განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.12.2019
საქმის ნომერი
330210114666547
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ერთობლივი საქმიანობა (ამხანაგობა)
თარიღი
19.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210114666547

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4740-18 22 ნოემბერი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - ნა-----------–---–ი

 

წარმომადგენელი - მა-----------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე - მა-------------–---–ი, დი--------------–---–ი, მა--------------–---–ი, ვა----------------–--ე, გი----------------–--ე

 

წარმომადგენელი - მა------–-------ა

 

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. ნა-----------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოში მა------------–---–ის, დიანა ზურაბიშვილის, მა--------------–---–ის, ვა----------------–--ისა და გი----------------–--ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელისთვის მიყენებული ქონებრივი დანაკლისის სანაცვლოდ ზიანის ანაზღაურება - შენატანის ფულადი კომპენსაციის სახით 48272 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 14 ნოემბერს გამართულ ზეპირ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ (აპელანტმა) სასარჩელო მოთხოვნა 28 000 აშშ დოლარამდე შეამცირა.

 

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

 

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება ნა-----------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ - 28 000 აშშ დოლარის ნაწილში, დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო პალატას დაუბრუნდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2005 წლის 21 მარტის ხელშეკრულებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა მე---------5 დაფუძნდა. ამხანაგობის დამფუძნებლები დიანა ზურაბიშვილი, მა------------–---–ი, მა--------------–---–ი, ვა----------------–--ე და გი----------------–--ე იყვნენ. ამხანაგობის მიზანს ქ. თბ--–--–-------------------------ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 38-44).

 

6. ნა-----------–---–ი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა მე---------5-ის 2007 წლის 21 აპრილის N1 კრების ოქმით ამხანაგობაში გაწევრიანდა. ნა-----------–---–ს შენატანის სახით დაევალა: ამხანაგობა მე---------5-ის იურიდიულ სამართლებრივი საქმიანობის წარმოება და ამხანაგობის ინტერესების წარმოდგენა. სახლის პირველი სართულის აშენებისთვის საჭირო ხარჯებითა და მასალებით უზრუნველყოფა (ტომი I, ს.ფ. 46-52).

 

7. ბინათმშენებლობის ამხანაგობა მე---------5-ის 2007 წლის 21 აპრილის N1 კრების ოქმით დადგინდა ამხანაგობის წევრთა შორის საერთო წილობრივ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განაწილების სქემა, რომლითაც მოსარჩელე ნა-----------–---–ზე ქ. თბ--–--–--------------------------ის მხრიდან პირველ სართულზე მდებარე ბინა N1, საერთო ფართით 56 კვ.მ. განაწილდა (ტომი I, ს.ფ. 46-52).

 

8. 2007 წლის 27 ივნისის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ნა-----------–---–ს ბინათმშენებლობა ამხანაგობა მე---------5-ის წარმომადგენლობის უფლებამოსილება მიენიჭა. ამხანაგობის 2009 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის მინიჭებული უფლებამოსილება შეწყდა. იმავე დღეს ამხანაგობის თავმჯდომარე დიანა ზურაბიშვილმა ნა-----------–---–ის სახელზე 2007 წლის 27 ივნისს გაცემული რწმუნებულება გააუქმა (ტომი I, ს.ფ. 94-98).

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიხედვით, ნა-----------–---–ს ამხანაგობაში შენატანი სრულად არ განუხორციელებია. კერძოდ, მან მშენებლობის პროცესში სახლის პირველი სართულის აშენებისთვის საჭირო ხარჯებითა და მასალებით ამხანაგობის უზრუნველყოფა ვერ შეძლო. ნა-----------–---–ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამხანაგობას სხვადასხვა ორგანიზაცია- დაწესებულებებში წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 25-36).

 

10. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ბრძანების მიხედვით თბ--–--–-------–----------------------------------ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ექსპლოატაციაშია მიღებული (ტომი I, ს.ფ. 158-166).

 

11. თბ--–--–------–----------------------------------ში პირველ სართულზე მდებარე ბინა N1 საერთო ფართით 56 კვ.მ. მა------------–---–ის სახელზე ირიცხება და მისი ღირებულება 56000 აშშ დოლარს შეადგენს (ტომი I, ს.ფ.182-207).

 

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სააპელაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 30 აპრილის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო პალატას დაუბრუნდა.

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, უნდა გამოიკვლიოს და გამიჯნოს ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს, ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით გაწევრიანდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა.

 

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების თავისებურებას წარმოადგენს მხარეთა სურვილი, საკუთარი ქონების, გამოცდილებისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების გაერთიანებით ერთობლივად იმოქმედონ გარკვეული მიზნების მისაღწევად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა, რომ ამხანაგობა ყალიბდება იურიდიული პირის შეუქმნელად. ნიშანდობლივია, რომ სამოქალაქო კოდექსი არ აკონკრეტებს ხელშეკრულების ამ ტიპისათვის განსაზღვრული მიზნის შინაარსს, ამდენად, გარიგების მხარეთა ინტერესს, შესაძლებელია, წარმოადგენდეს კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი მიზანი, მათ შორის, გარკვეული მოგების მიღების სურვილი. საერთო მიზნის არსებობა გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს, ამიტომ ამხანაგობის თითოეული წევრი მონაწილეობს, როგორც გარიგების დამოუკიდებელი მხარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-866-808-2017).

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) წევრების ინტერესები მიმართულია საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება გამოდიოდნენ, როგორც კრედიტორი და მოვალე. ზუსტად ეს წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც სასამართლომ უნდა გამიჯნოს საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომელიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ. კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოეულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სასარგებლოდ. მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება). ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ. საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების განაწილება (მაგალითად, საერთო საქმიანობის შედეგად აშენებული მრავალბინიანი სახლის ბინები) წარმოადგენს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა იმ უფლებების დაკმაყოფილებას, რომლისთვისაც იქმნება ამხანაგობა, ასევე, ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ამხანაგობის მონაწილეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ერთმანეთთან მიმართებით. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება წარმოადგენს საშუალებას, რომლის მეშვეობითაც ხდება ყველა მონაწილის უფლებების დაკმაყოფილება. ამ შემთხვევებში ამხანაგობის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც კრედიტორი და მოვალე და მონაწილეობენ სასამართლოში არა ამხანაგობის, არამედ საკუთარი სახელით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-482-458-2013).

 

დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, აუცილებელია, რომ ამხანაგობაში გაიმიჯნონ ის წევრები, რომელთაც ამხანაგობა დააფუძნეს და ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა იკისრეს, ისეთი წევრებისაგან, რომლებიც ამხანაგობაში მხოლოდ იმ მიზნით გაწევრიანდნენ, რომ ამხანაგობისაგან ბინა შეეძინათ ან ამხანაგობას მათთვის ბინა აეშენებინა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან არა ამხანაგობის ის წევრები, რომელთა მიზანი მხოლოდ ბინის შეძენა იყო, არამედ ამხანაგობის ის წევრები, რომელთაც ამხანაგობის სახელით, ეკონომიკური საქმიანობის ვალდებულება იკისრეს. აღსანიშნავია, რომ ამხანაგობის დასახელებული წევრები პასუხისმგებელი არიან ამხანაგობის ფინანსურ ვალდებულებებზე და მათი მიზანი აღნიშნულ ამხანაგობაში არა მხოლოდ შენატანის პროპორციული უძრავი ქონების მიღება, არამედ ამხანაგობის შემოსავლებში მონაწილეობა და მოგება-ზარალის განაწილებაცაა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-866-808- 2017).

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა მე---------5-ის დაფუძნების შესახებ ოქმი, რომელიც 2005 წლის 21 მარტითაა დათარიღებული. მა------------–---–მა და დიანა ზურაბიშვილმა, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებულნი არიან „მესაკუთრეებად“, ამხანაგობაში შეიტანეს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით 280 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით. ასევე, მოპასუხეებმა მა--------------–---–მა და ვა----------------–--ემ, რომლებიც დოკუმენტში მოხსენიებულნი არიან „მესაკუთრეებად“, ამხანაგობაში შეიტანეს საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ფართით 287 კვ.მ., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით, ხოლო მოპასუხე გი----------------–--ის შენატანს, რომელიც დოკუმენტში მითითებულია „წევრად“, წარმოადგენდა შემდეგი ვალდებულებების შესრულება: სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება; მშენებლობის დაფინანსება ხარჯთაღრიცხვის მიხედვით იმ მიმართებით, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 24 თვის განმავლობაში განხორციელებულიყო სახლის მშენებლობის სრულად დამთავრება, გალესვა, დახურვა, შემინვა, ლიფტი, გარე კომუნიკაციები; ინვესტიციების მოზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად; ამხანაგობის საფინანსო საქმის წარმოება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და პასუხისმგებლობა (ტომი I, ს.ფ. 37-44).

 

ხსენებული მტკიცებულების გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ ამხანაგობის ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირს მხოლოდ გი----------------–--ე, ხოლო, დანარჩენი დამფუძნებელი წევრები „ჩვეულებრივ წევრებს“ წარმოადგენდნენ. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს სადამფუძნებლო დოკუმენტში მითითებული ინფორმაციიდან, რომლის თანახმად დამფუძნებელი წევრებიდან ოთხმა შენატანის სახით მიწის ნაკვეთი შეიტანა, რომლის სანაცვლოდაც აშენებულ მრავალბინიან სახლში კერძო საკუთრება უნდა მიეღოთ. ხოლო, გი----------------–--ის შენატანს სწორედ იმგვარი ხასიათის მოვალეობები წარმოადგენდა, რომლებიც ამხანაგობის ფინანსური ვალდებულებების შესრულებას ემსახურებოდა, კერძოდ, ინვესტორების მოძიება, მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით დაფინანსება, სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება და ასე შემდეგ. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ განსახილველ საქმეზე ვალდებულ სუბიექტს არა ამხანაგობის ყველა დამფუძნებელი წევრი, არამედ გი----------------–--ე წარმოადგენს.

 

13. გარდა ზემოაღნიშნულისა, უზენაესი სასამართლოს განჩინებიდან ირკვევა, რომ საქმის განხილვის შედეგად, უნდა დადგინდეს მოსარჩელე ნა-----------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებები წარმოადგენდა კუმულატიურად თუ ალტერნატიულად შესასრულებელ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც ამხანაგობის კრების N1 ოქმის თანახმად, ამხანაგობას შემხვედრი ვალდებულების შესრულების მოვალეობას წარმოუშობდა.

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, სამოქალაქო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლებზე, რომლის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/3----10, კანონიერ ძალაშია შესული, მისი განხილვისას იდენტური მხარეები მონაწილეობდნენ, რაც მათ განსახილველი დავის მიზნებისთვის პრეიუდიციულ ფაქტებად აქცევს და განსაკუთრებით მყარი მტკიცებულების ძალას ანიჭებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილების ობიექტური ფარგლებთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-341-326-2016). სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები მათ სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს ამართლებს, რაც ციტირებულ გადაწყვეტილებას პრეიუდიციულ ძალას სძენს, მითითებულ ფაქტებს კი ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე დამტკიცებულად მიიჩნევს. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ნა-----------–---–ის მიერ, ამხანაგობაში შესატანის სახით განსახორციელებელი ქმედებები კუმულატიური ხასიათის იყო, კერძოდ, მას ამხანაგობის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების განხორციელება და ამასთანავე, პირველი სართულის ასაშენებლად საჭირო სარემონტო მასალების/ხარჯების მიწოდება უნდა განეხორციელებინა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული გარემოება მასზედ, რომ ნა-----------–---–ს ამხანაგობაში შენატანი სრულად განხორციელებული არ ჰქონდა, კერძოდ, მან პირველი სართულის ასაშენებლად საჭირო მასალებისა და ხარჯების მობილიზება ვერ მოახდინა, თუმცა, იგი 2007 წლიდან 2009 წლამდე ამხანაგობის სახელით და სასარგებლოდ იურიდიულ მომსახურებას ახორციელებდა.

 

14. გარდა ზემოაღნიშნულისა, უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ხასიათის (კუმულატიური/ალტერნატიული) დადგენის შემდეგ, უნდა დადგინდეს მის მიერ განხორციელებული ქმედება რამდენად იყო შესრულებული კეთილსინდისიერად და შესაბამისად, შესაძლებელია თუ არა იგი შენატანის ნაწილობრივ შეტანად იქნეს განხილული.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხედ დასახელებული პირები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამხანაგობის თავმჯდომარისა და წევრის საჩივრის საფუძველზე, ამავე ამხანაგობის წარმომადგენლობის პროცესში მარწმუნებლის არსებითი ინტერესების დარღვევის შედეგად მოსარჩელეს დისციპლინური ზემოქმედების სახე დაეკისრა, რაც მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებას გამორიცხავდა.

 

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებში არსებული დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრების თაობაზე სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, ადვოკატმა (მოსარჩელემ) ამხანაგობის მომიჯნავე მიწის ნაკვეთი შეიძინა და ნასყიდობის ხელშეკრულება 2009 წლის 9 მაისს გააფორმა. ადვოკატი ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ამხანაგობას წარმოადგენდა და რწმუნებულება მხარეებს შორის ძალაში იყო. შესაბამისად, ადვოკატს შეეძლო გაეთვალისწინებინა ის რისკი, რაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებას ახლდა თან, რადგან მი----–---------------–---–--ის უძრავი ქონების ზედდება მოხდა ამხანაგობის უძრავ ქონებასთან და ამხანაგობის მიწის ნაკვეთი გი---–---–--ის საკუთრებაში აღმოჩნდა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ნინა გიჯაშვილის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე წარმომადგენლობას თავად ადვოკატი ახორციელებდა და მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო აზომვითი ნახაზის მიხედვით, მიწის ნაკვეთის გადაფარვის შესახებ. ეთიკის კომისიამ აღნიშნა, რომ ადვოკატის მიერ ნინა გიჯაშვილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მხარეებს შორის ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა. კერძოდ, ადვოკატის პირადი ინტერესები ამხანაგობის ინტერესებს დაუპირისპირდა, რადგან ადვოკატი სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილის მესაკუთრე გახდა. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადვოკატს საკუთრების უფლება წარმოეშვა, რომელიც ამხანაგობის საკუთრების უფლების დაცვას დაუპირისპირდა. როდესაც ადვოკატმა სადავო მიწის ნაკვეთი შეიძინა მან თავად დააყენა რისკის ქვეშ კლიენტის ინტერესების დაცვა და არჩევანი პირად ინტერესებსა და ამხანაგობის ინტერესებს შორის, საკუთარი ინტერესების პრიორიტეტულობაზე გააკეთა. შესაბამისად, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ჯერ კიდევ წარმომადგენლობის განხორციელების პროცესში ადვოკატმა საფრთხე შეუქმნა კლიენტის ინტერესების დაცვას, კანონის ყველა საშუალებების გამოყენებით დაეცვა კლიენტი. ეთიკის კომისიამ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინა, რომ ამხანაგობამ შეძლო ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, ბინა აშენდა და საკუთრების უფლება ამხანაგობას დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, რამაც კომისიას შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამხანაგობას ზიანი არ მიადგა. თუმცა, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ზიანის საფრთხის აცილება მოხდა არა ადვოკატის მოქმედებით, არამედ თავად ამხანაგობის მიერ. ამხანაგობამ, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, არ მისცა შესაძლებლობა ადვოკატს საჯარო რეესტრში უძრავი ქონება დაერეგისტრირებინა, ხოლო, ადვოკატმა ნინა გიჯაშვილთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ მას შემდეგ გააუქმა, რაც ამხანაგობამ ზემოთ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება მის მიმართ გამოიყენა (ტომი I. ს.ფ. 245-255). ზემოაღნიშნულის თანახმად, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ადვოკატის მიერ „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, მუხლები დაირღვა ა) „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები დაირღვა და შესაბამისად, ეთიკის კომისიამ ადვოკატის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების ფორმად კერძო სარეკომენდაციო ბარათით მიმართვის განსაზღვრა დაადგინა. ეთიკის კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ადვოკატმა გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, თუმცა, პალატის 2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

 

ხსენებულ სადავო გარემოებასთან მიმართებით სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში არსებულ 2011 წლის 28 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებას, საიდანაც ირკვევა, რომ 2007 წლის 23 ოქტომბერს საჯარო რეესტრში ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა მეტეხი-2005-ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ს/კ 01/17/02/125/033 დარეგისტრირდა. რეგისტრაციის საფუძველს გარდა სხვა იურიდიული საფუძვლებისა ამხანაგობა მე---------5-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა, შესრულებული UTM სისტემის საერთაშორისო კოორდინატებში, წარმოადგენდა. ასევე, დადგინდა, რომ 2009 წლის 28 აპრილის 882009058012-16 გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრში მიხეილ გიჯაშვილის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ს/კ 01/17/01/125/046 დარეგისტრირდა. 2009 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით კი, საჯარო რეესტრში ნინა გიჯაშვილის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე ს/კ 01/17/01/125/046 დარეგისტრირდა. რეგისტრაციის საფუძველს გარდა სხვა იურიდიული საფუძვლებისა ამავე მიწის ნაკვეთის საკადასტრო რუკა, შესრულებული შესრულებული UTM სისტემის საერთაშორისო კოორდინატებში, წარმოადგენდა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2009 წლის 03 დეკემბრის დასკვნის თანახმად, მიხეილ და ნანა გი---–---–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები მოსარჩელის (ამხანაგობა მე---------5) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრებს არ კვეთს. მაგრამ მათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობათა ნაწილი ამხანაგობა მე---------5-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ.

 

ზემოაღნიშნულ დამტკიცებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ადმინისტრაციულმა პალატამ დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი რეგისტრაციის განხორციელებისას არ არსებობდა იმ დროისთვის მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ზედდება. რაც შეეხება ამხანაგობის მიწის ნაკვეთზე გარკვეული შენობა ნაგებობების განლაგებას, რაც ექსპერტიზის დასკვნაში იყო მითითებული, ამ მიმართებითაც სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული დასკვნა ვერ აქარწყლებდა სადავო რეგისტრაციების კანონიერად განხორციელების გარემოებას ვინაიდან სადავო რეგისტრაციის და ამხანაგობის რეგისტრაციის საფუძვლად საერთაშორისო კოორდინატებში შესრულებული საკადასტრო აზომვით ნახაზებს შორის გადაფარვა გამოირიცხებოდა, როგორც მიწის ნაკვეთზე ასევე, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს გარემოებას მასზედ, რომ ხსენებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის მიერ გაცემული დასკვნის შედგენიდან ორი დღის შემდეგ იქნა მიღებული. ამ ორი მტკიცებულების კვლევის შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ეთიკის კომისიის დასკვნაში ადვოკატისთვის გადაცდომად შერაცხული ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებით გაბათილდა, დადგინდა, რომ მეზობელ მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს შორის რეალურად გადაფარვა არ არსებობდა, შესაბამისად ეთიკის კომისიის დასკვნაში მითითებული გადაცდომა ნა-----------–---–ის მიერ ობიექტურად ვერ განხორციელდებოდა.

 

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ეთიკის კომისიის მითითებას მასზედ, რომ ამხანაგობამ შეძლო ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, ბინა აშენდა და საკუთრების უფლება ამხანაგობას დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში, რამაც კომისიას შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამხანაგობას ზიანი არ მიადგა. თუმცა, ეთიკის კომისიამ მიიჩნია, რომ ზიანის საფრთხის აცილება მოხდა არა ადვოკატის მოქმედებით, არამედ თავად ამხანაგობის მიერ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების, რომელიც ადმინისტრაციულ საქმეზე იქნა მიღებული, კვლევის შედეგად ცალსახა ხდება, რომ ზიანის არარსებობა გამოიწვია ზედდების არარსებობამ და არა ამხანაგობის აქტიურმა ქმედებებმა. ასევე, ეთიკის კომისიის მიერ დადგენილი ფაქტი, მასზედ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ადვოკატს საკუთრების უფლება წარმოეშვა, რომელიც ამხანაგობის საკუთრების უფლების დაცვას დაუპირისპირდა უმართებულოა და საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, მით უფრო კი იმ მდგომარეობაში, როდესაც ზედდების არარსებობის გამო ამხანაგობასა და მეზობელ მიწის ნაკვეთზე მდებარე მესაკუთრეებს შორის ზედდების ფაქტი გამოირიცხა, შესაბამისად ნა-----------–---–ის მიერ მეზობლად უძრავი ქონების შესყიდვა, სხვა რელევანტური გარემოებების არსებობის გარეშე, ინტერესთა კომფლიქტს ვერ გამოიწვევდა.

 

ზემოაღნიშნულის შესაბამისად სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ნა-----------–---–ის მიერ კუმულატიურად შესასრულებელი ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ შესრულება მოხდა, კერძოდ, მან 2007-2009 წლებში ამხანაგობის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურება გასწია. რაც შეეხება ხსენებული ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების ფაქტს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეთიკის კომისიის დასკვნა ნა-----------–---–ის, როგორც ადვოკატის არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე, გაბათილებულია საქმის მასალებში არსებული და უფრო გვიან მიღებული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებს შორის ზედდების ფაქტი გამოირიცხა, შესაბამისად ადვოკატის მიერ განხორციელებული ქმედებების არაკეთილსინდისიერად დაკვალიფიცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

15. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ გი----------------–--ეს ნა-----------–---–ის მიმართ 2240 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 931-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და 935-ე მუხლისა დადგინდა, რომ ამხანაგობის ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ გი----------------–--ე იქნა მიჩნეული, პალატა ასკვნის, რომ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირადაც იგი უნდა იქნეს ცნობილი.

 

რაც შეეხება ზიანის დასაკისრებელ ოდენობას სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თავდაპირველად სასარჩელო მოთხოვნას 48 272 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა, ვინაიდან მოსარჩელისთვის ამხანაგობის მიერ გადასაცემი უძრავი ქონება, აუდიტის დასკვნის შესაბამისად, სწორედ ამ ოდენობით იქნა შეფასებული. სააპელაციო პალატის მიერ საქმის ზეპირი განხილვის დროს, აპელანტმა მოთხოვნა 28 000 აშშ დოლარამდე შეამცირა.

 

დავის სპეციფიურობიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დასაკისრებელი ოდენობა გარკვეული ობიექტურად გამოთვლადი სტანდარტიდან უნდა იქნეს დაანგარიშებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მხოლოდ შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, მას დაეკისრება მოპასუხის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების გადახდა. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად პროცესის ხარჯების ცნების შინაარსი მოიცავს სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადვოკატისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაზე და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრული ფარგლების დადგენას განაპირობებს. ნიშანდობლივია, რომ მითითებული გარემოებები გასათვალისწინებელია სასამართლოს მხრიდან საკუთარი დისკრეციის გამოყენების პირობებში, მოგებულ მხარეს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი 4%-მდე აუნაზღაუროს. 4 %-იანი ლიმიტი იმ ოდენობის მაქსიმუმია, რომელიც მეორე მხარეს შეიძლება დაეკისროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-795-849-2011).

 

სადავო საკითხთან მიმართებით, პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, „ფადეევა რუსეთის წინააღმდეგ“).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებში არ არსებობს საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება, ნა-----------–---–ისთვის აღნიშნული მომსახურების გაწევის დავალება მხოლოდ ამხანაგობის კრების ოქმიდან და ამხანაგობის მიერ მასზე გაცემული მინდობილობიდან იკვეთება, ასევე, საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის დეტალური და ამომწურავი ჩამონათვალი იმ მოქმედებებისა, რომლებიც ადვოკატმა მისი უფლებამოსილების ფარგლებში 2007 წლიდან 2009 წლამდე გასწია. შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობის შედეგად, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ შესასრულებელი იურიდიული მომსახურება ამხანაგობასთან დაკავშირებულ საქმეებს მიემართებოდა, რომელიც მარტივი კატეგორიის საქმე არ არის. შესაბამისად, „გონივრულობის პრინციპის“ გათვალისწინებით, ვინაიდან შენატანის სრულად განხორციელების შემთხვევაში ნა-----------–---–ი 56 000 აშშ დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას მიიღებდა საკუთრებაში (ქონების აუდიტორული შეფასების თანახმად), ზიანის ოდენობის გამოთვლა სწორედ ამ თანხიდან უნდა მოხდეს და იგი კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში (4%) 2240 აშშ დოლარის ოდენობით უნდა განისაზღვროს.

 

16. კერძო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი გადანაწილების სტანდარტი არსებობს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტურად გადანაწილების პირობებში, აპელანტს უნდა დაედასტურებინა გარემოება მასზედ, რომ ამხანაგობაში შენატანის განხორციელების ვალდებულება ნაწილობრივ კეთილსინდისიერად შეასრულა, რაც მას გაწეული მომსახურების ანაზღაურების, როგორც ზიანის ანაზღაურების, მოთხოვნის საფუძველს აძლევდა. სარჩელზე დართული მტკიცებულებების, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და დასაბუთებული ახსნა-განმარტების წარდგენის გზით, სააპელაციო სასამართლოს აზრით მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი დასძლია, მოპასუხემ მხარემ კი ნაწილობრივ, განხორციელებული შენატანის არაკეთილსინდისირების ფაქტი ვერ დაადასტურა, ვინაიდან საქმის მასალებში არსებული ეთიკის კომისიის დასკვნაში მოყვანილი მსჯელობა, ორი დღის შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ, ადმინისტრაციულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით გაბათილდა. ყოველივე ზემოაღნიშნული სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს ქმნის.

 

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის ფასი თავდაპირველად 48272 აშშ დოლარი იყო, რაც სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ 28 000 აშშ დოლარამდე შემცირდა. პირველი ინსტანციის სასამართლოში ნა-----------–---–ს ბაჟის სახით გადახდილი აქვს 2749,19 ლარი, ასევე - 50 ლარი უზრუნველყოფის განცხადებაზე და 50 ლარი კერძო საჩივრის განსახილველად. სააპელაციო ინსტანციაში ნა-----------–---–ის მიერ ბაჟის სახით 500 ლარია გადახდილი, ხოლო 1930,88 აშშ დოლარის ნაწილში ბაჟის გადახდა საქმის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა. საბოლოო ჯამში მოთხოვნა 2440 აშშ დოლარის ნაწილში დაკმაყოფილდა, რაც ნიშნავს, რომ სარჩელი 8%-ით დაკმაყოფილდა. შესაბამისად, ნა-----------–---–ის მიერ გადახდილი ბაჟი 3249,19 ლარი, ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად უნდა ჩაითვალოს და დამატებით მას ბიუჯეტის სასარგებლოდ 2070 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარეს, მას ნა-----------–---–ის სასარგებლოდ, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადასახდელი ბაჟი - 562,56 ლარი ნა-----------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 386-ე 55-ე მუხლებით იხელმძღვანელა და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნა-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

3. ნა-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. გი----------------–--ეს ნა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 2240 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება;

 

5. ნა-----------–---–ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 2070,25 ლარის გადახდის ვალდებულება, მის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

6. გი----------------–--ეს ნა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 562,56 ლარის გადახდის ვალდებულება;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

8. გადაწყვეტილების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე