განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2019
საქმის ნომერი
200100119002870967
ინსტანცია
თარიღი
14.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100119002870967

საქმე №1ბ/1189-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------–-----ის

გამართლებულის: მ--–--------–-–---–ის

ადვოკატის: გ-----------------–-–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ--–--------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ა-------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ---------–---------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 იანვარს, ქ---------–---------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ--–--------–-–---–მა ძალადობის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ------------–-–---–ს, კერძოდ, მოქაჩა თმები და დაარტყა ხელი სახის არეში. განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქ------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 31 იანვარს, ქ---------–---------------------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მ--–--------–-–---–ი, დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ქ------------–-–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დ----------–-----მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მ--–--------–-–---–ის მიმართ გამოტანილი, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, მ--–--------–-–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და აღნიშნული კვალიფიკაციის სანქციის ფარგლებში სასჯელად თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ--–--------–-–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს, კერძოდ, დაზარალებულის მიერ პოლიციაში გაკეთებულ შეტყობინებას და დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით საკმარისი იქნებოდა მ--–--------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - მ-----------–-–---–ის ჩვენებით, გ--–---–---–--ისა და თ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ქ------------–-–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმით (თანდართული ფოტოცხრილით), შემაკავებელი ორდერით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ცივი იარაღის ექსპერტიზის N--–- დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით - პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით მ--–--------–-–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულს, ქ------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა ქ------------–-–---–მა (მ--–--------–-–---–ის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ მ--–--------–-–---–ის მეუღლემ, ქ------------–-–---–მა ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი მ--–--------–-–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, სასამართლოს მიერ არ უნდა იქნას გაზიარებული ოჯახის წევრების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, როგორც ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელი ფაქტი, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო პალატის აზრით, ასევე ვერ დაედება საფუძვლად მ--–--------–-–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, დაზარალებულ ქ------------–-–---–ის შეტყობინება პოლიციაში და მისი (ქ------------–-–---–ის) გამოკითხვის ოქმი, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ ქ------------–-–---–ის მიერ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული შეტყობინებისა და გამოკითხვის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან ზემოხსენებულმა დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ. აგრეთვე, შეტყობინებასა და გამოკითხვის ოქმთან დაკავშირებით, პალატა დამატებით განმარტავს, რომ ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ქ------------–-–---–ის მიერ პოლიციაში გაკეთებულ შეტყობინებასა და მისი გამოკითხვის ოქმს, ვინაიდან მათი შინაარსი სრულად ეფუძნება მოწმის (დაზარალებულ ქ------------–-–---–ის) მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და იმ ვითარებაში, როდესაც ქ------------–-–---–მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, დაუშვებელია, მისი გამოკითვის ოქმი და შეტყობინება განვიხილოთ სათანადო მტკიცებულებად მაშინ, როდესაც დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციის (გამოკითხვის ოქმი) გამოქვეყნებაც კი არ ხდება მსგავს ვითარებაში. (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება), რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ჩვენებას არ იძლევა, ეს წესი არ მოქმედებს).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ ქ------------–-–---–ის შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას ან/და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--–--------–-–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ მ--–--------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ მ--–--------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----------–-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი მ--–--------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

მ--–--------–-–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ--–--------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას მ--–--------–-–---–ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით 3000 (სამი ათასი) ლარის ნაწილში დაყადაღებულ თ------------–-–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N5------------

 

გამართლებულ მ--–--------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

საქმეზე ამოღებული დანა - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს,განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ.კახეთელიძე