განაჩენი

სისხლის სამართლის 16.01.2020
საქმის ნომერი
140100119003089989
ინსტანცია
თარიღი
16.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003089989

№1ბ/1962-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: როინ ხინთიბიძე

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: ჯ--–--- ტ-–-–--ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №5----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: გ------------–----–----------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ და მოითხოვა, ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და იგი უნდა შეიცვალოს, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი სასჯელის ერთერთ მიზნად აცხადებს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, ანუ ზოგად და სპეციალურ პრევენციას. მსჯავრდებულისათვის დანიშნული ასეთი ლმობიერი სასჯელი კი ვერ გახდება მისი გამოსწორების და კანონშესაბამისი ქცევის გარანტი და პირს არ გაუჩნდება მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიში. სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ მუქარის განხორციელებისას ჯ--–--- ტ-–-–--ის მიერ გამოყენებული იქნა სამზარეულოს დანა, რომელიც ყელზე ჰქონდა მიბჯენილი დაზარალებულს და იდგა ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანების ზღვარზე. შესაბამისად, მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ განხორციელებული ქმედების ხასიათის, ინტენსივობის და სიმძიმის გათვალისწინებით, აპელანტს მიაჩნია რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ითხოვს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ ცვლილების შეტანას და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რუსუდან ლაბაძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა, გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, პირობითად ჩათვლის გარეშე, იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას არ იქნა გათვალისწინებული, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება - დანაშაული ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი ქმედების ხასიათი, ინტენსივობა და სიმძიმე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულმა ჯ--–--- ტ-–-–--ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ჯ--–--- ტ-–-–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ------------------------–---------------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ სამზარეულო ოთახში ჯ--–--- ტ-–-–--ემ იძალადა მეუღლეზე - გ---–-- ტ-–-–--ეზე. კერძოდ, ჯ--–--- ტ-–-–--ემ, გ---–-- ტ-–-–--ეს სამზარეულოს დანა მიაბჯინა ყელზე, რის შედეგადაც გ---–-- ტ-–-–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს ჯ--–--- ტ-–-–--ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - გ---–-- ტ-–-–--ეს. კერძოდ, მიაბჯინა რა მას დანა ყელზე, ეუბნებოდა, რომ ყელს გამოჭრიდა. ჯ--–--- ტ-–-–--ის ქმედების შედეგად გ---–-- ტ-–-–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, ჯ--–--- ტ-–-–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ჯ--–--- ტ-–-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ივნისიდან 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ჯ--–--- ტ-–-–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ჯ--–--- ტ-–-–--ის უფლებების შეზღუდვას, მხარეები შეთანხმდნენ უდავო მტკიცებულებებზე, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებზე, დაცვის მხარეს სადაოდ არ გაუხდია შეთანხმების ფაქტი არსებითი განხილვისას და სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ გ---–-- ტ-–-–--ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ჩხრეკისას ამოღებული დანით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და თავად მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ--–--- ტ-–-–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; მანვე ჩაიდინა, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსწინებული შედეგი.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და დანის გამოყენებით.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა ნაწილობრივ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდების, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გაზრდის ნაწილში, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ჯ--–--- ტ-–-–--ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან არ ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასჯელის ზომის დამძიმების ნაწილში საფუძვლიანია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ, სასჯელის ზომის განსაზღვრისას შეფასების გარეშე დატოვა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ოჯახის წევრის მიმართ და დანის გამოყენებით. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, დანიშნული სასჯელის ზომა, თავისუფლების აღკვეთა - 6 (ექვსი) თვის ვადით, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მსუბუქია და მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ეს აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა - 1 (ერთი) წლის ვადით. რაც შეეხება დანაშაულს გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი და პასუხისმგებლობის შემამსუბუქბებელი გარემოებები. შესაბამისად, დანიშნული სასჯელის ზომა სამართლიანია და არ არსებობს მისი გამკაცრების წინაპირობა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას, მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის ნაწილში და განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ჯ--–--- ტ-–-–--ე აცნობიერებს, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, ქმედების ჩადენის შემდგომი ქცევით, მიაღწია დაზარალებულთან შერიგებას. აღნიშნული გარემოებების, დამნაშავის რესოციალიზაციის და სასჯელის სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის ჩათვლა პირობით, სამართლიანი და კანონიერია. შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვლება პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით იქნება სამართლიანი სასჯელი და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ რუსუდან ლაბაძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 აგვისტოს განაჩენში შეტანილ იქნეს ცვლილება.

 

ჯ--–--- ტ-–-–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯ--–--- ტ-–-–--ეს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ივნისიდან, 2019 წლის 15 ივნისის ჩათვლით

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტანს.

 

მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ეს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი და არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასთან, მსჯავრდებულ ჯ--–--- ტ-–-–--ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს – მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული - დანა განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე