განაჩენი

სისხლის სამართლის 27.01.2020
საქმის ნომერი
330100119003141364
ინსტანცია
თარიღი
27.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003141364

№1ბ/1876-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 იანვარი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივნები: ნანა გიგიტაშვილი და ნადეჟდა მარანელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: ლევან ვეფხვაძე და თორნიკე ტყაბლაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ------ ნ--------ე

მსჯავრდებული: თ------ ძ-----ა, დაბადებული: 1----–-–-----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ--–--------–----–----------------–----------------. ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის არ მქონე.

 

კვალიფიკაცია ბრალდების დადგენილების მიხედვით: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილი და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება რადგან სასამართლომ არასწორის სამართლებრივ შეფასება მისცა თ------ ძ-----ას მიერ ჩადენილ ქმედებას, რის გამოც განაჩენი უნდა შეიცვალოს და თ------ ძ-----ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,3811–ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან ამ მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლითაც ბრალდება წარედგინა თ------ ძ-----ას არის ტექნიკური შეცდომა და გულისხმობს არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობას, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 175-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად, ასეთივე ქმედებისათვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ. ბრალდების მხარისთვის წარმოუდგენელია ისეთი სიტუაცია როდესაც ბრალდებული არც არასრულწლოვანია არც ადმინისტრაციულ სახდელდადებული და მას ჰქონდეს მოლოდინი რომ ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. თუ თ------ ძ-----ასთვის ცნობილი იყო რომ საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ გათვალისწინებული იყო უფრო მსუბუქი სასჯელი, ვიდრე ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და შესაბამისად მოლოდინი ჰქონდა მსუბუქი სასჯელის, მაშინ ასევე ეცოდინებოდა საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის არსი და მიხვდებოდა რომ ეს არ ეხება მას, რადგან მან დაარღვია შემაკავებელი ორდერი, ანალოგიური დანაშაულისათვის ნასამართლევმა, ის არც არასრულწლოვანია და არც ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული 175-ე სეკუნდა მუხლით. შესაბამისად ვერ ექნებოდა მოლოდინი, რომ ცნობილი იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და შეეფარდებოდა მსუბუქი სასჯელი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს, გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება და თ------ ძ-----ა ცნობილი იქნას დამნაშავედ ასევე საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენიათ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტყაბლაძემ, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებული თ------ ძ-----ა ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით, ვინაიდან თ------ ძ-----ას ბრალდება წარდგენილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჩადენილი არაერთგზის და ბრალდების დადგენილებაში - კვალიფიკაციად საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილის მითითება წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა თ------ ძ-----ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ნ--------ემ მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი, თ------ ძ-----ას მიმართ დარჩეს უცვლელად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

თ------ ძ-----ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის; მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თ------ ძ-----ას მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 20 ივნისს თ------ ძ-----ას მიმართ გამოცემულ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი. აღნიშნული ორდერის საფუძველზე თ------ ძ-----ას განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან ი-–---- ა-----------ასთან მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა.

 

2019 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ------ ძ-----ა მივიდა მის ყოფილ მეუღლესთან ი-–---- ა-----------ასთან, თ---–--–-----------------–-–-–-–---–------------ში მდებარე სილამაზის სალონში. ზემოაღნიშნული ქმედებით თ------ ძ-----ამ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. ამავდროულად მას შემდეგ რაც უარი მიიღო შერიგებაზე თ------ ძ-----ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს – ი-–---- ა-----------ას, კერძოდ, უთხრა რომ მოკლავდა და დაახრჩობდა. ზემოაღნიშნული მუქარა დაზარალებულმა ი-–---- ა-----------ამ აღიქვა რეალურადა გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით თ------ ძ-----ას ქმედება საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ------ ძ-----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით თ------ ძ-----ას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თ------ ძ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და თ------ ძ-----ას საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 30 ივნისიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი-–---- ა-----------ას, მოწმეების: ქ--------ა მ------------ა და გ-----------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, 2019 წლის 20 ივნისის #0----- შემაკავებელი ორდერით (მოქმედების ვადა 2019 წლის 20 ივლისამდე) და ორდერის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულმა თ------ ძ-----ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით; ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს ბრალდების იმ ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებს თ------ ძ-----ას მიერ დანაშაულის არაერთგზის ჩადენას, თუმცა, იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ საქმის არსებით განხილვამდე თ------ ძ-----ას მოლოდინი ჰქონდა უფრო მსუბუქი სასჯელის, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 3811-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გაცილებით მძიმეა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, სასამართლო ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას მის საზიანოდ. თუნდაც ტექნიკური უზუსტობით გამოწვეული შეცდომა არ უნდა იქნეს გამოყენებული ბრალდებულის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებაში Adrian Constantin v. Romania (no. 21175/03, 2011 წლის 12 აპრილი) მიუთითებს, რომ დანაშაულის კვალიფიკაციაში რაიმე ცვლილებები (დანაშაულის სამართლებლივ, არსებით ან მორალურ ასპექტებთან დაკავშირებული ფაქტების დახასიათების ცვლილება) ბრალდებულისთვის საკუთარი დაცვის ხაზის ცვლილების შესაძლებლობის მიცემის გარეშე, სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევას წარმოადგენს. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი მხარეთა მიერ მტკიცებულებათა მოპოვების ეტაპზე თ------ ძ-----ას არ წარდგენია და განმარტებია ბრალდების კვალიფიკაცია და მოსალოდნელი სასჯელი გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მესამე ნაწილით და დაცვის მხარეს არ ჰქონდა შესაბამისი დაცვის სტრატეგიის განსაზღვრის შესაძლებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, მამის სახელი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი, პირადი ნომერი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებები, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული ამ პირმა ჩაიდინა და დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია ეს დანაშაული. შესაბამისად, ბრალდების შესახებ დადგენილების შემაჯამებელ და არსებით ნაწილს წარმოადგენს კვალიფიკაციის დადგენა ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის, ნაწილის და ქვეპუნქტის მითითება, რომლებითაც გათვალისწინებულია ჩადენილი დანაშაული და დაწესებულია შესაბამისი სასჯელი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდების დადგენილებით წარდგენილი კვალიფიკაციის დამძიმება, თუნდაც უზუსტობით იყოს გამოწვეული ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებს და სასამართლოსაც კი არა აქვს შესაძლებლობა, შეიტანოს დაზუსტება, რომელიც გავლენას მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის შესახებ (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი). სასამართლო უფლებამოსილია, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული კვალიფიკაცია შეცვალოს მხოლოდ ბრალდებულის სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგულირდება, რომ გამამტყუნებელი განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი უნდა შეიცავდეს ბრალდებულის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის საფუძვლებსა და მოტივს, თუ ბრალდების ნაწილი უსაფუძვლოდაა მიჩნეული ან დანაშაულის კვალიფიკაცია არასწორია.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ თ------ ძ-----ას შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ჩადენილი არაერთგზის - მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლისათვის დადგენილი სასჯელიც არ სცდება, წარდგენილი ბრალდების დადგენილებით გათვალისწინებული კვალიფიკაციისთვის დადგენილი სასჯელის ფარგლებს.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა, დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი თ------ ძ-----ას, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, რომ თ------ ძ-----ა აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნების და წარსულის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, არ არსებობს თ------ ძ-----ას მიმართ გამოყენებული სასჯელის, სხვა სახის და ზომის სასჯელით შეცვლის აუცილებლობა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ------ ძ-----ას მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამიტომ, მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტყაბლაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტყაბლაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი თ------ ძ-----ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ------ ძ-----ას ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის მეორე ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

თ------ ძ-----ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით თ------ ძ-----ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თ------ ძ-----ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და თ------ ძ-----ას, საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 30 ივნისიდან.

 

მსჯავრდებულ თ------ ძ-----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონიძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე