განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002735560
საქმე №1ბ/758-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ი----------- დ---------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, თურქმენეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: თ-----------------------–--------–-----------------------------------–---------------------–----------------–---------------------–----------------------------------------–ი;
ადვოკატი - ზ----------–---ი;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
სასჯელი: 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
თარჯიმანი: მარია კირვალიძე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ი----------- დ---------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები: 2,8509 გრამი ჰეროინის, 0,0504 გრამი მორფინის (ფუძე), 0,0801 გრამი კოდეინის (ფუძე), 0,019 გრამი თებაინის, 0,3083 გრამი ტრამადოლის და 1,0771 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 2 ცალად დაფასოებულ 0,5146 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0254 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0404 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0096 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას და ნაჭერში შეფუთულ 0,0545 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა პირადად, ხოლო 6 ცალად დაფასოებულ 2,3363 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0250 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0397 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0094 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას, ათ ცალად დაფასოებულ 0,5494 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას, 0,3083 გრამ ტრამადოლის შემცველ ერთ აბს და ერთი აბის ნატეხს, 36 ცალ პერგამენტის ღერში მოთავსებულ 0,4732 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა რ-------–--------------------------------------------ში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულ იქნა 2018 წლის 18 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ.რ------–--------------------------------------------ში ჩატარებული ი----------- დ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით ი----------- დ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი----------- დ---------ის ადვოკატმა ზ----------–---მა.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა ი----------- დ---------ის უდანაშაულოდ ცნობა, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა განპირობებული იყო მხოლოდ მისი ვარაუდით, რომ გაუჭირდებოდა უდანაშაულობის დამტკიცება, როდესაც ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, თუმცა უტყუარად არ დადგენილა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად ეკუთვნოდა ი----------- დ---------ს, არ გამოკითხულან პირები, ვინც დაადასტურებდნენ, რომ ნარკოტიკები მსჯავრდებულის საკუთრება იყო, არ ჩატარებულა ბიოლოგიური ექსპერტიზა, რითიც დადგინდებოდა ი----------- დ---------ის ნარკოტიკებთან შემხებლობა. ამასთან, არც ის დადგენილა, ვინ ცხოვრობდა აღნიშნულ ბინაში, სანამ მას მსჯავრდებული დაიქირავებდა ან ვინ სტუმრობდა მას. ამდენად, დაცვის მხარის მტკიცებით, არ არის უტყუარად დადგენილი, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები ნამდვილად ი----------- დ---------ს ეკუთვნოდა და არ არის გაქარწყლებული ეჭვი, რომ შესაძლოა, ისინი ბინაში სხვა პირმა შეინახა ან შეცვალა, ვინაიდან ეს არ იყო ი----------- დ---------ის მუდმივი საცხოვრებელი ბინა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი და ი----------- დ---------ი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ი----------- დ---------ის ბრალეულობა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით და მის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ი----------- დ---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ი----------- დ---------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ლ---- ფ---–----–---–ის, გ------- გ--–----–---–ისა და ე------ მ--------ის გამოკითხვის ოქმებს, ი----------- დ---------ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებს; ქიმიური ექსპერტიზის №2-------------რ დასკვნას.
პირადი ჩხრეკის ოქმით (18.10.2018), ბინის ჩხრეკის ოქმით (18.102018), ასევე მოწმეების ლ---- ფ---–----–---–ის (გამომძიებელი), გ------- გ--–----–---–ის (გამომძიებელი) და ე------ მ--------ის (გამომძიებელი) გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, 14:50-15:10 საათებს შორის შუალედში ქ.---------–----------------------------------------ში ჩატარდა ი----------- დ---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა პოლიეთილენის პარკის ოთხი წონაკი, რომლებშიც მოთავსებული იყო მოშავო მასები და ორი ვერცხლისფერი ფოლგის შეკვრა, რომლებშიც ცალ-ცალკე მოთავსებული იყო მოვარდისფრო ქაღალდის შეკვრები, რომლებშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება. ასევე, 2018 წლის 18 ოქტომბერს, 15:15-16:15 საათებს შორის შუალედში ქ.---------–----------------------------------------ში ჩატარდა ი----------- დ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ათი მოთეთრო პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომლებშიც ცალ-ცალკე მოთავსებული იყო მოშავო მასები, ორი მოთეთრო-მოწითალო პოლიეთილენის პარკის წონაკი, რომლებშიც ცალ-ცალკე მოთავსებული იყო მოშავო მასები, ექვსი ვერცხლისფერი ფოლგის შეკვრა, რომელთაგან ხუთში მოთავსებული იყო მოვარდისფრო, ხოლო ერთში - მომწვანო ქაღალდის შეკვრები, რომლებშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერებები; ერთი მოწითალო აბი და ერთი მოწითალო აბის ნატეხი; 36 ე.წ. ,,ხიხანის“ ღერი, რომლებშიც მოთავსებული იყო მცენარეული მასები.
საყურადღებოა, რომ როგორც პირად, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობდა თარჯიმანი, რომელმაც საგამოძიებო მოქმედების ოქმები მისთვის გასაგებ ენაზე უთარგმნა ი----------- დ---------ს და აღნიშნულ ოქმებზე არის თავად ი----------- დ---------ის ხელით შესრულებული შენიშვნა, რომლის თანახმად პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერებები არის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებსაც იგი იყენებდა პირადი მოხმარებისთვის.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სააპელაციო პალატასაც უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №2---------------- დასკვნით უტყუარად არის დადგენილი შემდეგი:
ი----------- დ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული:
- 2 ცალად დაფასოებული 2 ცალ ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გადახვეული ვარდისფერი ქაღალდის ნაჭრებში მოთავსებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, საერთო წონით - 0,8906 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 0,5146 გრამის ოდენობით.
- 2 ცალად დაფასოებული 2 ცალ უფერო პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოშავო- ყავისფერი პლასტიკური მასა, საერთო წონით 1,9245 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (ფუძე) 0,0254 გრამის ოდენობით, კოდეინს (ფუძე) 0,0404 გრამის ოდენობით, თებაინს 0,0096 გრამის ოდენობით.
- უფერო პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული სპეციფიკური სუნის მქონე ყავისფერი პლასტიკური მასა, წონით 0,9916 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,0545 გრამის ოდენობით.
ი----------- დ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული:
- 6 ცალად დაფასოებული 6 ცალ ვერცხლისფერ ფოლგის ნაჭერში გადახვეული 5 ცალ ვარდირდისფერ და ერთ მწვანე ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო ფერის ფხვეირი ნივთიერება, საერთო წონით 4,0988 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს 2,3363 გრამის ოდენობით.
- 2 ცალად დაფასოებული 2 ცალ უფერო პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული სპეციფიკური სუნის მქონე, მოშავო- ყავისფერი პლასტიკური მასა, საერთო წონით 1,8949 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მორფინს (ფუძე) 0,0250 გრამის ოდენობით, კოდეინს (ფუძე) 0,0397 გრამის ოდენობით, თებაინს 0,0094 გრამის ოდენობით.
- 10 ცალად დაფასოებული 10 ცალ უფერო პოლიეთილენის თავმოკრულ ნაჭერში შეფუთული კუსტარული წესით მიღებული სპეციფიკური სუნის მქონე, ყავისფერი პლასტიკური მასა, საერთო წონით 9,9909 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,5494 გრამის ოდენობით.
- ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე წითელი ფერის მრგვალი ფორმის (ორივე ზედაპირზე ამობურცული და, შესაბამისად, შუაში ღრმა ნაჭდევით და ამოტვიფრული ლოგოთი „200“) ერთი აბი და ერთი აბის ნატეხი, საერთო წონით 0,5242 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტრამადოლს 0,3083 გრამის ოდენობით.
- 36 ცალ პერგამენტის ღერში (მუყაოს ხვეულები) მოთავსებული ყავისფერი მცენარეული მასა, საერთო წონით 33,36 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს 0,4732 გრამის ოდენობით.
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ობიექტებში ნარკოტიკული საშუალებების საერთო ოდენობები შეადგენს: ჰეროინის - 2,8509 გრამს, მორფინის (ფუძე) - 0,0504 გრამს, კოდეინის (ფუძე) – 0,0801 გრამს, თებაინის - 0,019 გრამს, ტეტრაჰიდროკანაბინოლის - 1,0771 გრამს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ ფაქტობრივი გარემოებების არასწორად გადმოცემაზე, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების ამოღება მოხდა მხოლოდ ი----------- დ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან და არ არის გაქარწყლებული ეჭვები მათი სხვა პირისადმი შესაძლო კუთვნილების თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რითიც უტყუარად არის დადასტურებული, რომ ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა როგორც ი----------- დ---------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე მისი პირადი ჩხრეკის შედეგად. მოწმეების: ლ---- ფ---–----–---–ის, გ------- გ--–----–---–ის და ე------ მ--------ის გამოკითხვის ოქმებში მითითებული განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, სად, ვისგან და რა ვითარებაში მოხდა ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენა და ამოღება, არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ასევე ეს გამოკითხვის ოქმები სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო მოქმედებების (ბინისა და პირადი ჩხრეკის) ოქმებთან, რომელთა შინაარსი სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს და რაიმე გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ მოწმეთა მიუკერძოებლობას და სანდოობას, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა. ამდენად, გონივრულ საფუძველს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ ი----------- დ---------ი უდანაშაულოა, ვინაიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან და არ არის გაქარწლებული ეჭვი, რომ შესაძლოა ისინი იქ სხვა პირმა მოათავსა. ამასთან, საყურადღებოა, რომ ი----------- დ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას უმეტესწილად ამოღებული იქნა ერთი და იგივე სახეობის ნარკოტიკები.
რაც შეეხება დაცვის მხარის მითითებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე არ ჩატარებულა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზა, სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის №96აპ-17 გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘, ხოლო 2017 წლის 13 ოქტომბრის №262აპ-17 გადაწყვეტილებით განმარტებულია, რომ მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც: თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ი----------- დ---------მა შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები: 2,8509 გრამი ჰეროინის, 0,0504 გრამი მორფინის (ფუძე), 0,0801 გრამი კოდეინის (ფუძე), 0,019 გრამი თებაინის, 0,3083 გრამი ტრამადოლის და 1,0771 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველი ნივთიერებები, საიდანაც 2 ცალად დაფასოებულ 0,5146 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0254 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0404 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0096 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას და ნაჭერში შეფუთულ 0,0545 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა პირადად, ხოლო 6 ცალად დაფასოებულ 2,3363 გრამ ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, 2 ცალად დაფასოებულ 0,0250 გრამ მორფინის (ფუძე), 0,0397 გრამ კოდეინის (ფუძე) და 0,0094 გრამ თებაინის შემცველ ნივთიერებას, ათ ცალად დაფასოებულ 0,5494 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას, 0,3083 გრამ ტრამადოლის შემცველ ერთ აბს და ერთი აბის ნატეხს, 36 ცალ პერგამენტის ღერში მოთავსებულ 0,4732 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველ ნივთიერებას ინახავდა რ-------–--------------------------------------------ში. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
5. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია ი----------- დ---------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი----------- დ---------ის უდანაშაულოდ ცნობის და მისი გამართლების თაობაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - დიდ და განსაკუთრებით დიდ ოდენობას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს არა მარტო ნარკოტიკული საშუალების წონა და ოდენობა, არამედ მისი თვისება, ზემოქმედების უნარი ადამიანის ორგანიზმზე. ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა განსაზღვრულია ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული, რომ ი----------- დ---------მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით და შეინახა როგორც პირადად, ასევე მის დროებით საცხოვრებელ სახლში. მის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი----------- დ---------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ - დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ი----------- დ---------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა სახისა და ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ი----------- დ---------მა უდავოდ გახადა საქმეზე არსებული მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე იმ გარემოებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ი----------- დ---------ის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა, რომ ი----------- დ---------ის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა არაერთი სახეობის ნარკოტიკული საშუალება, რაც ზრდის მათი უკანონო ბრუნვაში მოხვედრის რისკს, რისი გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, ი----------- დ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმინიბის ხწლშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება უნდა ჩამოერთვას 10 წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: ი----------- დ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი----------- დ---------ის ადვოკატის ზ----------–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენი ი----------- დ---------ის მიმართ;
ი----------- დ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით;
ი----------- დ---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 18 ოქტომბრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი----------- დ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ი----------- დ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ი----------- დ---------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე.
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე.
მაია თეთრაული.