განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2019
საქმის ნომერი
330100118002771013
ინსტანცია
თარიღი
25.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002771013

საქმე №1ბ/402-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

სოფიო კაპანაძის, მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------–---–------ის

გამართლებულის: ლ----------------–---–ის

ადვოკატების: ს------------------ის, ნ-----------------–----ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ლ----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------–--–---–------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-----–--------–---–-------------ში მდებარე კაფე ,,კ-----–---თან“, ლ-----------------–---–მა მეუღლეს გ---–----------–---ს სახის არეში ერთხელ დაარტყა მუშტი, რამაც გ---–----------–---ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლ----------------–---–ი მეუღლეს გ---–----------–---ს თანაცხოვრობის პერიოდში აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას, რამაც გ---–----------–---ის ტანჯვა გამოიწვია.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 3 ნოემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–-----–--------–---–-------------ში მდებარე კაფე ,,კ-----–---თან“, ლ-----------------–---–ი მეუღლეს გ---–----------–---ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც გ---–----------–---ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თბერვლის განაჩენით:

 

ლ----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------–---–------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა ლ----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თბერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, ლ----------------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და აღნიშნული კვალიფიკაციის სანქციის ფარგლებში სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა რა სახელმწიფო ბრალმდებელ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამართლებულ ლ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ლ----------------–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე პრეიუდიციად ცნობილი მტკიცებულებებით - მოწმეების - ი-----–------–-----ის, მ-------------–---–ის, დ-------------–---–ის და ნ------------ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დასტურდება, რომ ლ----------------–---–ის მიერ გ---–----------–---ის მიმართ განხორციელებულმა ქმედებებმა გამოიწვია გ---–----------–---ის ფსიქოლოგიური ტანჯვა, მანვე განიციდა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, მხარეთა შეთანხმებით, პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - დ-------------–---–ის, ნ-------------ის, მ--------------–---–ის, ი-–---------ის, ბ---------------ს, ს------------------ის, ი-----–------–-----ის და გ--------------–--ის გამოკითხვის ოქმებით, №2------ და №2------ შეტყობინებებით, პაციენტის №3--- სამედიცინო ბარათით, 2018 წლის 4 ნოემბრის პატაკით, 2018 წლის 4 ნოემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის №7------ დასკვნით, ქორწინების მოწმობით, 2018 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით - პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ლ----------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი. რაც შეეხება დაზარალებულს, გ---–----------–---მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა გ---–----------–---მა (ლ----------------–---–ის მეუღლე) გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ლ----------------–---–ის მეუღლემ, - გ---–----------–---მა ისარგებლა საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებული არის მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირი, რომელსაც, შესაძლოა, სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ლ----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

 

სააპელაციო პალატის აღნიშნავს, რომ ვერ დაედება საფუძვლად ლ----------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას საქმეში არსებული, დაზარალებულ გ---–----------–---ის შეტყობინება პოლიციაში და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც აპელირებს პროკურორი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულ გ---–----------–---ის მიერ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. ამრიგად, ზემოხსენებული შეტყობინებისა და ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ვინაიდან დაზარალებულმა ისარგებლა მისთვის მინიჭებული პრივილეგიით და საქმის არსებითი განხილვისას ჩვენება არ მისცა ოჯახის წევრის წინააღმდეგ. ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა ი-----–------–-----ის გამოკითხვის ოქმს, ვინაიდან მისი შინაარსი სრულად ეფუძნება დაზარალებულ გ---–----------–---ის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას, შესაბამისად წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, მოწმე ი-----–------–-----ის ირიბი ჩვენება კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

რაც შეეხება მოწმეების, - დ--------------–---–ისა და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებში მითითებულ გარემოებებს, არც ერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ ლ----------------–---–ის მიერ გ---–----------–---ის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარას, მათივე განმარტებით, ისინი არ შესწრებიან დარტყმის ფაქტს. დარტყმის ფაქტს ასევე არ ადასტურებენ მოწმეები - ნ------------ე, ს------------------ე და გ-------------–--ე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით და 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია, ანუ ქმედების ძალადობად და მუქარად კვალიფიკაციისათვის სავალდებულოა, ქმედებას შედეგად მოჰყვეს მსხვერპლში შესაბამისად - ტანჯვის, ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულების შემადგენლობა სახეზე არ გვექნება. ტანჯვის, ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის განცდა სუბიექტური შეფასების საგანია. ტკივილი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ამდენად, ტკივილისა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის სუბიექტურ განცდასთან მიმართებაში დაზარალებულ გ---–----------–---ის შეფასება არ არსებობს, იმავდროულად, საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტური კრიტერიუმებით დაადასტურებდა დაზარალებულში ტკივილის განცდის არსებობას ან/და მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ----------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილისა და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ, აშკარა და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თბერვლის განაჩენი გამართლებულ ლ----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------–---–------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 4 თბერვლის განაჩენი გამართლებულ ლ----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ლ----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ლ----------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

გამართლებულ ლ----------------–---–ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე