განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100119002870431
№1ბ/1662-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 დეკემბერი 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ოთარ სამუნაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: მ-----–- ხ-------–---–-------–--ე
გამართლებული: ვ------ ქ---------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–----------------ს, პირადი ნომერი 2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ----------------–----–----------------–-----------–ა.
თარჯიმნები: ზ------ა გ------ა და ა---- ს---–--------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126 მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა და მოითხოვა, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ------ ქ---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ უდავო მტკიცებულებებით ფ-------- ა------–---ას და ა------ ქ---------ის გამოკითხვის ოქმებით, ფ---–- ს--------ას ზეპირი შეტყობინებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ------ ქ---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ძალადობა. კერძოდ, ფ-------- ა------–---ასთვის, ფ---–- ს--------ასგან გადმოცემით ცნობილია, რომ ვ------ ქ---------მა ცემა და თმები შეაჭრა, ა------ ქ---------ს მართალია პირადად არ უნახავს მამის და დედის ჩხუბი, თუმცა და ძმებისგან გადმოცემით იცის, რომ ვ------ ქ---------მა ცემა ფ---–- ს--------ა და თმები შეაჭრა. ასევე ფ---–- ს--------ამ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს პირადად აცნობა ვ------ ქ---------ის მიერ მის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე. ყოველივეს გათვალისწინებით კი ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრებმა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და ჩვენება არ მისცეს ვ------ ქ---------ის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ ის უდანაშაულოა და სასამართლოს მსჯელობა, რომ მხოლოდ არსებობს ეჭვი ვ------ ქ---------ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რომელიც მის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს, არ შეესაბამება სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი და ვ------ ქ---------ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126 მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით .
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ ვ------ ქ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–- ხ-------–---–-------–--ემ და მოითხოვა არ იქნას დაშვებული ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთარ სამუნაშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, ვ------ ქ---------ის მიმართ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად ვ------ ქ---------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებული ვ------ ქ---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-----–- ხ-------–---–-------–--ემ და ვ------ ქ---------მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:
ვ------ ქ---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ლ----------------–----–----------------–----------–აში მცხოვრების ვ------ ქ---------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფ---–- ს--------ასთან. 2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან 2019 წლის 19 იანვრამდე, ვ------ ქ---------ი, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების, შ----- ქ---------ას და ე-–--- ქ---------ის თანდასწრებით, სისტემეტურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს, ფ---–- ს--------ას, რაც იწვევდა ამ უკანასკნელის როგორც ფიზიკურ ტკივილს, ასევე ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ვ------ ქ---------ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126 მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ფ---–- ს--------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–--- ქ---------მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა შ----- ქ---------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
მოწმე ზ------ ს--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში და იძიებდა სისხლის სამართლის საქმეს ვ------ ქ---------ის მიმართ. მის მიერ იქნენ გამოკითხული დაზარალებულები, მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზა. ასევე მის მიერ მოხდა ვ------ ქ---------ის დაკავება, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, ბრალს არ აღიარებდა და თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
ვ------ ქ---------მა თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მას მეუღლისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასოდროს მიუყენებია, მათ შორის არ უცემია შვილების თვალწინ და არ შეუჭრია თმები. მას უყვარს ცოლი და შვილები და ყველაფერს აკეთებს მათი კეთილდღეობისათვის.
უდავო მტკიცებულებები:
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფ---–- ს--------ას სხეულზე დაზიანებათა ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
მოწმე ფ-------- ა------–---ას გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ის არის დაზარალებულ ფ---–- ს--------ას დედა და შვილისაგან გადმოცემით იცის, რომ ვ------ ქ---------მა სცემა და თმები შეაჭრა. მისთვის ფ---–- ს--------ას ადრე არასოდეს უთქვამს, სცემდა თუ არა ვ------ ქ---------ი.
ვ------ ქ---------ის შვილის, ა------ ქ---------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მას არასოდეს უნახავს მამის და დედის ჩხუბი და მხოლოდ და-ძმებისაგან გაიგო, რომ ამ ბოლო დროს დედას და მამას ჩხუბი მოსვლიათ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი გამართლებულ ვ------ ქ---------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამასთან, სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის თანახმად, სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო სხდომაზე მიცემულ მოწმის ჩვენებას უნდა მიენიჭოს (Huseyn and Others v. Azerbaijan, №35485/05 , 45553/05 , 35680/05 , 36085/05 , 26/07/2011, §211), ვინაიდან, სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს (Seton v. The United Kingdom, №55287/10 , 31/).
სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ვ------ ქ---------ის მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოწმეების ფ-------- ა------–---ას და ა------ ქ---------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაცია ირიბი ინფორმაციაა, რომელიც მათი გადმოცემით მათთვის ცნობილი გახდა ფ---–- ს--------ას, ე-–--- ქ---------ის და შ----- ქ---------ასაგან, თუმცა საქმის არსებით განხილვაზე აღნიშნულმა პირებმა არ დაადასტურეს ძალადობის არსებობის ფაქტი. ძალადობის არსებობის ფაქტს და მოწმეების ფ-------- ა------–---ას და ა------ ქ---------ის ირიბ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ფ---–- ს--------ას სხეულზე დაზიანებათა ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ასევე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები არ იძლევა ფ-------- ა------–---ას და ა------ ქ---------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობას და შესაბამისად მათი ირიბი ჩვენებების სამართლებრივი ღირებულება დაბალია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29 და 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებებიც (ირიბი ჩვენებების სახით) კი არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული სისტემატურობით, ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედებები, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა მოხდეს, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი ხასიათი, ანუ მისი განმეორების ალბათობა გარკვეულ „სისტემას“ (განპირობებულია რაიმე ნიშნით, გარემოებით ან ზოგადად, უმიზეზოდ ხდება) უკავშირდება და მუდმივად მოსალოდნელია. შესაბამისად, სისტემატურობა სახეზეა მაშინ, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს შორის გასული დროის პერიოდი იმდენად მოკლეა, რომ პირველი ქმედებით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ანდა ფსიქიკური ტანჯვა ჯერაც არ გამქრალა და მას კვლავ განიცდის დაზარალებული, სწორედ ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ინდიკატორი სისტემატურობის შესაფასებლად. ბრალდების მხარეს, კი სასამართლოში არ წარმოუდგენია არც პირდაპირი და ირიბი ჩვენებები და არც სხვა მტკიცებულებები ძალადობის არაერთჯერადობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ერთჯერად ძალადობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა განმარტავს, ვ------ ქ---------ის ბრალდების საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული, სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოში, ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი, აშკარა და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ვ------ ქ---------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ვ------ ქ---------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი ვ------ ქ---------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის განაჩენი ვ------ ქ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ვ------ ქ---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 2-ე ნაწილის ,,კ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ------ ქ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსსკ–ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ვ------ ქ---------ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე