განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2019
საქმის ნომერი
030100119002983236
ინსტანცია
თარიღი
15.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 030100119002983236

საქმე №1/ბ-649-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

01 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

სხდომის მდივანი: მარინა მაკარიძე

 

ბრალდების მხარე: ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-–------------------ა

 

გამართლებული: რ----–------------------ი, დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №4----------), დასაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ----------------------------- (მონაწილეობის გარეშე);

ადვოკატი: ზაზა კვირკველია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომა

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----–------------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ--------–-------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, რ----–------------------მა თავის ძმას, ა-–-------------------------ს ერთხელ დაარტყა ფეხი ზურგის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო, რ----–------------------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით: რ----–------------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; რ----–------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით გაუქმდა. ასევე გაუქმდა მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და დადგინდა, რომ მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი; გამართლებულ რ----–------------------ს განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა-–------------------ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ----–------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით, რომლებიც თავისი ბუნებით წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს და შესაძლოა საფუძვლად დაედოს როგორც გამამართლებელ, ასევე გამამტყუნებელ განაჩენს, სხვა ირიბ მტკიცებულებებთან ერთად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ რ----–------------------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ----–------------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ----–------------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა რ----–------------------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში;

 

დაზარალებული ა-–-------------------------ი გარდაიცვალა 2019 წლის 7 მაისს. მის მიერ გამოძიებისთვის გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა განხორციელდა საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2019 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ.-------–---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, მისმა ძმამ რ----–------------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხი ჩაარტყა ერთხელ ზურგის არეში, რის შედეგადაც საწოლიდან გადმოვარდა და თავი დაარტყა იატაკზე, რის გამოც იგრძნო ძლიერი ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს სხვა პირი არ შესწრებია. გამოკითხვის ოქმის თანახმად, ა-–-------------------------ი მიუთითებდა რომ სტკიოდა ის ადგილი, სადაც მისმა ძმამ ფეხი დაარტყა და თანახმა იყო ჩატარებოდა ექსპერტიზა.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ა-–-------------------------ს თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ექსპერტმა მ-------------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, დისტანციური დაკითხვის დროს, დაადასტურა დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ, რომ შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელ ე-–---------------ის მომართვის საფუძველზე, ჩაატარა ექსპერტიზა მოქალაქე ა-–-------------------------ის სხეულის დაზიანებებთან დაკავშირებით. ექსპერტის განმარტებით, ა-–-------------------------ს ზურგის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ა-------------ს ჩვენების თანახმად, მუშაობს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. 2019 წლის 16 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, მიიღო ინფორმაცია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რომლითაც ირკვეოდა, რომ რ----–------------------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ძმას ა-–-------------------------ს. იგი გავიდა ქალაქში და სამეგრელოს ქუჩაზე ნახა რ----–------------------ი, რომლიც დააკავა. მოწმის განმარტებით, ა-–-------------------------ი ხშირად უნახავს ქალაქში ნასვამ მდგომარეობაში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ--------–---მ განმარტა, რომ მუშაობს შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციაზე. ბრალდებულს და დაზარალებულს იცნობს საქმიდან გამომდინარე. მის მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შედგენილ იქნა შემაკავებელი ორდერი რ----–------------------ის მიმართ, რამდენიმე დღეში კი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ რ----–------------------მა ძმას - ა-–-------------------------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მოწმემ განმარტა, რომ ძმებს შორის ურთიერთშელაპარაკების ფაქტს არ შესწრებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე-–---------------ის ჩვენებით, 2019 წლის 16 აპრილს, შეტყობინების ინიციატორ ა-–-------------------------ისაგან მიიღეს ინფორმაცია, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაზედაც დაიწყო გამოძიება. გამოძიების ეტაპზე გამომძიებლის მიერ გამოიკითხა დაზარალებული ა-–-------------------------ი, რომელმაც გამოკითხვისას აღნიშნა, რომ ძმამ რ----–------------------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ზურგის არეში დაარტყა ფეხი. გამომძიებლის განმარტებით, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ რ----–------------------ის მიმართ არაერთხელ იქნა შედგენილი შემაკავებელი ორდერი. მოწმე ე-–---------------მა განმარტა, რომ დაზარალებული - ა-–-------------------------ი, ნასვამ მდგომარეობაში ხშირად შეხვედრია ქუჩაში. საქმეზე გამომძიებლის მიერ დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულის მიმართ.

 

ბრალდებულმა რ----–------------------მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს მძღოლად, ცხოვრობდა ძმასთან, ამჟამად გარდაცვლილ ა-–-------------------------თან და ფსიქიკურად დაავადებულ დასთან ერთად. ა-–-------------------------ი ხშირად სვამდა და ამის გამო ჰქონდათ კამათი. ბოლო დროს, ხშირად ფიქრობდა საცხოვრებელი ბინის შეცვლას და დასთან ერთად სხვა ადგილას გადასვლას, ვინაიდან ა-–-------------------------ი გამუდმებით სვამდა, ბინაში ბიჭები მოყავდა და ავადმყოფ დას არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობას, რაც ოჯახში უთანხმოებას და კონფლიქტს იწვევდა და ამის გამო ძმასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოსდიოდა, თუმცა, ფიზიკურად არასდროს შეხებია, ხშირად არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი, სახლში დაზიანებებით ბრუნდებოდა, რის გამოც, ოჯახის წევრებიც მუდმივად ნერვიულობდნენ. 2019 წლის 16 აპრილს დილით ადრე წავიდა სამსახურში და საღამოს, დაახლოებით 18:00 საათისთვის დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა თავისი და რომელსაც ეძინა. ალეკსანდრეც იქვე იყო და მის დანახვაზე აგრესიული გახდა, ქურთუკში არაყი ჩაიდო და სადღაც წავიდა, როგორც შემდგომ გაირკვა პოლიციაში გაუკეთებია განცხადება. ბრალდებულის განმარტებით, მასსა და ძმას შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არასოდეს ჰქონია. დაზარალებულის გარდაცვალების მიზეზი სწორედ მისი სასმელისადმი დამოკიდებულება გახდა. გარდაცვალების დროსაც ნასვამი იყო.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაული შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება.

 

პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს წინაშე წარდგენილ მოწმეებს უშუალოდ არ უნახავთ ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.

 

ამასთან, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულ ა-–-------------------------ის გამოკითხვის ოქმში ახსნილი გარემოებებით, ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტის ჩვენებით დადასტურებულია რ----–------------------ის მხრიდან მისი ძმის, დაზარალებულ ა-–-------------------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.

 

კანონის განმარტებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სასამართლო სხდომაზე მოწმის წარმოდგენისათვის გატარებული ყველა შესაძლებლობის ამოწურვის შემდგომ მის მიერ გამოძიებაში მიცემული განმარტების გამოქვეყნება, მაგრამ გამამტყუნებელი განაჩენისათვის კანონით დადგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობისათვის აუცილებელია სხვა ეჭვის გამომრიცხავი უტყუარი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგენილი იქნება როგორც გამოქვეყნებულ განმარტებაში მითითებული გარემოებები, ასევე, მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, რ----–------------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ა-–-------------------------ის გამოკითხვის ოქმი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო განმარტავს, რომ პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, ამ ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი, მართალია, რომ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმში დაზარალებული მიუთითებს, რომ მისმა ძმამ ფეხი დაარტყა ერთხელ ზურგის არეში და სტკივა ის ადგილი, სადაც მისმა ძმამ ფეხი დაარტყა, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესამოწმებელი პირი ექსპერტიზის ჩატარების დროს ,,ჩივილებს ტკივილზე არ წარადგენს“, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა განმარტა, რომ ა-–-------------------------ს ზურგის არეში დაზიანებები არ აღენიშნებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), მით უფრო, როდესაც თავად რ----–------------------ი უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს განაჩენში მითითებულ დასაბუთებას საქმეში არსებული ირიბი მტკიცებულებების მიმართებით. კერძოდ, ირიბი მტკიცებულება, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვები მტკიცებულებაა თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომლიც არ არის ირიბი ჩვებენა, რაც, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა საქმის არსებითი განხილვის დროს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები ეფუძნებოდა სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად არ დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის წარდგენილი ბრალდების შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელი იყო მიზეზობრივი კავშირის დადგენა მის მიერ განხორციელებულ მოქმედებასთან და შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის, რაც საქმის არსებითი განხილვის დროს დადგენილი ვერ იქნა, რადგანაც დაკითხულ მოწმეებს ტკივილის მიყენების შესახებ სასამართლოსთვის ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმშია მითითებული, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ამ პირის ბრალეულობაში.

 

ამ გარემოებათა ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მულის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება, არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც, ასევე, დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ეროვნული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

 

შესაბამისად, ვინაიდან, მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და რ----–------------------ი სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი რ----–------------------ის მიმართ, არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-–------------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი, რ----–------------------ის, მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

3.რ----–------------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ რ----–------------------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5. რ----–------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო 3000 ლარის ოდენობით - გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და მას დაუბრუნდეს საკუთარი პირადობის მოწმობა და პასპორტი;

 

6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისსთანავე;

 

7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/