განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2019
საქმის ნომერი
110100119002931624
ინსტანცია
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100119002931624

საქმე №1/ბ-718-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი კ-----------ე

 

გამართლებული: ჯ------------------ე, დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი N 1----------), საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ქ-------------ი, გ---------–-------------ი, N-;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ------------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ------------------ე, მამასთან, რ----------------ესთან ერთად ცხოვრობს ქ-------------ი, მ-------–-------ა, მ---------ი N--ში. 2019 წლის თებერვალის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია), საღამოს საათებში, ჯ------------------ე იმყოფებოდა მამასთან, რ----------------ესთან ერთად ქ-------------ი, მ-------–-------ა, მ---------ი N--ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც, ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება. ჯ------------------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - რ----------------ეს, რის შემდეგაც აიღო ოთახში მდგარი სკამი და ესროლა რ----------------ეს, რაც ამ უკანასკნელს მოხვდა ზურგის არეში. ჯ------------------ის მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად რ----------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

 

- ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ------------------ე, მამასთან, რ----------------ესთან ერთად ცხოვრობს ქ-------------ი, მ-------–-------ა, მ---------ი, N--ში. 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჯ------------------ე, მამასთან, რ----------------ესთან ერთად იმყოფებოდა ქ-------------ი, მ-------–-------ა, მ---------ი, N--ში, მათ საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ერთმანეთში მოუვიდათ შელაპარაკება, რის შემდეგაც ჯუმბერი ჯაფარიძე სახლის დანგრევა-გადაწვითა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რ----------------ეს. აღნიშნული რ----------------ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დატოვა საცხოვრებელი სახლი.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ჯ------------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენით: ჯ------------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111;151 მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში; ჯ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდა და დადგინდა, რომ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით; გამართლებულ ჯ------------------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება; საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის თებერვალის თვეში (ზუსტი დრო დაუდგენელია) ქ-------------ში, მ-------–-------ა, მ---------ი, N--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ------------------ეს მამის - რ-----------------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია. 2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------------ში, მ-------–-------ა, მ---------ი, N--ში, საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ჯ------------------ეს მამის - რ-----------------ის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ-----------ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა რეალური თავისუფლების აღკვეთი სახით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ჯ------------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

დაცვის მხარეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ჯ------------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ------------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ------------------ე წარმოადგენს ოჯახური დანაშაულის სუბიექტს. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიციისთვის აუცილებელია, რომ ქმედება განხორციელდეს ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება როგორც შვილი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მუქარად ითვლება: „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება: ა) მოქმედებაში (კერძოდ მუქარა); ბ) შედეგში (შიში) და გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო საუბრით, პირისპირ საუბრით, იარაღის (მათ შორის დანის) დემონსტრირებით. მუქარის შინაარსი უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობაში, ქონების განადგურებაში და სხვა. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ (ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის) უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთანავე, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ესე იგი, იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა დაფუძნებულია არა ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ აქ პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, თანაც მუქარა გარეგნულად ისეთ ფორმითაა გამოხატული, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. შედეგად კი ვღებულობთ იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგან ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას სხვა პირის მხრიდან. სწორედ ამაში მდგომარეობს მუქარის საზოგადოებრივი საშიშროება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალის ფორმის მიხედვით კი მუქარა არის განზრახი დანაშაული. მისი ამსრულებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი 14 წლის პირი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა რ----------------ემ, რომელიც არის ჯ------------------ის მამა, სასამართლო სხდომაზე ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

 

მოწმეებმა: ლ--–------------ემ და დ----------------ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

ბრალდებულმა ჯ------------------ემ უარი განაცხადა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილს. ბრალდებულმა ჯ-----------ემ უდავოდ მიიჩნია და აღარ მოითხოვა მოწმეების: თ-------------–--–--ის, დ----------------ის, გ----------------–-–---–ის და ე-–-------–--ის დაკითხვა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ-----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. 2019 წლის 26 თებერვალს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ე-–-------–--ესთან ერთად, ქ-------------ი, მ-------–-----------ი N--ში, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც მოახდინა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედების შესახებ ოქმი შედგენილი იქნა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.

 

შესაბამისად, გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ სასამართლოსთვის თუ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ 26.02.2019წ. 18:26-18:36სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. რ-----------------ეს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

 

2019 წლის 26 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------------ში, გ.მ-------–-----------ი, N--ში და წარმოადგენს რ-----------------ის საცხოვრებელ სახლს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ წარდგენილი ქმედების ობიექტური შემადგენლობა.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი, თუ გარემოება. მოცემულ შემთხვევაში, საკითხის გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია რომ ფაქტის უშუალო შემსწრე პირებმა ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლოს არ მისცეს მათი ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო ჯ------------------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, საქმეზე დაზარალებულებად ცნობილმა რ-----------------ემ, ასევე, მოწმეებმა: ლ--–----- დ----------------ეებმა, რომლებიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდნენ ძალადობის ჩადენაში, უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ბრალდებულის წინააღმდეგ. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ჯ------------------ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

აღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ჯ------------------ის მიმართ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 09 სექტემბერს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 09 სექტემბრის განაჩენი, ჯ------------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ჯ------------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში;

 

4.გამართლებულ ჯ------------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ჯ------------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია და შესაბამისად, გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

6.ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/