განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
160100119003019356
ინსტანცია
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003019356

№1ბ/1764-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ე-––--- ა-–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მ--------–-----------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილი (პროსტიტუციის ხელშეწყობა, ესე იგი პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილი – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი მექვაბიძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, არასწორი შეფასება მისცა მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და ხარისხს. აპელანტი განმარტავს რომ საყურადღებოა ე-––--- ა-–---ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სპეციფიკა. მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბრალდებულის პიროვნება, იგი არ მოერიდა საზოგადოებას და ხალხმრავალ ადგილას განახორციელა ბრალად წარდგენილი ქმედება. აღნიშნული კი ცალსახად ავლენს მის პიროვნულ უპატივცემულობას საზოგადოებისადმი და მის მიდრეკილებას განზრახი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისკენ. ე-––--- ა-–---ი ხანგრძლივი დროის პერიოდში ახორციელებდა მოცემულ დანაშაულებრივ საქმიანობას და დაკავშირებული იყო მატერიალური გამორჩენის მიზანთან. ამგვარად მსუბუქი სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული, საქართველოს სსკ–ის 39-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. იმის გათვალისწინებით, რომ ე-––--- ა-–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის მიმართ სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–---–მა წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ დაადგინა:

ე-––--- ა-–---მა ჩაიდინა პროსტიტუციის ხელშეწყობა, ესე იგი პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლიდან, 2019 წლის 20 მაისამდე პერიოდში, ქალაქ მ--------––-----------------აზე გახნილ კაფე–ბარ „----–ში ე-––--- ა-–---ი წინასწარი შეთანხმებით პროსტიტუციისთვის ოთახებს გადასცემდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რომლებიც თითოეული კლიენტის მომსახურების დროს ოთახის დათმობისათვის მას უხდიდნენ 10 ლარს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით, ე-––--- ა-–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ე-––--- ა-–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გ--–--------ის, ნ----------------ის, ბ----------------ის, რ--------- ლ-–---ს, დ-------------------ს, ფ-----------------ის, ქ------------–----ს, რ----------–----ის, მ-----------ს, ს----–----------ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოპოვებული rec1_001 ჩანაწერით და თავად ე-––--- ა-–---ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე-––--- ა-–---მა ჩაიდინა პროსტიტუციის ხელშეწყობა, ესე იგი პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე-––--- ა-–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ე-––--- ა-–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ე-––--- ა-–---ს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობითად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე-––--- ა-–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, რაც სასჯელის სახის და ზომის დანიშვნისას ასევე მნიშვნელოვანია და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა ზემოაღნიშნული. შესაბამისად პალატა თვლის, რომ ე-––--- ა-–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენება სამართლიანი და კანონიერია.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ე-––--- ა-–---ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, მ--------–-ს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი მექვაბიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი ე-––--- ა-–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ე-––--- ა-–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254–ე მუხლის მეორე ნაწილითგათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 მაისიდან 2019 წლის 24 მაისის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

მსჯავრდებულ ე-––--- ა-–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მ--------–-ს მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის N12/4-19 განჩინებით ე-––--- ა-–---ი მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გირაო 6000 ლარის უზრულველსაყოფად, ჰ---- ა-–---ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. მ--------–-, ს/კ 8-----------) დადებული ყადაღა გაუქმებულია.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერი, განთავსებული ერთი ცალ DVD-R დისკზე და პირველი წარდგენის სხდომის ოქმი, განთავსებული ერთ ცალ CD დისკზე – შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე