განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100119003176200
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003176200

საქმე №1ბ/1814-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ ი-----–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ი-----–------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 31 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის ქ. თბილისი, ძ---------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისი, ჩ---------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენით:

ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) სრულად შთანთქა თანაბარი სასჯელი და ი-----–------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო, სრულად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3000 (სამი ათასი) ლარი და ი-----–------–-–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

ი-----–------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით დროის შუალედში, ი-----–------–-–---–ი სისტემატურად, ფსიქოლოგიურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე - ნ------------–---–ზე. აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით. ი-----–------–-–---–ის ქმედებების შედეგად ნ------------–---–მა განიცადა ტანჯვა და თავი იგრძნო დამცირებულად.

2019 წლის მაისის შუა რიცხვებში, თბილისში, ჩ--------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, ი-----–------–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - ნ------------–---–ს დაუზიანა კუთვნილი ავტომანქანის სალონი და უკანა ხედვის სარკე. ფიზიკურადაც იძალადა მასზე - ხელი დაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად ნ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენების გარეშე სასჯელის დანიშვნა, იმ საფუძვლით, რომ ის სასამართლოს დაეხმარა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაში, როდესაც პირველივე სხდომაზე უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია მისი ყოფილი მეუღლის ნოტარიულად დამოწმებული მოთხოვნა, რომ სასამართლო მაქსიმალურად ლოიალური ყოფილიყო მის მიმართ, რაც, მსჯავრდებულის აზრით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, როდესაც სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების მეთოდი გამოიყენა. ი-----–------–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ მას არ ჰყავს მამა, ხოლო მარტოხელა დედა დარჩა მარჩენალის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულმა ი-----–------–-–---–მა ითხოვა მისთვის სასჯელის დანიშვნა სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენების გარეშე.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად ი-----–------–-–---–ის აღიარებით; დაზარალებულ ნ------------–---–ის და მოწმეების - ე-–--------–-–---–-ს, მ----------------–--ის, ს--–-----------------ის და თ------–------ის გამოკითხვის ოქმებით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ი-----–------–-–---–მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ი-----–------–-–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის თაობაზე სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენების გარეშე, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას მსჯავრდებულ ი-----–------–-–---–ისათვის სასჯელის დანიშვნის ნაწილში და განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქმედების დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მას ძალადობრივი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის პერიოდში, ასევე მხედველობაში მიიღო მისი პიროვნული მახასიათებლები - იგი წარსულში არაერთხელ იმყოფებოდა კანონთან კონფლიქტში. ანუ, ადგილი აქვს დანაშაულის რეციდივს, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ი-----–------–-–---–თან. ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 5000 ლარი. საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის #28/02/01 გადაწყვეტილებით შეწყალებულ იქნა 2017 წლის 31 მარტის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენი დარჩა ძალაში. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 59-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით (იგულისხმება 2017 წლის 31 მარტის განაჩენი პირობითი მსჯავრის ნაწილში) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი. თბილისის პრობაციის ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის წერილის თანახმად გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 31.07.2018წ. - ხოლო დასასრული 30.07.2023წ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 ივლისის წერილის მიხედვით ჯარიმა 3 000 ლარი გადახდილი არ არის და ი-----–------–-–---–ი ირიცხება მოვალეთა რეესტრში. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ; მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ი-----–------–-–---–ი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულებისთვის და განსახილველ საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს არ ჰქონდა ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ხოლო 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას არ გაუთვალისწინებია შემამსუბუქებელი გარემოებები და აღნიშნავს, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღო ი-----–------–-–---–ის მიერ დანაშაულის აღიარება და სინანული, ასევე ის ფაქტი, რომ მან უდავოდ ცნო მტკიცებულებები და ამით ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და ამ ფაქტორების გათვალისწინება გამოიხატა იმაში, რომ დანაშაულთა ერთობლიობისას გამოყენებულ იქნა სასჯელთა არა სრული ან ნაწილობრივი შეკრების, არამედ შთანთქმის პრინციპი, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელი დაენიშნა არა სასჯელთა სრული შეკრების, არამედ ნაწილობრივ შეკრების წესის გამოყენებით. ასევე, დაცულ იქნა დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის განსაზღვრის ზემოთ აღნიშნული სავალდებულო დანაწესი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–------–-–---–ისათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად არის გათვალისწინებული როგორც მსჯავრდებულის პირადი მახასიათებლები, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილი, პირობითი მსჯავრის პერიოდში დანაშაულის ჩადენისას, დანაშაულის რეციდივისას და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელის დანიშვნის წესები. შესაბამისად, არ არსებობს ი-----–------–-–---–ისათვის სასჯელის შემსუბუქების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი ი-----–------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----–------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ი-----–------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდი) სრულად შთანთქოს თანაბარი სასჯელი და ი-----–------–-–---–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული 5 (ხუთი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სრულად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ჯარიმის მოუხდელი ნაწილი 3000 (სამი ათასი) ლარი და ი-----–------–-–---–ს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ი-----–------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებული.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 31 ივლისიდან.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე