განაჩენი

სისხლის სამართლის 27.12.2019
საქმის ნომერი
120100119003233882
ინსტანცია
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003233882

№1ბ/1961-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - მ--–---- ს--------ე, დაბადებული: 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 1----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-----------------–----–----------------–---------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 06 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მ--–---- ს--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენში სწორად არის შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები რაც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, თუმცა აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო დაუსაბუთებელი და არ იქნება შემაკავებელი. დანიშნული, ძალზედ ჰუმანური სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას და სასჯელის სხვა მიზნებს. კერძოდ, მ--–---- ს--------ემ ჩაიდინა განზრახი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები ოჯახში ძალადობა და მუქარა მეუღლის მიმართ რაც საქართველოს სსკ–ის 531-ე მუხლის თანახმად არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება. ასევე გასათვალისწინებელია სახელმწიფოს მიდგომა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე რაზედაც სახელმწიფომ დაისახა პრიორიტეტულად ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მ--–---- ს--------ის მიერ ჩადენილი ქმედების გამოწვეული შედეგის სიმძიმე, დანაშულის სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და დანიშნული მსუბუქი სასჯელი მსჯავრდებულისთვის ვერ იქნება ხელისშემშლელი და შემაკავებელი, რომ მან კვლავ არ ჩაიდინოს სხვა განზრახი დანაშაული. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და მ--–---- ს--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

მ--–---- ს--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 8 სექტემბერს დაახლოებით 12:00 საათზე ბ-----------------------------–--------ში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მ--–---- ს--------ემ მისივე მეუღლეს მ-----ე ს--------ეს, მათივე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას ესროლა ჭიქა, რომელიც მ-----ე ს--------ეს მოხვდა ზურგის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბ-----------------------------–--------ში რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მ--–---- ს--------ემ მისივე მეუღლეს მ-----ე ს--------ეს, მათივე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას დაემუქრა „ყელის გამოჭრით“, „თავის მოჭრით“ და „სახლში გამოწვით“, რის შედეგადაც მ-----ე ს--------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, მ--–---- ს--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ--–---- ს--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 სექტემბრიდან - 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ მ-----ე ს--------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: თ----- ს--------ის, თ-------- ს--------ის, ო-–--- ა------–-–---–ის და ლ-–- კ------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და თავად მ--–---- ს--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ--–---- ს--------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მ--–---- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი მ--–---- ს--------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაუნიშნა მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ზომა, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ერთი წლით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მ--–---- ს--------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; არ არის ნასამართლევი, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 6 ნოემბრის განაჩენი მ--–---- ს--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ--–---- ს--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით –თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ--–---- ს--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 8 სექტემბრიდან, 2019 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაოს 5 000 ლარის ოდენობით უზრუნველყოფის მიზნით, მ--–---- ს--------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე სკ. 64.08.08.205. ) დადებული ყადაღა გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ--–---- ს--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი მინის ჭიქა – განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე