განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.01.2020
საქმის ნომერი
330210117001848201
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210117001848201

საქმე №2ბ/4120-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 იანვარი 2020 წელი თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი

მოსამართლეები -ოთარ სიჭნავა, მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი შპს "მ------"

მოსარჩელის წარმომადგენლები - ი-----–--–------–--ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს "ტ------------ის კ--------–ი"

წარმომადგენელი - მ---------------------------------------–ი;

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. 2010 წლის 20 ივლისს შპს ''მ------ს'' და შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთხნმდნენ, რომ შპს ''მ------'' უკვეთავდა, ხოლო შპს ''ტ------------ის კ--------–ი'' ასრულებდა სამუშაოს - ორი სასაწყობო შენობის (ანგარის ტიპის) მშენებლობას საერთო ფართით - 2196 კვ.მ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გათვალისწინებული სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა მთლიანობაში (რაშიც მოიაზრებოდა დაცვის შენობა და 2 სასაწყებე შენობა) - 414 060 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

2. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო შპს ''მ------ს'' კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------ი ს/კ N0---------------.

 

3. მშენებლობის ღირებულების კრებსითი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების თანახმად სამშენებლო სამუშაოების ღირებულება აშენებული სასაწყობე ფართისათვის ±0.00 ნიშნულამდე შეადგენს - 346 073.718 ლარს, ხოლო ±0.00 ნიშნულის ზევით - 59 077.445 ლარს. ამავე დოკუმენტის თანახმად დგინდება, რომ ლითონის კონსტრუქციის ღირებულება, შეადგენს - 113 793.195 ლარს.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ''მ------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ ძირითადი თანხის, როგორც შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების გადახდილი თანხის სახით დაეკისრა - 500 000 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით - 300 000 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის სახით - 495 388 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს

''მ------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტები და შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა - 433 453 ლარის გადახდა და პირგასამტეხლოს სახით - 200 000 ლარის, სულ 633 453 ლარის გადახდა.

 

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება აღსრულდა და კრედიტორის მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

7. თავდაპირველი სარჩელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ''ტ------------ის კ--------–“-მა და მოითხოვა: ა. შპს ''მ------ს'' შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ფუნდამენტის და რანდკოჭის ღირებულების - 346 073.718 ლარის გადახდა. ბ. შპს ''მ------ს'' შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' სასარგებლოდ დაეკისროს ლითონის კონსტრუქციის ღირებულების - 113 793 ლარის გადახდა.

 

7.1. მოსარჩელეს მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტებზე და გარემოებებზე: 2010 წლის 20 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების გათვალისწინებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი ანუ შპს ''მ------'' უკვეთავდა, ხოლო შემსრულებელი შპს ''ტ------------ის კ--------–ი'' ასრულებდა სამუშაოს - სასაწყობო შენობის (ანგარის ტიპის) მშენებლობას საერთო ფართით 2196 კვ.მ. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო შპს ''მ------ს'' კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფელი დ------ი, ს/კ N0---------------. ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება შემკვეთს პერიოდულად ეკისრებოდა, რის გამოც ხელშეკრულებით ანგარიშსწორების კონკრეტული თარიღი გათვალისწინებული არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის 20 ივლისს მხარეთა შორის სამუშაოს შესრულების შესახებ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა შესრულებულ იყო 2010 წლის 20 ივლისიდან 9 თვის ვადაში, 2011 წლის 20 აპრილის ჩათვლით, დამკვეთმა გვიან 2011 წლის 25 თებერვალს აიღო სამშენებლო ნებართვა და N6/403-1 სანებართო მოწმობა, სადაც მშენებლობის დაწყების თარიღად მიეთითა 2011 წლის 10 მარტიდან 2012 წლის 10 მაისამდე პერიოდი. მშენებლობის ნებართვის არარსებობის გამო რა თქმა უნდა შემსრულებელი მშენებლობას ვერ დაიწყებდა. აქედან გამომდინარე, სამუშაოს შესრულების ვადები უნდა დაკორექტირებულიყო ხელშეკრულებაში, რაც დამკვეთმა არ შეცვალა.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის მაისში დაიტბორა შპს ''მ------ს'' ტერიტორია, რამაც დამატებით გამოიწვია არა მხოლოდ შპს ''მ------ს'' კუთვნილ უძრავ ნივთზე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების გაჭიანურება, არამედ სამშენებლო ტერიტორიის დატბორვამ გამოიწვია მოსარჩელის მიერ ობიექტზე შეტანილი რკინის კონსტრუქციის სამშენებლო მასალების დაჟანგვა. ნაცვლად იმის, რომ შპს ''მ------ს'' შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის გადაეცა უნაკლო ნივთი, რაზედაც წინასწარ მომზადებული სამშენებლო პროექტი და ნებართვა ექნებოდა, 2011 წლის 24 იანვარს თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან მოითხოვა მშენებლობის პარამეტრების გაზრდა, რაც არ იყო გათვალისწინებული არსებული ხელშეკრულებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად შპს ''მ------მ'' თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' წინააღმდეგ და მოითხოვა მის მიერ შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' ანგარიშზე ჩარიცხული მთლიანი ძირითადი თანხის სახით 500 000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 587 675 ლარის და მიყენებული ზიანის სახით - 495 388 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელით შპს ''ტ------------ის კ--------–მა'' მოითხოვა მოპასუხე შპს ''მ------ს'' მის სასარგებლოდ დაკისრებოდა - 24 305.74 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 40 805.74 ლარის გადახდა, რაც წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას და მოითხოვა საჯარიმო სანქციების გაუქმება. საბოლოოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა 433 453 ლარის გადახდა და პირგასამტეხლოს სახით 200 000 ლარის გადახდა, მაგრამ სასამართლოს არ უმსჯელია სახელშეკრულებო პირობების დაცვის შესრულებულ სამუშაოზე და იმ მასალების ღირებულებაზე, რაც შპს ''მ------ს'' დარჩა და რითაც ის უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის თანხის გადახდის დაკისრებას.

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით, შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყადაღა დაედო შპს ''მ------ს'' საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს, მდებარე: თბილისი, სოფელი დ------ი (ს/კ: 0---------------).

 

9. მოპასუხემ შპს ''მ------ს'' სარჩელთან დაკავშირებით წარმოადგინა შესაგებელი სასამართლოში რომელითაც სარჩელი არ ცნო, ამასთან მიუთითა, რომ სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის ''ბ'' პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყვიტოს საქმის წარმოება, ვინაიდან არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შპს ''მ------ს'' შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ ქმნის საფუძველს რათა გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლო გამდიდრების მუხლები. აღნიშნული მუხლების ძირითადი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება. მოცემულ შემთხვევაში, კი მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის დარღვევის გამო შემსრულებელს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, ასევე მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო. დამკვეთმა შემსრულებლის მოქმედების გამო მიიღო ზიანი და ეს ზიანი დღესაც გრძელდება. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი პირიქით პირმა სარგებელი შეღავათი შემოსავალი უნდა მიიღოს საფუძვლის გარეშე და შემდეგ უსაფუძვლო გამდიდრების მუხლების საფუძველზე მოთხოვნის შემთხვევაში დააბრუნოს იგი.

 

10. შეგებებული სარჩელი

 

მოპასუხემ შეგებებული სარჩელით შეიტანა მოპასუხე - შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' წინააღმდეგ და მოითხოვა - შპს ''ტ------------ის კ--------–ის' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 48 000 ლარის გადახდა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარჩელის შემოტანიდან - 900 000 ლარის წლიური 8%-ის გადახდა.

 

10.1. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით მოპასუხე ცდილობს ზიანი მიაყენოს მოსარჩელეს და იგონებს ახალ-ახალ გზებს იმისთვის, რომ აზარალოს შპს ''მ------''. ამისთვის მან ხელახლა მიმართა სასამართლოს და იგივე საფუძვლით იგივე დავაზე ითხოვს ვითომდა მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რასაც ახლანდელ სარჩელში ''უსაფუძვლო გამდიდრებას'' უწოდებს. მან ასევე მოითხოვა სასამართლოსაგან ყადაღის დადება მიწის ნაკვეთზე, რომელზეც მიმდინარეობდა წინა დავის მიზეზი - დაუსრულებელი მშენებლობა.

 

სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა და დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია მოსარჩელის ქონება. გარდა იმისა, რომ წლების განმავლობაში მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან მიადგა მატერიალური ზიანი, მოპასუხე დღემდე განაგრძობს დავას იგივე საკითხზე და შედეგად, მოსარჩელეს არ ეძლევა საშუალება: 1. გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა საბანკო კრედიტებიდან გამომდინარე ხარჯს; 2. გაასხვისოს მიწის ნაკვეთი და აღებული თანხა განათავსოს საბანკო ანგარიშზე და მიიღოს სარგებელი; 3. თავიდან დაიწყოს მშენებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე არსებული უხარისხო და უვარგისი მშენებლობის ნაწილის დაშლა და ტერიტორიიდან გამოტანა/დასუფთავება დამატებით ხარჯთანაა დაკავშირებული და განთავისუფლდეს დაუსრულებელი საიჯარო ხარჯისაგან, რომელიც წლებია გამოწვეულია მოპასუხის უპასუხისმგებლო მოქმედებებით.

 

მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მშენებლობისათვის განკუთვნილი ვადა შეადგენდა 9 თვეს. სწორედ ეს ვადა განსაზღვრა ახალი მშენებლობის დასაწყებად და დასასრულებლად მოსარჩელემ, როცა წლების განმავლობაში არსებული დავის დასრულების და სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის მიღების შემდეგ, როგორც იქნა გაჩნდა ამისი რეალური საშუალება. ამ მშენებლობის საშუალება მოსარჩელეს ისევ არ მიეცა ქონების დაყადაღების გამო. გამომდინარე აქედან ისევ უწევს საიჯარო ქირის გადახდა, რომელიც გაუმართლებელი ზარალია, გამომდინარე მოპასუხის აბსურდული სასამართლო დავიდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.

 

11. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო. მოპასუხის განმარტებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 993-1005-ე მუხლები განსაზღვრავენ დელიქტური ზიანის სახეებს, რაც გამორიცხავს შეგებებული სარჩელში პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას. ასეც რომ არ იყოს, შპს ''მ------'' განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს 48 000 ლარის ოდენობით, რაც გამოთვლილია იმ შემთხვევიდან, თუ დაყადაღებული ქონება გაიყიდებოდა და ამონაგები თანხა 900 000 ლარის ოდენობით დაიდებოდა ვადიან ანაბარზე. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ შპს ''მ------ს'' სარჩელის გამო შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' წინააღმდეგ წინა დავის დასრულების შემდეგ ჰქონდა მცდელობა ქონების გასხვისების. ამიტომ, ფაქტობრივად ვირტუალურად იმაზე საუბარი, რომ დაყადაღებული უძრავი ნივთის გაყიდვის შედეგად ამონაგებ 900 000 ლარს განათავსებდა ანაბარზე და მიიღებდა სარგებელს, არ გამოდგება სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად. მით უმეტეს, თუ გათვალისწინებული იქნება რომ თანახმად სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის, საწარმოზე რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2008 წლის 3 ნოემბერს, სს ''თიბისი ბანკს'' და შპს ''მ------ს'' შორის დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება N1086- 3, ხოლო 2011 წლის 13 ივლისს კვლავ სს ''თიბისი ბანკთან'' რეგისტრირებულია იპოთეკის ხელშეკრულება N1086-12. საგულისხმოა, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' მრავალმილიონიანი ქონება კანონდარღევით ჩატარებული აუქციონის შედეგად გაყიდულ იქნა და შპს ''მ------მ'' მიიღო სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული - 635 453 ლარი, თუმცა როგორც ჩანს, მას სულაც არ აწუხებდა საკრედიტო ვალდებულების შესრულება, რასაც ახლა შეგებებულ სარჩელში განცხადებულის თანახმად, უკვე ქონების რეალიზაციას უკავშირებს. მოპასუხის განმარტებით, შპს ''მ------ს'' არ სჭირდება სასაწყობე ქონების დაქირავება და მას შეუძლია ამ დანიშნულებისათვის გამოიყენოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული შენობა-განებობა N1 და N2; შპს ''მ------ს'' და შპს ''უ---------–--------------------–------------იას'' შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება მოჩვენებითია. ამასთან, მოჩვენებითიც რომ არ იყოს, იჯარის ქირა ხელოვნურადაა გაზრდილი, რაც კვლავ უსაფუძვლო გამდიდრებას ემსახურება. მოპასუხემ მიუთითა, რომ ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება დაადასტურებს გამოყენებული უზრუნველყოფის საფუძვლიანობას, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი საფუძვლებით და მტკიცებულებებით შეგებებული სარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით თავდაპირველი შპს "ტ------------ის კ--------–ის" სარჩელი დაკმაყოფილდა --- მოპასუხე შპს "მ------ს" მოსარჩელე შპს "ტ------------ის კ--------–ის" სასარგებლოდ დაეკისრა - 459 866.91 ლარის გადახდა. ხოლო შპს "მ------ს" შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. (იხ. გადაწყვეტილება) სასამართლო განჩინებით არ დააკმაყოფილდა შუამდგომლობა საქმისწარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ.

 

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს "მ------"-მ (იხ. სააპელაციო საჩივარი)

სამოტივაციო ნაწილი

 

14. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ. საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

უპირველეს ყოვლისა პალატა განმარტავს რომ, დავის სამართლებრივ შეფასებას სასამართლო დამოუკიდებლად ახდენს. ამ დროს იგი არ არის შებოჭილი მხარეთა მოსაზრებებით, შესაბამისად, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებით (სსსკ-ის მესამე და მეოთხე მუხლები). მხარეთა შორის არსებული ურთიერთობისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა სასამართლოს პრეროგატივაა, რადგანაც ასეთი შეფასების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის ან ნორმების ზუსტი განსაზღვრა და, აქედან გამომდინარე, მოთხოვნის წინაპირობების შესრულების დადგენა. ამიტომაცაა, რომ მოსარჩელე არ არის ვალდებული, მიუთითოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და არც მოპასუხეა ვალდებული შესაგებელში, რომლითაც ის სარჩელისაგან თავს იცავს, ზუსტი სამართლებრივი შეფასებები შეიტანოს. თავის მხრივ, არც სასამართლოა ვალდებული, გადაწყვეტილება დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული სამართლებრივი საფუძვლებით. (იხ სუსგ საქმე საქმე №ას-628-2019)

 

საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას) რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმე # ას-664-635-2016, პუნქტი 187).

 

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით

 

15. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს შპს „მ------“-ს დაეკისროს ნარდობის ხელშკრულებიდან გასვლის გამო გამომდინარე შესრულებული საშუშოს ღირებულების ანაზღაურება ანაზრაურება, მოსარჩელის განმარტებით მართალია ნარდობის ხელშეკრულება მოიშალა, თუმცა მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელებული შერულება რჩება მას, რაც იწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას. პალატას მიაჩნია რომ რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც ნარდობის ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მენარდეს უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულებით მოშლით მიყენებული ზიანი.

 

პალატა მოსარჩელის მოთხოვნასთან მიმართებით დადგენილად მიჩნევს შემდეგ სადავო გარემოებებს:

 

15.1. 2010 წლის 20 ივლისს შპს ''მ------ს'' და შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შორის დაიდო სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთხნმდნენ, რომ შპს ''მ------'' უკვეთავდა, ხოლო შპს ''ტ------------ის კ--------–ი'' ასრულებდა სამუშაოს - ორი სასაწყობო შენობის (ანგარის ტიპის) მშენებლობას საერთო ფართით - 2196 კვ.მ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გათვალისწინებული სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა მთლიანობაში (რაშიც მოიაზრებოდა დაცვის შენობა და 2 სასაწყებე შენობა) - 414 060 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დ.ღ.გ-ს ჩათვლით. 2. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო შპს ''მ------ს'' კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------ი ს/კ N0---------------.

 

15.2. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 500 000 ლარი.

 

15.3. მენარდემ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო სრული მოცულობით არ შეასრულა. მშენებლობის მიმდინარეობისას, სამუშაო ტერიტორია დაიტბორა მიწისქვეშა წყლით. მხარეთა შორის 2010 წლის 20 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა.

 

15.4. შემკვეთმა 2013 წლის 23 აგვისტოს სარჩელი აღძრა მენარდის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის 500 000 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 587 675 ლარისა და მიყენებული ზიანის სახით 495 388 ლარის დაკისრება. 2014 წლის 6 იანვარს კი მენარდემ შეგებებული სარჩელი აღძრა შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 24 305.74 აშშ დოლარის ექვივალენტის -40 805.74 ლარის დაკისრება

 

15.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ''მ------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ ძირითადი თანხის, როგორც შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' მიერ უკვე შესრულებული სამუშაოების გადახდილი თანხის სახით დაეკისრა - 500 000 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით - 300 000 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის სახით - 495 388 ლარის დაკისრების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

15.6 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: შპს ''მ------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე, მესამე და მეოთხე პუნქტები და შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ დაეკისრა - 433 453 ლარის გადახდა და პირგასამტეხლოს სახით - 200 000 ლარის, სულ 633 453 ლარის გადახდა.

 

15.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება აღსრულდა და კრედიტორის მოთხოვნა სრულად იქნა დაკმაყოფილებული.

 

16. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული და აღსრულებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი იურიდიული ფაქტები :

 

16.1. 2010 წლის 20 ივლისს შპს ''მ------ს'' და შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' შორის დაიდო სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთხნმდნენ, რომ შპს ''მ------'' უკვეთავდა, ხოლო შპს ''ტ------------ის კ--------–ი'' ასრულებდა სამუშაოს - ორი სასაწყობო შენობის (ანგარის ტიპის) მშენებლობას საერთო ფართით - 2196 კვ.მ. ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გათვალისწინებული სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა მთლიანობაში (რაშიც მოიაზრებოდა დაცვის შენობა და 2 სასაწყებე შენობა) - 414 060 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში დ.ღ.გ-ს ჩათვლით. 2. ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო შპს ''მ------ს'' კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. თბილისი, ს------–-----------ი ს/კ N0---------------.

 

16.2. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების

მიზნით, შემკვეთმა მენარდეს გადაუხადა 500 000 ლარი. მენარდემ, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო სრული მოცულობით არ შეასრულა. მშენებლობის მიმდინარეობისას, სამუშაო ტერიტორია დაიტბორა მიწისქვეშა წყლით. მხარეთა შორის 2010 წლის 20 ივლისს დადებული ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ გაგრძელებულა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევა გამოწვეული არ იყო შემკვეთის ბრალეულობით, ან სხვა ობიექტური გარემოებით, რის გამოც, მენარდემ ვერ შეძლო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. ( იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება)

 

16.3. სასამართლომ საქმეში განთავსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე დაადგინა რომ, მენარდემ გადასცა სასაწყობე შენობების პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგია, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულებული სამუშაო, რომელიც შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას შემკვეთის მიერ მიღებული პროექტირება (კონსტრუქცია) და გეოლოგიის ღირებულება შეადგენდა 41 560 ლარს. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ის ნაწილი, რაც მოიცავდა შენობის პროექტირებას (კონსტრუქცია) და გეოლოგიას, საერთო ჯამში 41 560 ლარის ღირებულებით, მენარდემ ჯეროვნად შეასრულა. ( იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება)

 

16.4. სასამართლომ დააადგინა რომ საექსპერტო კვლევის წარმოების პროცესში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი ნაგებობიდან აშენებული იყო მხოლოდ ერთი -დაცვის შენობა, საქმეში წარმოდგენილი არცერთი საექსპერტო დასკვნა არ შეიცავდა მითითებას დაცვის შენობის შემოწმების ან/და გამოვლენილი მშენებლობის ხარვეზების თაობაზე. შესაბამისად, დადგინდა, რომ დაცვის შენობა, რომელიც აშენებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საექსპერტო კვლევის საგანი არ გამხდარა და შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იყო დადასტურებული, აღნიშნული შენობა-ნაგებობების შეუსაბამობა სამშენებლო ნორმებთან. ამდენად, დგინდებოდა, რომ დაცვის შენობა, რომლის ღირებულებაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეადგენდა 24 987 ლარს. ( იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება)

 

16.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ორი საწყობის შენობის აშენება N1 და N2 და დაცვის შენობის მშენებლობა, შემოწმების დროს აშენებული იყო დაცვის შენობა და მიმდინარეობდა საწყონი N1-ის ძირითადი მასალის მსენებლობა (იხ.ს.ფ. 60).

 

სასამართლოს ძირითადი კვლევის საგანს წარმოადგენდა მშენებარე N1 სასაწყობე შენობა. დასკვნით გამოვლენილი დეფექტები შეეხება მხოლოდ აღნიშნულ შენობას. რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ დაცვის შენობაზე, დასკნებით დგინდება, რომ იმ დროისათვის დაცვის შენობაც აშენებული იყო, თუმცა აღნიშნული შენობის მშენებლობის ხარვეზები საექსპერტო კვლევის საგანი არ გამხდარა (იხ.ს.ფ. 61). დადგენილია, რომ პროექტში მითითებული ობიექტებიდან აშენებულია მხოლოდ დაცვის შენობა, რომლის მოპირკეთება არ არის დამთავრებული, ნაწილობრივ არის აშენებული 105 მეტრის სიგრძის, საწყობის შენობა, დაუმთავრებელ საწყობის შენობას ახასიათებს შეუსაბამობები პროექტთან მიმართებაში (ს.ფ. 62).

 

16.6. გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საწყობი N1-ის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც შმშენებარე მდგომარეობაშია, წარმოებულია არასათანადო ხარისხით, საერთოდ არ არის აშენებული N2 სასაწყობე შენობა, რაც დამკვეთს აძლევს ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ.ს.ფ. 66). ჯამში, ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება, იგულისხმება ±0.00 ნიშნულის ზევით და დაცვის შენობა შეადგენს - 66547 ლარს; (41 560 ლარს + 24 987), შესაბამისად, შემკვეთის სარჩელი დასაბუთებული იყო მენარდისათვის ავანსად გადახდილი 500 000 ლარიდან დარჩენილი ნაწილის - 433 453 ლარის დაბრუნების თაობაზე. ( იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ პალატის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება)

 

17. საქმეზე წარმოდგენილი მშენებლობის ღირებულების კრებსითი სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების თანახმად სამშენებლო სამუშაოების ღირებულება აშენებული სასაწყობე ფართისათვის ±0.00 ნიშნულამდე შეადგენს - 346 073.718 ლარს, ამავე დოკუმენტის თანახმად დგინდება, რომ ლითონის კონსტრუქციის ნაგებობის ღირებულება, შეადგენს - 113 793.195 ლარს.

 

18. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო არ გამხდარა და შესაბამისად კვლევის ობიექტიც არ ყოფილა, რას წარმოადგენდა ნარდობის დაგანი, ნაგებობა ±0.00 ნიშნულის ქვემოთ. რამდენადაც, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს შპს ''მ------ს'' ტერიტორიაზე მის მიერ 0.00 ნიშნულამდე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ფუნდამენტის და რანდკოჭის ღირებულების - 346 073.72 ლარის და შენობა N2-ისათვის გათვალისწინებული ლითონ - კონსტრუქციების საფასურის - 113 793.9 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრებას.

 

სასამართლო დავები აღნიშნულის განხილვას არ მოიცავდა, მითითებული მოთხოვნების ჭრილში სასამართლოს არ უმსჯელია და არ დაუდგენია +00.00 ნიშნულამდე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების, კერძოდ, ფუნდამენტის და რანდკოჭის ღირებულება და არ გამოუკვლევია შენობა N2-ისათვის გათვალისწინებული ლითონ - კონსტრუქციების ღირებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა შეტანილი მოპასუხე მხარის ტერიტორიაზე N2 შენობის მშენებლობისათვის. ამასთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილის და საქმეზე წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით დასტურდება, რომ გამოკვლევები ჩატარებულია მითითებულ ნიშნულზე 0.00 დან +3.40 ნიშნულის ჩათვლით, ხოლო ექსპერტს არ მოეთხოვებოდა არც საძირკველში და არც ზედა დონეზე სვეტების და როგელების ბეტონის ხარისხის შემოწმება (იხ.ს.ფ. 75).

 

პალატას მიაჩნია რომ, 00.00 ნიშნულამდე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების ფუნდამენტის და რანდკოჭის ღირებულების - 346 073.72 ლარის და შენობა N2- ისათვის გათვალისწინებული ლითონ - კონსტრუქციების საფასურის - 113 793.9 ლარის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა და არ არსებობს საქმისწარმოების შეწყვეტისა საპროცესო სამართლებრივი წინაპირობები.

 

მითითებული გარემოება ასევე დასტურდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 2016 წლის 22 აპრილის N5002177016 მიმართვით, რომ ამავე საექსპერტო ბიუროს მიერ შპს ''მ------ს'' დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზა, რაზედაც გაცემულია N004274914 საექსპერტო დასკვნა, გამოკვლევები ჩატარებულია და დამკვეთის მიერ მითითებულ ნიშნულზე (0.00-დან +3.00 ნიშნულის ჩათვლით). ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ შპს ''მ------ს'' მოთხოვნას არ წარმოადგენდა საძირკველის სვეტების და რიგელების ბეტონის შემოწმება, აღნიშნულს ადასტურებს ასევე 2018 წლის 16 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N008130418 და 2018 წლის 20 დეკემბრის მიმართვა N5008109918 (იხ.ტ.5.ს.ფ.64-72; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება; 2016 წლის 22 აპრილის N5002177016 მიმართვა. 2018 წლის 16 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა N008130418; 2018 წლის 20 დეკემბრის მიმართვა.)

 

19. განსახილველ დავაზე საკასაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები, რომლებიც არაერთ საექსპერტო დასკვნასა და სპეციალისტის განმარტებას, მტკიცებულებათა ყოველმხრივ გაანალიზებასა და შეჯერებას ეყრდნობა მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, მასალების უხარისხობა და დარღვევები, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების შეპირისპირების საფუძველზეა დადასტურებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, ხოლო სსკ-ის 636-ე მუხლით დარეგულირებული შემკვეთის უფლება, არათუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ უპირობოდ, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება მენარდესთან, განმარტებულია საკასაციო სასამართლოს მიერ.

 

საექსპერტო დასკვნები, რომელსაც სასამართლოები მიუთითებენ და დაეყრდნენ არის შემდეგი: საექსპერტო დასკვნა შპს ''საქართველოს საექსპერტო ჯგუფის'' 2013 წლის - მშენებარე სასაწყობო შენობის რკინაბეტონის კარკასის კვლევის შესახებ; 2013 წლის 30 სექტემბრის დასკვნა N0--------, რომელიც გაცემულია მშენებარე კონსტრუციიდან არმატურის ღეროების ვარგისიანობაზე; 2013 წლის 15 ოქტომბრის N0-------- დასკვნა, რომელიც იკვლევს დაუმთავრებელი შენობის შესაბამისობას პროექტთან მიმართებაში, მისი შესრულების სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობას;

2014 წლის 15 აგვისტოს N1--------- დასკვნა, რომელიც ეხება არსებული შენობის პროექტთან შესაბამისობას, ღერძების მდებარეობის სისწორეს და არმატურის კოროზიულობა და გადაბმის სისწორეს - მითითებული დასკვნების საფუძველზე სასამართლოების მიერ შეფასებულია და დადგენილია მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, მასალების უხარისხობა და დარღვევები, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების შეპირისპირების საფუძველზე, მაგრამ აღნიშნული დასკვნები არ ეხება და აფასებს განსახილველი დავის საგანს - ფუნდამენტის და რანდკოჭისათვის შესრულებულ სამუშაოებს და ხარისხს (იხ.ტ.4, ს.ფ. 201-248 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინება; საექსპერტო დასკვნა შპს ''საქართველოს საექსპერტო ჯგუფის'' 2013 წლის; 2013 წლის 30 სექტემბრის დასკვნა N0--------; 2013 წლის 15 ოქტომბრის N0-------- დასკვნა; 2014 წლის 15 აგვისტოს დასკვნა).

 

2018 წლის 3 სექტემბრის დასკვნა N0--------, რომელიც გაიცა კითხვაზე შეესაბამება თუ არა კონსტრუქცია სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს, დასკვნის თანახმად, დაუმთავრებელი N1 საწყობის კონსტრუქციები სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს (ტ.4. ს.ფ. 249-262) - აღნიშნული დასკვნა ასევე არ ეხება და განიხილავს ფუნდამენტის და რანდკოჭის შესრულებულ სამუშაოებს და მის ხარისხს.

 

2018 წლის 24 მაისის განმარტებითი ბარათი, რომელიც მოიცავს ნაგებობის მზიდი სამშენებლო კონსტრუქციების გამოკვლევის წესებს და მის შეფასებას (იხ.ტ.4., ს.ფ.264 -265) - აღნიშნული შეფასება ასევე არ ეხება და განიხილავს ფუნდამენტის და რანდკოჭის შესრულებულ სამუშაოებს და მის ხარისხს.

 

2016 წლის 3 აგვისტოს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა რომელიც იკვლევს და აფასებს ნაგებობის კონსტრუქციულ გამოკვლევას და მის პროექტთან შესაბამისობას, აღწერს და აფასებს ობიექტს 0.00-8.60 ნიშნულებში სვეტებს და რიგელებს, მასალების ხარისხს (ბეტონი, არმატურა), მიწაზე არსებულ ცხრა მეტრიან შენობაზე ღერძების მდენბარეობის სიწორეს და სამუშაოების შესრულების ხარისხს და შენობა ექვემდებარება თუ არა დემონტაჟს (იხ.ტ.2. ს.ფ.171-230).

 

მითითებული 2016 წლის 3 აგვისტოს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა

ძირითადად მოიცავს საწყობი N1 რკინაბეტონის სვეტების შეფასებას, მის კვლევას, არმატურის გადაბმის სისწორეს, ადგენს ბეტონის სიმტკიცის მაჩვენებლებს, ამასთან აღნიშნავს, რომ ობიქტზე გამოყენებული ბეტონის ხარისხი, არმატურის ტიპი და დიამეტრები აკმაყოფილებს პროექტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ნაგებობის კონსტუქციების მზიდუნარიანობა არ არის საკმარისი ნაგებობაში უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობების უზრუნველსაყოფად, მიუხედავად ამისა, ნაგებობის დემონტაჟის აუცილებლობა არ არსებობს, აუცილებელია ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების გაძლიერება სპეციალურად დამუშავებული პროექტის საფუძველზე (იხ.ტ.2. ს.ფ. 195-197) არც აღნიშნული დასკვნა აფასებს ფუნდამენტის და რანდკოჭისათვის გაწეულ სამუშაოებს და ხარისხს. (იხ. 2018 წლის 3 სექტემბრის დასკვნა N0--------; 2018 წლის 24 მაისის განმარტებითი ბარათი; 2016 წლის 3 აგვისტოს ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ტ.2. ს.ფ. 171-230).

 

საქმეზე წარმოდგენილია ასევე სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2014 წლის 23 ივნისის გაცემული N0-------- საექსპერტო დასკვნა, რომლის მიხედვით: ქ. თბილისი, სოფელ დ------ში შპს ''მ------ს'' საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე ს/კ N0---------------, მშენებარე ობიექტის საანგარიშო მოდელზე ჩატარებული ანგარიშით მიღებული შედეგებისა და პროექტში მოცემული ელემენტების არმირების სიდიდეების შედარებით, ფურცელ ''კ-8''-ზე ნაჩვენები ელემენტების სიდიდეები ძირითადად საკმარისია და აკმაყოფილებენ 8 ბალიან სეისმურ რაიონებში საწყობის ტიპის შენობისათვის წაყენებულ ნორმატიული დოკუმენტაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მშენებარე ობიექტზე ნაგებობის მზიდი კონსტრუქციების საექსპერტო კვლევის შედეგად დგინდება, რომ მშენებლობაზე ამოღებული არმატურის სიმტკიცის კვლევა და მზიდი კონსტრუქციების გადაანგარიშების შედეგები შეესაბამება საპროექტო პირობებს. პროექტში მოცემულ Ø12 და Ø18-ის არმატურის ნაცვლად Ø22 და Ø25-ის გამოყენება ზოგადად ზრდის კონსტრუქციის მზიდუნარიანობას. ამასთან ერთად უნდა ითქვას, რომ შენობის მდგრადობის უზრუნველყოფა არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფაქტორებით. ის ასევე დამოკიდებულია სამშენებლო სამუშაოების სათანადო ხარისხზეც. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის პერიოდში დაშვებულია ლოკალური ხარვეზები (ეს ხარვეზები გამოკვლეულია მხოლოდ ±0.00 ნიშნულის ზევით, ნაგებობა არ არის ავარიული). მას ამჟამად ნგრევის საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ აღნიშნული ხარვეზის შეკეთება აუცილებელია რათა მდგრადობის პირობები არ გაუარესდეს (იხ.ტ.1. ს.ფ. 77-78).

 

სასამართლო მიუთითებს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 17 დეკემბრის N5--------- მიმართაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ''დღეის მდგომარეობით ნაგებობა მთლიანობაში არ არის ავარიული მას არ ემუქრება ამჟამად ნგრევის საშიშროება და ის არ ექვემდებარება დემონტაჟს. რანდკოჭებში არ არის დაფიქსირებული ბზარები, დეფორმაციები და სხვა სახის დაზიანებები, რაც მეტყველებს დრენაჟის და საძირკველის სისტემის შესრულების ხარისხის დამაკმაყოფილებელ დონეზე'' (ტ.1.ს.ფ. 79-80, 247-248).

 

20. შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება ხორციელდებოდა ჰაიდელბერგცემენტის შპს ''ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას' მიერ გამოშვებული პროდუქციით, რის გამოც შპს ''ტ------------ი კ--------–ის'' დაკვეთით 2015 წლის 24 აგვისტოს ''ჰაიდელბერგცემენტის'' შპს ''ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიას'' სამშენებლო პროდუქციის ტესტირების ლაბორატორიის მიერ ჩატარდა და გაცემულ იქნა აქტები თბილისი, დ------ის მიმდებარე ტერიტორია, კვარტალი 2, ნაკვეთი N320-ის კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების სიმტკიცის შესახებ. შემოწმება ჩატარდა გოსტ 10180-90 ნორმატიული დოკუმენტის საფუძველზე, შვეიცარული ფირმის ''Pcoceq''-ს სკლერომატული ჩაქუჩით. აღნიშნული აქტების თანახმად:

 

1.კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტი NTR/2015-1-ით დასტურდება, რომ ფუნდამენტი, ღერძი ა-1, ღერძი ბ-17 ნიშნულზე მოწყობილ ფუნდამენტში გამოყენებული ბეტონის სიმტკიცის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს

38.0+40.0 მპა-ს, რაც შეესაბამება M400 მარკის ბეტონს.

 

2. კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტით NTR/2015-2-ით

დასტურდება, რომ რანდკოჭი, ღერძი ა-15, ღერძი ბ-19, ღერძი ბ-1, ღერძი ბ-6, ღერძი ბ-12, ღერძი ბ-19 ნიშნულებზე მოწყობილ რანდკოჭებში გამოყენებული ბეტონის სიმტკიცის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 32.0+39.0 მპა-ს, რაც შეესაბამება M350 მარკის ბეტონს (იხ.ტ.1.ს.ფ. 86-89)

 

საქმეზე წარმოდგენილია 2018 წლის 1 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის

N0-------- დასკვნა ობიქტზე არსებულ სვეტებში და საძირკვლის კოჭში ბეტონის სიმტკიცის დადგენის მიზნით, ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საძირკვლის კოჭიდან ამოკვეთილი ნიმუშების სიმტკიცეები შეესაბამება ბეტონის B25 კლასს (იხ.ტ.4. ს.ფ. 5-10, 11-50, ამასთან, ბეტონის შეფასებისა და კონტროლის წესების თაობაზე იხილეთ იხ. ტ.4. ს.ფ.157-171). მოყვანილი დასკვნების საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ( იხ. კონსტრუქციების ურღვევი მეთოდით შემოწმების აქტები; 2014 წლის 17 დეკემბრის N5--------- მიმართა; 2014 წლის 23 ივნისის გაცემული N0-------- საექსპერტო დასკვნა; 2015 წლის 24 აგვისტოს სამშენებლო პროდუქციის ტესტირების აქტები; 2018 წლის 1 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა; ბეტონის შეფასებისა და კონტროლის წესები იხ. ტ.4. ს.ფ.157-171).

 

21. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, ფუნდამენტის ღირებულება ±0.00 ნიშნულის ქვევით მხარეთა მიერ განსაზღვრული იყო - 346 073.718 ლარით. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მასზედ რომ, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე მხარე გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს მშენებლობა მას შენობის მშენებლობისათვის დაეზოგება - 346 073.718 ლარი, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, მასზედ, რომ განახორციელა ფუნდამენტის დემონტაჟი, როგორც არასათანადო ხარისხის მქონის და სარჩელის განხილვის მომენტისათვის ფუნდამენტი პირვანდელი სახით არ არსებობს.

 

22. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 113 793 ლარის ღირებულების მქონე ლითონკონსტრუქციის ნაგებობა კვლავ მოპასუხე შპს ''მ------ს'' კუთვნილ ტერიტორიაზეა განთავსებული და მოსარჩელე მხარის მოთხოვნის მიუხედავად მისი დაბრუნება არ მომხდარა (იხ. ტ.1. ს.ფ. 81,83; ტ.5. ს.ფ. 82; მხარეთა ახსნა- განმარტება; პირველი ინსტანციის სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

23. 2017 წლის 15 თებერვალს შპს ''ტ------------ის კ--------–მა'' წერილობით მიმართა შპს ''მ------ს'' და მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად მშენებლობის ადგილზე მათ მიერ მიტანილ იქნა შენობა-ნაგებობა N2-ის რკინის კონსტრუქციები, რომლის ღირებულების - 113 793.14 ლარის საგადასახადო ანგარიშფაქტურა გადმოგზავნილ იქნა მათ მიერ. შპს ''ტ------------ის კ--------–მა'' მოითხოვა შპს ''მ------ს'' დაედასტურებინა მათ მიერ მიწოდებული რკინის კონსტრუქციების საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან წერილობით მიეცათ მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა მიწოდებული რკინის კონსტრუქციების უკან წაღების მიზნით (იხ.ტ.1. ს.ფ.81,83). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს აღნიშნული ნებართვა არ გაუცია, ხოლო რკინის კონსტრუქციები კვლავაც მის კუთვნილ ფართში არის განთავსებული (იხ.ტ.5. ს.ფ.82; მხარეთა ახსნა-განმარტება-სხდომის ოქმები). ის ფაქტი, რომ ლითონკონსტრუქცია შპს ''მ------ს'' ტერიტორიაზე არსებობს მოპასუხე მხარემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე. თუმცა მოსარჩელეს ამ მომენტისათვის მისი უკან დაბრუნების ინტერესი არ გააჩნია, ვინაიდან მას ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, აღნიშნულზე მხარე მიუთითებს 2018 წლის 20 დეკემბრის N5008109918 მიმართვაზე და 2018 წლის 29 ნოემბრის N008183718 ექსპერტიზაზე დაყრდნობით (იხ.ტ.5.ს.ფ.71, ს.ფ.82). აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, არც საქმეზე მოიპოვება.

 

24. პალატა წინამდებარე განინების 21-ე და 22-ე პუნტებში გადმოცემულ ფაქტების დადგენასთან დაკავშირებით მიუთითებს საქმეზე წარმოდგენილ მოპასუხის შესაგებელზე და განმარტავს შემდეგს: მოპასუხემ (იხ. პირველი ისნტანციის და სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი) როგორც ფუნდამენტის ღირებულება ±0.00 ნიშნულის ქვევით ასევე ლითონკონსტრუქციების მფლობელობა და ღირებულება სადავო გახადა საპაექრო სიტყვაში. საქმის მასალებით არ დგინდება რომ მოპასუხემ შესაგებელით განახორციელა კვალიფიციური შედავება (იხ. შესაგებელი) საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებთან დაკავშირებით. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება. (იხ.საკასაციო სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016)

 

პალატა განმარტავს რომ, მოპასუხის შედავება დაუშვებელია (აბსტრაქტულია), თუკი მასში არაფერია ნათქვამი ცალკეულ საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე. მოპასუხეს მოეთხოვება შედავების დაკონკრეტება სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე, რომ მისთვის არ დადგეს არახელსაყრელი გადაწყვეტილება (იხ., სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შმიტი შ, რისჰტერ ჰ, თბ., 2013, 16, 17). თუ დაშვებული იქნებოდა ისეთი ზოგადი და აბსტრაქტული ხასიათის შედავება შესაგებლით, მოსარჩელეს არ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას არ ეთანხმება მოპასუხე და შესაბამისად, რისი მტკიცება მოუწევდა მას გაურკვეველი დარჩებოდა, რითაც არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა მოსარჩელე და ხელი შეეშლებოდა საერთო სასარჩელო წესით უფლების რეალიზებაში (სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, ციტ: სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა, შ. შმიტი, ჰ. რიხჰტერ ჰ, თბ., 2013, 17). შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეში როგორც ფუნდამენტის ღირებულებასთან ±0.00 ნიშნულის ქვევით ასევე ლითონკონსტრუქციების მფლობელობასა და ღირებულებაზე წარმოდგენილი მოპასუხის მარტივი შედავება „არ ვეთანხმები“ არ არის საკმარისი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისა და სარჩელის უარყოფისთვის. მოსარჩელე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას და წარმოდგნეილი აქვს მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები ხოლო ის გარემოება, თუ რამდენად სწორად მოითხოვა მოსარჩელემ მომსახურების ანაზღაურება და მისი ოდენობა შეადგენს არა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით მიღებულს, არამედ ბევრად ნაკლებს მოპასუხის შედავების საგანია. (იხ. სუსგ საქმე #№ას-184-177-2013, 1.10.2013) ამ ნაწილში მოსრჩელეს მხოლოდ აბსტრაქტული შედავება (იხ შესაგებელი) აქვს წარმოდგენილი.

 

პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. სააპელაციო სასამართლო ყურადღება ამახვილებს სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მხარეთა მტკიცების ტვირთზე და განმარტავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანაში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. ამდენად, მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ _ დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24,და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95 , § 21). საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v.Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05 , § 25).

 

25. უდავოა რომ მხარეთა შორის არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულება მიეკუთვნება მომსახურების ტიპის ხელშეკრულებათა რიცხვს („ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.“ სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი). ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებული (სინალაგმატური “sinalagma”), სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. იგი ძირითადად მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629 - 656-ე მუხლებით. სსკ 636-ე მუხლის მიხედვით „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ეს ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას. რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც უმეტეს შემთხვევაში შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს (მაგ. 399-ე მუხლი), რადგანაც ნარდობა არ არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთიერთობა. ან კიდევ დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი). თუმცა იგი ვალდებულია მენარდეს აუნაზღაურის ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, კერძოდ ფუნდამენტის ღირებულება ±0.00 ნიშნულის ქვევით - 346 073.718 ლარია, ხოლო ლითონკონსტრუქცის ნაგებობის ღირებულება კი 113 793 ლარით უნდა განისაზღვროს. რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სააპელაციო სასამართლოს დასკვნები შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით

 

26. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით შეიტანა მოპასუხე - შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' წინააღმდეგ და მოითხოვა - შპს ''ტ------------ის კ--------–ის' შპს ''მ------ს'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 48 000 ლარის გადახდა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე სარჩელის შემოტანიდან - 900 000 ლარის წლიური 8%-ის გადახდა. (იხ წინამდებარე განჩინები 10 პუნატი; შეგებებული სარჩელი) მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და იგი ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე კოდექსის 408-ე მუხლს.

 

უპირველს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს და იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება (თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად), ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას _ ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა. (იხ სუსგ საქმე ას-1216-1136-2017) ამდენად სასამართლომ უნდა შეამოწმოს ამგვარი ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრისას შესრულებულია თუ არა სსსკ-ის 199.3 ნაწილის წინაპირობები ( იხ. სუსგ საქმე ს-930-888-2013) რომელიც შემდეგში მდგომარეობს: 1. სარჩელზე გამოყენებული იყო უზრუნველსაყოფის ღონისძიება; 2. სარჩელის უზრუნველსაყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ან/და იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, 3. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 4. მიზეზობრივი კავშირი - ანუ ზიანი მოსარჩელეს მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფის ღონისძიების შედეგად. მოცემული წინაპირობებიდან ერთ ერთის უარყოფის შემთხვევაში კი სარჩელიც წარუმატებელი იქნება. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველ მოსარჩელეს არათუ უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, არამედ მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილებაც არ შესულა კანონიერ ძალაში. შესაბამისად პალატას მიაჩნია რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამავე კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობები.

 

27, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა პალატა განმარტავს რომ, შპს ''მ------'' ზიანის ანაზღაურებას ითხოვს - 48 000 ლარის ოდენობით, რაც გამოთვლილია იმ შემთხვევიდან, თუ დაყადაღებული ქონება გაიყიდებოდა და ამონაგები თანხა - 900 000 ლარის ოდენობით განთავსდებოდა ვადიან ანაბარზე. ხოლო 2017 წლის 20 მარტის ყადაღის გამო ვერ მოხერხდა ქონების გაყიდვა. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნებს იმის თაობაზე რომ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მასზედ, რომ შპს ''მ------ს'' სარჩელის გამო შპს ''ტ------------ის კ--------–ის'' წინააღმდეგ წინა დავის დასრულების შემდეგ ჰქონდა მცდელობა ქონების გასხვისების. დაყადაღებული უძრავი ნივთის გაყიდვის შედეგად ამონაგებ 900 000 ლარს განათავსებდა ანაბარზე და მიიღებდა სარგებელს, არ გამოდგება სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად, მით უმეტეს, თუ გათვალისწინებული იქნება, რომ თანახმად სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის, საწარმოზე რეგისტრირებულია მოძრავ ნივთებსა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე გირავნობა/ლიზინგის უფლება. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ 2008 წლის 3 ნოემბერს, სს ''თიბისი ბანკს'' და შპს ''მ------ს'' შორის დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება N1086-3, ხოლო 2011 წლის 13 ივლისს კვლავ სს ''თიბისი ბანკთან'' რეგისტრირებულია იპოთეკის ხელშეკრულება N1086-12. ამ პირობებში, როდესაც მოპასუხე მხარე იმყოფება საკრედიტო ურთიერთობაში საბანკო დაწესებულებასთან (მოვალეა) და მოლოდინი იმისა, რომ ანაბარზე განათავსებდა თანხას და სარგებელს მიიღებდა საფუძველს და დასაბუთებას მოკლებულია. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593- 2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ დაყადაღებული უძრავი ნივთის გაყიდვის შედეგად ამონაგებ 900 000 ლარს განათავსებდა ანაბარზე და მიიღებდა სარგებელს. 900000 ლარის საკრედიტო დაწესებულებაში ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა შემოსავალს წლიურ 8%-ს პროცენტის სახით. მოსარჩელის ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

28. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

29 . საპროცესო ხარჯები

 

აპელანტის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად;

სარეზოლუციო ნაწილი

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს "მ------"-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი

 

მოსამართლე: ოთარ სიჭინავა

 

მიხეილ გოგიშვილი