განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100119003053876
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003053876

საქმე № 1ბ/1893 -19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ს------------------ი, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე (ამნისტირებული), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ----------------------------–---------------–---------------------------------------------–------------------–----------------------------------------–-;

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

განაჩენის მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ--------------ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა. კერძოდ, მსჯავრდებულ ს------------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული მსჯავრდებულის მიერ განხორცილებული ქმედების ხასიათი, აღნიშნულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. ს------------------ის მიერ განხორცილებეული დამნაშაულებრივი ქმედების ხასიათი და მისი პიროვნების შესახებ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ინფორმაცია მეტყველებს, რომ მსჯავრდებული დაზარალებულისთვის შესაძლოა კვლავ საფრთხეს წარმოადგენდეს. მართლია, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანაია, დანაშაული, თუმცა მისი პირობითი მსჯავრის ქვეშ, თავისუფლებაში დატოვება, აფუძნებს ხელახალ რეალურ საფრთხეს, რომ მსჯავრდებული კვლავ განახორციელებს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას. აპელანტს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის თავისუფლებაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელიც აღმოჩნდეს მისთვის და ს------------------მა კვლა განახორციელოს ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, რათა მიღწეული იქნეს სასჯელის მიზნები-სამართლიანობის აღდგენა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. აპელანტი ასევე ითხოვს ს------------------ის დამანაშავედ ცობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ შესაგებელი არ იქნა წარმოდგენილი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------------------ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

დაახლოებით 13 წელია, ს------------------ი და მ-----------–---–ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების ბოლო პერიოდში ს------------------ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მ-----------–---–ს, ამცირებდა მას და ლანძღავდა, რაც იწვევდა მ-----------–---–ის სულიერ ტანჯვას.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ასევე, 2019 წლის 26 აპრილს, საღამოს საათებში, ქ.------–--–--------–-------------ში ს------------------მა ფიზიკური ძალადობა განახორციელა მცირეწლოვანი შვილის - ხ------------–---–ის მიმართ, კერძოდ, ხ------------–---–ი სახლში ცელქობდა, რაზეც ს------------------ი გაბრაზდა და გაშლილი ხელი დაარტყა ზურგზე, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ხ------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი.

 

ე.ი. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს------------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ დაადგინა:

ს------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ს------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, ბრალდებულმა ს------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ, მ-----------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მ-----------–---–ს შორის ხშირად იყო სიტყვიერი კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო შვილების სამათხოვროდ არგაშვებითა და მათ მიმართ მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენით, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ან დამცირებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება მცირეწლოვანი ხ------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, ბრალდების ამ ნაწილში მან თავი დამნაშავედ ცნო და განმარტა, რომ 2019 წლის 26 აპრილს, ხ------------–---–ი ცელქობდა სახლში და მის მოთხოვნაზე - დაწყნარებულიყო, იგი არ დაემორჩილა, რის გამოც ერთხელ დაარტყა ზურგზე გაშლილი ხელი. გარდა აღნიშნული შემთხვევისა, მისი მხრიდან არც მ-----------–---–ის მიმართ და არც ბავშვების მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იგი ინანიებს ჩადენილს და ითხოვს პატიებას.

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ-----------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა თავისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მცირეწლოვანმა დაზარალებულმა ხ------------–---–მა განმარტა, რომ ამჟამად ცხოვრობს ლ--------–-, მინდობით აღმზრდელთან - ნ-------------------სთან. მინდობით აღსაზრდელად გადაცემამდე, ცხოვრობდა დედასთან - მ-----------–---–თან და მამასთან - ს------------------თან ერთად. იგი სახლში (ოთახში) დარბოდა ხოლმე, რის გამოც ს------------------ი ეჩხუბებოდა. ამასთან, იყო ერთი შემთხვევა, როდესაც მამამ, იმის გამო, რომ სახლში დარბოდა, ზურგში ერთხელ დაარტყა ხელი. აღნიშნული დარტყმით მან განიცადა ტკივილი და იტირა. ხ------------–---–ის განმარტებით, გარდა აღნიშნული ერთი შემთხვევისა, ს------------------ს იგი სხვა დროს არასდროს უცემია.

 

მოწმე ხ------------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ს------------------ი და მ-----------–---–ი დაახლოებით 12 წელია ერთ ოჯახად ცხოვრობენ მის მეზობლად. იგი არასდროს შესწრებია ს------------------ის მხრიდან შვილების ან მ-----------–---–ის მიმართ ძალადობის ფაქტს. ამასთან, მართალია ხშირად ესმოდა მ-----------–---–სა და ს------------------ს შორის კამათის ხმა, რაც გამოწვეული იყო ს------------------ის სურვილით, რომ მ-----------–---–ს უფრო მეტი მზრუნველობა გამოეჩინა და ყურადღება მიექცია შვილებისთვის და არ გაეშვა ისინი ქუჩაში სამათხოვროდ, თუმცა გარდა კამათისა, ს------------------ის მხრიდან მ-----------–---–ის მიმართ გინება ან სხვა შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვები არასდროს გაუგია. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 2 მაისს იგი შეესწრო მ-----------–---–სა და ს------------------ს შორის სიტყვიერ კამათს, რაც გამოწვეული იყო ს------------------ის საცხოვრებლად სხვაგან გადასვლით, თუმცა არც აღნიშნულ დღეს მისი მხრიდან გინებას ან შეურაცხმყოფელ მიმართვებს ადგილი არ ჰქონია.

 

გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ს------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად და შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობისა და სასჯელის შესახებ. პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ს------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ს------------------ის ქმედებებს. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ს------------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ხოლო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ს------------------ის მიერ მ-----------–---–ის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის ჩადენა, კერძოდ, ბრალდების ამ ნაწილში დაზარალებულმა მ-----------–---–მა გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, ხოლო ს------------------მა უარყო მეუღლის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და მიუთითა, რომ მასსა და მ-----------–---–ს შორის ხშირად იყო მხოლოდ სიტყვიერი კამათი, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მ-----------–---–ი შვილების მიმართ ყოფილიყო ყურადღებიანი და მზრუნველი დედა, თუმცა მისი მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას - გინებას ან დამცირებას არასდროს ჰქონია ადგილი. ს------------------სა და მ-----------–---–ს შორის კამათის ფაქტები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მათმა მეზობელმა - ხ------------------–მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფით ნიადაგზე, მათ შორის შვილების მიმართ მზრუნველობისა და ყურადღების გამოჩენასთან დაკავშირებით ხშირი იყო კამათი და უთანხმოება ს------------------სა და მ-----------–---–ს შორის, თუმცა იგი არასდროს შესწრებია ს------------------ის მიერ მ-----------–---–ის მიმართ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას. იმ ფონზე, როდესაც დაზარალებულმა - მ-----------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ს------------------მა უარყო მეუღლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, ხოლო სხვა დამატებითი მტკიცებულება კი არ არსებობს, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია სისტემატური შეურაცხყოფის განხორციელების ნამდვილობა. სააპელაციო პალატამ აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს იმ ლოგიკურ მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც იძლევა საფუძველს, რომ ს------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ-----------–---–ის მიმართ ოჯახში ძალადობის ჩადენასთან დაკავშირებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დანაშაულად დადასტურებულად ჩაითვალოს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ს------------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი - მ-----------–---–ის, მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ,,Tanişand Others v. Turkey" (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, აშკარა და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან”.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ს------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ს------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩანადენილ დანაშაულს.

 

ს------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ს------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ს------------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ს------------------ის მხრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის, ან არასრულწლოვან დაზარალებულ ხ------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. სააპელაციო პალატისთვის ასევე გაუგებარია, ზოგადად, დანიშნული სასჯელი როგორ შეიძლება იყოს „წამახალისებელი“ ახალი დანაშაულის ჩასადენად.

პალატა მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში ს------------------ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობის მკვეთრად გამოხატულ მძაფრ სახეს, საუბარია მხოლოდ ერთხელ ხელის დარტყმაზე, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ხოლო მეორეს მხრივ, აფასებს მის დამოკიდებულებას ჩადენილი ქმედებისადმი და სამომავლოდ ძალადობის განმეორების რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ს------------------ი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ასევე, მისი მხრიდან ძალადობას არ ჰქონია სისტემატური ხასიათი, კერძოდ, დაზარალებულ ხ------------–---–ის განმარტებით, გარდა დასახელებული ერთი შემთხვევისა, სხვა დროს ს------------------ის მხრიდან მის მიმართ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და ეს იყო პირველი შემთხვევა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ძალადობის განმეორების რისკს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ს------------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რის გამოც სასამართლოს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა გამოყენებინა. პალატა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში იღებს ერთის მხრივ იმ გარემოებას, რომ ს------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა არასრულწლოვანი გერის - ხ------------–---–ის მიმართ, რისთვისაც მას უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური მხარის ნიშნებს, ურომლისოდაც აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულები სახეზე არ გვექნება. გარდა ამისა, აღნიშნულ გარემოებას სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა მხედველობაში არ მიიღებს, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება. ამდენად, აღნიშნული არგუმენტი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ის რომ ს------------------მა ჩაიდინა ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის არასრულწლოვანი გერის - ხ------------–---–ის მიმართ ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ს------------------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ს------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ს------------------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ნაწილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ს------------------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ს------------------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულებისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც. ამასთან, როგორც დაზარალებულ ხ------------–---–ის და მოწმე ხ------------------–ის ჩვენებიდან ირკვევა, ს------------------ი იყო მზრუნველი მამა და ფიზიკური შრომით ცდილობდა შვილებისთვის შეექმნა ცხოვრების ნორმალური პირობები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს------------------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ს------------------ის სათანადო ქცევას. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ს------------------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი ს------------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ს------------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ს------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ ს------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლებულია სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მსჯავრდებულ ს------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი- 2019 წლის 3 მაისიდან - 2019 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ს------------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ს------------------ს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ს------------------ის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით გადახდილი თანხის ნაწილი - 500 (ხუთასი) ლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი