განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.10.2019
საქმის ნომერი
020310017002006615
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მშენებლობის ნებართვის გაცემა
თარიღი
28.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020310017002006615

საქმე N3/ბ-311-19წ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ოქტომბერი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე

 

სხდომის მდივანი ონისე გურეშიძე

 

აპელანტი – თ------------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

 

მესამე პირები – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ყ------------“, მ----------–-ა, ბ------------ა, მ-------------–---–-ა, ნ----------ა, ლ-------------------ა, ქ------------–---–-ა, მ-----------------ა, ო------------ა, ი--------------ა, დ----------------ა, ბ---------------–ი, თ-------–-----ა, ნ-------------ა, ლ---------------ა, ე-–-------------–--ა, თ----–----------ა, ც-–---------–-----ა, მ-------------ა, ლ------–-----ა

 

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, დემონტაჟის თაობაზე აქტის გამოცემა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით თ-----------–--ის სარჩელის დაკმაყოფილება საპროცესო ხარჯის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

2017 წლის 11 ივლისს თ-----------–--ემ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ. თ-----------–--ემ, 2017 წლის 25 სექტემბრის, 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 05 ოქტომბრის წარდგენილი სარჩელებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ყ------------ს“ მიმართ და მოითხოვა:

 

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 10/08/2015 წლის N--- წერილის ბათილად ცნობა;

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის 24/07/2017 წლის N-- წერილის ბათილად ცნობა;

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 31/08/2017 წლის N---- წერილის ბათილად ცნობა;

- მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–-----------------------ში განხორციელებული მიშენების დემონტაჟის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება;

- მოპასუხისთვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით ანაზღაურების დავალება.

 

თავის სასარჩელო მოთხოვნას თ-----------–--ე იმ გარემოებებზე ამყარებდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მოქალაქე მ----------–-ას მიმართ გამოცემული იქნა მიშენების ნებართვა. აღნიშნულ ნებართვას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ყ------------ს“ კრების ოქმი, რომლის მიხედვითაც 25 წევრიანმა ამხანაგობამ 15 წევრის მონაწილეობით მიიღო გადაწყვეტილება ამხანაგობის საერთო საკუთრების (მიწის ნაკვეთის) იმგვარი განკარგვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად ცვლიდა ბინის მესაკუთრეთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენდა სხვა მესაკუთრეთა საერთო ქონების გამოყენებაზე. კერძოდ, აღნიშნული ოქმის მიხედვით, მ----------–-ას მიეცა თანხმობა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნახევრად ღია აივნის აშენებაზე. მშენებლობაზე ნებართვის გამცემმა ორგანომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ამხანაგობის კრების კანონსაწინააღმდეგო თანხმობა, რითაც დაირღვა ამხანაგობის სხვა წევრთა, დაინტერესებულ პირთა კანონიერი უფლებები ამხანაგობის საერთო ქონების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებული იყო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. სარჩელი არ ცნეს არც მესამე პირებმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით თ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 10/08/2015 წელს მ----------–-ასათვის გაცემული N--- თანხმობა მშენებლობის განხორციელების (ნებართვის) შესახებ; მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურიდან - 500 ლარის ანაზღაურება; სხვა სასარჩელო მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.1. ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–--------------–ი მდებარე კორპუსში არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ყ------------’’. როგორც კორპუსში არსებული ბინის მესაკუთრეები, ამხანაგობის წევრები არიან მოსარჩელე თ-----------–--ე და მესამე პირი მ----------–-ა;

 

2.1.2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამონაცვლეა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია;

 

სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1.3. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 10 აგვისტოს N--- წერილით, ქ. წალენჯიხაში, კ-----–---–------------------------ში მცხოვრებ მ----------–-ას ფართის გადიდების მიზნით მიეცა პირველ სართულზე კარის ღიობის გაჭრისა და ლოჯიის მიშენების ნებართვა, წარდგენილი პროექტის შესაბამისად.

 

აღნიშნულ ნებართვას საფუძვლად დაედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „---------------- 2015 წლის 29 ივლისის კრების N------- (საოქმო გადაწყვეტილება), რომლის მიხედვითაც ამხანაგობის 25 წევრიდან კრებას ესწრებოდა 15 წევრი;

 

2.1.4. ამხანაგობის კრების ოქმის მიხედვით, მ----------–-ას ამხანაგობის 15 წევრისაგან მიეცა ამხანაგობის საერთო ქონების (მიწის ნაკვეთი) გამოყენების ხარჯზე, პირველ სართულზე მიშენების ნებართვა, რაც მ----------–-ას მიერ განხორციელდა;

 

2.1.5. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით თ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ბმა „ყ------------“-ს 2015 წლის 29 ივლისის N--------- ოქმი;

 

2.1.6. მ----------–-ა ცხოვრობს პირველ სართულზე და მიშენების გეგმა-პროექტის მიხედვით, მ----------–-ასათვის ნებადართული მიშენება უნდა განხორციელდეს ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენებით;

 

2.1.7. მ----------–-ას მიერ ლოჯის მისაშენებლად გამოყენებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ამხანაგობის საერთო ქონებას. იმ მრავალბინიან სახლში, რომლის მესაკუთრეთა ამხანაგობასაც წარმოადგენს ბმა „ყ------------“, განთავისუფლებულია მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა. საერთო საკუთრებაში არსებული ქონების ნაწილის ერთ-ერთი მესაკუთრისათვის გადაცემა უნდა განხორციელებულიყო ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, რომელთა შორის მოსარჩელეს უნდა ჰქონოდა მისი ნების გამოხატვის შესაძლებლობა. მოპასუხეებმა გასაჩივრებული გარიგებით შელახეს მოსარჩელის საკუთრების უფლება და ამ გზით მოიპოვეს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მშენებლობის ნებართვა.

 

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო ოქმში მითითებული გადაწყვეტილებით საერთო ქონება ამხანაგობის მიერ ისე იქნა განკარგული მ----------–-აზე, რომ აღნიშნულის შესახებ ცნობილი არ ყოფილა მოსარჩელისათვის, რის გამოც 29.07.2015 წლის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება ბათილია. უფრო მეტიც, სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოსარჩელის მიერ სარჩელში დაფიქსირებულ პოზიციას, რომ კრების გადაწყვეტილება მიღებულია 15 წევრის მიერ, რაც მიუთითებს მასზედ, რომ კრება არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ოქმში შეტანილი დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხზე;

 

2.1.8. 2017 წლის 12 ივლისს მოსარჩელე თ-----------–--ემ განცხადებით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს მ----------–-ას მიერ მშენებლობის პროექტის დარღვევის, სამშენებლო ნებართვის მოთხოვნების უგულვებელყოფის ფაქტების შესწავლისა და უკანონო მიშენების დემონტაჟის განხორციელების მოთხოვნით.

 

მითითებული განცხადების პასუხად ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 24 ივლისის N-- წერილით ეცნობა, რომ მ----------–-ას გააჩნია ლოჯიის მიშენების გეგმა-პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მიშენებას და ნაწილობრივ ამოშენებას, რაზეც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაიცა მშენებლობის თანხმობა (ნებართვა). მაშასადამე, თ-----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

2.1.9. 2017 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელე თ-----------–--ემ ამჯერად განცხადებით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ----------–-ას მიერ განხორციელებული უნებართვო მიშენების დაუყოვნებლივ დემონტაჟის მოთხოვნით, რაზეც გამგეობამ 2017 წლის 31 აგვისტოს N---- წერილით მოსარჩელეს განუმარტა, რომ მ----------–-ას მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით საქმეზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა N------------------ და რომ აღნიშნულ საქმეზე საკუთარი პოზიცია (შესაგებლის სახით) დააფიქსირა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.2.1. სასამართლომ განმარტა, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების სტადიებს აწარმოებს მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც გამოსცემს შემდეგი სახის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს: ა) I სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; გ) III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული წერილები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონისმიერი პირობა რეგლამენტირებულია საქართველოს კანონმდებლობით, ესენია: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს და ბ) ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდნენ მის უფლებას. ერთ-ერთი ამ პირობის არარსებობისას წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება გამოირიცხება. აღნიშნული პირობების კონკრეტული გამოვლინებაა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი, რომლითაც აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას და შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა სადავო აქტით. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დარღვევის არსებობა-არარსებობის საკითხის დადგენის მნიშვნელობაზე. კერძოდ, კანონიერი ინტერესის არსებობა გულისხმობს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე აქტით დაცულ უფლებებს და ინტერესებს, ანუ მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ასევე სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანის მიყენების ფაქტი სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესებზე.

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დავა ფაქტობრივად წარმოშობილი იყო ბინათმესაკუთრეთა ურთიერთობებიდან. შესაბამისად, გამოყენებულ უნდა ყოფილიყო მითითებული ურთიერთობის მარეგულირებელი სპეციალური კანონი - ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

 

ა) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა – მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება;

გ) მრავალბინიანი სახლი – სახლი, რომელიც შედგება ორზე მეტი ინდივიდუალური საკუთრების საგნისაგან (ბინისაგან);

ე) ინდივიდუალური საკუთრება – ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრება, აგრეთვე ამ ფართობის შემადგენელი ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება გადაკეთდეს, მოსცილდეს ანდა დაემატოს ისე, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს საერთო საკუთრება ან ინდივიდუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული სხვა რომელიმე ბინის მესაკუთრის უფლება, ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.);

ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება – მიწის ნაკვეთი, ამავე ნაკვეთზე განთავსებული მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომელიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში;

ი) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარება – ქმედება, რომელიც მიმართულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გაუმჯობესებისაკენ, ფუნქციური ცვლილებებისაკენ ან რეკონსტრუქციისაკენ.

 

საამართლომ მიუთითა, რომ ამ ნორმის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მსგავს დებულებას შეიცავს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებიც, რომლებითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი. ამავე კანონის მე-10 მუხლი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების პირობებს და გულისხმობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, რაც ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე, რომელთა მიხედვითაც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტებიდან მოპასუხის მიერ გაცემული 2015 წლის 10 აგვისტოს N--- წერილის საფუძველზე ლოჯის მშენებლობა მესამე პირმა მ----------–-ამ დაიწყო იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა ბმა „ყ------------ს“ საერთო ქონებას (საკუთრებას). ამასთან, აღნიშნული წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით არის სწორედ მშენებლობის ნებართვა, რომლის გამოცემასაც საფუძვლად დაედო ამხანაგობის 2015 წლის 29 ივლისის N- საოქმო გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს 2018 წლის 04 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი, რამეთუ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კვორუმის გარეშე. კერძოდ, ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, N- საოქმო გადაწყვეტილება არ ყოფილა გამოტანილი ერთხმად, ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა 10 ბინათმესაკუთრე, მათ შორის, მოსარჩელე თ-----------–--ე, რამაც განაპირობა N- გადაწყვეტილების უკანონობა.

 

შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მშენებლობის ნებართვის სადამფუძნებლო დოკუმენტი - N- გადაწყვეტილება სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ბათილად იყო ცნობილი ანუ როცა N--- წერილს (მშენებლობის ნებართვას) სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მშენებლობის ნებართვის კანონიერებაზე მოპასუხის მტკიცება მოკლებული იყო დასაბუთებას.

 

რაიონულმა სასამართომ აღნიშნა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველო ნაწილით რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

N57 დადგენილების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ნებართვის გაცემის სტადიებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო 54-ე მუხლის პირველი პუნქტით ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა წარმოებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოებითა და ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 75-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეს წარმოადგენს დაინტერესებულ მხარე. იმავე კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

იმავე კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე-34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება არის აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომელსაც იცავს კანონიერი ნდობის პრინციპი. თუმცა ამ პრინციპის საპირისპიროდ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ვხვდებით სახელმწიფოს საქმიანობის კანონიერების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველობა კანონსა და სამართალს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უკანონო მოქმედებით დარღვეული კანონიერი მდგომარეობა აღადგინოს. კანონიერების პრინციპი რეგლამენტირებულია ზემოაღნიშნულ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველ ნაწილში, რასაც ცალსახად ცხადყოფს ამ ნორმის შინაარსი: ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“. სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონიერების პრინციპის დარღვევის დადგენის შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის პრინციპის დაპირისპირების რეჟიმი და საბოლოოდ საკითხი უნდა გადაწყდეს 601 მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სზაკ-ის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხეს N- საოქმო გადაწყვეტილების შინაარსის გაცნობისას ჰქონდა შესაძლებლობა შეფასება მიეცა იმ ფაქტისათვის, რომ კვორუმის არარსებობის პირობებში გადაწყვეტილება მიღებული იქნა არაუფლებამოსილი ამხანაგობის წევრების მიერ, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. ამასთან, მოპასუხემ ისე მიიღო გადაწყვეტილება მ----------–-ასათვის მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებული მხარის სახით არ მოუწვევია მოსარჩელე თ-----------–--ე.

 

სასამართლომ ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სადავო აქტი - N--- წერილი კანონსაწინააღმდეგო იყო; იგი არსებითად არღვევდა არა მხოლოდ მოსარჩელის, არამედ იმ მესამე პირების კანონიერ ინტერესებს, რომლებიც არ მონაწილებდნენ მ----------–-ას სასარგებლოდ ჩატარებულ ამხანაგობის კრებაში და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ N--- გადაყვეტილების მიღებაში.

 

რაც შეეხება N-- და N---- წერილების ბათილად ცნობის, ასევე მინაშენის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შესახებ მოპასუხისათვის დავალდებულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნებს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი დაუსაბუთებელი იყო, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებია საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

სასამართლოს მითითებით, N-- და N---- წერილები გაცემული იყო მოპასუხის მიერ მოსარჩელის იმ განცხადებების საპასუხოდ, რომლებითაც მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა მინაშენის დემონტაჟს. წერილების გაცემის პროცესში ჯერ N--- ნებართვა სასამართლოს მხრიდან ბათილად ცნობილი არ ყოფილა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ფაქტობრივი საფუძველი ემსჯელა დემონტაჟის საკითხზე.

 

გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ მიუთითა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N-- დადგენილებით დამტკიცეულია ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება’’, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მერიის ერთ-ერთი სამსახურია ზედამხედველობის სამსახური. იმავე დებულების მე-13 მუხლის მე-9 პუნქტის შესახბამისად, ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კონტროლი გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე; კონტროლი მშენებარე შენობა-ნაგებობების წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების, საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, ხოლო ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის N-8 დადგენილების მე-3 მუხლის ,,ა’’ და ,,ლ’’ ქვეპუნქტების მიხედვით, ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნების მომზადება; წარადგინოს წინადადებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, საარჩევნო კოდექსისა და გარემოს დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.

 

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით; სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სადემონტაჟო ღონისძიებების გატარებამდე ზედამხედველობის სამსახური გადის კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს და მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შედეგად წარმოშობილი საფუძვლის არსებობისას არის შესაძლებელი დემონტაჟის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს ის, რომ არ არსებობს მშენებლობის ნებართვა ანუ შენობა აშენებულია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით. თუ აღნიშნული სამსახური არ იმოქმედებს კანონით დადგენილი წესით, ასეთ შემთხვევაში, სამსახურის უმოქმედობის გამო დაინტერესებულ პირს შეუძლია იდავოს სასამართლოს წესით.

 

შესაბამისად, რაიონულმა სასამართლლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისეთ პირობებში, როდესაც წინამდებარე გადაწყვეტილება გასაჩივრებული N--- აქტის ბათილად ცნობის თაობაზე ჯერ არ იყო შესული კანონიერ ძალაში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს არა ჰქონდა უფლება განეხორციელებინა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები N1--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, მესამე პირის მ----------–-ას კუთვნილ ფართთან დაკავშირებული მშენებლობის მიმართ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საპროცესო ხარჯების განაწილების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, აგრეთვე, სარჩელის ხასიათის გათვალისწინებით, ზუგიდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯიდან 500 ლარის ანაზღაურება.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ხარჯების სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა თ-----------–--ემ, რომელმაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის ოდენობით დაკისრება მოითხოვა.

 

3.1. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამრთლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. აპელანტმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადება, რომელშიც ნათქვამია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წესს, ხოლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლემ აღნიშნული ნორმის მოქმედება გაავრცელა სასამართლოს გარეშე ხარჯებზე, კერძოდ ნორმის რეგულაციას დაუქვემდებარა ადვოკატის მომსახურების ხარჯების განაწილების საკითხი.

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი პროცესის ხარჯებში მოიაზრებს სასამართლოს ხარჯებს და სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილში კი პირდაპირაა მითითებული, რომ ადვოკატის მომსახურება წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯის კატეგორიას. აღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის განაწილება არ შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს;

 

3.1.2. აპელანტის მოსაზრებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი არეგულირებს სასამართლო ხარჯების განაწილების წესს, ხოლო მისი პირველი ნაწილის მე-3 წინადადება შეეხება მხარის წარმომადგენლის (და არა ადვოკატის) მიერ გაწეული დახმარების ანაზღაურებას.

 

აპელანტი განმარტავს, რომ ადვოკატი და მხარის წარმომადგენელი, მათ შორის სამოქალაქო საპროცესო სამართლის მნიშვნელობით, არ არის იდენტური ცნებები. მხარის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, მისი განათლებისა და პროფესიის მიუხედავად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით 1. სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ: ა) ადვოკატები; ბ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლები – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე; გ) ერთ-ერთი თანამონაწილე – დანარჩენ თანამონაწილეთა დავალებით; დ) სხვა ქმედუნარიანი პირები – მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში. შესაბამისად, ადვოკატი, საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობით, არ არის წარმომადგენლის იდენტური ცნება. უფრო მეტიც ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯებს კანონი მოიაზრებს სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის კატეგორიაში, მაშინ, როცა წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების წესი რეგულირდება სასამართლო ხარჯების განაწილებისთვის დადგენილი წესით.

 

აპელანტი სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომელიც პრინციპულად ცალ-ცალკე მოიხსენიებს სასამართლო ხარჯსა და ადვოკატისთვის გაწეულ ხარჯს.

 

აპელანტი განმარტავს, რომ სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი არ წარმოადგენდა სასამართლო ხარჯს, და შესაბამისად, საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს მისი განაწილების წესს საქმის შედეგის შესაბამისად, ეს უკანასკნელი სარჩელში მითითებული იყო როგორც დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა (მე-3 სასარჩელო მოთხოვნა);

 

3.1.2. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი რეგულაცია, შეეხებოდა მხოლოდ სასამართლო ხარჯებს.

 

აპელანტის მოსაზრებით, მითითებულ ნორმაში ნათქვამია, რომ თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები. პროცესის ხარჯები კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, მოიცავს ადვოკატის ხარჯს, როგორც სასამართლოს გარეშე ხარჯს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელზე დართული მასალებით დასტურდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე ადვოკატის მომსახურეობით სარგებლობისა და ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰონორარის გადახდის ფაქტები, ამასთან ცალკე სასარჩელო მოთხოვნად სარჩელში მითითებულია ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება, აპელანტი მოითხოვს სასარჩელო მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში სრულად დაკმაყოფილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაანალიზა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფზე, რომელიც ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, ამავდროულად, სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, §32; ჯ--------- საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.

 

აქვე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებულობა და, პირიქით, ძალიან მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ; ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებელი გადაწყვეტილების უფლებას“ (Gorou v. Greece (N.3) §§ 38-42).

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის (გადახდილი ჰონორარის) სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში, შესაბამისად, სააპელაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას, მხოლოდ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმებს.

 

სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით მიუთითებს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

საადვოკატო მომსახურების შესახებ 2017 წლის 05 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ ო------------ასა (შემდგომში ადვოკატი) და მეორეს მხრივ თ-----------–--ეს (შემდგომში კლიენტი) შორის დაიდო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლო დავაში კლიენტის ინტერესების დაცვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, ჰონორარი (საადვოკატო მომსახურების გასამრჯელო) შეადგენს 3 000 (სამი ათას) ლარს, რაც დამკვეთის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე საბანკო ან ნაღდი ანგარიშსწორებით (ტომი 1, ს.ფ. 42-44);

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 08 ივლისის საგადახდო დავალების მიხედვით, თ-----------–--ემ (პ/ნ 5----------) ო------------ას (პ/ნ 5----------) სახელზე სს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანგარიშზე: №GE94BG0--------------- ჩარიცხა 3020 ლარი დანიშნულებით: თ-----------–--ე, 5---------- (ტომი 1, ს.ფ. 45);

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო------------ა, როგორც თ-----------–--ის წარმომადგენელი მონაწილეობდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომებში.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს; კერძოდ ამ კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი. კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებაში (საქმე №ას-1161-1116-2016) განმარტა, რომ ,,საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას ,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი ან ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი (დამტკიცებულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მიერ 2006 წლის 15 აპრილს) არ შეიცავს. ამაზე ყურადღების გამახვილება სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია იმის გათვალისწინებით, რომ მაგალითად, ევროგაერთიანების ადვოკატთა (CCBE) ქცევის მოდელური კოდექსი, რომელიც სახელმძღვანელოა ევროგაერთიანებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის ადვოკატთათვის, აწესრიგებს ჰონორარის საკითხს, კერძოდ, 3.4 პუნქტით დადგენილია, რომ 3.4.1. ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი სრულად უნდა გაუმჟღავნდეს კლიენტს და უნდა იყოს სამართლიანი და ზომიერი. 3.4.2. ადვოკატსა და კლიენტს შორის სხვაგვარი შეთანხმების არსებობის გარდა, ადვოკატის მიერ მოთხოვნილი ჰონორარი ექვემდებარება რეგულირებას იმ ადვოკატურისა თუ იურიდიული საზოგადოების წესების შესაბამისად, რომელსაც ადვოკატი მიეკუთვნება. საკასაციო სასამართლო ისევ ევროგაერთიანების ადვოკატთა ქცევის კოდექსის 3.3 მუხლს მოიხმობს, რომელიც უკრძალავს ადვოკატს აწარმოოს ე.წ. Pactum Quota de Litis (3.3.1 ქვეპუნქტი), რაც ნიშნავს 3.3.2. შეთანხმებას ადვოკატსა და კლიენტს შორის, რომელიც დადებულია იმ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, რომელშიც კლიენტი ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენს და რომლის საფუძველზე კლიენტი იღებს ვალდებულებას ადვოკატს გადასცეს წილი საქმის შედეგიდან, მიუხედავად იმისა, თუ წილი თანხას ან სხვა სარგებელს წარმოადგენს, რომელსაც კლიენტი საქმის გადაწყვეტისას მიიღებს. 3.3.3 Pactum Quota de Litis არ მოიცავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ჰონორარი გამოიანგარიშება ადვოკატის მიერ აღებული საქმის ღირებულების საფუძველზე, ოფიციალურად დამტკიცებული ჰონორარების სისტემის ან ადვოკატზე იურისდიქციის მქონე კომპეტენტური ორგანოს კონტროლის ქვეშ’’.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში მხარეების წარმომადგენლებად შეიძლება იყვნენ ადვოკატები.

 

ამ ნორმების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესში მითითებული წარმომადგენლობა ასევე მოიაზრებს ადვოკატსაც, შესაბამისად უსაფუძვლოა აპელანტის პოზიცია ადვოკატსა და კლიენტს შორის საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) მეორე მხარეზე დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მითითებული მუხლის გამოყენების დაუშვებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხი სწორედ ამგვარადაა გადაწყვეტილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებაში - მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინება საქმეზე №ას-906-868-2014, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინება საქმეზე Nბს-917-909(კ-16).

 

მიუხედავად საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ოდენობისა, რაც მოცემულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება და ამასთან არ დაუშვას მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა. სასამართლოს მიერ ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ზღვარის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუს 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება). სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული პროცენტული ცენზი და თანხა წარმოადგენს იმ მაქსიმალურ საკანონმდებლო ზღვარს, რომელიც წაგებულ მხარეს შესაძლოა დაეკისროს მოგებული მხარის სასარგებლოდ, ამასთანავე სასამართლომ ადვოკატის მომსახურების ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქმის სირთულე, უფლების დარღვევის აღსაკვეთად წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელების ინტენსივობა, ხანგრძლივობა, ინსტანციურობა და სხვ.. სასამართლო გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს მოპასუხისათვის სასამართლოს მიერ თანხის დაკისრებაზე უარის ან დაკისრებული თანხის ოდენობის დასაბუთებას. აღნიშნული ეხება აგრეთვე ისეთ შემთხვევას, როდესაც ადვოკატისათვის გადახდილი ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხა არაადეკვატურია და აშკარად აღემატება წარმომადგენლის მიერ საქმეზე გაწეულ მომსახურებას. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ,,ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ”).

 

პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის წაგებული მხარისათვის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის ფაქტობრივად გაწეული დროისა და დახარჯული რესურსის შეფასებით, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით მხოლოდ 500 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში გონივრულია, შესაბამისად არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

5.1. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს; შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ხარჯები:

 

აპელანტს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 150 ლარი არ დაუბრუნდება სააპელაციო საჩივრის უარყოფის გამო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 377-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში;

 

3. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).

 

მოსამართლე გოჩა აბუსერიძე