განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003192622
№1ბ/1862-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: როინ ხინთიბიძე
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: ი-----–- ჯ--------ა, დაბადებული - 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-------------–--–---–---------------------–ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მოითხოვა, ი-----–- ჯ--------ას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი სასჯელის დანიშვნის ნაწილში არის უსამართლო და იგი უნდა შეიცვალოს ამ ნაწილში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს მიჩანია რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი და ამ მასშტაბის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნება, შესაბამისად ი-----–- ჯ--------ას პიროვნული მახასიათებლების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გათვალისწინებით მის მიმართ გამოყენებული სასჯელი აშკარად ლმობიერია და მას უნდა განესაზღვროს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ი-----–- ჯ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გამკაცრდეს და ამ თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა ი-----–- ჯ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ი-----–- ჯ--------ამ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
ი-----–- ჯ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (დანაშაულის ორი ეპიზოდი) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 18 აგვისტოს, ი-----–- ჯ--------ას მიმართ მისი დის - თ----- ჯ--------ას მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის საფუძვლით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----. შემაკავებელი ორდერით ი-----–- ჯ--------ას (მოძალადეს) აეკრძალა: იმ სახლთან მიახლოება, სადაც თ----- ჯ--------ა (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ი-----–- ჯ--------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ 2019 წლის 20 აგვისტოს, შუადღის საათებში, ი-----–- ჯ--------ამ მობილურ ტელეფონზე თ----- ჯ--------ას, რომელიც იმყოფებოდა თ---–--–---–-------–--------------ში, გაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები, საღამოს საათებში, დაახლოებით 19:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში კი მივიდა ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინასთან მდებარე, თ---–-------–----–----–----------------------------–---------------------------ში.
2019 წლის 20 აგვისტოს, ი-----–- ჯ--------ას მიმართ მისი დედის - ლ-----------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის საფუძვლით, გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----. შემაკავებელი ორდერით ი-----–- ჯ--------ას (მოძალადეს) აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც ლ-----------ე (მსხვერპლი) ცხოვრობს, აგრეთვე მსხვერპლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. ი-----–- ჯ--------ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. კერძოდ 2019 წლის 20 აგვისტოს, საღამოს საათებში, დაახლოებით 19:30 საათიდან 20:00 საათამდე პერიოდში ი-----–- ჯ--------ამ მობილურ ტელეფონზე დაურეკა ლ-----------ეს, რომელიც იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თ---–-------–----–----–----------------------------–---------------------------ში, აღნიშნულიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ კი მივიდა ზემოაღნიშნულ ბინასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით, ი-----–- ჯ--------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (დანაშაულის ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ----- ჯ--------ას ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-----------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ი-----–- ჯ--------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ი-----–- ჯ--------ას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ი-----–- ჯ--------ას უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების თ----- ჯ--------ას და ლ-----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების: მ------ ჯ--------ას და ქ------- ბ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემაკავებელი N0----- და N0----- ორდერებით, თ----- ჯ--------ას მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით და თავად მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-----–- ჯ--------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრი მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ----- ჯ--------ას და ლ-----------ის ეპიზოდები).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო ი-----–- ჯ--------ას პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის ნაწილში, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ი-----–- ჯ--------ას, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ასოთხმოციდან ორასორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა საფუძვლიანია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის ზომის განსაზღვრისას შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა, რომ ამ სახის დამამძიმებელი გარემოების არსებობისას, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელის ზომა, თავისუფლების აღკვეთა - 8 (რვა) თვის ვადით მსუბუქია და მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას სასჯელის სახედ და ზომად თითოეული ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, დანიშნული სასჯელის -თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლის არასამართლიანობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, ამავდროულად საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი-----–- ჯ--------ა აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ი-----–- ჯ--------ას მიმართ დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობით გამოსაცდელი ვადით იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის, 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.
ი-----–- ჯ--------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ----- ჯ--------ას და ლ-----------ის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (თ----- ჯ--------ას ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ-----------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–- ჯ--------ას სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 21 აგვისტოდან 2019 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ი-----–- ჯ--------ას მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე