განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2019
საქმის ნომერი
160140019003000246
ინსტანცია
თარიღი
21.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160140019003000246

საქმე № 1ბ/1712-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

გამართლებული - ზ----- მ--------ი, დაბადებული: 1----–-–---------–---, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ-----------–-------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–---------------------------------;

კვალიფიკაცია:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით: ზ----- მ--------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით ზ----- მ--------ი გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ----- მ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზ----- მ--------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ქ-----------––---------------------------------–- მდებარე მ--------ების ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ზ----- მ--------მა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ, თუ რატომ ცხოვრობს მშობლების სახლში, ქმარგაცილებული და ოჯახის შემარცხვენელი ქალი მისი ნებართვის გარეშე, თავში მუშტის ძლიერად ჩარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი დის - ა-–---- მ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ზ----- მ--------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ზ----- მ--------ის მხრიდან დის - ა-–---- მ--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა ზ----- მ--------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ აღნიშნულ ბრალთან მიმართებით მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა ა-–---- მ--------ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც ქმნიდა სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ზ----- მ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, კერძოდ, მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებელები -დ--------------ე, ხ-----------------ე, გამოკვლული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მხარეების მიერ არ გახდა სადავოდ და მას პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა. რაც შეეხება ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას, აღნიშნულს უშვებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში, თუ არსებობს სათანადოდ გამაწონასწორებელი ფაქტორები. აპელანტს ასეთ დამაბალანსებელ ფაქტორად მიაჩნია ის გარემოება, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი გადარჩენის ინტერესს ემსახურებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს N561აპ-15 გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც დამოუკიდებელი მტკიცებულება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ზ----- მ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გთავლისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა სტანდარტს და ითხოვს ზ----- მ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ სამართლიანი, კანონიერი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა პროკურორ მ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ზ----- მ--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად.

სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ზ----- მ--------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ----- მ--------ის მიერ დის - ა-–---- მ--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტს, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულმა ა-–---- მ--------ამ (ზ----- მ--------ის და) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით (კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს) და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ დ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება. მან განახორციელა ბრალდებულ ზ----- მ--------ის დაკავება, ბრალდებულის სახით გამოკითხვა და მისთვის ბრალის დადგენილების წარდგენა. ასევე, საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ჩატარების დრო როგორც ახსოვს იყო 14 მაისი.

მოწმის სახით დაკითხულ გამომძიებელ ხ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ საქმეზე მოახდინა დაზარალებულის (ა-–---- მ--------ას) ვიზუალურად დათვალიერება. დათვალიერებისას დაზარალებულმა მოწმეს მიუთითა, რომ დაზიანება ზ----- მ--------მა მუშტით მიაყენა თავზე. მოწმის განმარტებით დაზარალებულს დაზიანება არ ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა-–---- მ--------ას (13.05.2019წ.) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

უდავოდ ცნობილი სხვა მტკიცებულებები კი არ შეიცავს ზ----- მ--------ის მამხილებელ საკმარის ინფორმაციას.

 

მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ზ----- მ--------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის ასეთი დასკვნა წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველეს ყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან. დანაშაულის შემადგენლობისთვის ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ქმედების განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისზეც იძალადეს, განიცადოს ფიზკური ტკივილი. ცემა დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ტკივილი ერთდროულად შეგრძნებაც არის და ემოციაც, რომელსაც მიმდინარე ან უახლოეს წარსულში ქსოვილის დაზიანება, ქსოვილის დაზიანების შესაძლებლობა ანდა ქსოვილის დაზიანების არარსებობის პირობებში ნერვული სისტემის დისფუნქციაც კი შეიძლება იწვევდეს. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი სრულიად სუბიექტური გამოცდილებაა, სწორედაც დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განცდილი ძალადობის შედეგად განაცხადოს ძალადობამ (ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და სხვა პირის განმარტება ტკივილის განცდასთან დაკავშირებით (ძალადობის შედეგად პირმა შეიძლება თუ არა განიცადოს ტკივილი) არარელევანტურია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ზ----- მ--------მა ჩაიდინა დის - ა-–---- მ--------ას მიმართ ძალადობა. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ზ----- მ--------ის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და ასევე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზ----- მ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა არცერთი პირდაპირი მოწმე და არ გამოკვლეულა არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ზ----- მ--------ის მიერ 2019 წლის 13 მაისს, დის -ა-–---- მ--------ას მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს. დაზარალებულმა ა-–---- მ--------ამ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადგინდა დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტი. ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად ა-–---- მ--------ას ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღენიშნებოდა, თუმცა დაზიანების არსებობის ფაქტიც ამ პირობებში ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება მიჩნეული იქნეს უტყუარ მტკიცებულებად დაზიანების მიმყენებელი პირის იდენტიფიცირების კონტექსტში, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად შესაძლებელია დაზიანების არსებობის, რაოდენობის, მისი სიმძიმისა და ლოკალიზაციის დადგენა და არა მისი მიმყენებელი პირისა და ტკივილის შეგრძნების განსაზღვრა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის დანაშაულთა სპეციფიკიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლე ობიექტურად ვერ იარსებებს. მოცემულ შემთხვევაშიც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირების - ა-–---- მ--------ას და ზ----- მ--------ის გარდა კონფლიქტს სხვა პირი არ შესწრებია, შესაბამისად, ფაქტის უტყუარად დადასტურება შეუძლიათ მხოლოდ დაზარალებულს და ზ----- მ--------ს. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - ძმის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. ზ----- მ--------ს სასამართლოსთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია ბრალად წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით. ასეთ ვითარებაში, როდესაც სავარაუდო კონფლიქტის მონაწილე პირები უარს აცხადებენ ჩვენების მიცემაზე, ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივარში ზ----- მ--------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დამადასტურებელ მტკიცებულებებად მოიშველია მოწმეების - ხ-----------------ის და დ--------------ის ჩვენებები, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურ სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია ასევე სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, სამედიცინო საბუთების მონაცემებით ა-–---- მ--------ას (13.05.2019წ.) ფიზიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ასევე, ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, ა-–---- მ--------ას ვიზუალური დათვალიერებისას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნაც და ვიზუალური დათვალიერების ოქმიც ვერ გამოდგება ზ----- მ--------ის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რამდენადაც იგი ადასტურებს იმ ფაქტს, დაზარლებულს სხეულზე არ აღენიშნებოდა დაზიანებები.

ბრალდების მხარემ მტკიცებულებად მოიშველია საგამოძიებო ექპერიმენტის ოქმი, რასთან დაკავშირებითაც პალატა განმარტავს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენში, პუნქტი 45. განმარტებულია, რომ ,,..საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების გარდა, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა მტკიცებულებებიც მოწმეთა ირიბი ჩვენებების სახით, მაგრამ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც“.

 

შესაბამისად, საპელაციო პალატა ვერ გაიზარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემულ საქმეზე საგამოძიბო ექსპერიმენტის ოქმის და საქმეში არსებულ სხვა ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისი იყო ზ----- მ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარდით ადასტურებდა ზ----- მ--------ის ბრალეულობას. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება კი, როგორც არასაკმარისი საფუძველი, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პირის მსჯავრდებისათვის. საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ზ----- მ--------მა მიაყენა დაზიანება დას - ა-–---- მ--------ას, არც თავად დაზარალებულს და არც სხვა პირებს სასამართლოსათვის ასეთი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ზ----- მ--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დის-ა-–---- მ--------ას წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ზ----- მ--------მა განახორციელა ოჯახში ფიზიკური ძალადობა დის ა-–---- მ--------ას მიმართ.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ----- მ--------ის დამნაშავეობაში.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზ----- მ--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ზ----- მ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა 3 000 (სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ზ----- ბ---------ს (პ--------------- განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში

 

გამართლებულ ზ----- მ--------ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი