„საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 5 მარტის ხელშეკრულების თანახმად, მამუკა ნოზაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა ან--------------–---–ის ინტერესები იმ საქმეზე, რომლის გამოც არის გამართლებული. აღნიშნული საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის მამუკა ნოზაძის ჰონორარად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

„საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2017 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების თანახმად, მამუკა ნოზაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა ან---------------–---–ის ინტერესები იმ საქმეზე, რომლის გამოც იყო დაკავებული. აღნიშნული საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის მამუკა ნოზაძის ჰონორარად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი.

 

„საადვოკატო მომსახურების შესახებ“ 2018 წლის 5 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, მამუკა ნოზაძემ იკისრა ვალდებულება, დაეცვა ან--------------–---–ის ინტერესები უზენაეს სასამართლოში იმ საქმეზე, რომლის გამოც იყო გამართლებული. აღნიშნული საადვოკატო მომსახურების გაწევისათვის მამუკა ნოზაძის ჰონორარად განისაზღვრა 3 000 (სამი ათასი) ლარი (ს.ფ. 140-143).

 

2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი მექანიზმი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №2/3/423) განმარტების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით.

 

,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტების (საქმე Nბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების მიმართ უნდა გავრცელდეს იგივე მოთხოვნები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (08.04.2009წ. საქმეზე №ბს-972-936(3კ-08), „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია, არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ან--------------–---–ი დაკავებულ იქნა 2017 წლის 6 იანვარს 15:00 საათზე. 2017 წლის 7 იანვარს ან--------------–---–ს წარედგინა ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ბრალდებულ ან--------------–---–ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 6 იანვრის 15:00 საათიდან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ან--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლით განსაზღვრული ზიანის ანაზღაურებისთვის პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან ამგვარი აქტი ადასტურებს, რომ გამართლებულ პირს დანაშაული არ ჩაუდენია, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მის უფლებებში აღდგენას - მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება აღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, ქმედების უკანონობა არ უნდა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევის დადგენით, გამართლებულს პირს უნდა მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, უფლებამოსილი ორგანო წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპეტენციას, თუმცა, პირს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მარეაბილიტირებლი გარემოება და შესაბამისად, ქმედების უკანონობა.

 

ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია, აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია, სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.

 

კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო პატიმრობით მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი, ამავდროულად, სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის ოდენობის გონივრულ ფარგლებში განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.

 

ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათ შორის პატიმრობაში ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ პატიმრობაში ყოფნისას გარკვეულ პერიოდამდე ან--------------–---–ი იყო არასრულწლოვანი, რაც კიდევ უფრო ამძაფრებდა პატიმრობაში ყოფნის სიმძიმის აღქმას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა იყო 7 000 (შვიდი ათასი) ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 7000 ლარის გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით. კერძოდ, აღნიშნული თანხა მოიცავს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი საადვოკატო მომსახურების ჰონორარს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას საკვების შესაძენად ჩარიცხულ თანხას და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეულ ხარჯს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის, ვინაიდან ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დასტურდება ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა - თანხის გადახდა, თუმცა, დადგენილი გარემოებაა, რომ ან--------------–---–ს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე. ადვოკატის მომსახურება კი როგორც წესი, სასყიდლიანია და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება წარმოდგენილია სასამართლოში. ხელშეკრულებების თარიღი ტექნიკური შეცდომის გამო მითითებულია არასწორად და გადასწორებულია, რაც დაადასტურა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, რომელიც თავად წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს. რადგან თანხის გადახდა და უშუალოდ ხარჯის გაწევა მოსარჩელის მიერ უტყუარად არ დასტურდება, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ადვოკატის მომსახურების ღირებულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას წარმოეშვა უკანონო ბრალდების გამო, უნდა აუნაზღაურდეს გონივრული ოდენობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის არგუმენტს, რომ ზიანი არ უნდა ანაზღაურდეს, რადგანაც ხარჯის გაწევის დამადასტურებელი ქვითარი საქმეში არ არის წარმოდგენილი. ფულადი ვალდებულების წარმოშობა, თუნდაც სამომავლო გადასახდელის სახით, წარმოადგენს მატერიალურ ზიანს და მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, „როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს“ (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). მსგავსი განმარტება გააკეთა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 09.02.2012 წ. #ბს-1330-1315-კ11) გადაწყვეტილებით, (იხ. ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 09.06.2005წ. გადაწყვეტილება საქმეზე „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“ განაცხადის #55723/00). ამგვარად, ან--------------–---–ისთვის სისხლის სამართლის საქმეზე გაწეული ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების გონივრულ ოდენობად სასამართლოს მიაჩნია 6 000 ლარი, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კვების პროდუქტებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით.

 

ამავე კოდექსის 23-ე მუხლით დარეგულირებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვებასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ, 1. პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. 3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით. 4. ქალს, ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

 

„ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ 2015 წლის 13 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანების №2 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვანებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის, მათ შორის არასრულწლოვანისათვის, აუცილებელი სოციალური თუ პირადი უფლებების დაცვა, უზრუნველყოს იგი საცხოვრებლით, კვებითა თუ პირადი ჰიგიენით. ამდენად სახელმწიფო, პირის, მათ შორის არასრულწლოვნის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ ვალდებულია, იზრუნოს მასზე და უზრუნველჰყოს იგი კანონით დადგენილი აუცილებელი პირობებით. შესაბამისად, ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულისათვის სხვა დამატებითი პირობების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული ნივთების მიტანა პენიტენციურ დაწესებულებაში, საკვების შეძენა სასჯელაღსრულების დაწესებულების მაღაზიაში ხორციელდება ინდივიდუალურად, ოჯახის შეხედულების და შესაძლებლობის მიხედვით. ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას აუცილებელია შეფასდეს, რეალურად საჭირო იყო თუ არა ამ ხარჯის გაწევა და უშუალო კავშირშია თუ არა ბრალდებულის სახით წინასწარ პატიმრობაში ყოფნასთან.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ პატიმრობაში ყოფნის გამო მოუწია რაიმე ისეთი სახის პროდუქტის თუ მომსახურების შეძენა, რასაც თავისუფლების შეზღუდვის არარსებობის შემთხვევაში არ საჭიროებდა. გარდა ამისა, როგორც თავად მოსარჩელე მიუთითებს ხარჯები გაწეულია ოჯახის წევრების მხრიდან. მხარემ ვერც ის დაადასტურა, რომ მისი თავისუფლებაში ყოფნისას თავად გასწევდა საკუთარი ყოფითი საჭიროებისთვის ამ ხარჯს და ოჯახის წევრებს არ მოუწევდათ მისი რჩენისათვის აუცილებელი ხარჯის გაწევა. შესაბამისად, ამ ნაწილში ზიანის ფაქტი არ დასტურდება და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ასევე სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, რომელთა შესახებ მას არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის რაიმე მტკიცებულება. არ დასტურდება ზიანის ფაქტი, ასევე _ პატიმრობაში ყოფნასთან მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო არ დააკმაყოფილა.

 

3. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად ,,პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი".

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით, ამასთან მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ქონია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანხმად, განაჩენი არის პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.

 

სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.

 

აპელანტის მითითებით, ან--------------–---–ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მის მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით (საქართველოს სსკ-ის 19,108 მუხლით) გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 იანვრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ა. ხაბაზიშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული ზემდგომი სასამართლო ინსტანციების მიერ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.

 

აპელანტის მითითებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ან--------------–---–მა, გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 იანვრის განჩინების საფუძველზე წინასწარ პატიმრობაში გაატარა 5 თვე და 24 დღე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ მიმდინარეობდა 1 წლის, 06 თვისა და 20 დღის მანზილზე. მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მიკუთვნებული 7 000 (შვიდი ათასი) ლარი, კი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას წარმოადგენს და არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.

 

აპელანტის მითითებით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით საქართველოს პროკურატურას ა. ხაბაზიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა 6 000 (ექვსი ათასი) ლარი მატერიალური ზიანის სახით, რასაც ასევე არ ეთანხმებიან შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, "საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით."ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად კი "სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში".

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ა. ხაბაზიშვილს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი, რომლის მომსახურეობა როგორც წესი სასყიდლიანია და რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება, რომელზეც არასწორად არის მითითებული თარიღი, ტექნიკურ შეცდომას წამოადგენს, რაც მოსარჩელე მხარის მიერაც იქნა დადასტურებელი.

 

აპელანტის მითითებით, ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, რომელთა წარმოდგენაც ა. ხაბაზიშვილმა ვერ უზრუნველყო. შესაბამისად, აღნიშნული არ უნდა ემყარებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებებზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ, უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. აპელანტის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი ე.წ ხელშეკრულებაც ფორმალურ ხასიათს ატარებს და სასამართლოს ამგვარი მითითება ტექნიკურ ხარვეზსა და მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებაზე ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ასევე, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა პროკურატურისათვის დაკისრებულ 6 000 ლარზე, როგორც სამომავლოდ გადასახდელ თანხაზე, რომელიც მატერიალურ ზიანს წარმოადგენს და უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის Nბც-397-391 (2კ-4კს15) განჩინებაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა, შესაბამისად გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატის ხარჯების დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, აპელანტის მითითებით განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნა, მტკიცებულებათა წარმოდგენის თაობაზე. აუცილებელია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

4. ან--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით ძირითადად სწორად შეაფასა, თუმცა უკანონოდ არ დააკმაყოფილა მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სრულად. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ან--------------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ის ტანჯვა, რომელიც მან განიცადა უკანონო ბრალდების გამო. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში 7000 ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილება არის არაგონივრული, რადგან უკანონო ბრალდებისას მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი. აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მატერიალური ზიანის ოდენობის დაანგარიშების ნაწილში.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომლის შესაბამისად ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ამავე მუხლის მე- 3 ნაწილის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კანონით დადგენილ პირობათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.

 

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული მუხლით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებულია თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, ესენია: a) უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებული პირის კანონიერი დაპატიმრება; b) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება კანონის შესაბამისად გაცემული სასამართლოს ბრძანების შეუსრულებლობისათვის ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად; c) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად, როდესაც არსებობს სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი, ან საფუძვლიანად არის მიჩნეული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის თუ მისი ჩადენის შემდეგ მიმალვის აღკვეთის აუცილებლობა; d) არასრულწლოვნის დაპატიმრება კანონიერი ბრძანების საფუძველზე მასზე აღმზრდელობითი ზედამხედველობისათვის ან მისი კანონიერი დაპატიმრება უფლებამოსილი სასამართლო ორგანოს წინაშე მის წარსადგენად; e) პირთა კანონიერი დაპატიმრება ინფექციურ დაავადებათა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ან სულით ავადმყოფების, ალკოჰოლიკების, ნარკომანებისა თუ მაწანწალების კანონიერი დაპატიმრება; f) პირის კანონიერი დაკავება ან დაპატიმრება ქვეყანაში მისი უნებართვოდ შესვლის აღსაკვეთად, ან იმ პირის დაკავება თუ დაპატიმრება, რომლის წინააღმდეგაც ხორციელდება ღონისძიებები დეპორტაციისა თუ ექსტრადიციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მითითებული მუხლი წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს ვალდებულებას უკანონოდ დაკავებულ, დაპატიმრებულ ან მსჯავრდებულ პირს შეუქმნას იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამ უკანასკნელმა საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კომპენსაციის მოთხოვნისა და მიღების უფლების განხორციელების ეფექტური და რეალური სამართლებრივი ნორმები.

 

მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილია ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება. ადამიანის ღირსება აბსოლუტური ძირითადი უფლებაა და ნებისმიერი ჩარევა მასში კონსტიტუციურ-კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებელია. პირის ძირითად უფლებებს მიეკუთვნება ასევე თავისუფლების უფლება, რომელიც შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონით დადგენილი ვადებითა და წესით. პირის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფოს მიერ და აღნიშნული აუცილებლად უნდა განხორციელდეს კანონშესაბამისად, რამეთუ თავისუფლების უფლებაში ჩარევა დაკავშირებულია მხარისთვის ნეგატიურ განცდებთან, ფსიქოლოგიურ სტრესთან, სხვა ძირითადი უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. სწორედ ამიტომ, კანონმდებელი უკანონოდ დაკავებულ პირს ანიჭებს სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ან--------------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 6 იანვარს 15:00 საათზე. 2017 წლის 7 იანვარს ან--------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით.

 

2017 წლის 7 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბრალდებულ ან--------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 იანვრის №10/ა-1-17 განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა - ბრალდებულ ან---------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ან--------------–---–ის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 6 იანვრის 15:00 საათიდან.

 

ან--------------–---–ი დაბადებულია 1999 წლის 19 მარტს. შესაბამისად, დაკავებისას იგი იყო არასრულწლოვანი. სრულწლოვანების ასაკი შეუსრულდა პატიმრობაში ყოფნის პერიოდში - 2017 წლის 19 მარტს (ს.ფ.99-102).

 

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით (საქმეზე №1/59-17) ან--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ან---------------–---–ს, ასევე, განემარტა, რომ მას როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი. აღნიშნული განაჩენი გასაჩივრდა საკასაციო წესით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განჩინებით გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ს.ფ.12-61);

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მორალური ზიანი დიდი ოდენობისაა, რადგან მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა, ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით წყდება. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ- ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის უკანონოდ აღძვრა, აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი დევნა და აღკვეთის ღონისძიების მოქმედება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებულია გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელე არ იყო ვალდებული, ეთმინა უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, საყურადღებოა სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი ან--------------–---–ის პრეტენზიას მორალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).

 

ან--------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავო გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციო თანხის ოდენობა. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით ძირითადად სწორად შეაფასა, თუმცა უკანონოდ არ დააკმაყოფილა მორალური ზიანის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა სრულად. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ან--------------–---–ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ის ტანჯვა, რომელიც მან განიცადა უკანონო ბრალდების გამო. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში 7000 ლარის ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილება არის არაგონივრული, რადგან უკანონო ბრალდებისას მოსარჩელე იყო არასრულწლოვანი. მოცემულ შემთხვევაში პალატა ან--------------–---–ის პატიმრობაში გატარებული დროისა და იმ განცდების გათვალისწინებით, რაც თან ახლავს უკანონო მსჯავრდებას, ასევე სახელმწიფოს ფისკალური და ეკონომიკური უსაფრთხოების ლეგიტიმურ ინტერესის მხედველობაში მიღებით, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი, რათა ზიანის ანაზღაურების უფლების მქონე პირთა მიმართ გადასახდელი თანხის ოდენობამ საფრთხე არ შეუქმნას სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგრადობასა და, უფრო მეტიც, ამ თვალსაზრისით თავად სახელმწიფოს არსებობას, მიიჩნევს, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის 7 000 ლარის დაკისრება ან--------------–---–ისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნის პროპორციულია, შესაბამისად სააპელაციო პალატა არ ეთანხმება ან--------------–---–ის სააპელაციო საჩივარს.

აპელანტი ასევე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მატერიალური ზიანის ოდენობის დაანგარიშების ნაწილში, სააპელაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს აპელანტი ან--------------–---–ის პრეტენზიას მატერიალური ზიანის ოდენობის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სააპელაციო პალატა აპელანტი საქართველოს გენერალური პროკურატურის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოების შესახებ, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესების დაცვას, მისი უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. ამასთან, ადვოკატის ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელატი საქართველოს გენერალური პროკურატურის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის დახმარებისათვის კონკრეტული ხარჯის გაწევა, არ არსებობდა მოსარჩელის სასარგებლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო პალატა აპელანტი ადმინისტრაციული ორგანოს ყურაღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), რომლის თანახმად, ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტი ან--------------–---–ის პრეტენზიას მატერიალური ზიანის ოდენობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად არ დასტურდება ადვოკატის მომსახურებისთვის ხარჯის გაწევა - თანხის გადახდა, თუმცა ვინაიდან დადგენილი გარემოებაა, რომ ან--------------–---–ს სასამართლოში საქმის წარმოებისას იცავდა ადვოკატი მამუკა ნოზაძე. ადვოკატის მომსახურება კი როგორც წესი, სასყიდლიანია და მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება წარმოდგენილია სასამართლოში, წარმომადგენლობის ინტენსივობის, ინსტანციურობისა და დავის გადაწყვეტის შედეგის გათვალისწინებით საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის გამო ან--------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ 6000 ლარის დაკისრება გონივრულად უნდა ჩაითვალოს.

 

სააპელაციო პალატა აპელატი ან--------------–---–ის პოზიციის საპირისპიროდ, ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიუთითებს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: საცხოვრებელი სადგომით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; სამედიცინო მომსახურებით. ამდენად, ბრალდებული უზრუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, პირადი ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით, რაც არ გამორიცხავს მის უფლებას, რომ შეიძინოს სხვა დამატებითი ნივთებიც, რაც აუცილებლობას არ წარმოადგენს. თუკი სხვა ნივთების შეძენა სახელმწიფოს ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობით არის გამოწვეული, აღნიშნული წარმოშობს ზიანის მოთხოვნას, თუმცაღა არა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ, ვინაიდან მსჯავრდებული უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი საშუალებით, რაც მისი ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ღირსეული პირობების შექმნასთან არის დაკავშირებული, სხვა დამატებითი არააუცილებლი ხარჯების გაწევა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრები ფაქტობრივ-სამართლებრივად დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღურებაზე კანონიერია და უნდა დარჩეს ძალაში.

 

6. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის და ან---------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე : გიორგი გოგიაშვილი