განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100119003243883
საქმე № 1ბ/1995-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.
მსჯავრდებული – პ----- ვ------–---–ი, დაბადების თარიღი: 1----–-–----------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ–------------------------–-------–---–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სასჯელი: ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილსის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებით განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სტაჟიორ-პროკურორმა გ--------–-–--–--ემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა ზემოხსენებულ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა პ----- ვ------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, დანიშნული სასჯელი მსუბუქია და შესაბამისად არათანაზომიერია პ----- ვ------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების. აპელანტის მოსაზრებით, დანიშნული სასჯელი არ არის შესაბამისობაში სასჯელის უმთავრეს მიზანთან - რესოციალიზაციასთან. მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო მიზანია, რომ დანაშაულებრივი ქმედების განმახორციელებელი პირის სრული მოცულობით დაბრუნება მოხდეს საზოგადოებაში, მისი მიღება სოციალური სახელმწიფოს წევრად, რომელიც ჩამოუყალიბებს მართლშეგნებას და რომელიც აქცევს საზოგადოებასთან თანხვედრს. აპელანტს მიაჩნია, რომ პ----- ვ------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი შეუსაბამოა მის მიერ განხორციელებულ ქმედების ხასიათთან და მის პიროვნებასთან, რისი გათვალისწინებითაც ითხოვს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სასამართლომ დაადგინა:
პ----- ვ------–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:
პ----- ვ------–---–მა, გაურკვეველ დროსა და ვითარებაში, შეიძინა ყალბი მართვის მოწმობა, რომელსაც ინახავდა გამოყენების მიზნით. 2019 წლის 6 იანვარს პ----- ვ------–---–ი, ,,ოპელის‘‘ მარკის ავტომანქანით, იმყოფებოდა თბილისში, მ.გელოვანის გამზირზე, რა დროსაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ გ-----------–----ის მიერ შეჩერებულ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რა დროსაც ამ უკანასკნელს წარუდგინა მის სახელზე გაცემული ყალბი მართვის მოწმობა, ნომრით M--------.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენით პ----- ვ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები პ----- ვ------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ პ----- ვ------–---–ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: პ----- ვ------–---–ის, ი----------ის, გ-----------–----ისა და ს---–-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებით; საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის #------- ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ პ----- ვ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პ----- ვ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
პ----- ვ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი პ----- ვ------–---–ს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.
პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ჯარიმის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, პ----- ვ------–---–ის ოჯახური მდგომარეობის (კმაყოფაზე ჰყავს ფახმძიმე მეუღლე და სამი შვილი) და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს დანიშნული სასჯელის დამძიმებას. პალატა თვლის, რომ პ----- ვ------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი პ----- ვ------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, დანიშნული სასჯელი კი - სამართლიანი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორ გ--------–-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის განაჩენი პ----- ვ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
პ----- ვ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
მართვის მოწმობა №M-------- - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე