განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 130210018002764452
საქმე №2ბ/3764-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - შპს ,,ჩ------------------------------------------ი’’ (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ო-–----------–-ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ------–--------------–ი, ე-------------------–ი (მოსარჩელეები)
წარმომადგენელი - მ---------–-–---–ი
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის საოქმო განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ------–---ა და ე-------------------–ებმა სარჩელი აღძრეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ მიმართ და მოპასუხისათის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 7 638.35 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
2. მ------–---ა და ე-------------------–ები სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდნენ:
მოსარჩელეთა საკუთრებაშია უძრავი ნივთი, საცხოვრებელი სახლი, მდებარე, ხ-–------------–----–------ის ს------–-----–----ში, სადაც შპს ,,ჩ------------------------------------------ი“ აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას. მშენებლობის დროს განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მათ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 2 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. მისი შემდგომი ხანგრძლივი ექსლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება.
მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხის მოქმედებით მიყენებული ზიანი შეადგენს 7 638.35 ლარს, რაც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 ნოემბრის დასკვნით. მათი სახლის რემონტისათვის საჭირო თანხმათი სახლის რემონტისათვის საჭირო თანხა.მათი სახლის რემონტისათვის საჭირო თანხა.
3. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით შპს ,,ჩ------------------------------------------მა’’ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მ------–---ა და ე-------------------–ების საცხოვრებელი სახლის დაზიანებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დაუსაბუთებელია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარადგინა აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანია ,,ე---------ის" დასკვნა, რომელიც გამორიცხავს მოპასუხის მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსარჩელეთა სახლის დაზიანებას.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ------–---ა და ე-------------------–ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,ჩ------------------------------------------ს'' მ------–---ა და ე-------------------–ების სასარგებლოდ 4 000 ლარი დაეკისრა.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მ------–---ა და ე-------------------–ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაზიანება გამოწვეული იყო შპს „ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებულ საამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელ სახლზე შესასრულებელი სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 7 638.35 თეთრს.
ამასთან, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეული იყო, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით, ასევე, ნაწილობრივ - ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებით და ტექნიკური მოუვლელობით და მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი ზიანის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ გამოწვეულ ზიანთან და იგი უნდა შემცირებულიყო გონივრულ ოდენობამდე; შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ჩ------------------------------------------ს'' მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 4 000 ლარის გადახდა.
6. აღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჩ--------------------------------------------მა’’, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარი შემდეგ გარემოებებს ეფუძნება:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა მოპასუხე შპს „ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებული საამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებული აფეთქებებით. ამ გარემოების დადგენისას, სასამართლო დაეყრდნო სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ ზიანის დადგომაში შპს „ჩ-----------------------------------------ს” ბრალი არ მიუძღვის. აპელანტის მითითებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია, როგორც ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებაზე, ასევე, ტექნიკურ მოუვლელობაზე.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდო და კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს.
ამასთან, მოპასუხე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა აფეთქებების მონიტორინგის განმახორციელებელი საერთაშორისო კომპანია ,,ე---------ის’’ მიერ გაცემული 2----–-–---------–--ის საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ შპს „ჩ-----------------------------------------ის” მიერ წარმოებული აფეთქებები მიმდინარეობდა ნორმის ფარგლებში, მათ არ შეეძლო გამოეწვია მოსარჩელე მხარის საცხოვრებლი სახლის დაზიანება, რომელიც არ მდებარეობდა რისკის ზონაში. კერძოდ, აპელანტის მითითებით, კომპანია ,,ე---------ის’’ დასკვნის თანახმად, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლი ს/კ 6-----------, მდებარეობს აფეთქებასაშიში ზონის გარეთ, მშენებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 277 მ, ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი - 317 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. აფეთქებები წარმოებდა ნორმის ფარგლებში და ამ სახლის მიმართ არ დაფიქსირებულა დასაშვებ ლიმიტზე მაღალი ვიბრაციის მაჩვენებელი. ამდენად, ადაპტირებული სპეციფიკაციისა და სტანდარტების გათვალისწინებით, სადავო საცხოვრებელი სახლის დაზიანებები არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბში წარმოებული აფეთქებების შედეგად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 000 ლარს.
აპელანტის განმარტებით, ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ კონკრეტულ თანხამდე უნდა შემცირებულიყო ზიანის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. შპს „ჩ------------------------------------------ის“ მუდმივმოქმედი ფილიალი ხ-–------------–----–------ის ს------–----–----ში აწარმოებდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას; მშენებლობის პროცესში ხდებოდა მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელეების, მ------–---ა და ე-------------------–ების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ხ-–------------–----–------ის ს------–----–----ში (1------ კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N---------------------------- კვ.მ. საკადასტრო კოდით 6------------).
9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე Nას-72-72-2018).
10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთი, მდებარე ხაშურის რაიონი, სოფელი ქვიშხეთი, 1------ კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N---------------------------- კვ.მ. ს/კ 6------------, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მ------–---ა და ე-------------------–ების სახელზე (ტ.1; ს.ფ. 14-15).
11. სააპელაციო პალატა, საქმეში არსებული მტკიცებულებების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე შეფასებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებები, ძირითადად, გამოწვეულია შპს „ჩ------------------------------------------ის“ მიერ N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოებით.
12. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ს დასკვნის (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა სოფელში მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების გათვალისწინებით) თანახმად, მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. კედლებზე ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით. ამავე დროს, გარე კედლებზე ბათქაშის ჩამოშლა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებითა და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული, ხოლო, შიგა კედლებსა და ჭერზე ბათქაშის ჩამოშლა ნაწილობრივ დინამიური და ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტექნიკური მოუვლელობის შედეგია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I-II (მსუბუქი-საშუალო დაზიანება) ხარისხისაა და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი არ არის. სახლის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით.
საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა---------–--------–-–---–ს - კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სეისმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 31 წლის სტაჟით (ტომი 1; ს.ფ. 19-40).
13. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს დაზიანებების გამომწვევ უშუალო მიზეზზე, კერძოდ, აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად, გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ გარე კედლებზე ბათქაშის ჩამოშლა ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებითა და ტექნიკური მოუვლელობითაა გამოწვეული, ხოლო, შიგა კედლებსა და ჭერზე ბათქაშის ჩამოშლა ნაწილობრივ დინამიური და ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექების ზემოქმედებისა და ტექნიკური მოუვლელობის შედეგია.
14. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–--------------ის დასკვნის თანახმად, ხ-–------------–----–------ის ს------–----–----ში ე--------- და მ------–--------------–ების საცხოვრებელ სახლზე შესასრულებელი სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარების ღირებულება, ბზარების გამონოლითების გათვალისწინებით, 2018 წლის III კვარტლის დონეზე ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით განისაზღვრა 7638,35 ლარით (ტომი 1; ს.ფ. 41-60).
15. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საპირწონედ მოპასუხემ რაიონულ სასამართლოში წარადგინა კომპანია ,,ე---------ის“ მიერ გაცემული დასკვნები (ტ.1, ს.ფ. 87-289, ტ. 2. ს.ფ. 25-26). მოპასუხის (აპელანტის) განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებებით გამოირიცხება მისი ბრალი მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული სახლის დაზიანებაში.
16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი კომპანია ,,ე---------ის“ დასკვნები ვერ აქარწყლებს სსიპ ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ ზემოთ აღნიშნულ დასკვნას (2----–-–---------------ს დასკვნა). კერძოდ, კომპანია ,,ე---------ის“ მიერ გაცემული დასკვნა „აფეთქებადი ვიბრაციის მონცემების შეფასება ს------–----–----ში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის“ (E----------.) ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქებების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული დასკვნებით არ მომხდარა კონკრეტული შენობა-ნაგებობების კვლევა, არ შესწავლილა მოსარჩელე მხარის კუთვნილი შენობა-ნაგებობის მდგომარეობა, არ განხორციელებულა მასზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
17. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ,,ე---------ის“ დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად. მოპასუხის მითითება მასზედ, რომ კომპანია "ე---------ის" დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება - ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის და არა ერთჯერადი, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. ამასთან, კომპანიის დასკვნის თანახმად, სადავო სახლი მდებარეობს N9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. დახრილი მანძილი გვირაბის ღერძის უახლოეს წერტილსა და საცხოვრებელ სახლს შორის არის 277 მ, ხოლო, ჰორიზონტალური მანძილი - 317 მ. ზემოქმედების ზონის უახლოესი წერტილიდან სახლამდე. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის ადგილზე დათვალიერების და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეების სახლის კედლებზე ბზარების წარმოქმნა, ძირითადად, გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით.
18. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ ქვიშხეთის ტერიტორიაზე N9 სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის აფეთქებები დაიწყო 2012 წლის ივლისიდან, „ე---------ის“ დასკვნა კი ასახავს აფეთქებების შედეგად წარმოშობილი ვიბრაციების მონიტორინგის მიმდინარეობას მხოლოდ 09.10.2012 წლიდან. ამდენად, საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია, თუ რა სიხშირის და რა სიმძლავრის აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა 2012 წლის ივლისიდან - 2012 წლის 09 ოქტომბრის ჩათვლით.
ასევე, ს----------–--------------ის 2----–-–------------------ დადგენილებით, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა. არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი. ამდენად, მოპასუხე ორგანიზაციას, ვიდრე მსგავსი მასშტაბის მშენებლობას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ, ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის, საქმის მასალებით კი მსგავსი კვლევის ჩატარება არ დასტურდება; აღნიშნული მოპასუხის მტკიცების ტვირთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და წარმოდგენილი ზოგადი ხასიათის დასკვნით შევსებული ვერ იქნება.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოების (მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი) დასადასტურებლად სასამართლოში წარადგინა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები, მოპასუხე მხარემ კი სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო ამ დასკვნებით დადგენილი ფაქტების უარყოფა (სსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები).
20. პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ჩ------------------------------------------ის" მიერ მოსარჩელეებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 4 000 ლარით განისაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა (3 638.35 ლარის ნაწილში) მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებიათ.
21. რაც შეეხება აპელანტს, იგი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობას და მიუთითებს მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არასარწმუნოობაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გ--------–ების სარჩელზე მოპასუხე შპს „ჩ------------------------------------------ის" წარმომადგენელმა წარადგინა შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ მოპასუხე არ ცნობდა სარჩელს; ამასთან, სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული გარემოებები ზიანის კონკრეტული ოდენობის შესახებ, რომლებიც ეფუძნებოდა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას, მოპასუხემ შესაგებელში უარყო მხოლოდ ზოგადი მითითებით, კერძოდ, სიტყვებით: „არ ვეთანხმები“. ამ საკითხზე რაიმე არგუმენტირებული მოსაზრება შესაგებელში არ ფიქსირდება (ტ. 1, ს.ფ. 76-86).
22. პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ჩ------------------------------------------ის" შესაგებელი, ზიანის ოდენობის ნაწილში, საერთოდ არ არის დასაბუთებული და ამ ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
23. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია რა სასამართლო წესით უფლების დაცვის საყოველთაო პრინციპი, მისი კონკრეტული რეალიზაცია ასახულია საპროცესო კანონმდებლობაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
24. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა უფლებრივი მდგომარეობაც, რომელთაგან განსახილველ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია მოპასუხის უფლებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი ადგენს მოპასუხის საპროცესო თავდაცვის ძირითადი ინსტრუმენტს - შესაგებლის ინსტიტუტს და ნორმის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულია, რომ პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
25. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებელით, მართალია, არ დაეთანხმა სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულ გარემოებას მიყენებული ზიანის ოდენობის შესახებ, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით, არ აღუნიშნავს ამის მიზეზი და არ დაუსაბუთებია იგი შესაბამისი არგუმენტაციით. ანუ ამ ნაწილში მოპასუხეს მარტივი შედავებაც არ განუხორციელებია.
26. პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტება, რომლის მიხედვით, „შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი.
2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
27. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, შპს „ჩ------------------------------------------ის" მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები).
ამდენად, ზიანის კონკრეტულ ოდენობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელების მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.
28. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონულმა სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იმის გათვალისწინებით, რომ დაუკმაყოფილებელ ნაწილში მოსარჩელეს საჩივარი არ წარმოუდგენია, პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს დასკვნის დასაბუთებულობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხე (აპელანტ) მხარეს, მას ზიანის ოდენობის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, შესაბამისად, პალატა იზიარებს და ეთანხმება დაკისრებული ზიანის ოდენობას.
29. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ ზიანის ოდენობა შერეული ბრალის პრინციპის გათვალისწინებით დაანგარიშდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. 2. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი). კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში მიღებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------ს დასკვნაში მითითებული იყო ზიანის გამომწვევ სხვა მიზეზზეც (ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება და ტექნიკური მოუვლელობა), ამასთან, ამავე დასკვნის მიხედვით, მოსარჩელეთა სახლის კედლებზე არსებული ბზარების წარმოქმნა ძირითადად გამოწვეულია N9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი დინამიური დატვირთვებით; ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დასაბუთებულია რაიონული სასამართლოს დასკვნა, რომლის მიხედვით, მოპასუხის ბრალით გამოწვეული ზიანის ოდენობის ასანაზღაურებლად სარჩელით მოთხოვნილი 7 638.35 ლარიდან მოპასუხეს მხოლოდ 4000 ლარი დაეკისრა.
30. საქართველოს სსკ-ის 377.3. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
წინამდებარე სააპელაციო საჩივრით, საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად, გასაჩივრებულია ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის განჩინება, რომლითაც, შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ წარმომადგენლის ო-–----------–-ძის შუამდგომლობა, საექსპერტო დასკვნის წარმოდგენამდე მოსამზადებელი სხდომის გადადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და გონივრული ვადით.
ამავე კოდექსის 215.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.
საქართველოს სსკ-ის 162-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ვერ შეეძლო ექსპერტიზის დასკვნის წარდგენა საქმის მომზადების სტადიაზე, ასევე, შესაგებლით რატომ არ მოითხოვა ვადა ექსპერტის დასკვნის წარსადგენად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს წარდგენილი ჰქონდა ორი ექსპერტიზის დასკვნა. ის დასკვნა, რომლის წარსადგენად მოპასუხე ითხოვდა ვადას ჯერ კიდევ 2018 წლის 24 დეკემბერს წარდგენილ შესაგებელში, რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის საოქმო განჩინებით მიღებულია და იგი დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით (ტომი 2; ს.ფ. 12, ს.ფ. 23).
ამასთან, როგორც აღინიშნა, მოპასუხეს შესაგებელი წარდგენილი აქვს 2018 წლის 24 დეკემბერს, შესაბამისად, მას მოსამზადებელ სხდომამდე (05.02.2019წ.) მტკიცებულებების წარდგენისათვის საკმარისი დრო გააჩნდა.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, შპს ,,ჩ------------------------------------------ის’’ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.
32. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
33. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 160.00 ლარის ოდენობით წინასწარ გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ჩ------------------------------------------ი’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის საოქმო განჩინება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გ. გიორგიშვილი