განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2020
საქმის ნომერი
330100118002420783
ინსტანცია
თარიღი
06.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002420783

№1ბ/1769-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

06 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნათია ქომოშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: თ----- გ-----–---–ი

გამართლებული: მ--- ჩ-----ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------, პირადი ნომერი: 4----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ. ა---––-----------------------–------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------–-------------------------------ში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ--- ჩ-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ფაქტობრივად გაითვალისწინა მხოლოდ მიკერძოებული მოწმის ჩვენება და გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დ---- ო-----ის – მ--- ჩ-----ის რძლის, სუბიექტური და მიკერძოებული ჩვენება, რომელმაც მთლიანად შეცვალა თავისი ჩვენება და სასამართლოს მიაწოდა გამოძიების ეტაპზე მიცემული ინფორმაციისგან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია, ასევე თავად ბრალდებულის – მ--- ჩ-----ის ჩვენება, რომელიც ცალსახად არის სუბიექტური და მიკერძოებული. ამის საპირისპიროდ სასამართლომ არ გაითვალისწინა ორი ობიექტური მოწმის პოლიციის თანამშრომლების ჩვენება, რომლებიც არიან უშუალო თვითმხილველები დანაშაულის, ასევე არ გაითვალისწინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც გამოიკვეთა ს--–---- ქ------–-–---–ისთვის მიყენებული დაზიანებები. შესაბამისად, აპელანტი ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი და მ--- ჩ-----ი დამნაშავედ იქნეს ცნობილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, მ--- ჩ-----ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მ--- ჩ-----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა წარდგენილი ბრალდების ფარგლებში.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, გამართლებული მ--- ჩ-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ----- გ-----–---–მა და მ--- ჩ-----მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, განმარტეს, რომ მოწმის სახით დაკითხული პოლიციელების ჩვენებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რასაც ადასტურებს პატაკის და გამოკითხვის ოქმების ერთგვაროვნება, მ--- ჩ-----ის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მისი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა ემსახურებოდა სულ სხვა მიზანს. შესაბამისად, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით:

მ--- ჩ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 26 თებერვალს, ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. №20–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ--- ჩ-----მა არასრულწლოვან შვილს – ს--–---- ქ------–-–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ სახის არეში ორჯერ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმებიდან, რა დროსაც ს--–---- ქ------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ--- ჩ-----ის ბრალეულობას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს--–---- ქ------–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

 

მოწმე დ---- ო-----ის ჩვენებით - 2018 წლის 26 თებერვალს შუადღის საათებში მ--- ჩ-----თან და მის დასთან ე-- გ--------ესთან ერთად სკოლიდან გამოიყვანა მ--- ჩ-----ის შვილი – ს--–---- ქ------–-–---–ი, რის შემდეგაც ე-- გ--------ის ავტომანქანით გაემგზავრნენ მ--- ჩ-----ის სახლის მიმართულებებით, თუმცა გზად გაჩერდნენ კალოუბნის ქუჩა №20–ის მიმდებარე ტერიტორიაზე მაღაზიაში შესასვლელად. მ--- ჩ-----მა, ს--–---- ქ------–-–---–ს მოსთხოვა დილას მიცემული თანხიდან ნაწილის უკან დაბრუნება, რასთან დაკავშირებითაც მათ შორის იყო ხმამაღალი საუბარი. თუმცა მ--- ჩ-----ს, ალომე ქ------–-–---–ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ხელი დაურტყამს მისთვის და არც თმა მოუქაჩავს. ხმამაღალი საუბრის გაგონებაზე მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები რომლებმაც იმის გამო, რომ თითქოს მ--- ჩ-----ი ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მის არასრულწლოვან შვილს გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმე კ------------- ც-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 29 მარტს მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომელის თანახმად, შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №4--- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩანაწერების თანახმად მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქალაქე ს--–---- ქ------–-–---–ს 2018 წლის 26 თებერვალს დაესვა დიაგნოზი: სკალპის ზედაპირული ტრავმა (მარცხენა შუბლ–თხემისა და პერიორბიტალური მიდამოს სისხლნაჟღენთი) თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა (ცხვირის და სახის ზედაპირული ტრავმა). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედებით. მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. მოწმის განმარტებით, დაზიანების ზუსტი მორფოლოგიური სურათი სამედიცინო დოკუმენტაციაშია არ არის ზუსტად აღწერილი, რის გამოც შეუძლებელი იყო დაზიანების ხანდაზმულობის დადგენა.

 

მოწმე ზ----- გ--------ის ჩვენებით - 2018 წლის 26 თებერვალს თანამშრომელ შ--–-- უ----–---–თან ერთად იმყოფებოდა კალოუბნის ქუჩა №20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შენიშნა „ტოიოტა“–ს მარკის ა/მანქანა, საიდანაც შემოესმა ბავშვის ტირილის ხმა. მანქანასთან მიახლოებისას დაინახა თუ როგორ ძალადობდა მ--- ჩ-----ი მის არასრულწლოვან შვილზე, რაც გამოიხატებოდა თმების მოქაჩვაში და სახის არეში დარტყმაში. მ--- ჩ-----ი იყო აგრესიული და აცხადებდა, რომ ბავშვი იყო მისი შვილი და როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ ისე მოექცეოდა.

 

მოწმე შ--–-- უ----–---–ის ჩვენებით - 2018 წლის 26 თებერვალს თანამშრომელ ზ----- გ--------ესთან ერთად იმყოფებოდა კალოუბნის ქუჩა №20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისგან დაახლოებით ორი მეტრის მანძილში მდგომი ა/მანქანიდან შემოესმა ბავშვის ტირილის ხმა და დაინახა, რომ მანქანაში მჯდომი ქალბატონი ძალადობდა არასრულწლოვან ბავშვზე, რაც გამოიხატებოდა თმების მოქაჩვაში და სახის არეში ხელის დარტყმაში. მ--- ჩ-----ი იყო აგრესიული და აცხადებდა, რომ ბავშვი იყო მისი შვილი და როგორც თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ ისე მოექცეოდა, რის შემდეგაც ისინი გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში.

მოწმე ა------ ს---–-----–---–ის ჩვენებით - 2018 წლის 26 თებერვალს დაწყებული იქნა გამოძიება მ--- ჩ-----ის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რასთან დაკავშირებითაც მოწმის სახით გამოკითხა ზ----- გ--------ე, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. მსგავსება პატაკის და ზ----- გ--------ის გამოკითხვის ოქმის შემთხვევითია და გამოკითხვისას არ გამოუყენებია ზ----- გ--------ის პატაკი.

 

მოწმე გ------- ი-------–---–ის ჩვენებით - აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა მოწმეები, სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი გამართლებულ მ--- ჩ-----ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება, როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე, უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი “.

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულიად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება მ--- ჩ-----ის მიერ, ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა - სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თვითმხილველი მოწმეების ზ----- გ--------ის და შ--–-- უ----–---–ის ჩვენებები, რომელიც საკმარისი იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ს--–---- ქ------–-–---–ს აღენიშნებოდა სკალპის ზედაპირული ტრავმა (მარცხენა შუბლ–თხემისა და პერიორბიტალური მიდამოს სისხლნაჟღენთი) თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრავმა (ცხვირის და სახის ზედაპირული ტრავმა) და დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი–ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, თუმცა ჩატარებული ექსპერტიზით ვერ იქნა დადგენილი დაზიანების ხანდაზმულობა. ხანდაზმულობის ვერ დადგენა კი არ გამორიცხავს, რომ ს--–---- ქ------–-–---–ს აღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა 2018 წლის 26 თებერვლამდე. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არ დასტურდება, რომ მ--- ჩ-----მა 2018 წლის 26 თებერვალს განახორციელა ძალადობა ს--–---- ქ------–-–---–ზე, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აპელანტის დასაბუთება, ექსპერტიზის დასკვნის ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და ეჭვს. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს მ--- ჩ-----ის სასარგებლოდ.

 

რაც შეეხება მოწმეების ზ----- გ--------ის და შ--–-- უ----–---–ის ჩვენებებს, პალატა განმარტავს, მტკიცებულება უნდა შეფასდეს - რელევანტურობასა და დასაშვებობასთან ერთად, მისი უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, კანონიერი გზით მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე. ჩვენების უტყუარობის და სანდოობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, როგორც სასამართლოში მიცემული ინფორმაციის შინაარსი, ასევე გამოძიების პროცესში მისი მოპოვების კანონიერება. წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე ზ----- გ--------ის 2018 წლის 26 თებერვლის პატაკი, სიტყვასიტყვითაა გადატანილი და სასვენი ნიშნებითაც კი არ განსხვავდება, მისი მოწმის სახით გამოკითხვის ოქმისა და მოწმე შ--–-- უ----–---–ის გამოკითხვის ოქმისგან. მათ შორის, ზ----- გ--------ის პატაკსა და გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია, რომ კალოუბნის ქუჩაზე იმყოფებოდა თანამშრომელ შ--–-- უ----–---–თან ერთად, გადატანილია შ--–-- უ----–---–ის გამოკითხვის ოქმშიც და არათუ ოქმის შინაარსი, სასვენი ნიშნები და სიტყვები, სახელი და გვარიც კი არაა შეცვლილი, რომ შ--–-- უ----–---–ი იმყოფებოდა ზ----- გ--------ესთან ერთად. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება უკარგავს ზ----- გ--------ის და შ--–-- უ----–---–ის ჩვენებებს სანდოობის ხარისხს და წარმოადგენს საფუძველს, სააპელაციო პალატამ მიიჩნიოს, რომ ეს ჩვენებები ვერ იქნება იმ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის წინაპირობა. ზ----- გ--------ის და შ--–-- უ----–---–ის ჩვენებების შეფასებისას ასევე, მნიშვნელოვანია თვითმხილველი მოწმის დ---- ო-----ის ჩვენება, რომელმაც არ დაადასტურა მ--- ჩ-----ის მიერ ს--–---- ქ------–-–---–ზე ფიზიკური ძალადობის არსებობის ფაქტი და განმარტა, რომ 2018 წლის 26 თებერვალს ავტომანქანაში, დედა-შვილს შორის გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით იყო ხმამაღალი საუბარი, თუმცა მ--- ჩ-----ის მხრიდან ს--–---- ქ------–-–---–ის მიმართ რაიმე სახის ფიზიკურ ძალადობას, ხელის დარტყმას ან თმის მოქაჩვას ადგილი არ ჰქონია.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. შესაბამისად, ძალადობის შედეგად ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის განცდა დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი ელემენტია.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით შეუძლებელია, ს--–---- ქ------–-–---–ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტის დადგენა. თავად, ს--–---- ქ------–-–---–მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის - დედის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. მოწმეების ზ----- გ--------ის და შ--–-- უ----–---–ის ჩვენებები კი არ შეიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ს--–---- ქ------–-–---–ის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტის დადგენა შესაძლებელი იქნებოდა პირდაპირ ან ობიექტურად არსებული გარემოებებით.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოში, ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარდგენილი აშკარა, სანდო და შეთანხმებული მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ მ--- ჩ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა მ--- ჩ-----ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მ--- ჩ-----ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნათია ქომოშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 სექტემბრის განაჩენი მ--- ჩ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ--- ჩ-----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის საფუძველზე, მ--- ჩ-----ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე