განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2019
საქმის ნომერი
330210018002686316
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002686316

საქმე №2ბ/3773-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

აპელანტი - შპს ,,საბა კონსტრაქშენი“

წარმომადგენელი - კონსტანტინე ნადარაია

მოწინააღმდეგე მხარეები: შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი“

წარმომადგენელი: თორნიკე ჩხიკვაძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:

 

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე, შპს ,,საბა კონსტრაქშენის“ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მის წინააღმდეგ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოპასუხე - შპს ,,საბა კონსტრაქშენს" შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 11 246.44 ლარის გადახდა.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხე შპს ,,საბა კონსტრაქშენის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.3. შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სარჩელში აღნიშნულია:

მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მაღალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე არის 8220 გრძივი მეტრი. გაზსადენი მდებარეობს საქალაქო სასამართლოს გასწვრივ, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც 2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/249 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,საბა კონსტრაქშენი" აწარმოებდა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად მოსამზადებელ სამუშაოებს. მოპასუხის მიერ თვითნებურად იქნა მოხსნილი გაზსადენის გარეშემო არსებული მიწის საფარი, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხაზობრივი ნაგებობა არ იქნა მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში. გაზის მილის მიტოვება საფარის გარეშე ქმნიდა დაზიანებისა და უბედური შემთხვევის დადგომის რეალურ საფრთხეს. ასევე, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბრის წერილით მოთხოვნილ იქნა გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

მოპასუხე საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად ვალდებულია მოცემული გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, განახორციელოს ტრანშეის გათხრა, ქვიშის ბალიშის მოწყობა, პოლიეთილენის მილის განთავსება და სხვა შესაბამისი თანმდევი სამუშაოების შესრულება, რომელთა ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 13 159.48 ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა წერილი აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით.

 

მოპასუხემ დაარღვია საქართველოში მოქმედი ტექნიკური ნორმები და მისი მოქმედებით ზიანი მიადგა კომპანიას. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 13 159.48 ლარის დაკისრება.

 

მოცემულ საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა - 2019 წლის 04 მარტს, 14:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ. კერძოდ, გაეგზავნა სასამართლო უწყება შესაგებელში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4. უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის- მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2019 წლის 25 იანვარს. მოპასუხე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონის 230-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ განხორციელდა გაზსადენი ქსელის რეკონსტრუქცია, რის გამოც მოსარჩელემ შეამცირა სარჩელის ფასი და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს - 11 246.44 ლარის გადახდა. ასევე, იშუამდგომლა შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაეგზავნა სასამართლო უწყება შესაგებელში მითითებულ მისამართზე და უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2019 წლის 25 იანვარს. მოპასუხე მხარეს განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

მოპასუხე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ვინაიდან ეს გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს ავჭალა-დიდი დიღმის დამაკავშირებელი მაღალი წნევის მიწისქვეშა გაზსადენი, რომლის საერთო სიგრძე არის 8220 გრძივი მეტრი. გაზსადენი მდებარეობს საქალაქო სასამართლოს გასწვრივ, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, სადაც 2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/249 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,საბა კონსტრაქშენი" აწარმოებდა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად მოსამზადებელ სამუშაოებს. მოპასუხის მიერ თვითნებურად იქნა მოხსნილი გაზსადენის გარეშემო არსებული მიწის საფარი, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხაზობრივი ნაგებობა არ იქნა მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში. გაზის მილის მიტოვება საფარის გარეშე ქმნის დაზიანებისა და უბედური შემთხვევის დადგომის რეალურ საფრთხეს. ასევე საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 10 სექტემბრის წერილით მოთხოვნილ იქნა გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

 

- კომპანია საზოგადოებრივი ინტერესებისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად ვალდებულია მოცემული გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, განახორციელოს ტრანშეის გათხრა, ქვიშის ბალიშის მოწყობა, პოლიეთილენის მილის განთავსება და სხვა შესაბამისი თანმდევი სამუშაოების შესრულება, რომელთა ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 13 159.48 ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა წერილი აღნიშნული თანხის გადახდის მოთხოვნით.

 

- სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს -

11 246.44 ლარის გადახდა. მის მიერ წარმოდგენილ იქნა შესრულებულ სამუშაოთა დამადასტურებელი ფორმა N2, რომლის თანახმადაც ქსელის რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 11 246.44 ლარი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვარის №101 დადგენილების გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე მე-10 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოქმედი გაზსადენების მახლობლად შენობების, საინჟინრო ნაგებობების (კომუნიკაციების), გზების მშენებლობისას და მათ მიერ გაზსადენების გადაკვეთის შემთხვევაში სამშენებლო საწარმოებმა უნდა დაიცვან მოქმედი რეგლამენტებისა და პროექტის მოთხოვნები.

 

დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქალაქო სასამართლოს გასწვრივ, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე, 2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N02.01/30/249 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,საბა კონსტრაქშენი" აწარმოებდა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად მოსამზადებელ სამუშაოებს. მოპასუხის მიერ თვითნებურად იქნა მოხსნილი გაზსადენის გარეშემო არსებული მიწის საფარი, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ ხაზობრივი ნაგებობა არ იქნა მოყვანილი პირვანდელ მდგომარეობაში. გაზსადენის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის ხარჯთაღრიცხვამ შეადგინა 11 246.44 ლარი.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

2.4. 2019 წლის 19 მარტს მოპასუხე შპს ,,საბა კონსტრაქშენის" წარმომადგენელმა სასამართლოში წარადგინა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე.

 

საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა საჩივრითა და სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით მიუთითა, რომ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ უწყება მხარეს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო უწყება გაიგზავნა მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4, რომელიც 2019 წლის 25 იანვარს ჩაბარდა თეკლა გასვიანს. მისამართზე თბილისი, გრ. ხანძთელის №4-ში რეგისტრირებულია და ფაქტობრივი ადგილსამყოფელია მსგავსი სახელწოდების ორი სხვადასხვა კომპანიის: შპს ,,საბა ტექნიკსი" და შპს ,,საბა კონსტრაქშენი". ვინაიდან კომპანიებს მსგავსი სახელწოდება აქვთ, სავარაუდოდ ყურადღება არ მიექცა მოპასუხის ზუსტ დასახელებას და სასამართლო უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა ტექნიკსის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს, რომელსაც უწყება არ გადაუცია მოპასუხისათვის. შესაბამისად, მხარე ინფორმირებული არ იყო სხდომის დღის შესახებ. საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მართალია გარკვეული კორესპონდენცია ბარდებოდა შპს ,,საბა ტექნიკსის" თანამშრომელს, თუმცა თუ არ დაავიწყდებოდათ აწვდიდნენ გზავნილს შპს ,,საბა კონსტრაქშენს". განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი თანდართული დოკუმენტებითაც ჩაბარდა თეკლა გასვიანს და გადასცა მოპასუხეს, მაგრამ უწყება არ გადაუცია. საჩივარს ერთვის ამონაწერები სამეწარმეო და საჯარო რეესტრებიდან, საიდანაც ჩანს, რომ ორივე კომპნიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4, ასევე შრომითი ხელშეკრულება შპს ,,საბა ტექნიკსსა" და თეკლა გასვიანს შორის, სადაც თეკლა გასვიანი მუშაობს 2017 წლის 15 ნოემბრიდან. სხდომაზე გამოუცხადებლობა არ ემსახურებოდა საქმის გაჭიანურებას, ანდა საქმისადმი ინტერესის დაკარგვას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) წარმომადგენელმა - მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საჩივარს და განმარტა, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ფოსტის მიერ ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2018 წლის 07 დეკემბერს, მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4, რის შემდეგაც მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც ასევე მითითებულ იქნა მისამართი - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4. სამეწარმეო რეესტრში შპს ,,საბა ტექნიკსის" იურიდიულ მისამართად ფიქსირდება - თბილისი, ლუბლიანას ქ. 4, ბ. 3, ხოლო შპს ,,საბა კონსტრაქშენის" იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4. სასამართლო უწყება და დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც ჩაბარდა თეკლა გასვიანს (ოფის მენეჯერს) იმავე მისამართზე. ამასთან, კორესპონდენციის მისვლისას პირს უფლება აქვს უარი განაცხადოს გზავნილის ჩაბარებაზე და მიუთითოს, რომ არ არის შპს ,,საბა კონსტრაქშენის" წარმომადგენელი. თეკლა გასვიანს უარი არ განუცხადებია და სამივე შემთხვევაში ჩაიბარა (სარჩელი, სასამართლო უწყება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება) წერილობითი კორესპონდენცია. მხარისათვის ცნობილი იყო, რომ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა, შესაბამისად, მოპასუხეს შესაგებელში შეეძლო მითითება, რომ თეკლა გასვიანი არ არის მათი თანამშორმელი, მით უფრო, რომ თავად საჩივრის ავტორის განმარტებით, ხშირად ხდებოდა ფოსტის მიერ კორესპონდენციის ჩაბარება შპს ,,საბა კონსტრაქშენის" მაგივრად შპს ,,საბა ტექნიკსისათვის". მხარემ ასევე წარმოადგინა შრომითი ხელშეკრულება, რომ თეკლა გასვიანი არის შპს ,,საბა ტექნიკსის" თანამშრომელი, ასეც, რომ იყოს, ეს ხელს არ უშლის თეკლა გასვიანს იყოს შპს ,,საბა კონსტრაქშენის" თანამშრომელიც. მით უფრო, თუ ორივე კომპანია ერთ მისამართზე მდებარეობს, მოპასუხეს ასევე შეეძლო გაეფრთხილებინა კომპანია, რომ არ ჩაებარებინათ მათი კორესპონდენცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლომ განიხილა რა საჩივარი, საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი, 2-ე-3-ე ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

ამავე კოდექსის 71-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი განიხილება სასამართლო სხდომაზე. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. თუ საჩივრის განხილვის შედეგად აღმოჩნდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, სასამართლო განჩინებით აუქმებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც იწყება სარჩელის განხილვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრდება სააპელაციო წესით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ფოსტის მიერ ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2018 წლის 07 დეკემბერს, მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 (ს.ფ. 82). 2018 წლის 12 დეკემბერს მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი და მის მისამართად ასევე მიუთითა - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 (ს.ფ.54). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა - 2019 წლის 04 მარტს, 14:00 საათზე. მოპასუხეს სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე შპს ,,საბა კონსტრაქშენს" უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 და უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2019 წლის 21 იანვარს (ს.ფ. 92). ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოპასუხეს სასამართლოსათვის სასამართლო სხდომის დღემდე არ უცნობებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ. შესაბამისად, სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ.

 

საჩივრის ავტორი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად უთითებდა მასზედ, რომ სასამართლო უწყება ჩაბარდა თეკლა გასვიანს, რომელიც არის შპს ,,საბა ტექნიკსის" ოფის-მენეჯერი და არა შპს ,,საბა კონსტრაქშენის", უწყება მას არ გადაუცია მოპასუხისათვის და შესაბამისად, მათთვის ცნობილი არ იყო სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის თარიღი. შესაბამისად, სადაოა უწყების ჩაბარება განხორციელდა, თუ არა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სასამართლომ უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ მოპასუხეს გაეგზავნა სასამართლო უწყება შესაგებელში მის მიერ მითითებულ ძირითად მისამართზე - თბილისის, გრ. ხანძთელის ქ. 4. საფოსტო უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ გზავნილი ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს და განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. ამასთან, უდავოა, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ფოსტის მიერ ასევე ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2018 წლის 07 დეკემბერს, მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4, რა დროსაც მოპასუხეს შესაგებლის წარმოდგენა არ დაუყოვნებია და შესაგებელში მიუთითა იგივე მისამართი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის სათანადო წინდახედულობის გამოჩენის შემთხვევაში, თუ თეკლა გასვიანი არ იყო მათი თანამშრომელი, სარჩელის ჩაბარებისა და შესაგებლის წარმოდგენის ეტაპზე მოპასუხეს შეეძლო მიეთითებინა სასამართლოსათვის, რომ კორესპონდენციის თეკლა გასვიანისათვის ჩაბარების შემთხვევაში, სასამართლოს გზავნილი არ ჩაეთვალა მოპასუხისათვის ჩაბარებად, მით უფრო, რომ თავად მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ხდებოდა ფოსტის მიერ კორესპონტედენციის ჩაბარება შპს ,,საბა კონსტრაქშენის" მაგივრად შპს ,,საბა ტექნიკსისათვის", კორესპონდენცია ბარდებოდა შპს ,,საბა ტექნიკსის" თანამშრომელს, თუმცა თუ არ დაავიწყდებოდათ აწვდიდნენ გზავნილს შპს ,,საბა კონსტრაქშენს". გარდა ამისა, მიმღებს შეეძლო უარი განეცხადებინა გზავნილის ჩაბარებაზე იმაზე მითითებით, რომ არ წარმოადგენდა ადრესატის წარმომადგენელს. ამასთან, მოპასუხეს არც უცნობებია სასამართლოსათვის, რომ სარჩელის მიმღები პირი არ წარმოადგენდა მის წარმომადგენელს და პრეტენზიის გარეშე წარმოადგინა შესაგებელი, ისევე როგორც უპრეტენზიოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილებაც. შესაბამისად, სასამართლო ვერ ივარაუდებდა, რომ უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, ვინაიდან, წერილობითი კორესპონდენცია მოპასუხეს ეგზავნებოდა შესაგებელში მითითებულ მისამართზე, ბარდებოდა საფოსტო უკუგზავნილების მიხედვით კომპანიის წარმომადგენელს და მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პრეტენზია არ გამოუთქვამს, რომ მიმღები არ წარმოადგენდა მის თანამშრომელს და კორესპოდენციის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

 

რაც შეეხება შრომით ხელშეკრულებას, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის მე-8 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას ან/და თუ პირი, რომლისთვისაც უნდა შესრულდეს შეთავსებითი სამუშაო, დამსაქმებლის კონკურენტია. ამდენად, მოპასუხის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი შრომითი ხელშკრულება დადებული შპს ,,საბა ტექნიკსსა" და თეკლა გასვიანს შორის, უდავოდ არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის თეკლა გასვიანს იყოს ამავე დროს შპს ,,საბა კონსტრაქშენის" თანამშრომელიც. მით უფრო, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს ,,საბა ტექნიკსსა" და თეკლა გასვიანს შორის 2017 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ისე რომ მასში მონაწილე არც ერთი პირი არ არის განსახილველი საქმის მხარე.

 

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით დადგენილია სასამართლოს ვალდებულება სხდომის თარიღისა და ჩატარების ადგილის შესახებ მხარის ინფორმირების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას შეახსენოს ჩანიშნული სხდომის შესახებ პროცესში მონაწილე მხარეებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მხარის ინფორმირების წესი დაცულია, რაც ადასტურებს, რომ არ არსებობს სადავო გადაწყვეტილების კანონით გათვალისწინებული გაუქმების საფუძველი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი). შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას, სახელდობრ: ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაიშვება თუ: ა) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იქნა ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით ჩაბარდა უწყება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლთ გათვალისწინებული ნეგატიური შედეგები; ბ) მოპასუხე (მოწინააღმდეგე მხარე) არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას.

 

იმ გარემოებათა წრე, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლოში მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც სხდომაზე დროულად ცნობის წარმოუდგენლობის შეუძლებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ასაბუთებდა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის საპატიოობას და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც, არ არსებობს 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სხვა საპროცესო სამართლებრივი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ დარღვეულ იქნა მხარის სათანადოდ შეტყობინების კანონით დადგენილი წესი და სატელეფონო შეტყობინება არ შეიცავდა სსსკ-ის 71-ე მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო უწყება გაგზავნილი იქნა ქ. თბილისი ხანძთელის ქუჩა #4-ში, რომელიც 21 იანვარს ჩაბარდა თეკლა გასვიანს. ქ. თბილისში, ხანძთელის ქუჩა #4-ში რეგისტრირებულია და ფაქტობრივი ადგილსამყოფელია ორი მსგავსი სახელწოდების სხვადასხვა კომპანიის, კერძოდ: შპს „საბა ტექნიკსი“ და შპს „საბა კოსნტრაქშენი“.

 

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ კომპანიებს აქვთ მსგავსი სახელმწოდება სავარაუდოდ ყურადღება არ მიექცა მოპასუხე მხარის ზუსტ დასახელებას და სასამართლო უწყება ჩაბარდა შპს „საბა ტექნიკსი“-ს ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს, რომელსაც მოპასუხე შპს „საბა კონსტრაქშენი“-სათვის უწყება არ გადაუცია, გასათვალისწინებელია ის ფაქტივ, რომ საფოსტო გზავნილის, ჩაბარების შემდგომ უკუგზავნილზე აღნიშვნას აკეთებს ფოსტის კურიერი და არა თავად კორესპონდენციის მიმღები.

 

აღნიშნულის შესახებ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრით ეცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოს და წარდგენილი იქნა შემდეგი მტკიცებულებები - შრომის ხელშეკრულება და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული და იგი დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, რომ შეიძლება თეკლა გასვიანი მუშაობდეს ორივე კომპანიაში და იგი იყოს ასევე, შპს „საბა კონსტრაქშენის“ ოფის-მენეჯერიც. "საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 71-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის, ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

 

"საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების : გამოტანა დაუშვებელია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

განსახილველ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ მოპასუხე შპს „საბა კონსტრაქშენი“ კანონით დადგენილი წესით არ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ.

 

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი წარგენილი იქნა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მეშვეობით, სადაც აღნიშნული იყო მოპასუხის წარმომადგენლის საკონტაქტო მონაცემები, კერძოდ, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტა. მოცემულ შემთხვევაში, საგულისხმოა, რომ საქმის წარმოება მთლიანად მინდობილია მხარის წარმომადგენლისათვის, შესაბამისად, სასამართლოს მიერ ნებისმიერი სახის შეტყობინება უნდა გაკეთებულიყო მოპასუხის წარმომადგენლისათვის, ასევე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეში დაფიქსირდა მოპასუხე მხარის (წარმომადგენლის) ახალი საკონტაქტო მისამართი, ამ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებული იყო შეტყობინება გაეგზავნა მისთვის ცნობილ მხარის ბოლო საკონტაქტო მისამართზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარებული უნდა ჰქონდეს უწყება სასამართლოს სხდომის დღის შესახებ; ბ) იგი გაფრთხილებული უნდა იყოს სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგთან, დაკავშირებით; გ) სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად უნდა; ამართლებდეს (ასაბუთებდეს) მოსარჩელის მოთხოვნას; გ) არ უნდა არსებობდეს დაუსწრებელი· გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა· განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის. გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლითა და მასზე დართული მტკიცებულებათა გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა მოსარჩელის შუამგომლობის დაკმაყოფილებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, რადგანაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დადგენილად მიიჩნევს შედეგს:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით სამოქალაქო საქმის №2/30621-18 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე, 2019 წლის 04 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომის დარბაზი №64 (ტ. І, ს.ფ. 87-88).

 

2019 წლის 24 იანვარს მოპასუხეს გაეგზავნა უწყება 2019 წლის 04 მარტს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე. მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ (ტ. І, ს.ფ. 92). სასამართლო უწყება 2019 წლის 25 იანვარს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს (ოფის მენეჯერი) თეკლა გასვიანს პ/ნ 24001008754.

 

2019 წლის 04 მარტს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 04 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე - შპს ,,საბა კონსტრაქშენს" შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 11 246.44 ლარის გადახდა. (ტ. I, ს.ფ. 101-106).

 

4.2. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 04 მარტის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

 

როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრის, ასევე სააპელაციო საჩივრის შესწავლით დასტურდება, მხარე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს შემდეგი საფუძვლებით: სასამართლოს სხდომის დღის შესახებ უწყება მხარეს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სასამართლო უწყება გაიგზავნა მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4, რომელიც 2019 წლის 25 იანვარს ჩაბარდა თეკლა გასვიანს. მისამართზე თბილისი, გრ. ხანძთელის №4-ში რეგისტრირებულია და ფაქტობრივი ადგილსამყოფელია მსგავსი სახელწოდების ორი სხვადასხვა კომპანიის: შპს ,,საბა ტექნიკსი" და შპს ,,საბა კონსტრაქშენი". ვინაიდან კომპანიებს მსგავსი სახელწოდება აქვთ, სავარაუდოდ ყურადღება არ მიექცა მოპასუხის ზუსტ დასახელებას და სასამართლო უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა ტექნიკსის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს, რომელსაც უწყება არ გადაუცია მოპასუხისათვის. შესაბამისად, მხარე ინფორმირებული არ იყო სხდომის დღის შესახებ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების განხორციელებისას დარღვეული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში აგრეთვე დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

 

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება უნდა შეიცავდეს:

ა) სასამართლოს სახელწოდებასა და ზუსტ მისამართს; ბ) მითითებას გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ, ხოლო თუ უწყება ეგზავნება წარმომადგენელს, – აგრეთვე მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ მხარეს, რომლის წარმომადგენელიც არის; გ) საქმის დასახელებას, რომლის გამოც იბარებენ ამა თუ იმ პირს, და მითითებას დავის საგნის შესახებ; დ) სასამართლოში დასაბარებელი პირის ვინაობას, აგრეთვე იმას, თუ რა სტატუსით არის იგი დაბარებული, და მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ; ე) წინადადებას მხარეების მიმართ, წარმოადგინონ მათთან არსებული ყველა მტკიცებულება; ვ) მითითებას იმის თაობაზე, რომ ადრესატის არყოფნისას უწყების მიმღები პირი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე ჩააბაროს უწყება ადრესატს; ზ) მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ფოსტის მიერ ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2018 წლის 07 დეკემბერს, მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 (ს.ფ. 82). 2018 წლის 12 დეკემბერს მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი და მის მისამართად ასევე მიუთითა - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 (ს.ფ.54). თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 იანვრის განჩინებით მოცემულ საქმეზე, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა - 2019 წლის 04 მარტს, 14:00 საათზე. მოპასუხეს სასამართლო მოსამზადებელი სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხე შპს ,,საბა კონსტრაქშენს" უწყება გაეგზავნა შესაგებელში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის №4 და უწყება ჩაბარდა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" ოფის-მენეჯერს თეკლა გასვიანს - 2019 წლის 21 იანვარს (ს.ფ. 92). ასევე განემარტა სასამართლოში გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კანონით გათვალისწინებული შედეგები. მხარეს ჰქონდა საკმაო დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის. მოპასუხეს სასამართლოსათვის სასამართლო სხდომის დღემდე არ უცნობებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ შპს ,,საბა კონსტრაქშენი“-სთვის განკუთვნილი გზავნილი სსსკ-ის 74-ე მუხლის პირობების დაცვით, 2019 წლის 25 იანვარს, ჩაბარდა თანამშრომელს - თეკლა გასვიანს, რაც დასტურდება საქმეში არსებული ხელწერილით (ს.ფ 92). თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი სასამართლო უწყება შეიცავს სსსკ-ის 72.1. მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს, ამასთან, მხარისათვის მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული მისამართი თავად მოპასუხის მიერაა მითითებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარდგენილ შესაგებელში.

 

აპელანტის მითითება მასზედ, რომ თეკლა გასვიანი არის შპს ,,საბა ტექნიკსის" ოფის-მენეჯერი და არა შპს ,,საბა კონსტრაქშენის" და თეკლა გასვიანს გზავნილი არ გადაუცია კომპანიისთვის, ვერ ჩაითვლება საპატიო გარემოებად, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ ფაქტს აპელანტი რაიმე მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო, ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. ვინაიდან, თეკლა გასვიანის სამუშაო ადგილს წარმოადგენდა სწორედ ის ოფისი, რომლის მისამართი მოპასუხემ მიუთითა და სხვა შემთხვევაშიც თეკლა გასვიანი იბარებდა გზავნილებს, აღნიშნულით თავად მოპასუხემ შექმნა ისეთი ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც მესამე პირებს კეთილსინდისიერად უნდა ევარაუდათ თეკლა გასვიანის უფლებამოსილების არსებობა და სასამართლოს კურიერი ან ფოსტის თანამშრომელი ვერ განახორციელებდნენ შრომითი ურთიერთობის ხასიათის დეტალების დადგენას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები.

 

სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

 

კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოება არ წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, რომელიც სსსკ-ის 215-ე მუხლის რეგულირების სფეროში ექცევა და სადავო საპროცესო მოქმედების – სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობას გაამართლებს. პალატის მოსაზრებით, 2019 წლის 25 იანვრიდან სასამართლო შეტყობინების განხორციელებიდან 2019 წლის 04 მარტამდე - დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომამდე, მხარეს საკმარისი დრო და შესაძლებლობა ჰქონდა მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით ზედმიწევნით დაეზუსტებინა სადავო საკითხი.

 

4.3. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ ჩაბარების შემდგომ უკუგზავნილზე აღნიშვნას აკეთებს ფოსტის კურიერი და არა თავად კორესპონდენციის მიმღები, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილ უკუგზავნილებში, ჩაიბარა და ხელმოწერის გრაფაში მითითებულია თეკლა გასვიანი-ორგანიზაციის წარმომადგენელი პ/ნ 24001008754, ასევე, ხელმოწერის გრაფაში დაფიქსირებულია თეკლა გასვიანის ხელმოწერა.

 

4.4. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობა (დადგენილად მიჩნეული გარემოებები) იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას და აპელანტის პრეტენზია დაუსაბუთებელია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის

 

ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და, თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-356-338-2015, 2015 წლის 3 ივნისი).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება მათ და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,საბა კონსტრაქშენის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მიხეილ გოგიშვილი