განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119002951056
საქმე №1ბ/1707-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მაია თეთრაული
სხდომის მდივანი - მერი ლაბარტყავა
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------–--–----–-----ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - გ----- ჯ---------ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: რ------------------–------–------------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ----------–-----------------------–--
ადვოკატი - მ----------ე;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა;
თარჯიმანი - იგორ მაისურაძე;
სასჯელი: ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
გ----- ჯ---------ი ქ.რ-------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის მის მფლობელობაში არსებულ ოთახში, ასევე პირადად - ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ასევე უკანონოდ შეძენილ 13,117 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, რომელიც აღმოჩენილი იქნა 2019 წლის 16 თებერვალს, 16:30 საათზე.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
რუთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენით:
გ----- ჯ---------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა წლის ვადით.
გ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - გ----- ჯ---------ის ადვოკატებმა მ----------ემ და ა--------–---–მა.
3. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი მკაცრია. გ----- ჯ---------ი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, არ გაქცევია პასუხისმგებლობას, დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული, გაითავისა და გააცნობიერა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, მოსალოდნელი სასჯელი, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულება. დაცვის მახრემ იმავდროულად ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადასტურებულია მსჯავრდებულის შეზღუდული შერაცხადობა, გამოვლენილი ჭკუასუსტობითა და გონებაჩამორჩენილობით. აღნიშნული საფუძვლით დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს წინაშეც შუამდგომლობდა მსჯავრდებულისთვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას, თუმცა მისი პოზიცია არ ყოფილა გაზიარებული. დაცვის მხარემ დასახელებულ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარის პოზიციით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელი - სამართლიანი, რისი გათვალისწინებითაც იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ----- ჯ---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა. საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: თვითონ მსჯავრდებულ გ----- ჯ---------ის აღიარება, მოწმეების ნ-------------–---–ის, დ---------–----–---–ის, ლ------------ას გამოკითხვის ოქმები, გ----- ჯ---------ის მფლობელობაში არსებული სარდაფის ჩხრეკის ოქმი და ამოღებულ ნივთიერი მტკიცებულება, ქიმიური ექსპერტიზის N7------------- დასკვნა, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ----- ჯ---------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დაცვის მხარის მიერ გასაჩივრებულია სწორედ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც გ----- ჯ---------ს დაედო მსჯავრი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ გ----- ჯ---------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომლისთვისაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია უვადო თავისუფლების აღკვეთა, რაც ცხადყოფს მის მომეტებულ საშიშროებას), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (გასათვალისწინებელია, რომ გ----- ჯ---------ს მსჯავრი დაედო 13,117 გრამი ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში, რომელიც მისი განსაკუთრებით სახიფათო ბუნებიდან გამომდინარე შეტანილია ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია N1-ში, ხოლო ამოღებული ოდენობა გაცილებით აღემატება ამ ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობისთვის კანონმდებლის მიერ დადგენილ ზღვარს), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა), განსაკუთრებით კი, გ----- ჯ---------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას (სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 მაისის ექსპერტის N003303119 დასკვნით გ----- ჯ---------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა. გ----- ჯ---------ს აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც არ გამორიცხავს მის შერაცხადობას) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, მინიმუმთან მიახლოვებული ზომით - 9 წლის ვადით, როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას (ზოგადი და კერძო პრევენციული მიზანი) და ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას (იქნება დამაფიქრებელი მისი ქმედების შედეგებზე, აღძრავს მასში სინანულს ჩადენილის გამო და ხელს შეუწყობს მის საზოგადოებაში ღირსეულად რეინტეგრაციას). ამასთან, პასუხისმგებლობის ყველა ზემოაღნიშნული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოების გათვალისწინებით, გ----- ჯ---------ის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გ----- ჯ---------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხერხზე, რაც ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე მიუთითებს - ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ნაწილი დაფასოებული იყო 48 ცალად, რაც ხაზს უსვამს მაღალი ალბათობით მისი გასაღებისა და სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობაზე. ეს კი ცალსახად გამორიცხავს მინიმალური სასჯელის განსაზღვრის მიზანშეწონილობას.
ამასთან, გ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ----- ჯ---------ის ადვოკატების მ----------ის და ა--------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ----- ჯ---------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
გ----- ჯ---------ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად:
5 წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან; უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა გ----- ჯ---------ს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 16 თებერვლიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ გ----- ჯ---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გ----- ჯ---------ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული 45 ცალი მცირე ზომის შეფუთვაში დაფასოებული მასა, საერთო წონით 3,64 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 2,10 გრამი, თეთრი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული ნივთიერება წონით 18,77 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს წონით 10,89 გრამი, გ----- ჯ---------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 3 ცალი წონაკი, საერთო წონით 0,22 გრამი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ საშულება ჰეროინს, წონით 0,127 გრამი, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო მობილური ტელეფონი, ფულადი თანხა და დოკუმენტები დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. (ნივთმტკიცებები და ამოღებული ნივთები ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ.ბარბაქაძე
მ.თეთრაული