განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2019
საქმის ნომერი
330100119002899921
ინსტანცია
თარიღი
01.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002899921

საქმე №1ბ/1421-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ე--------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვ-----–-------–---–-- (დაბადებული 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: ჩხ------–------------–------------------------------–-----ში და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თ---–------------–---–-------------ში);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგოს მისაკუთრებისთვის);

 

სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ვ-----–-------–---–-- საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის ცნობილ იქნა დამნაშავედ 2010 წლის 15 აპრილის და 2015 წლის 21 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილი განაჩენებით.

 

2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე, ვ-----–-------–---–--მ უკანონოდ შეაღწია რ--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ-------–------------------------------------–---------------------------ში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად სცადა ამ უკანასკნელის 50 ლარად ღირებული საათის დაუფლებას. დანაშაული ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი, ვინაიდან იგი შემჩნეულ იქნა საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები პირების მიერ.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენით: ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის N02/18/ზ-113 გადაწყვეტილება ვ-----–-------–---–--ს 1 თვით და 7 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 7 თვისა და 7 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 6 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ-----–-------–---–--მ და ითხოვა მისი შეცვლა.

 

მეორე მხარემ - თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე--------მ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, ვინაიდან იგი არის უდანაშაულო, დაკავების მომენტიდან უხეშად დაირღვა მისი უფლებები, რადგან ადგილი ჰქონდა მის მიმართ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას პოლიციის მხრიდან, რამაც გამოიწვია როგორც ფიზიკური ტკივილი, ასევე ფსიქოლოგიური ტრავმა. გამოძიება თავიდანვე წარიმართა უამრავი დარღვევით, რაც გამოვლინდა სასამართლოშიც. დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები შეიცავს ბევრ უზუსტობას და არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ისინი ცრუობენ. ასევე დარღვეულია ნივთმტკიცებად მიჩნეულ ნივთებზე დალუქვის წესი და პლომბები, რაც აჩენს ეჭვს მათ ავთენტიკურობასთან მიმართებით.

 

მეორე მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.

 

დაზარალებულმა რ--------------–---–მა განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, მეუღლესთან - ნ-----–-----------–--ესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა თ---–--–----------------------------------–----------–-------------------------------–------------ში. ოჯახის წევრების გარდა, ბინაში, ასევე იმყოფებოდა ხელოსანი, რომელიც აივანზე საქმიანობდა. ბურღის ხმას რომ არ შეეწუხებინა, დაზარალებული საძინებელ ოთახში იმყოფებოდა ბავშვთან ერთად; მისი მეუღლე - ნ-----–-----------–--ე საჭიროებიდან გამომდინარე ხშირად გადიოდა სახლიდან და მალევე შემოდიოდა. დაზარალებულის განმარტებით, დაახლოებით შუადღის საათებში, მეუღლემ ბავშვის საჭმელი მიუტანა, მალევე გავიდა ოთახიდან და კარი მიიკეტა. დაახლოებით ორ წუთში დაზარალებულმა გაიგონა ნ-----–-----------–--ის ყვირილის ხმა, რაზეც ოთახიდან გავიდა და დაინახა, რომ მის მეუღლეს დაკავებული ჰყავდა ბრალდებული და უყვიროდა „აქ რა გინდაო“. აღნიშნული პიროვნება აცხადებდა, რომ „დაბოლილი“ იყო, ბინა შეეშალა და ნ-----–-----------–--ეს სთხოვდა გაშვებას. ნ-----–-----------–--ემ აივანზე გაიყვანა ბრალდებული, ჯიბეები გაუსინჯა გარედან და სთხოვა მას, პოლიციაში დაერეკა. დაზარალებულმა მაშინვე დარეკა პოლიციაში. პოლიციელები ძალიან სწრაფად გამოცხადდნენ ბინაში. ბრალდებული შეიყვანეს მისაღებ ოთახში და გამოკითხეს, რის შემდეგ გაჩხრიკეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ფაქტს იგი არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ ვ-----–-------–---–--ს ქურთუკიდან ამოუღეს მისი კუთვნილი მაჯის საათი. დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ შემოსასვლელში ქურთუკები იყო გადმოყრილი და ნოუთბუქს ადგილი ჰქონდა შეცვლილი. ვ-----–-------–---–--ს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. საათი, რომელიც ბრალებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს, დაზარალებულს ეკუთვნის, გამოწერილია „ამაზონიდან“ 300 ლარის ექვივალენტი აშშ დოლარში.

 

მოწმე ნ-----–-----------–--ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს თბილისში, დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, პირველი კორპუსი, ბინა 16-ში მეუღლესთან და შვილთან ერთად. 2019 წლის 10 თებერვალს, სახლში იმყოფებოდა. აივანზე ხელოსანი საქმიანობდა, რის გამოც ხშირად გადიოდა ბინიდან მასალების შესაძენად. მეუღლე მცირეწლოვან შვილთან ერთად საძინებელ ოთახში იმყოფებოდა. დაახლოებით შუა დღის საათებში, ნ-----–-----------–--ემ ბავშვის საჭმელი ამოიტანა მაღაზიიდან, მეუღლეს გადასცა და გამობრუნებულმა ბინის შესასვლელში დაინახა დაბნეული ბრალდებული; შეაკავა იგი და აივნისკენ წაიყვანა. ვ-----–-------–---–-- ბოდიშს იხდიდა და გაშვებას სთხოვდა, ამბობდა, რომ ბინა შეეშალა. მოწმემ ბრალდებულს ჯიბეები გარედან გაუსინჯა (დანა ან იარაღი ხომ არ ჰქონდა) და მეუღლეს სთხოვა, პოლიციაში დაერეკა. პოლიციის თანამშრომლები ძალიან სწრაფად გამოცხადნენ ბინაში, ბრალდებული მისაღებ ოთახში შეიყვანეს და გამოკითხეს. აღნიშნულის შემდეგ მათ გაჩხრიკეს ვ-----–-------–---–-- და ქურთუკის ჯიბიდან ამოუღეს ნ-----–-----------–--ის მეუღლის კუთვნილი მაჯის საათი. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ბრალდებულს დაადეს ბორკილები და წაიყვანეს. ვ-----–-------–---–--ს მიმართ ფიზიკურ ზემოქმედებას ან ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. ნ-----–-----------–--ესთან ერთად ბრალდებულის პირად ჩხრეკას ხ--–--------------ც (გვარი არ ახსოვს) დაესწრო. პოლიციელებმა შეადგინეს შესაბამისი ოქმი, დალუქეს ნივთმტკიცება და მოაწერეს ხელი. გარდა მაჯის საათისა, ბრალდებულისგან ასევე ამოღებულ იქნა ვ-----–-------–---–--ს კუთვნილი მობილური ტელეფონი და საფულე. მოწმის განმარტებით, ბრალდებული ბინის შესასვლელთან შეამჩნია; კარი შიგნიდან იღება და იგი გაქცევას ვერ მოასწრებდა. მოწმემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ ბრალდებულს ჰკითხა, დაახლეობით ერთი თვის წინ მისი ბინის გაქურდვაში ხომ არ მონაწილეობდა. ბრალდებულის თქმით, იგი ვარკეთილში ცხოვრობდა, დიღმის მასივში შემთხვევით მოხვდა და ბინა შეეშლა. ბინის შესასვლელში ბნელოდა, თუმცა მოწმემ გარკვევით დაინახა ძირს დაყრილი ქურთუკები. ბრალდებულს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მხოლოდ აივანზე გაყვანისას, ერთ მომენტში სცადა ხელიდან დასხლტომა, თუმცა გაქცევა ვერ შეძლო. მოწმე დარწმუნებულია, რომ პირადი ჩხრეკისას ბრალდებულს ქურთუკი ტანთ ეცვა.

 

მოწმე მ--------------–---მ განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, თ---–--–-----------------–-----------------–----------–----------------------ში ვ-----–-------–---–--ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ფაქტები. იგი აივანზე იმყოფებოდა, როდესაც დაინახა, რომ ბინის მეპატრონეს - ნ-----–-----------–--ეს მოჰყავდა უცხო პიროვნება, რომელსაც ეკითხებოდა, თუ რა მიზნით იმყოფებოდა მის ბინაში. ბრალდებული ამბობდა, რომ „მოწეულში“ იყო და არ იცოდა, სად იმყოფებოდა. ოჯახის წევრებმა დაურეკეს პოლიციას, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ. ისინი გაესაუბრნენ ბრალდებულს და დაუწყეს შემოწმება. მოწმემ დაადასტურა, რომ ბრალდებულს პირადი ჩხრეკისას ამოუღეს მაჯის საათი, თუმცა ვერ გაიხსენა, სად ედო აღნიშნული ნივთი ვ-----–-------–---–--ს. მოწმემ ასევე დაზუსტებით ვერ მიუთითა, თუ სად მოაწერა ხელი ნივთიერი მტკიცებულების დალუქვის ოქმს, თუმცა დაადასტურა, რომ ამოღებული საათი მის თვალწინ დაილუქა. მოწმე ვ-----–-------–---–--ს არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. როდესაც ნ-----–-----------–--ემ აივანზე გაიყვანა ბრალდებული, მას ქურთუკი არ ეცვა; როდის ჩაიცვა ქურთუკი ვ-----–-------–---–--მ, მოწმისთვის უცნობია. ბრალდებული აცხადებდა, რომ ამოღებული მაჯის საათი მისი არ იყო. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი რომ ჰქონოდა, დაინახავდა; მან მხოლოდ მცირედი შენჯღრევა დაინახა.

 

მოწმე გ--------------მ (გამომძიებელი) დაადასტურა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, გამოძახების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ქ-------–--–-----------------–-----------------–--------------------–-----------------------ში, სადაც მოქალაქე ნ-----–-----------–--ეს შეჩერებული ჰყავდა პიროვნება. ბინაში მისვლისას ვ-----–-------–---–-- ტახტზე იჯდა. ოჯახის წევრების განმარტებით, ბრალდებული სავარაუდოდ ბინის გასაქურდად იყო შესული. პოლიციის თანამშრომლები წარუდგნენ ვ-----–-------–---–--ს და გააცნეს დადგენილება ჩხრეკის თაობაზე, რის შემდეგაც მისი ქურთუკის შიდა ჯიბიდან, ბრალდებულის პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს მაჯის საათი. ნ-----–-----------–--ემ ამოიცნო ამოღებული მაჯის საათი და განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთი დაილუქა ადგილზე და შეავსეს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. აღნიშნულის შემდეგ, დააკავეს ვ-----–-------–---–-- და შედგა სათანადო ოქმი, რის შემდეგაც ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პირადი ჩხრეკისას ვ-----–-------–---–--ს ეცვა შავი ქურთუკი, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი. ოქმები შეავსო გამომძიებელმა - გ---------------–--ემ. ნ-----–-----------–--ეს და მ--------------–---ს საშუალება ჰქონდათ ედევნებინათ თვალი პირადი ჩხრეკისთვის. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის ბოლო ორ გვერდზე ხელი არ მოაწერა გაუგებარი მიზეზების გამო. ბრალდებულის მიმართ რამე იძულებას ან ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

 

მოწმე გ---------------–--ემ (გამომძიებელი) დაადასტურა ბრალდებულ ვ-----–-------–---–--ს პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმის სისწორე და განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქ-------–--–---------------------------------–-----------ში, სადაც მოქალაქეს შეჩერებული ჰყავდა ვ-----–-------–---–--. ბინაში კონფლიქტური სიტუაცია დახვდა. ახალგაზრდა გოგონა გაბრაზებული იყო და ბრალდებულისკენ იწევდა. პოლიცილები წარუდგნენ ბრალდებულს და ჰკითხეს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ბინაში, რაზედაც მან დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს წარედგინა დადგენილება პირადი ჩხრეკის თაობაზე. პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული გაჩხრიკეს ბინის მეპატრონის და ხელოსნის თანდასწრებით, რა დროსაც სხვადასხვა პირად ნივთებთან ერთად ამოიღეს მაჯის საათი. ბინის მეპატრონის განცხადებით, მაჯის საათი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. ბრალდებულის მიმართ რაიმე ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის რამდენიმე ფურცელზე მოაწერა ხელი, შემდეგ კალამი დააგდო და ოქმის ბოლო ორ ფურცელზე ხელი არ მოაწერა. აღნიშნულის შემდეგ დააკავეს ვ-----–-------–---–--, შეადგინეს დაკავების ოქმის და ბრალდებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

პირადი ჩხრეკის ოქმის (10.02.2019) თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს, ქ. თბილისის სამმართველოს დიდუბე ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ - გამომძიებელ გ---------------–--ის მიერ, გამომძიებელ გ--------------ს, მოწმეების - ნ-----–-----------–--ისა და მ--------------–---ს მონაწილეობით, გაჩხრეკილ იქნა ვ-----–-------–---–--, რა დროსაც მისი ქურთუკის გარეთა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „ნოკიას“ ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, რგოლზე აცმული ორი ცალი ვერცხლისფერი გასაღები, მცირე ზომის ვერცხლისფერსამაჯურიანი საათი წარწერით - „Casio quartz“, შარვლის წინა პატარა ჯიბიდან - შავი ფერის სანთებელა, ქურთუკის შიდა ჯიბიდან - მოყავისფრო საფულე, მასში მოთავსებული აიდბარათით და მეტრომანის პლასტიკური ბარათით, ერთი ცალი 1 აშშ დოლარიანი კუპიურით და ოცთეთრიანი მონეტა. ვ-----–-------–---–--მ პირადი ჩხრეკის ოქმის ბოლო ორ გვერდზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ნივთმტკიცებად ცნობილი მაჯის საათი, რომლის შეფუთვის ან დალუქვის წესი დარღვეული არ ყოფილა.

 

ნ-----–-----------–--ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმის (10.02.2019) თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს, ქ. თბილისის სამმართველოს დიდუბე ჩუღურეთის შს სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ რ-------------ის მიერ, ექსპერტების - მამუკა ქერაშვილისა და ნათია მარღიშვილის, მოწმე ნ-----–-----------–--ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ-------–------------------------------------–--------------------------ში. დათვალიერებით დადგინდა, რომ ბინის კარი იღება შიგნითა მხარეს, შესასვლელიდან პირდაპირ შედის დერეფანი, მარცხენა მხარეს არის შესასვლელი სამზარეულოს ოთახში, საიდანაც გასასვლელია „ლოჯში“. დერეფნიდან პირდაპირ შესასვლელია მისაღებ ოთახში, რომლის მარჯვენა მხარეს არის ყავისფერი კარი, საიდანაც შესასვლელია საძინებელ ოთახში. მისაღები ოთახიდან შესაძლებელია „ლოჯში“ გადასვლა. ნ-----–-----------–--ის განმარტებით, მისაღებ ოთახში მდებარე მაგიდაზე იდო მისი მეუღლის კუთვნილი მაჯის საათი. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

ნივთის ამოცნობის ოქმის (10.02.2019) მიხედვით, რ--------------–---- მისთვის წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო მარჯვნიდან რიგით პირველი და მარცხნიდან რიგით მესამე საათი და განაცხადა, რომ აღნიშნული საათი არის მისი საკუთრება, რომელიც მიმდინარე წლის 10 თებერვალს აღმოაჩინა, რომ მოპარული იყო მისი სახლიდან.

 

საქართველოს შს სამინსიტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქონელმცოდენობითი ექსპერტის N----- (20.02.2019) დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ მაჯის საათის - „Casio“ საბაზრო ღირებულება, ექსპლოტაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 50 ლარს.

 

ზემოაღნიშ ექსპერტის დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ე-–----–--–--–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე დაიკითხნენ მოწმეები რ-------------ე, მ------------–----------------------------, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპ[როცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს მტკიცებულებები ბრალდების შესახებ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრლის განაჩენით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ხუთი ეპიზოდი) და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით ვ-----–-------–---–--ს მიმართ განსაზღვრული პირობით მსჯავრი და ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 8 წლით თავისუფლების აღკვეთას მთლიანად დაემატა 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოდ, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მსჯავრდებული ვ-----–-------–---–-- გათავისუფლდა 2008 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც დამატებული აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე. ვ-----–-------–---–--ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით, სსკ-ის 177-ე მუხლებით (ხუთი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, ვ-----–-------–---–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით, საიდანაც 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით მსჯავრად, სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის N02/18.ზ-113 გადაწყვეტილებით, ვ-----– რ-----ის ძე კ-----–---–-- სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 1 თვითა და 7 დღით ადრე.

 

ამდენად, 2019 წლის 10 თებერვალს, ვ-----–-------–---–--ს ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა.

 

ბრალდებულმა ვ-----–-------–---–--მ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2019 წლის 10 თებერვალს, სამუშაოს საძებნელად გავიდა სახლიდან; შემთხვევით მოხვდა დიღმის მასივში, სადაც ერთ-ერთი ბინიდან გაიგონა „ბარგალკის“ ხმა; ავიდა მეორე სართულზე, დააკაკუნა და კარი ნ-----–-----------–--ემ გაუღო. ბრალდებული შევიდა ბინაში, რათა ხელოსნისთვის ეკითხა, რაიმე სამუშაო ხომ არ ჰქონდა მისთვის. ვ-----–-------–---–--მ ბინის მეპატრონეს უთხრა, რომ ხელოსნის ნახვა უნდოდა. ნ-----–-----------–--ემ შეიპატიჟა სახლში, წყალი დაალევინა და მას შემდეგ, რაც მის სხეულზე „ტატუ“ დაინახა, აგრესიული გახდა და დააბრალა ერთი თვის წინ მისი ბინის გაქურდვა. ნ-----–-----------–--ემ დაუძახა მეუღლეს და უთხრა, რომ დაერეკა პოლიციელ ,,ოთოსთან,“ მანვე ბრალდებულს გაუსინჯა ჯიბეები და ჩხუბი დაუწყო. მალევე მოვიდნენ პოლიციელები, რომლებმაც ბრალდებულს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდნენ, თავის თავზე აეღო გაუხსნელი დანაშაულები. ბრალდებულს ჩააცვეს ქურთუკი, რომელიც შემოსასვლელში დაკიდა, რა დროსაც ამოიღეს მაჯის საათი. ბრალდებულმა პროტესტი განაცხადა, რადგან საათისთვის ხელი არ უხლია, რის შემდეგაც პოლიციელები დაემუქრნენ რომ ნარკოტიკს და იარაღს ,,ჩაუდებდნენ;“ უთხრეს, რომ აკავებდნენ ქურდობის მცდელობის ფაქტზე. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, მას ძალით აწერინებდნენ ხელს დოკუმენტებზე და ნივთმტკიცების ლუქზედაც ძალით მოაწერინეს ხელი, თუმცა შემდეგ კალამი დააგდო და ჩხრეკის ოქმზე ხელი არ ამოაწერა. პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა სადარბაზოშიც მიაყენეს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისთვის უფლებები არ განუმარტავთ და ფიზიკური შეურაცხყოფა უშუალოდ მიაყენა გიორგი გოგოლიძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

აპელანტის მტკიცებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებეში არის უზუსტობები, ისინი არ ემთხვევა ერთმანეთს, რაც აჩენს საფუძვისნ ეჭვს, რომ ისინი ცრუობენ. მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა იმ მოწმეთა ჩვენებები, ვინც უშუალოდ ამხელდა ვ-----–-------–---–--ს დანაშაულის ჩადენაში და აღნიშნავს, რომ რ--------------–---–ის, ნ-----–-----------–--ის, მ--------------–---ს, გ--------------ს და გ---------------–--ის ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს. მცირე უზუსტობები, რომლებიც შესაძლოა შეინიშნებოდეს (თუმცა აღსანიშნავია, რომ აპელანტი საჩივარში არ უთითებს კონკრეტულად რა უზუსტობები არსებობდა დაზარალებულისა და მწმეთა ჩვენებებში), არ არის არსებითი ხასიათის, მით უფრო, რომ რ--------------–---–ის, ნ-----–-----------–--ის და აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმის - მ--------------–---ს ჩვენებები ზედმიწევნით ემთხვევა ერთმანეთს იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ ვ-----–-------–---–-- ბინის მესაკუთრეთა - რ--------------–---–ის და ნ-----–-----------–--ის ნებართვის გარეშე, მათგანვე მალულად შევიდა მათ საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი შემთხვევით შეაჩერა ნ-----–-----------–--ემ. ასევე ნ-----–-----------–--ის, მ--------------–---ს, გ--------------ს და გ---------------–--ის ჩვენებები აბსოლუტურ თანხვედრაშია იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ პოლიციელების მიერ შემთხვევის ადგილზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ვ-----–-------–---–--ს ქურთუკიდან ამოუღეს საათი. ზემოაღნიშნული ფქატობრივი გარემოება ასევე უტყუარად დადასტურებულია პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული მაჯის საათით, რომელიც ეკუთვნოდა რ--------------–---–ს და აღმოჩნდა ვ-----–-------–---–--ს ქურთუკის ჯიბეში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საგამოძიებო მოქმედებიდან, მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები და იმის განურჩევლად მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირები იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას. ამასთან, სააპელაციო პალატას სურს აღნიშნოს, რომ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმეთა შესაძლო მიკერძოებას ან გამოკვეთდა ვ-----–-------–---–--ს მიმართ მათ არაჯანსაღ ინტერესს, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თითქოსდა დარღვეულია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ნივთმტკიცებების დალუქვის წესი, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ. აღსანიშნავის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მონწილეობით გამოკვლეული იქნა ნივთმკიცება (საათი), რა დროსაც ნივთმტკიცების შეფუთვის ან დალუქვის წესი დარღვეული არ ყოფილა. საყურადღებოა, რომ ამ ნვთმკიცებამ გადალახა წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის ეტაპი, რა დროსაც სასამართლომ შეამოწმა მტკიცებულების როგორც მოპოვების, ასევე მისი პროცესუალური დამაგრების კანონიერება და დაადგინა, რომ არ არსებობს გონივრული საფუძველი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.

 

აპელანტის მტკიცებით, მის მიმართ დაკავებისთანავე ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება 2019 წლის 10 თებერვლის ოქმი სამედიცინო შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც ხელს აწერს ვ-----–-------–---–--. ამდენად, გაუგებარია, ასეთ მოპყრობის არსებობის შემთხვევაში, რატომ უნდა განეცხადებინა ვ-----–-------–---–--ს სამედიცინო შემოწმებაზე უარი, როცა შემოწმების დროულად ჩატარებას და არასათანადო მოპყრობის შედეგად მიყენებული დაზიანებების აღმოჩენას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ტიპის დარღვევების ეფექტური გამოძიებისთვის, რაც პირველ რიგში ვ-----–-------–---–--ს ინტერესებში უნდა ყოფილიყო და არა პირიქით. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ-----–-------–---–--ს მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის დადასტურება/უარყოფა სცდება სააპელაციო პალატის კომპეტენციას, რისი გათვალისწინებით პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გასცდეს მისი უფლებამოსილების ფარგლებს და კომპენენტური საგამოძიებო ორგანოს დასკვნის გარეშე სიღმისეულად იმსჯელოს ამ საკითხზე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა როგორც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2010 წლის 15 აპრილს და 2015 წლის 21 აპრილს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის ნასამართლევმა ვ-----–-------–---–--მ 2019 წლის 10 თებერვალს შეაღწია რ--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში და ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა ამ უკანასკნელის 50 ლარად ღირებული საათის დაუფლებას, თუმცა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ქმედება ბოლომდე ვერ მიიყვანა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ვ-----–-------–---–--ს მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხილს მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია - ქმედება ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2010 წლის 15 აპრილის და 2015 წლის 21 აპრილის განაჩენებით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის ნასამართლევმა ვ-----–-------–---–--მ 2019 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 14:10 საათზე უკანონოდ შეაღწია რ--------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად სცადა ამ უკანასკნელის 50 ლარად ღირებული საათის დაუფლებას, თუმცა დანაშაული ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან იგი შეამჩნია დაზარალებულის მეუღლემ. ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გამოეწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, იმის მიერ ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რისთვისაც ვ-----–-------–---–-- ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ-----–-------–---–--ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ვ-----–-------–---–--ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ვ-----–-------–---–--ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარება/საათის დაუფლება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას სხვის საკუთრებაში შეღწევის გზით ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მის პიროვნებას (განზრახი დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში), ასევე იმ გარემოებას, რომ ზიანი ფაქტობრივად ანაზღაურებულია, ვინაიდან დაზარალებულის საათი ამოღებულია გამოძიების მიერ და სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდება დაზარალებულს და მიიჩნევს, რომ ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, ასევე საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის N02/18/ზ-113 გადაწყვეტილება - ვ-----–-------–---–--ს 1 თვით და 7 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 7 თვისა და 7 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 წლის ვადით.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისლხის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ვ-----–-------–---–--სგან ამოღებული ,,CASIO“-ს ფირმის საათი და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 2 (ორი) ცალი გასაღები, საფულე, აიდი ბარათი, მეტრომანის პლასტიკური ბარათი, სანთებელა, 1 ერთდოლარიანი და 1 ოც თეთრიანი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 ივლისის განაჩენი;

 

ვ-----–-------–---–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 27 დეკემბრის N02/18/ზ-113 გადაწყვეტილება ვ-----–-------–---–--ს 1 თვით და 7 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 7 თვისა და 7 დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-----–-------–---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 6 წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 თებერვლიდან;

 

მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–--ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთმტკიცებები:

 

ვ-----–-------–---–--სგან ამოღებული ,,CASIO“-ს ფირმის საათი და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 2 გასაღები, საფულე, აიდი ბარათი, მეტრომანის პლასტიკური ბარათი, სანთებელა, 1 ერთდოლარიანი და 1 ოც თეთრიანი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი