განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100119002940070
საქმე №1ბ/1351-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ვ-–----------ა, შ-------------–---–-.
დაცვის მხარე:
გამართლებული: გ------ ი--------ს ასული ბ------, დაბადების თარიღი: 1----–-–-----------------, საფრანგეთის მოქალაქე, პასპორტის №--------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: საფრანგეთი, ქ--–------------------ (მონაწილეობის გარეშე).
ადვოკატები: გ--------------- და დ-------–------.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვ-–----------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გ------ ბ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა იმ მოტივით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდებოდა გ------ ბ------ს ბრალეულობა. აპელანტის განმარტებით, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, მოწმე ე---------- ზ-------მ განმარტა, რომ 2019 წლის 06 მარტს შ.რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოვიდნენ საფრანგეთის მოქალაქეები დ-------- ტ------------ი და გ------ ბ------, ამ უკანასკნელს შემოწმებისას ხელბარგში აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტი, თუმცა არ ჰქონდა რეცეპტი. საქართველოში მედიკამენტის შემოტანისას, პირს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეცეპტი და მისი გამცემი ექიმის სერთიფიკატი, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დამოწმებული. ზემოხსენებულ პირებს კი აღნიშნული დოკუმენტაცია არ ჰქონდათ. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: მოწმეების ა---------–-–----–----ის და რ----------------ის ჩვენებებით კი დადგენილა, რომ 2019 წლის 06 მარტს, წერილობით მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, რის შემდეგაც მივიდნენ თბილისის აეროპორტში, სადაც მათ მებაჟე ოფიცერმა ე---------- ზ-------მ წარუდგინა პოლიმერული ტომარა, რომელიც დალუქული იყო საბაჟო ლუქით. ტომარაში კი მოთავსებული იყო 81 ცალი აბი, რაზეც გ------ ბ------მ განუცხადათ, რომ ამოღებული მედიკამენტები იყო ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“, რომელიც უნდოდა პირადი მოხმარებისთვის. აპელანტმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, ასევე დაიკითხნენ გ------ ბ------, დ-------- ტ------------ი და მ----- ტ------------ი, რომლებმაც განმარტეს, რომ ნარკოტიკული საშუალება საფრანგეთში შეიძინეს კანონიერი გზით, საქართველოში შემოტანისას ჰქონდათ რეცეპტი, თუმცა სხვა რაიმე დოკუმენტი თან არ ჰქონდათ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა გ------ ბ------ს ჩვენება, თითქოსდა მან არ იცოდა, რომ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისას დამატებით უნდა ჰქონოდა კანონით განსაზღვრული დოკუმენტები. სასამართლომ ჩათვალა, რომ გ------ ბ------მ ჩაიდინა მისატევებელი შეცდომა, რაც არის არასწორი, ვინაიდან ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისთვის ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანა რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის ,,ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის შესახებ“ ბრძანებით, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება: ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში); ბ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი; გ)რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა. აპელანტის განმარტებით, გ------ ბ------ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოიტანისას, აღნიშნული დოკუმენტები, მათ შორის არც რეცეპტი თან არ ჰქონდა. შესაბამისად დაცვის მხარის ვერსია თითქოსდა გ------ ბ------მ რეცეპტის ასლი წარუდგინა მებაჟე ოფიცერს არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, გარდა თავად გ------ ბ------ს და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებისა, რომლებიც დაინტერესებული არიან გ------ ბ------სთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გ------ ბ------ ნარკოტიკული საშუალებას იღებდა რეცეპტით, თუმცა ამ დოკუმენტების ავთენტურობა დადგენილი არ არის. გარდა ამისა გ------ ბ------მ აღნიშნა, რომ მას ყოველთვის თან ჰქონდა რეცეპტი, რათა მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის, შესაბამისად იგი აცნობიერებდა, რომ საზღვის გადაკვეთის შემთხვევაში რეცეპტი უნდა ჰქონოდა თან, თუმცა ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანის მომენტში გ------ ბ------ს რეცეპტი არ ჰქონია, ასევე არ მოუხდენია ნარკოტიკული საშუალების დეკლარილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გ------ ბ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორებმა შ-------------–---–მა და ვ-–----------ამ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, გ------ ბ------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. მასვე ბრალი ედება რომ ჩაიდინა საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------ ბ------მ საზღვარგარეთ ყოფნისას, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 0,6477 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 81 ცალი ტაბლეტი, რაც 2019 წლის 06 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, 2018 წლის 06 მარტს ამოღებულ იქნა გ------ ბ------სგან თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენით, გ------ ბ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------ ბ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას, ბრალდებულმა გ------ ბ------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მისი ოჯახი 2008 წელს საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში, სადაც მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი. ის და მისი მეუღლე დ-------- ტ------------ი არიან ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები. ამიტომ მათ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს ჩანაცვლებითი მედიკამენტებით მკურნალობა. მისი ექიმია მ-–--– ლ-----, მისი მეუღლის კი - ლ------– მ--–--. საფრანგეთში, აფთიაქში მას და მის მეუღლეს, ექიმის დანიშნულებით - რეცეპტით და სადაზღვევო ბარათის გამოყენებით უფასოდ აძლევენ პრეპარატ „სუბუტექსს“, რომელსაც იგი ყოველდღიურად, დღეში ორჯერ მოიხმარს. მას საქართველოში არ ჰყავს ნათესავი ან ნაცნობი, ამიტომ არ იცოდა, რომ პრეპარატი „სუბუტექსი“ საქართველოში მიჩნეული იყო ნარკოტიკულ საშუალებად. გარდა ამისა ეგონა, რომ საქართველო იყო ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში, საქართველოშიც თავისუფლად შეიძლებოდა პრეპარატ „სუბუტექსის“ პირადი მოხმარებისთვის რეცეპტით შემოტანა. იგი 2019 წლის 08 თებერვალს, საქართველოში მეუღლესთან ერთად ჩამოსული იყო დედამთილის სანახავად, რა დროსაც ზემოხსენებული პრეპარატი წამოღებული ჰქონდა რეცეპტით, მაგრამ მაშინ ისე გადმოკვეთა და გადაკვეთა საქართველოს საზღვარი, რომ მისთვის არავის უთქვამს, რომ აკრძალული იყო ამ პრეპარატის საქართველოში შემოტანა. ვინაიდან თებერვალში დედამთილმა ავადმყოფობის გამო ვერ მოახერხა თბილისში მათ სანახავად ჩამოსვლა, ისინი მალევე დაბრუნდნენ საფრანგეთში. 2019 წლის 06 მარტს, იგი მეუღლესთან ერთად კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, რა დროსაც ხელჩანთაში ჰქონდა მისთვის და მისი მეუღლისთვის ექიმის დანიშნულებით გამოწერილი 81 აბი პრეპარატი „სუბუტექსი“ და რეცეპტები, რომლებიც წარუდგინა მებაჟე-ოფიცერს. მიუხედავად აღნიშნულისა იგი მაინც დააკავეს. მანვე განმარტა, რომ დაკავებისას ჰქონდა სამი რეცეპტი, რომელთაგან ერთი მის სახელზე იყო გაცემული, ორი კი - მეუღლის სახელზე. მის სახელზე გაცემული რეცეპტი გამოწერილი იყო 2019 წლის 26 თებერვალს, საიდანაც დარჩენილი ჰქონდა 35 აბი, მის მეუღლეს კი, 2019 წლის 15 თებერვალს გაცემული რეცეპტიდან დარჩენილი ჰქონდა 26 აბი და 2019 წლის 4 მარტს გაცემული რეცეპტიდან 20 აბი. გ------ ბ------მ განმარტა, რომ მან სრულყოფილად იცის მხოლოდ აზერბაიჯანული ენა, ფრანგულად და რუსულად კი - მხოლოდ საუბარი, ხოლო წერა-კითხვა არ შეუძლია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე ე---------- ზ-------ს ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ უ-------------–-------–---- თანამდებობაზე. 2019 წლის 06 მარტს, ღამის საათებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, სტამბოლი-თბილისის რეისით ჩამოფრინდა მგზავრი გ------ ბ------, რომელიც უ----------–--ის მიერ შეჩერებული იქნა მწვანე დერეფანში. ამის შემდეგ მან, რუსული ენის თარჯიმნის მონაწილეობით, დაათვალიერა მგზავრი გ------ ბ------ და მისი კუთვნილი ხელბარგი. დათვალიერებისას ხელბარგში, კერძოდ პატარა პარფიუმერიის ჩანთაში აღმოჩნდა 81 (ოთხმოცდაერთი) აბი „სუბუტექსი“. მან აღნიშნულთან დაკავშირებით შეადგინა მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი, ასევე დალუქა აღმოჩენილი ნარკოტიკული საშუალება, რაც მოგვიანებით მისგან ამოიღეს საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა. მის მიერ შედგენილ დათვალიერების ოქმში დრო არასწორადაა დაფიქსირებული, რაც წარმოადგენს მექანიკურ ხარვეზს. მოწმის განმარტებით, აღმოჩენილ მედიკამენტებთან დაკავშირებით გ------ ბ------მ განაცხადა, რომ ჰქონდა პირადი მოხმარებისთვის, თუმცა რაიმე დოკუმენტი, რეცეპტი, ექიმის დანიშნულება, ექიმის სერტიფიკატი ან დიაგნოზი არ წარუდგენია.
მგზავრის ან/და მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების N--------- ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 06 მარტს უ-------------–-------–---ის ე---------- ზ-------ს მიერ მოხდა მგზავრის G---------------------------------------- ხელბარგის და ფიზიკური დათვალიერება, რა დროსაც ხელბარგში აღმოჩენილ იქნა 81 აბი მედიკამენტი „SUBUTEX 8mg“.
დაცვის მხარის მოწმის დ-------- ტ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ გ------ ბ------ არის მისი მეუღლე, ისინი დამოკიდებულნი არიან ნარკოტიკულ საშუალებებზე და გადიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს, ამიტომ ექიმის დანიშნულებით - რეცეპტით და სადაზღვევო ბარათის გამოყენებით, აფთიაქიდან უფასოდ გამოაქვთ პრეპარატი „სუბუტექსი“, რომელსაც დღეში ორჯერ მოიხმარენ. მოწმის განმარტებით, მათ არ იცოდნენ, რომ ამ პრეპარატის საქართველოში შემოტანა იყო აკრძალული, რადგან ხსენებული რეცეპტთან ერთად ევროპის ქვეყნებში თავისუფლად დაჰქონდათ და ეგონათ, რომ საქართველოშიც იგივე წესი მოქმედებდა. 2019 წლის თებერვალში, მეუღლესთან ერთად, დედის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში, რა დროსაც თან ჰქონდათ აღნიშნული პრეპარატი, მაგრამ პრობლემა არ შექმნიათ. ავადმყოფობის გამო დედამ თებერვალში საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ დედასთან შესახვედრად იგი 2019 წლის 06 მარტს მეუღლესთან ერთად კვლავ ჩამოვიდა საქართველოში, სადაც 20 დღით უნდა დარჩენილიყვნენ. საქართველოში ჩამოსვლისას, გ------ ბ------ს ხელჩანაში რეცეპტებთან ერთად ედო მათთვის ექიმის დანიშნულებით, რეცეპტების გამოყენებით, შეძენილი 81 აბი პრეპარატი „სუბუტექსი“. მათ მებაჟე-კონტროლიორს წარუდგინეს რეცეპტები, თუმცა გ------ ბ------ აეროპორტში მაინც დააკავეს. მოწმის განმარტებით, როგორც შეიტყო მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში მათ მიერ კონტროლიორისთვის წარდგენილი რეცეპტები განთავსებული არ იყო, ამიტომ წავიდა საფრანგეთში, სადაც გამოითხოვა რეცეპტების დუბლიკატები და წარუდგინა ადვოკატებს.
დაცვის მხარის მოწმის მ----- ტ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მისი მშობლები გ------ ბ------ და დ-------- ტ------------ი არიან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული პირები და რამდენიმე წელია გადიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსს, ამიტომ ექიმის დანიშნულებით, რეცეპტით და სადაზღვევო ბარათით უფასოდ იღებენ მედიკამენტ „სუბუტექსს“. მისთვის ცნობილია რომ მისი მშობლები აღნიშნულ პრეპარატს მოიხმარენ ყოველდღიურად, დღეში ორჯერ. მან და მისმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ საქართველოში პრეპარატი „სუბუტექსი“ განეკუთვნებოდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის შემოტანისთვის და პირადი მოხმარებისთვის აუცილებელი იყო გარკვეული პროცედურების გავლა საბაჟოზე. მათ ეგონათ, რომ როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, ისე საქართველოშიც შეეძლოთ რეცეპტით გადაადგილება. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2019 წლის თებერვალში, მისი მშობლები საქართველოში ჩავიდნენ ბებიის სანახავად და თან ჰქონდათ საფრანგეთში რეცეპტის საფუძველზე შეძენილი პრეპარატი „სუბუტექსი“, თუმცა ამასთან დაკავშირებით მათ რამე პრობლემა არ შექმნიათ. ვინაიდან თებერვალში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბებიამ საქართველოში ჩასვლა ვერ შეძლო, მისი მშობლები 2019 წლის 06 მარტს, კვლავ ჩავიდნენ საქართველოში მის სანახავად, თუმცა თბილისის აეროპორტში იმ პრეპარატების ქონის გამო, რომელიც საფრანგეთში რეცეპტით თავისუფლად იყიდება, დააკავეს გ------ ბ------. მისთვის ცნობილია, რომ საქართველოში გამომგზავრებისას, გ------ ბ------მ პრეპარატ „სუბუტექსთან“ ერთად წაიღო ის რეცეპტები, რომლის საფუძველზეც ჰქონდა შეძენილი. მას შემდეგ, რაც შეიტყო რომ გ------ ბ------ დაკავებული იყო ექიმის დანიშნულებით შეძენილი პრეპარატების ქონის გამო, მერიიდან გამოითხოვა იმ ექიმების სერტიფიკატები, ვისთანაც მისი მშობლები მკურნალობდნენ და ადვოკატების მეშვეობით წარმოადგინა.
დაცვის მხარის მოწმე ნ---------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის ფრანგული ენის თარჯიმანი. მან დაადასტურა 2019 წლის 16 თებერვალს და 2019 წლის 04 მარტს გაცემული რეცეპტების დუბლიკატების თარგმანის სისწორე, 2019 წლის 15 თებერვლის რეცეპტის დუბლიკატის თარგმანთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ თარგმანში მის მიერ დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, თარგმანში ნაცვლად „რვა მილიგრამი სუბუტექსი, ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს თოთხმეტი დღის განმავლობაში“, მითითებული უნდა იყოს „რვა მილიგრამი სუბუტექსი, ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს ოცდარვა დღის განმავლობაში“.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 16 მარტს 16:35-17:10 საათზე გ------ ბ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–-----–-–---–ის მიერ დათვალიერდა გ------ ბ------ს მეუღლის დ-------- ტ------------ის (T------------------------------- დაბადებული 0---------- სამგზავრო დოკუმენტი #---------, გაცემული საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოების მიერ) მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტები: 1. დოკუმენტი შტრიხკოდის #-----------, რომელიც დ-------- ტ------------ის განმარტებით წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანს, შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია გ------ ბ------ზე (ტ------------ზე), იმისათვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“ (გაცემის თარიღი 26.02.2019); 2. დოკუმენტი შტრიხკოდის #-----------, რომელიც დ-------- ტ------------ის განმარტებით, წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანის დუბლიკატს, იგი შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია დ-------- ტ------------ზე, იმისთვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“ (გაცემის თარიღი 15.02.2019); 3. დოკუმენტი შტრიხკოდის #-----------, რომელიც დ-------- ტ------------ის განმარტებით, წარმოადგენს ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) დედანის დუბლიკატს, შედგენილია ფრანგულ ენაზე და გაცემულია დ-------- ტ------------ზე, იმისთვის, რომ მას ნამდვილად ესაჭიროებოდა პრეპარატი „სუბუტექსი“ (გაცემის თარიღი 04.03.2019); 4. ქართულ ენაზე შედგენილი სამი დოკუმენტი, რომლებიც დ-------- ტ------------ის განმარტებით, წარმოადგენს ზემოთაღნიშნული რეცეპტების ქართულენოვან თარგმანს და შედგენილია ქალაქ პ---–----ის სასამართლოს ნაფიცი თარჯიმნის ე---------- ს---–--ის მიერ. 5. ამასთან, დ-------- ტ------------მა წარადგინა ორი პლასტიკური ბარათი 1-------------- და 2-------------- გაცემული დ-------- ტ------------ის და გ------ ტ------------ის (ბ------ს) სახელზე. პლასტიკური ბარათებზე გამოსახულია მათი ფოტოსურათები.
ქ. ს------------ის სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელი, ოჯახის ექიმის მ-–--– ლ-----ს მიერ 2019 წლის 26 თებერვალს გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ გ------ ტ------------ს დაენიშნა დღეში ორი ტაბლეტი 8 მილიგრამიანი „სუბუტექსი“ 28 დღის განმავლობაში.
ქ. მ------–-ს სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელი, ოჯახის ექიმის ლ------– მ--–--ს მიერ 2019 წლის 4 მარტს გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ დ-------- ტ------------ს დაენიშნა 8 მილიგრამი „სუბუტექსი“. ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს 14 დღის განმავლობაში. პრეპარატის გაცემა ხდება ერთჯერადად.
ქ. მ------–-ს სამედიცინო ფაკულტეტის დიპლომის მფლობელი, ოჯახის ექიმის ლ------– მ--–--ს მიერ 2019 წლის 15 თებერვალს გაცემული რეცეპტით დასტურდება, რომ დ-------- ტ------------ს დაენიშნა 8 მილიგრამიანი „სუბუტექსი“. ჩანაცვლებადი პრეპარატი არ უნდა აღემატებოდეს დღეში ორ ტაბლეტს 28 დღის განმავლობაში. პრეპარატის გაცემა ხდება ერთჯერადად.
2019 წლის 7 მარტის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N----ით ირკვევა, რომ გ------ ბ------ს დაესვა დიაგნოზი, „ოპიოიდების“ მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური ქცევითი აშლილობა. აღკვეთის მდგომარეობა F 11.3.
N-- ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმისადმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N- დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის ნ----------ს 2019 წლის 7 მარტის მიმართვით დასტურდება, რომ შემდგომი მკურნალობის მიზნით გ------ ბ------ გადაიგზავნა აღნიშნულ დაწესებულებაში. გ------ ბ------ს დიანგონოზია „ოპიოიდების“ მიღების შედეგად გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობა. აღკვეთის მდგომარეობა F 11.3.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 3 აპრილს 19:30-19:55 საათზე ბრალდებულ გ------ ბ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------–-----ის მიერ დათვალიერებულ იქნა ბრალდებულ გ------ ბ------ს შვილის მ----- ტ------------ის (T------------------------------) მიერ წარდგენილი დოკუმენტები გ------ ბ------ს და დ-------- ტ------------ის მკურნალი ექიმების მ-–--– ლ-----ს (M----------) და ლ------– მ--–--ს (L-----------) საქმიანობის შესახებ. მ----- ტ------------ის მიერ წარდგენილ იქნა ექვსი ფურცელი, საიდანაც ოთხი ფურცელი შედგენილია ფრანგულ ენაზე, ხოლო ორი ფურცელი ინგლისურ ენაზე. ორი ფრანგულენოვანი დოკუმენტი წარმოადგენს დედნებს, ხოლო კიდევ ორი ფრანგული დოკუმენტი - მათ დამოწმებულ ასლებს. ინგლისურენოვანი დოკუმენტები წარმოადგენენ ფრანგული დოკუმენტების დამოწმებულ თარგმანს. მ----- ტ------------ის განმარტებით, ექვსივე დოკუმენტი არის ზემოაღნიშნული მკურნალი ექიმების უფლებამოსილების დამადასტურებელი სერთიფიკატები.
მ----– ლ-----ს მიერ 2019 წლის 26 მარტს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ გ------ ტ------------ი დაკავშირებულია ს------------ის „CPAM“-თან (ადგილობრივი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია) და არის აღნიშნული ქირურგიული განყოფილების პაციენტი.
სერტიფიკატით დასტურდება, რომ ლ------– მ--–-- არის ზოგადი პროფილის ექიმი, რომელმაც მედიცინა შეისწავლა ო----–--–----------------) და არის დ-------- ტ------------ის ექიმი.
დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2019 წლის 21 მარტს 12:15-12:35 საათზე ბრალდებულ გ------ ბ------ს ადვოკატის დ--------–-----ის მიერ დათვალიერდა საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ გვერდი http://www.france.mfa.gov.ge. დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ვებ-გვერდს გააჩნია ექვსი საინფორმაციო გრაფა (ფანჯარა), რომელთაგან ერთ-ერთი არის გრაფა „საკონსულო“. მისი ჩამოშლის (გახსნის) შედეგად, ჩანს საინფორმაციო ველი წარწერით „პრაქტიკული ინფორმაცია“, რომლის გახსნის შემდეგ შესაძლებელია გაეცნო საქართველოში წამლების შემოტანის წესს. იგი განთავსებულია წერილობითი ინფორმაციის სახით და მოიცავს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს. როგორც მითითებული წესი, ასევე მთლიანად ვებ. გვერდზე არსებული ყველა ინფორმაცია განთავსებულია მხოლოდ ქართულ და ფრანგულ ენებზე. სხვა რომელიმე ენაზე, მათ შორის აზერბაიჯანულ ენაზე, რაიმე სახის ინფორმაცია და „საქართველოში წამლების შემოტანის წესი“ განთავსებული არ არის.
დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 29 მარტს 16:10-16:30 საათზე, ბრალდებულ გ------ ბ------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–-----–-–---–ის მიერ დათვალიერდა სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებ-გვერდი „https://matsne.gov.ge“. დათვალიერების შედეგად დადგენილ იქნა, რომ საქართველოს კანონი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებ გვერდზე „matsne.gov.ge“ გამოქვეყნებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის N01-32/ნ ბრძანება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“, გამოქვეყნებულია მხოლოდ ქართულ ენაზე.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2019 წლის 14 მაისის მომართვით ირკვევა, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა რეგულირდება „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის N01-32/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესით, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი“. რაც შეეხება ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემოტანის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდებას, გაცნობებთ, რომ საგადასახადო ორგანოს ასეთი ვალდებულება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: რ----------------ის, ა---------–-–----–----ის გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმი, გ------ ბ------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, გ------ ბ------ს დაკავების ოქმი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 06 მარტის ქიმიური ექსპერტიზის N--------------- დასკვნა და საზღვრის კვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე დაცვის მხარის მტკიცებულება - „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერის ჩანაწერი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ------ ბ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ და შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, კერძოდ, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და ა.შ. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა უკანონობა კი, გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი კი, დასჯად ქმედებად მიიჩნევს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას. ამ დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების საქართველოს საზღვარზე უკანონო შემოტანაში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქმედების (შემოტანის) უკანონოდ განხორციელება. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოტანის უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხორციელდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით, შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის გარეშე.
,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა‘‘ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამავე კანონის მე-3 მუხლის ,,ჰ13‘‘ პუნქტის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შეძენა გულისხმობს მის დაუფლებას, ანუ სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვებას, ხოლო მის შენახვად, იმავე მუხლის ,,ჰ11‘‘ პუნქტის შესაბამისად, მიიჩნევა ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად.
მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2019 წლის 06 მარტს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით საქართველოში შემოვიდა გ------ ბ------. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში დათვალიერდა გ------ ბ------ს ხელბარგი, რა დროსაც ჩანთაში აღმოჩნდა 81 აბი მედიკამენტი „SUBUTEX 8mg“. თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა გ------ ბ------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელი გ------ ბ------, 2008 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ ს------------ში და სარგებლობდა ლტოლვილის სტატუსით. იგი სრულყოფილად ფლობს მშობლიურ ენას - აზერბაიჯანულს, ფრანგულ და რუსულ ენებს ფლობს მინიმალურ დონეზე და არ შეუძლია ამ ენებზე წერა-კითხვა და საუბარი, სხვა ენებს არ ფლობს. ვინაიდან გ------ ბ------ს არ ჰქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლის უფლება იგი 2019 წლის 06 მარტს მეუღლესთან ერთად, ამ უკანასკნელის დედის სანახავად, შვეიცარიის და თურქეთის რესპუბლიკის გავლით, სტამბოლი-თბილისის ავიარეისით, ჩამოფრინდა თბილისში. აეროპორტში შემოწმებისას, გ------ ბ------ს ხელჩანთაში აღმოაჩნდა პირადი და მეუღლის მოხმარებისათვის განკუთვნილი, საფრანგეთში ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტებით და სადაზღვევო ბარათით უფასოდ შეძენილი 81 აბი ნარკოტიკული საშუალება - ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი „სუბუტექსი“. გ------ ბ------ და მისი მეუღლე არიან ნარკომანიით დაავადებული პირები და საფრანგეთის რესპუბლიკის უფლებამოსილი, სერტიფიცირებული ექიმების გადაწყვეტილებით ჩართულნი არიან ჩანაცვლებითი თერაპიის კურსში. სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, თერაპიის კურსით თითოეული მათგანისთვის გათვალისწინებულია ყოველდღიურად ორი ტაბლეტი „სუბუტექსის“ მიღება. ხსენებული პირები საფრანგეთში სისტემატურად იმყოფებოდნენ სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ამიტომ მათი მკურნალი ექიმები ახდენდნენ პრეპარატ „სუბუტექსის“ კანონიერად შესყიდვისთვის გამოწერილი რეცეპტის პერიოდულად განახლებას. 2019 წლის 26 თებერვალს ექიმის მიერ გაცემული რეცეპტით გ------ ბ------ს შეეძლო 28 დღის მანძილზე მოეხმარა 56 აბი „სუბოტექსი“. 2019 წლის 15 თებერვალს და 4 მარტს შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით კი, გ------ ბ------ს მეუღლეს დაენიშნა სულ 84 აბი „სუბუტექსის“ მოხმარება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის ვინც არ იცის, რომ ქმედება, რომელსაც სჩადის აკრძალულია, არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი კი განმარტავს, რომ როცა შეცდომა მისატევებელი არ არის, პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის, თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა - ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. აღნიშნული ნორმა ვრცელდება სწორედ სამართლებრივი (იურიდიულ) შეცდომის პრობლემაზე და რელევანტურია მხოლოდ ბლანკეტურ დელიქტებთან მიმართებაში დაშვებული შეცდომის დროს. შესაბამისად, თუ პირმა არ იცოდა ან არ იცის კონკრეტული ნარკოტიკული ბლანკეტური ნორმის შინაარსი, მართლწინააღმდეგობის შეგნების არარსებობის გამო, მას არ შეიძლება დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, დადგენილ იქნა, რომ გ------ ბ------მ და მისმა მეუღლემ არ იცოდნენ, მათი მკურნალობისთვის განკუთვნილი, პრეპარატ „სუბუტექსის“ საქართველოში შემოტანის წესის შესახებ. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, არ უცხოვრიათ საქართველოში და არ ჰყავთ ახლობლები საქართველოში. ამასთან, არ გააჩნიათ იურიდიული ან სამედიცინო განათლება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გ------ა ბ------ს პრეპარატი „სუბუტექსი“ თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდა ჩანთაში მოთავსებული და არ გამოუყენებია სამალავი, მან აღნიშნული მოთხოვნისთანავე წარუდგინა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს და მაშინვე განაცხადა, რომ ნივთიერება განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის. გ------ ბ------ს და დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადგენილ იქნა, რომ მას ეგონა, რომ საქართველო იყო ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფო, რომელიც აღიარებდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დამკვიდრებულ სამართლებრივ წესრიგს, რომლის თანახმად, მკურნალობისთვის განსაზღვრული პრეპარატ „სუბუტექსით“ საზღვარზე გადაადგილებისთვის საჭირო არ არის დეკლარაციის შევსება ან/და ნებართვის მიღება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიაჩნია, რომ გ------ ბ------მ დაუშვა აკრძალვაში პირდაპირი შეცდომა, რის გამოც, ქმედების ჩადენის დროს მას არ ჰქონდა მართლწინააღმდეგობის შეგნება, ე.ი. არ იცოდა, რომ პრეპარატ „სუბუტექსის“ შეძენა, შენახვა, ასევე მისი საზღვარზე შემოტანა ქართული კანონმდებლობის მიხედვით იყო აკრძალული, რაც, თავისთავად, გამორიცხავს მის ქმედებაში განზრახი დანაშაულის ბრალის არსებობას, ხოლო ამ დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენას კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N32აპ-2001(19.07.2001წ.); N253აპ-04(18.10.2004 წ.); N440აპ-04(10.03.2005 წ.); N36აპ-18(28.02.2018 წ.)).
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გ------ ბ------ს ბრალი არ ედება საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაში. ბრალდების უცვლელობის პრინციპის დარღვევის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელია გ------ ბ------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლზე, რადგან ამ მუხლის მე-2 შენიშვნის თანახმად, სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს თხუთმეტი ათას ლარს (თხუთმეტი ათასი ლარის ქვემოთ ნივთის საზღვარზე უკანონოდ შემოტანა კი საერთოდ არ გვაძლევს დანაშაულის შემადგენლობას და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას). მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა ღირებულების იყო გ------ ბ------ს მიერ საქართველოში შემოტანილი პრეპარატ „სუბუტექსის“ ღირებულება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა გ------ ბ------ს ბრალეულობა.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ ბ------ ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი გ------ ბაბევას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–----------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
პორტფელი - დაუბრუნდეს გ------ ბ------ს.
ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.
სასამართლო სხდომის ოქმის დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთი) DVD დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვ-–----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 05 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------ ბ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ------ ბ------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ------ ბ------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
პორტფელი - დაუბრუნდეს გ------ ბ------ს.
ნარკოტიკული საშუალება - განადგურდეს.
საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მოფრენის დარბაზის ვიდეოკამერების ჩანაწერები, განთავსებული 1 (ერთი) DVD დისკზე და სასამართლო სხდომის ოქმის 1 (ერთი) CD დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ------ ბ------ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვახტანგ მრელაშვილი