განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100119002935730
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002935730

საქმე № 1ბ/1569 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული – კ---- გ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–------------–---–---------–---------------------–--------------------–--------------–---–--------–--

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

განაჩენის მიხედვით:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სასჯელი:

დანაშაულთა ერთობლიობით, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ---- გ-----–---–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნის ნაწილში განაჩენი არის ზედმეტად მკაცრი, რადგან მას არ გააჩია პასუსმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, არ არის ნასამართლევი.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-------------–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, კ---- გ-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულების ჩადენისთვის დამნაშავედ ცნობა და ჩადენილი დანაშაულისთვის ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა. საჩივარში მითითებულია, რომ ბრალდების მხარისთვის გაუგებარია თუ რატომ არ გაითვალისწინა სასამართლომ მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის მიმართ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და მხარეების მიერ პრეიუდიციულად ცნობილი და ასევე სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა კ---- გ-----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 1511 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმდებაში. კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე კ---- გ-----–---–ის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენება, ასევე წერილობითი მტკიცებულებები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ფოტოსურათები რომელთა ერთობლიობამაც უტყუარად დაადასტურა მსჯავრდებულის ბრალეულობა. აპელანტს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვა კ---- გ-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულების ჩადენისთვის და სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შესაგებელი.

 

წარდგენილი ბრალდება:

კ---- გ-----–---–ს წარდეგინა ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ, მასში, რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 4 მარტს, ღამის 00:45 საათიდან 01:30 საათის შუალედში, თ---–--–-----------------–-------------–---------------------–ი‘‘, კ---- გ-----–---–მა მ------ ც--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კ---- გ-----–---–მა თავი ჩაარტყა მ------ ც--------ს ცხვირის არეში, რა დროსაც მ------ ც--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (დაუზიანდა ცხვირი).

 

მასვე, წარდეგინა ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ, მასში, რომ მან ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის აგვისტოს თვიდან კ---- გ-----–---–სა და მ------ ც--------ს ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა, რის საფუძველზეც 2017 წლის შემოდგომიდან კ---- გ-----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო მ------ ც--------სთვის სისტემატიური შეურაცხყოფა და მუქარა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნული ფაქტის გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.

 

2019 წლის 4 მარტს, კ---- გ-----–---–მა, მას შემდეგ, რაც, თ---–--–------------------–--------------–----------------------–---- მ------ ც--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის‘‘ საშუალებით, მ------ ც--------ს მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, ,,შეასრულებდა თითოეულ დანაპირებს‘‘ და ვინაიდან მ------ ც--------ს კ---- გ-----–---–ი არაერთხელ დამუქრებია, როგორც სიცოცხლის მოსპობით, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მასვე, წარედეგინა ბრალდება დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით. კერძოდ, მასში, რომ მან ჩაიდინა ადევნება, ე.ი. პირადად პირის უკანონო თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის გამოყენების და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის აგვისტოს თვიდან კ---- გ-----–---–სა და მ------ ც--------ს აკავშირებთ ახლო მეგობრული ურთიერთობა, რის საფუძელზეც, 2017 წლის შემოდგომიდან კ---- გ-----–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, დაიწყო მ------ ც--------ს სისტემატური შეურაცხყოფა და მუქარა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით. აღნიშნულის ფაქტის გამო ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, დაშორებიდან დღემდე კ---- გ-----–---–ი აგრძელებს სისტემატურად მ------ ც--------ს თვალთვალს, ასევე, ცდილობს სატელეფონო და სოციალური ქსელებით მასთან არასასურველ კონტაქტს, რის გამოც მ------ ც--------მ 2017 წლიდან 2019 წლამდე რამდენჯერმე გამოიცვალა მობილური ტელეფონის ნომერი, გააუქმა ყველა სოციალური ქსელი. გარდა ამისა, რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი, იმ მიზნით, რომ კ---- გ-----–---–ი აღარ მისულიყო მასთან სახლში და არ განეხორციელებინა, როგორც მუქარა, ასევე, ძალადობა, ფსიქიკური ზემოქმედება არ მოეხდინა მის მცირეწლოვან შვილებზე. ასევე, მ------ ც-------- 2019 წლიდან, ვინაიდან განიცდის ფსიქიკურ ტანჯვასა და აქვს შიში, ვერ გამოდის სახლიდან გარეთ და მნიშვნელოვნად შეიცვალა ცხოვრების წესი.

 

სასამართლომ დაადგინა:

კ---- გ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. კ---- გ-----–---–მა ასევე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის აგვისტოს თვიდან კ---- გ-----–---–სა და მ------ ც--------ს ჩამოუყალიბდათ ახლო მეგობრული ურთიერთობა. ამავე წლის შემოდგომიდან კ---- გ-----–---–ი მ------ ც--------ს მიმართ ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და მუქარას, კერძოდ, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც ისინი პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს.

2019 წლის 4 მარტს, ღამის 00:45 საათიდან 01:30 საათამდე შუალედში, თ---–--–----------------–-------------–---------------------–---, კ---- გ-----–---–მა მ------ ც--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, კ---- გ-----–---–მა თავი ჩაარტყა მ------ ც--------ს ცხვირის არეში, რა დროსაც მ------ ც--------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

იმავე დღეს, კ---- გ-----–---–მა, მას შემდეგ, რაც, თ---–--–----------------–-------------–---------------------–---, მ------ ც--------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის‘‘ საშუალებით, მ------ ც--------ს მიმართ განახორციელა მუქარა. კერძოდ, თავის გვერდზე დაწერა, რომ შეასრულებდა თითოეულ დანაპირებს, და ვინაიდან მ------ ც--------ს კ---- გ-----–---–ი არაერთხელ დამუქრებია, როგორც სიცოცხლის მოსპობით, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანებით, მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, ხოლო მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის მიერ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კ---- გ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

კ---- გ-----–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენება არ მიუცია, თუმცა მან თავი დამნაშავედ ცნო მ------ ც--------ს მიმართ ძალადობის ჩადენაში და წუხილი გამოთქვა მომხდარზე, ასევე აღიარა მ------ ც--------ს მიმართ მის მიერ განხორციელებული მუქარის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

დაზარალებულ მ------ ც--------ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ კ---- გ-----–---–თან ახლო ურთიერთობის დაწყებიდან ორ თვეში დაეძაბათ ურთიერთობა, ვინაიდან კ----ს უნდოდა, რომ მისი ზეგავლენის ქვეშ ყოფილიყო, რის გამოც მეგობრებთანაც იშვიათად დადიოდა. პირველად მეგობრის ბავშვის დატოვებასთან დაკავშირებით მოუვიდათ კონფლიქტი, ხელითაც შეეხო, სახეში გაარტყა. რამდენიმე დღე აღარ ეკონტაქტებოდა. კ---- ურეკავდა, აგინებდა, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა და სიცოცხლეს მოუსპობდა. შემდეგ მასთან მივიდა სახლში და შერიგდნენ, მაგრამ იგივე გრძელდებოდა. ამის გამო მიმართა პოლიციას, რის შედეგადაც კ---- გ-----–---–ს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ამ პერიოდში მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა, რადგან კ---- ფსიქოლოგიურად მოქმედებდა მასზე, მაგრამ ის მაინც უკავშირდებოდა დედის ტელეფონზე, აგინებდა და ემუქრებოდა. 2018 წლის 13 იანვარს გერმანიაში გაემგზავრა, კ---- იქაც ეკონტაქტებოდა და პატიებას სთხოვდა. 2018 წლის 1 თებერვალს, გერმანიიდან ჩამოსული, კ----სთან მივიდა სახლში, რადგან უყვარდა და შერიგება უნდოდა. შემდეგ კვლავ დაიძაბა ურთიერთობა, ისევ გაწყვიტა მასთან კონტაქტი. მაშინ სამტრედიის ქუჩაზე ცხოვრობდა, ამჟამად მისამართი შეცვლილი აქვს, რადგან კ---- სახლთან მიდიოდა და მოსვენებას არ აძლევდა, რაც, არ უნდოდა, ბავშვებს ენახათ. ტელეფონის ნომერიც 4-ჯერ შეიცვალა შიშის გამო, რადგან კ---- სულ ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, სოციალური ქსელითაც არ სარგებლობდა. კ----ს მისი სახელით ჰქონდა გახსნილი ფეისბუქგვერდი, დამატებული ჰყავდა მისი მეგობრები და წერდა მათ, აინტერესებდა, ვისთან ურთიერთობდა, ასევე, მისი სახელით აქვეყნებდა სურათებს და პოსტებს. ბიძამისი - გ--- ც-------- დაელაპარაკა კ----ს და სთხოვა, წესიერად მოქცეულიყო, რაც მან არ გაითვალისწინა. 2018 წლის 10 მაისს მივიდა მის საცხოვრებელ სახლთან ლანძღვა-გინებით, რასაც ბიძამისი შეესწრო და კ---- დაჭრა. შემდეგ კონტაქტი არ ჰქონიათ, მაგრამ კ---- ფეისბუქით წერდა მის მიმართ მუქარის წერილებს. ამის შემდეგ კ----სთან სახლში მივიდა, მამამისს - ვ------- გ-----–---–ს ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო. ვინაიდან კ----სთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მამამ სთხოვა, არ დაეტოვებინა და ხშირად მისულიყო მასთან. ამ ამბის შესახებ ოჯახმა არაფერი იცოდა. მასთან სახლში არ ცხოვრობდა, მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ ხვდებოდნენ, სახლში მიდიოდა, ჰქონდათ მიწერ-მოწერა. ასე გაგრძელდა აგვისტოს შუა რიცხვებამდე, მაგრამ შემდეგ კ----მ ისევ დაიწყო აგრესიის გამოვლენა. 26 აგვისტოს, როდესაც ბათუმიდან ჩამოვიდა, კ---- კი გურიიდან, სახლში მიაკითხა და თავისთან წაიყვანა, დედამისს უთხრა, რომ შერიგებული იყვნენ. 2019 წლის 3 მარტს იმყოფებოდა ბარში მეგობრის - თ-------------–---ს ნიშნობაზე. ტერასაზე სურათების გადასაღებად გასულმა დაინახა კ---- გ-----–---–ი, რომელიც უსიტყვოდ მივიდა მასთან და თავისა და ცხვირის არეში ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც განიცადა ფიზიკური ტკივილი და წამოუვიდა სისხლი. აღნიშნულის შემდეგ ის შიგნით შევარდა, კ---- კი გაიქცა. კ---- გ-----–---–სა და ბიძამისს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ გარკვეული პერიოდი კ---- გ-----–---–თან კონტაქტი არ ჰქონია, მაგრამ კ---- ფეისბუქით წერდა მუქარის წერილებს, ემუქრებოდა, რომ დაასახიჩრებდა, მჟავას შეასხამდა, მოუკლავდა დედას, ბიძაზე იძიებდა შურს, თუმცა ყოველივე ამის შემდგომ ის სახლში მივიდა კ----სთან, შეურიგდა მას და გააგრძელეს ურთიერთობა, შემდეგ ისევ დაშორდნენ. 2019 წლის 4 მარტამდე, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, ლისის ტბაზე ნახა კ----, სადაც ის ისევ ემუქრებოდა. მეგობრის ნიშნობაზე მომხდარი ძალადობის შემდეგ კ---- გ-----–---–მა ,,ფეისბუქზე" პოსტი დაწერა, რომ რასაც დაჰპირდა, შეუსრულებდა. ამ ყველაფერმა იმოქმედა, მუქარა რეალურად აღიქვა, შეეშინდა და 4 მარტს პოლიციას მიმართა. მანამდე პოლიციისთვის არ მიუმართავს, რადგან უყვარდა კ---- გ-----–---–ი და ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ გამოსწორდებოდა.

დაზარალებულის განმარტებით, კ---- გ-----–---–თან კონტაქტი იძულებით ჰქონდა, რადგან ემუქრებოდა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძამისს გააგებინებდა, მასთან რომ იყო. ბოლოს კ---- სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ნახა, ლისის ტბაზე, სადაც ისევ ემუქრებოდა.

ანალოგიური ინფორმაციის შემცველია მ------ ც--------ს 2019 წლის 4 მარტით დათარიღებული განცხადება, რაც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი.

დაზარალებულის დედის - მოწმე მ------ ნ------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კ---- გ-----–---–თან ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ მისი შვილი კ----ს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ჰყავდა. მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და მ------ს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა. მ------ი არ გადიოდა, ტელეფონზე არ პასუხობდა, რის გამოც კ---- მასთან რეკავდა და ეუბნებოდა, თუ ტელეფონს არ გადასცემდა, მ------ს ყელს გამოჭრიდა. დამშვიდებას სთხოვდა, კ----ს ოჯახის წევრებსაც ესაუბრა, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. ასეთი ქმედებების შედეგად პოლიციასაც მიმართეს და შემაკავებელი ორდერი გამოწერეს. ერთ დღეს, როდესაც კ---- ეზოში ილანძღებოდა, მ------ის ბიძა იყო სახლში, გავიდა და კ---- ბარძაყის არეში დაჭრა. ამჟამად სხვა მისამართზე ცხოვრობენ, იძულებული გახდნენ, ორი პატარა ბავშვით საცხოვრებლად სხვაგან გადასულიყვნენ. მისამართი შეიცვალეს 12 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც მ------ის ბიძამ კ---- დაჭრა. მ------ი თავს დამნაშავედ თვლიდა კ----ს წინაშე და შეურიგდა, მაგრამ შიში ჰქონდა, რადგან ის ემუქრებოდა, თან ეუბნებოდა, დედაშენს გამოვჭრი ყელსო, ბიძაშენს მამაშენის საფლავს დავაკლავო. ამშვიდებდა შვილს, რომ არ უნდა შეშინებოდა, რადგან შიშს რომ გრძნობდა, კ---- უარესს აკეთებდა. მოწმის განმარტებით, მ------ი ტელეფონს ძალიან ხშირად იცვლიდა. 2019 წლის 3,4 მარტის ღამეს მ------ი მეგობრის ნიშნობიდან დაბრუნდა აბსოლუტურად განადგურებული, ცხვირზე კოპი ჰქონდა, შეშუპებული ჰქონდა სახე და გულის რევის შეგრძნება ჰქონდა. უამბო, რომ კ---- დახვდა და სახის არეში თავი ჩაარტყა. დილას, როდესაც ბავშვები საბავშვო ბაღში წაიყვანეს, პოლიციას მიმართეს, რადგან არ უნდოდათ, მომხდარი ბავშვებს გაეგოთ. მ------ს ყოველთვის ჰქონდა კ----ს შიში, რადგან ემუქრებოდა - დედაშენს გამოვჭრი ყელს, ბიძაშენს დავაკლავ მამაშენის საფლავსო და ა.შ. შვილს ამხნევებდა და ეუბნებოდა, კ---- შეშინებულს რომ ხედავდა, უარესს აკეთებდა, მაგრამ მ------მა ვერ აჯობა თავს.

2017 წლის 13 დეკემბრის შემაკავებელი ორდერით #------ და ორდერის ოქმით დადგენილია, რომ კ---- გ-----–---–ს, შეყვარებულის - მ------ ც--------ს მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, 30 დღით აეკრძალა მ------ ც--------სთან მიახლოება.

მოწმე ს-------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან დაადასტურა განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მ------ ც--------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის, მუქარის და ადევნების ფაქტზე კ---- გ-----–---–ის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიღება.

მოწმეებმა დ---------–------–-–---–-------–--–----------–---–-- დაადასტურეს კ---- გ-----–---–ის დაკავება მისსავე საცხოვრებელ სახლში.

დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოწმე თ-------------–---ს გამოკითხვის ოქმი, ასევე, დაცვამ უდავოდ მიიჩნია გამომძიებლების - ქ---------------------------–--------------------–----------–--------ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მ------ ც--------ს მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში არასადავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სოციალური ქსელ ,,facebook-ის‘‘ ამონაწერით დადგენილია, რომ ინტერნეტმომხმარებელი ,,K--------------“ წერს მუქარის შემცველ სტატუსს. ინტერნეტმომხმარებელ ,,T----------ს“ ემოციის გამომხატველი ნიშნის საპასუხოდ კ---- გ-----–---–ი წერს: ,,.. მრცხვენია, დღეს რაც გავაკეთე, მაგრამ დაპირებული ვიყავი და იცოდა ყველაფერი...‘‘. ინტერნეტმომხმარებელი ,,K--------------“ წერს მუქარის შემცველ სტატუსს, რომ თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, ნახოს. ასევე, წერს შემდეგი შინაარსის ტექსტებს: ,,თითოეულ დანაპირებს აგიხდენ, სანამ ცოცხალი ვარ‘‘; ,,ბიძის დროც მოვა‘‘; ,,ყველა სიტყვას ავუსრულებ, მაპატიოს ყველამ‘‘.

 

მოწმე თ-------------–---ს გამოკითხვის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ ბარში, თავისი ნიშნობის ღამეს, მ------ ც--------სთან ერთად ჩავიდა ეზოში, რა დროსაც გამოჩნდა კ---- გ-----–---–ი, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მ------ს და თავი დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირზე. დარტყმის შედეგად მ------ს ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა და მას ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. მოწმე გამოკითხვის ოქმში ასევე ადასტურებს კ---- გ-----–---–ის მხრიდან მ------ ც--------ს მიმართ ადრე განხორციელებული მუქარის და შევიწროების ფაქტს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მარტს მ------ ც--------ს პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება ცხვირის ზურგზე, სისხლნაჟღენთის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

ასევე, პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა ბრალდების მხარის მიერ უდავოდ ცნობილ დაცვის მტკიცებულებებს, მოწმეების: ლ------ მ-------–-–---–ისა და ქ---- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს. გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ მ------ ც--------მ და კ---- გ-----–---–მა ერთმანეთი გაიცნეს გურიაში 2017 წლის ზაფხულში. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ და რიგდებოდნენ. კონფლიქტის ინიციატორი ხან ერთი იყო, ხან - მეორე. მ------ი ხშირად დადიოდა გ-----–---–ებთან. 2017 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში იჩხუბეს, მაგრამ 22 სექტემბერს კ----ს დაბადების დღეზე მ------ი, საკუთარი ინიციატივით, ტორტით მივიდა მის სახლში. მათ ჩხუბებსა და შერიგებაზე მეგობრებს ეცინებოდათ. მ------ი თავისიანებს უმალავდა კ----სთან ურთიერთობას. 2018 წლის ახალ წელს მ------ი მივიდა ქ---- ხ--–-–---–ის დაბადების დღეზე, სადაც კ----ც იმყოფებოდა და გააგრძელა კ----სთან ურთიერთობა. მათ ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ მ------ის გერმანიაში წასვლის შემდეგაც, შეტყობინებებით კონტაქტობდნენ. გამოკითხვის ოქმში ქ---- ხ--–-–---–ი, ასევე, განმარტავს, რომ გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ მ------მა კ----ს მამას სთხოვა, არაფერი ეთქვა კ----სთვის, რადგან სიურპრიზის გაკეთება უნდოდა და მასთან სახლში მოულოდნელად მივიდა. შედეგად, მათ განაგრძეს ურთიერთობა, თუმცა ისევ კონფლიქტებით. როგორც ქ---- ხ--–-–---–ის, ისე - ლ------ მ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ------ს კ----ს გამო ცხოვრების წესი არ შეუცვლია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი და არ დასტურდება კ---- გ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა .

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ კ---- გ-----–---–მა ჩაიდინა მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით. მანვე, ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტებს კ---- გ-----–---–ის საქართველოს სსკ-ის 1511 უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა კ---- გ-----–---–ის მიერ მ------ ც--------ს მიმართ ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულისა და დაზარალებულის ურთიერთობას თან სდევდა ხშირი დაშორება და შერიგება, რასაც ადასტურებს მ------ ც--------სა და მ------ ნ------–---–ის ჩვენებები. მართალია, დაზარალებულმა მათი ეს მდგომარეობა დაუკავშირა კ---- გ-----–---–ის მხრიდან მომდინარე შიშის ფაქტორს, თუმცა ზემოაღნიშნულს პალატა ვერ შეაფასებს ვინაიდან დაზარალებულმა მ------ ც--------მ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თავად განაცხადა, რომ უყვარდა და უნდოდა კ---- გ-----–---–თან ურთიერთობა. აღნიშნულის დასტურია მის მიერ გაცხადებული ფაქტი, რომ მას გერმანიაში წასვლამდე უთანხმოება ჰქონდა კ----სთან, მიუხედავად ამისა, გერმანიაში ყოფნის პერიოდში ისინი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს და 2018 წლის 1 თებერვალს, იქიდან ჩამოსული, თავად მივიდა სახლში კ---- გ-----–---–თან. მართალია, შემდგომში მათ კვლავ დაეძაბათ ურთიერთობა, რასაც მოჰყვა ინციდენტი დაზარალებულის ბიძასა და მსჯავრდებულს შორის, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაჭრა მ------ ც--------ს ბიძამ, თუმცა ამის შემდგომ მ------ ც--------, ისევ საკუთარი ინიციატივით, მივიდა კ---- გ-----–---–თან სახლში, რადგან, დაზარალებულის განმარტებით, ის თავს დამნაშავედ გრძნობდა კ----ს დაჭრაში, და შეურიგდა მას, რის შემდგომაც მათ შორის ურთიერთობა კვლავ გაგრძელდა, მ------ ც--------ს დედის და ბიძის მალულად. როგორც დაზარალებულმა თავის ჩვენებაში განმარტა, ისინი ყოველკვირა ხვდებოდნენ ერთმანეთს, ხან კვირაში ორჯერაც. ამდენად, დაზარალებულსა და კ---- გ-----–---–ს შორის არსებული, ზემოთ აღწერილი ურთიერთობა არ ქმნის ადევნების ნაწილში ბრალდების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველს. როგორც დაზარალებულმა, ისე, მოწმე მ------ ნ------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას განაცხადეს, რომ მათ საცხოვრებელი ბინა შეიცვალეს მ------ ც--------ს ბიძასა და კ---- გ-----–---–ს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2018 წლის 10 მაისს, თუმცა მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს განსხვავებული ჩვენებები მისცეს ბინის შეცვლის თარიღთან დაკავშირებით, კერძოდ, დაზარალებულ მ------ ც--------ს განმარტებით, მათ საცხოვრებელი ბინა შეიცვალეს 2019 წლის 12 იანვარს, ხოლო დედამისის - მ------ ნ------–---–ის განმარტებით, ისინი სხვა ბინაში საცხოვრებლად გადავიდნენ 2018 წლის ოქტომბერში. მართალია, როგორც დაზარალებულმა, ასევე, დედამისმა პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტეს, რომ ბინის შეცვლა განაპირობა კ---- გ-----–---–ის ქმედებებმა, თუმცა სააპელაციო პალატა ცალსახად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტს, მით უფრო, იმ პერიოდში, როდესაც კ---- გ-----–---–ის დაჭრის შემდეგ დაზარალებული საკუთარი ინიციატივით მიდის მასთან ბინაში და შემდგომ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი აგრძელებენ შეხვედრებს და ურთიერთობას. მნიშვნელოვანია, რომ დაზარალებული თავის ახლობლებს უმალავდა კ---- გ-----–---–თან ურთიერთობას. ასევე, უტყუარად არ არის დადასტურებული, რომ დაზარალებულმა მობილური ტელეფონის ნომერი რამდენჯერმე გამოცვალა კ---- გ-----–---–ის გამო. დაზარალებულის განმარტებით, კ----მ გერმანიაშიც კი მოახერხა მასთან დაკავშირება და, შესაბამისად, მისგან დამალვის მიზნით, ტელეფონის ნომრის, მისივე განმარტებით, მინიმუმ 4-ჯერ შეცვლა დამაჯერებლობას მოკლებულია (როდესაც კ---- გ-----–---–ი ყოველ ჯერზე ახერხებდა მასთან დაკავშირებას). ამავდროულად, გარდა ზეპირსიტყვიერი განცხადებებისა, საქმეში არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია, თუ ზუსტად როდის და რამდენჯერ მოხდა დაზარალებულის მხრიდან მობილური ტელეფონის ნომრების შეცვლა.

ამასთან, მნიშვნელოვანია დაცვის მოწმის - ქ---- ხ--–-–---–ის მიერ გამოკითხვის ოქმში გადმოცემული ინფორმაცია (რომელიც უდავო მტკიცებულებას წარმოდგენს), რომ მ------ ც-------- ორჯერ საკუთარი ინიციატივით შეურიგდა კ---- გ-----–---–ს. შესაბამისად, ბრალდების მხრიდან იმ საკითხზე აქცენტის დასმა, რომ მ------ ც-------- მუქარის გავლენით ხვდებოდა კ---- გ-----–---–ს, არარელევანტურია. საყურადღებოა, რომ, როგორც მოწმე ქ---- ხ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმში, ასევე, დაცვის მოწმის - ლ------ მ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმში მითითებულია, რომ მ------ს კ----ს გულისთვის ცხოვრების წესი და საცხოვრებელი სახლი არ შეუცვლია. მითითებული გამოკითხვის ოქმები კი ბრალდების მხარის მიერ უდავოდაა მიჩნეული.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის დასადასტურებლად პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებებზე, თითქოს, დაზარალებულმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი და, შიშის გამო, ვერ გამოდის სახლიდან. აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის, თავად დაზარალებულისა და დედამისის ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, მათ მხოლოდ ერთხელ შეიცვალეს საცხოვრებელი ბინა. რაც შეეხება შიშის გამო სახლიდან გაუსვლელობას, აშკარა წინააღმდეგობაშია თავად ბრალდების შესახებ დადგენილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან და კ---- გ-----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან, რომლის მიხედვითაც, კ---- გ-----–---–მა მ------ ც--------ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2019 წლის 4 მარტს, თ---–--–----------------–-------------–---------------------–---. 2017 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილ შემაკავებელ ორდერთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ მასში მითითებული საფუძველი - სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ წარმოადგენს ადევნების შემადგენელ ნაწილს, სხვა რაიმე ინფორმაცია კი კ---- გ-----–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ უმართლო ქცევასთან დაკავშირებით არც ორდერით და არც ორდერის ოქმით არ იკვეთება.

კ---- გ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ადევნების ეპიზოდი მოიცავს 2017 წლიდან 2019 წლამდე პერიოდს. ამ პერიოდში დაზარალებულის ოჯახის მხრიდან საცხოვრებლი ბინის ერთჯერადად შეცვლა ცალსახად ვერ იქნება განხილული ადევნებასთან მიმართებაში კ---- გ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, რამდენადაც სახეზე არ არის მ------ ც--------ს მიმართ მისი ნების საწინააღმდეგო კომუნიკაციის დამყარებისა და მისი მხრიდან ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის მამტკიცებელ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

პალატა განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია: პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, კერძოდ, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ დანაშაულის ამ ეპიზოდთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე, უდავოდ ცნობილი დაცვის მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება კ---- გ-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ კ---- გ-----–---–მა ჩაიდინა მ------ ც--------ს მიმართ ადევნება, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ კ---- გ-----–---–მა განახორციელა ადევნება მ------ ც--------ს მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა კ---- გ-----–---–ის მიერ მ------ ც--------ს მიმართ ადევნების ჩადენის დამნაშავეობაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

პალატა ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო ადეკვატური და სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, ასევე არ იზიარებს მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარს მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას, სხვა გარემოებებთან ერთად, საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ კ---- გ-----–---–ის დაზარალებულის მიმართ განხორციელებულია მუქარა და ფიზიკური ძალადობა რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის სააპელაციო მოთხოვნას, მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ ის არ არის ნასამართლევი, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, აგრეთვე, აღნიშნული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც, გათვალისწინა, რომ კ---- გ-----–---–ის მიერ ჩადენილია ორი დამოუკიდებელი განზრახი დანაშაული, პირველი - მოქმედება, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკვილი, ხოლო მეორემ მას დაურღვია სიმშვიდე და ფსიქიკური ხელშუხებლობა და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, არ არის ნასამართლევი და ამ გარემოებებს, მოცემულ შემთხვევაში ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალების მიხედვით კ---- გ-----–---–ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ არაერთხელ მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების მიუხედავად, მხოლოდ ბოლო ფაქტის დროს გადაწყვიტა დაზარალებულმა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებაზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ისთვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. კ---- გ-----–---–ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს, სასჯელის შემსუბუქება იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი ძალადობრივი დანაშაული. პალატას მიაჩნია, რომ კ---- გ-----–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. ამასთან, გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ კ---- გ-----–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება, ან შემსუბუქება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის და მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-------------–ის და მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 აგვისტოს განაჩენი კ---- გ-----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

კ---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ- ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

კ---- გ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1- ლი ნაწილითა და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი და კ---- გ-----–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 5 მარტიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ კ---- გ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი