განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2233-19 (330310018002386512)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: გიორგი გოგიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოსარჩელე) - ოლ---–-----ე
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს გენერალური პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.აპელანტ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
1.2 აპელანტ ოლ---–-----ის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ოლ---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე ოლ---–-----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით - 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება.
2.1. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქმეზე N1/2146-15, ოლ---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 13 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ- ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ოლ---–-----ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 26 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ოლ---–-----ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ოლ---–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 30 მარტიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე N1/2146-15 (ს/ფ 34-49)
2.1.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით საქმეზე N1ბ/1157-15, მსჯავრდებულ ოლ---–-----ის ინტერესების დამცველ ადვოკატს- მ---- ხ--------ეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე N1/2146-15 ოლ---–-----ისა და სხვა მსჯავრდებულთა მიმართ დარჩა უცვლელი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
2016 წლის 08 ივლისის განაჩენი საქმეზე N1ბ/1157-15 (ს/ფ 19-33)
2.1.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით, საქმეზე N560აპ-16, მსჯავრდებულ ოლ---–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- ხ--------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ოლ---–-----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტისა და 2015 წლის 13 მარტის ეპიზოდები), ასევე – სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ოლ---–-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინება საქმეზე N560აპ-16 (ს/ფ 14-18)
2.1.4. ოლ---–-----ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა - 3000 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელშეკრულება N014/1-15 ( ს/ფ 50-53)
-ხელშეკრულება N014-15 (ს/ფ 54-57)
-N014/1-15 ხელშეკრულების დანართი (ს/ფ 277)
-N014-15 ხელშეკრულების დანართი (ს/ფ 290)
2.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის (ძველი რედაქციით _ 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება, შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი, ასევე, განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურების უფლება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ო-–----–-სკაძე ითხოვდა მოპასუხეს დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის სახით-9684 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 3000 ლარი არის ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი, 3773 ლარი - პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, 724 ლარი - პატიმრის სატელეფონო მომსახურების თანხა, ხოლო 2187 ლარი- ამანათების და ხანმოკლე პაემნების ხარჯი.
სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (საქმე №ბს- 52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტება, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
2.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს; ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ან გაუსვლელობის ხელწერილის უკანონოდ გამოყენების, პატიმრობის, ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდება სახელმწიფოს მიერ მოკვლევის, წინასწარი გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის (1005.3) თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია, დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
მითითებული ნორმა, ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, ამავე ნორმის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმეNბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც: ,,მორალური ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ყოველგვარი მორალური ზიანი (სულიერი ტანჯვა), თუნდაც ეჭვს არ იწვევდეს მისი ანაზღაურება, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის ანაზღაურებასაც პირდაპირ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს მის ორი წელი და შვიდ დღიან უკანონო მსჯავრდებას/პატიმრობას."
ამავე საქმეზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით დადგენილ გარემოებებზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქმეზე N1/2146-15, ოლ---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 13 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ოლ---–-----ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 26 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ოლ---–-----ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. ოლ---–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 30 მარტიდან. აღნიშნული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით საქმეზე N1ბ/1157-15, უცვლელად იქნა დატოვებული.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით საქმეზე N560აპ-16 მსჯავრდებულ ოლ---–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- ხ--------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ო-–----–-სკაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტისა და 2015 წლის 13 მარტის ეპიზოდები), ასევე – სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ოლ---–-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
2.2.3. სასამართლომ მიუთითა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), სადაც განიმარტა, რომ ,,განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური."
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის უკანასკნელი ღონისძიებაა, აღნიშნული შესაძლებელია მაშინ, როდესაც ერთის მხრივ, შეუძლებელია ზიანის ანაზღაურება მისი ნატურით ან მაშინ, როდესაც ნატურით რესტიტუცია არათანაზომიერად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დაადასტუროს გაწეული ხარჯები, სამომავლოდ გასაწევი ხარჯების აუცილებლობა და ოდენობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ვერ დაკმაყოფილდება და ვერ დაეფუძნება ხარჯების სავარაუდო ოდენობას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამასთან კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ასანაზღაურებელ ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
სასამართლოს მოსაზრებით უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
ამრიგად, სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად 23 თვისა და 18 დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. სასამართლო ასევე გაითვალისწინა მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დასტურდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოებული პაციენტის სამედიცინო ბარათით და მხარის განმარტებით. ამასთან, საქმის მასალებს ერთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ ის რეგისტრირებული იყო 2015 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე, თუმცა გამოცდებზე გასვლა ვერ შეძლო, რადგან იმ დროისათვის იყო პატიმარი და მისი განმარტებით, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ სურდა ბადრაგის თანხლებით მისულიყო გამოცდაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელე ოლ---–-----ეს უნდა აუნაზღაურდეს მორალური ზიანის სახით 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.
2.2.4. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის სახით - 3773 ლარის, როგორც პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის, 724 ლარის- პატიმრის სატელეფონო მომსახურების თანხის და ამანათების და ხანმოკლე პაემნების ხარჯის - 2187 ლარის დაკისრების თაობაზე- სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პატიმრობის კოდექსის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. მე-2 პუნქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით.
ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამდენად, კანონით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები, სამართლებრივი მდგომარება და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მატერიალური ზიანის დაკისრების ნაწილში და მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და ამანათებისა და ხანმოკლე პაემნების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამანათებისა და ხანმოკლე პაემნების ხარჯის -2187 ლარის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნას პატიმრის სატელეფონო მომსახურების თანხის მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. ამდენად, სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება გააჩნია მსჯავრდებულს, რომელიც წარმოადგენს მის უფლებას და არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან.
2.2.5. ოლ---–-----ე მატერიალური ზიანის სახით ასევე ითხოვს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 3000 ლარის ანაზღაურებას, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება N014/1-15,ხელშეკრულება N014-15, N014/1-15 ხელშეკრულების დანართი და N014-15 ხელშეკრულების დანართი, რომლის მიხედვითაც ადვოკატის ჰონორარი, რომელიც იცავდა მოსარჩელის უფლებებსა და ინტერესს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას წარმოადგენს ჯამში 3000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი განაჩენების მიხედვით, ოლ---–-----ეს სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებას უწევდა მ---- ხ--------ე. მოსარჩელე უკანონო დაკავებისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და დააკმაყოფილა მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში.
2.2.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამ ნორმის მე-2 ნაწილით, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამავე კოდექსის 331-ე მუხლით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ამდენად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისრა მოსარჩელე ოლ---–-----ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება, ხოლო მატერიალური ზიანის სახით- 3000 ლარის ანაზღაურება.
3. ოლ---–-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით საკმარისად ვერ შეაფასა ის გარემოებები და არ გაითავისა მორალური ზიანის სიმძიმე. რომელიც მას მიადგა უკანონო ორ წლიანი დავაკების შედეგად . სახეზე გვაქვს მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს უკანონო ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მორალური ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს გონივრულობის ფარგლებში და გათალისწინებულ უნდა იქნეს ყველა არსებული ფაქტი. ორ წლიანი უკანონო დაპატიმრების შემდეგ მას და მის ოჯახს მიადგა ფსიქოლოგიურ, მორალური და ფინანსური ზიანი. სასჯელის მოხდის პერიოდში მას გაუჩნდა სხვადასხვა დაავადებები. გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ არ შეაფასა მორალური და მატერიალური ზიანი სრულყოფილად. მას ხსენებული უკანონო სასჯელის შედეგად შეეზღუდა უმაღლესი განათლების მიღების უფლება, ის დარეგისტრირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების ბაზაში. ასევე, სასამართლომ არ გაიზიარა ის ფინანსური ზარალი, რომელიც ოჯახს მიადგა მისი უკანონო დაკავების შედეგად.
აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი, განაჩენით, სხვა მტკიცებულებებით და სამედიცინო ცნობებით დასტურდება, რომ ის ორ წელზე მეტი ვადით უდანაშაულოდ იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ასევე იქ ყოფნის პერიოდში მიიღო ჯანმრთელობის დაავადებები.
აპელანტი უთითებს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. პირს უფლება აქვს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, გამამართლებელი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნება: გამართლებულის უფლება, რომ აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამაართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყო ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღარების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლი ადგენს სახელმწიფო ორგანოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს და ითვალისწინებს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისას პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავდროულად, საქართველოს ზოგადი ადმინისრაციული კოდექსის 207-ე მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღარებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გამოყენების შესაძლებლობას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი შეიცავს დელიქტურ ვალდებულებათა მომწესრიგებელ დანაწესებს, პირველ რიგში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, ადგენს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დელიქტი - ზიანის მიყენება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს რაიმე მოქმდლების შესრულება. ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი ასევე, აღნიშნული კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. ასევე, მითითებული კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სსკ-ს 997-ე მუხლის განსაზღვრავს, რომ პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან მოიხადა ისეთი ქმედებისთვის პასუხისგება, რომლიც მას არ ჩაუდენია. ასევე, მოწინააღმდეგე მხარის თანამშრომლების მიერ მოხდა მისთვის დანაშაულის დაბრალაბეა და ამის შედეგად ორ წელზე მეტი ვადით მისი პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნა.
ზემოხსენებულიდან და სამართლებრივი დასაბუთებიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილებას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმად ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად კი - თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს ამავე კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად "პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად "რეაბლიტირებული პირისთვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს.
აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლების დეფინიცია ცხადყოფს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს-ზიანს შორის. ასევე მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურეობრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე თანახმად, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად კი, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი, მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტის თანხმად, განაჩენი – პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ბრალდებულს ცნობს დამნაშავედ დანაშაულის ჩადენაში ან ამართლებს მას. ამავე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, განჩინება- სასამართლოს გადაწყვეტილება (განაჩენის და განკარგულების გარდა) ნებისმიერ საკითხზე.ამავე კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, სასამართლო სახელმწიფო ხელისუფლების ერთადერთი ორგანოა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მართლმსაჯულება, განიხილოს სისხლის სამართლის საქმე, გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი.
სისხლისამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი წევრების უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, წინასწარ ვერ განისაზღვრება კონკრეტული საქმის შედეგი, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ოლ---–-----ის მიმართ წარმოებდა სისხლის სამართლის საქმე, მიერ მიერ სავარაუდოდ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. ამ მიზნით და კანონის შესაბამისად, მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 ლის 31 მარტის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ოლ---–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულისთვის გათვალისიწნებული საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) საქართველოს სსკს-ს 19,117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ერთი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, საქართველოს სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 26 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წლის ვადით და საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობის საკითრები, ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი დაეკისროს მას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით უარი ეთქვა ოლ---–-----ის ინტერების დამცველ ადვოკატს სააპელაციო საჩივარზე და ძალაში იქნა დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი. ოლ---–-----ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის განაჩენის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებელის ბრალისა. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-972-936(3კ-08) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რაც გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე, დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისააა, დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და აშ), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.04.2014 წლის ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-648-623(3კ-13) ჩამოყალიბებული განმარტების შესაბამისად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს.
ასევე, აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,სასამართლო ასევე ითვალისიწნებს, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დასტურდება.. პაციენტის სამედიცინო ბარათით და მხარის განმარტებით, ამასთანმ საქმის მასალებს ერთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ ის რეგისტირებული იყო 2015 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თუმცა გამოცდაზე გასვლა ვერ შეძლო, რადგან იმ დროისთვის იყო პატიმარი და მისი განმარტებით.. მას არ სურდა ბადრაგის თანმხლებით მისულიყო გამოცდაზე“. აპელანტი არ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებებ, ვინაიდან სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია საქმეში არსებული კიდევ ერთი ცნობა, რომლითაც დასტურდება რომ ოლ---–-----ეს სწავლასთან დაკავშირებით მანამდეც ჰქონდა პრობლემა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივ დევნასთან სწავლის გაგრძელების სურცილი და შესაძლებობების დაკავშირება უსაფუძვლოა. ასევე, ცნობა, რომლის დაყრდნობითაც სასამართლომ გაითვალისწინა ჯანმრთელობის მდგომარეობა, სასჯელაღსრულების დაწესებულების პენიტენციური დაწესებულების პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციიდანაა წარმოდგენილი, სადაც ნათლად ჩანს, რომ ო. ც-----ემ ისარგებლა გეგმიური ვიზიტით და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებაზე არაფერია ნათქვამი.
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს, ასევე, მხედველობაში უნდა მიეღო როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით დადგენილი პრაქტიკა ისე, საქართველოს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკა. რომელთაგან საორიენტაციოდ დავასახელებ რამოდენიმე მათგანს:
· "ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 600 (ექვსასი) ევროს ოდენობით (მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, საბოლოოდ მას ბრალი მოეხსნა).
· "კასრაძე საქართველოს წინააღმდეგ საქმეში, აღიარებულ იქნა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლების დარღვევა. კონვენციის მე-6 მუხლი ეხებოდა მის მიმართ მიღებულ უკანონო განაჩენს, რის საფუძველზეც მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა 7 წელი. კომპენსაციის სახით შეთავაზებულ იქნა 4 000 (ოთხი ათასი) ევრო.
· "ფაცურია საქართველოს წინააღმდეგ", ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებისათვის, ევროპულმა სასმართლომ მომჩივანს მიანიჭა კომპენსაცია 1500 (ათას ხუთასი) ევროს ოდენობით. მომჩივანი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 9 თვისა და 12 დღის მაინძილზე.
· საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით (#ბს-648-623(2კ-13) გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რომლითაც საქართველოს პროკურატურას ლ.ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის გადახდა (ლ.ა გორის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ცნობილი იქნა დამნაშავედ და პატიმრობაში გაატარა თითქმის 1 წელი) საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მიყენებეული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრიული თანხაა 7 500 ლარი.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 01 აპრილის #3/3906-14 გადაწყვეტილება, მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პროკურატურას), მოსარჩელე ბ.ი-მ პატიმრობაში გაატარა 05 თვე, შემდგომ შეეფარდა გირაო, 6,5 წლის განმავლობაში იყო ძებნაში, სს საქმე იხილებოდა 7 წლის მანძილზე.
· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის # 3/9-16 გადაწყვეტილება, რომლითაცმორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 5 000 ლარი. მოსარჩელე ა.კ-მ პატმრობაში გაატარა 8 თვე და 11 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის #3/2531-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 5 400 ლარი, მოსარჩელე ფ.თ-მ პატიმრობაში გაატრა 8 თვე და 21 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 03 ოქტომბრის #3/3692-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაღვრა 7 800 ლარი. მოსარჩელე ს.კ-მ პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 06 დღე.
· ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის #1/380-12 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 7 500 ლარი. მოსარჩელე რ.ხ-მ პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 13 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის #3/780-16 გადაწყვეტილება რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 000 ლარი (სოლიდარულად დაეკისრა შსს-ს და საქართველოს პროკურატურას) რ.ხ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა 19 წლის მანძილზე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის #3/8374-16 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 4 500 ლარი, მოსარჩელე ნ.ბ-მ პატიმრობაში გაატრა 8 თვე და 27 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს #3/110-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 9 600 ლარი, მოსარჩელე ზ. გ-მპატიმრობაში გაატარა 01 წელი 03 თვე და 03 დღე.
· კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 იანვრის 3/5834-17 გადაწყვეტილება, მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 3 000 ლარი, მოსარჩელე ო.ქ-მ პატიმრობაში გაატარა 5 თვე და 2 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 დეკემბრის 3/6493-18 გადაწყვეტილებით მორალური ზიანის თანხა განისაღვრა 4000 ლარით, მოსარჩელე ა. მ-------მა წ/პატიმრობაში გაატარა 08 თვე და 10 დღე.
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 იანვრის #3/5200-17 გადაწყვეტილება, რომლითაც მორალური ზიანის თანხად განისაზღვრა 10 800 ლარი, მოსარჩელე რ.ა-მსასამართლო განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 6 თვე.
· თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 მარტის #3ბ/164-19 გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს გენერალურ პროკურატურას კ.ე-ს სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 ლარის ანაზღაურება (კ.ე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პატიმრობაში იმყოფებოდა 1 წელი, 1 თვე და 7 დღე) სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ევროპული და ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის გათვალიწინებით, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა შეადგენს 6 500 ლარს.
ამასთან, აპელანტი აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2015 წლის 31 მარტის განჩინებით წინასწარ პატიმრობაში გაატარა 7 თვე, ხოლო თბილისის სამოქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, რაც სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელად იქნა დატოვებული, პატიმრობაში გაატარა 1 წელი და 4 თვე და 17 დღე. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 08 აპრილის (ბს-972-936 (3კ-08) და 2014 წლის 10 აპრილის (ბს-648 623 (3კ-13) განჩინებებში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის დაკისრება არ გამომდინარეობს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებიდან და სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება მატერიალური ზიანის სახით საქართველოს გენერალური პროკურატურისთავის ო. ც-----ის სასარგებლოდ დაკისრებულ 3000 ლარს, აღნიშნულსაც არ ეთანხმება აპელანტი, ვინაიდან ადვოკატის მიერ გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. საქმეში წარმოდგენილია ხელშეკრულება, თუმცა კონკრეტული ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები სახეზე არ არის. ამ მხრივ საგულისხმოა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ბს-397-391 (2კ4კს-15), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არ დასტურდება კონკრეტული ხარჯის გაწევა, მოთხოვნის დაკმაყოფილებსი საფუძველი არ არსებობდა. შესაბამისად, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა ითხოვს დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას ოლ---–-----ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურა სააპელაციო შესაგებელშიც უთითებს, სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ დასაბუთებაზე და ითხოვს არ დაკმაყოფილდეს აპელანტ ოლ---–-----ის სააპელაციო საჩივარი.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრების ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
რამდენადაც სააპელაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებსა და სამართლებრივ შეფასებებს, განჩინების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და თავის მხრივ დამატებით განმარტავს შემდეგს:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს რომ, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება აბსოლუტური უფლებაა. თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფო ხელისუფლება დაკავშირებულია ძირითად უფლებებთან როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალთან, შესაბამისად, მათი მოქმედება ვრცელდება ყველაზე ვისაც ისინი ეხება. მოქალაქეს შეუძლია დაეყრდნოს ამ უფლებებს სახელისუფლებო სტრუქტურებთან მიმართებაში, როგორც საკუთარ ძირითად უფლებებს და მოითხოვოს მათი სასამართლო წესით დაცვა. ძირითადი უფლებების ფლობა გულისხმობს მათი დაცვის ვალდებულებასაც. აბსოლუტურად აკრძალულია ადამიანის წამება, არაადამიანური ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობა ან საჯელი, განურჩევლად საქმის გარემოებებისა და მსხვერპლის ქცევისა. (იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, ლაბიტა იტალიის წინააღმდეგ, 2000 წელი). არაადამიანური მოპყრობა ან დასჯას წარმოადგენს ინტენსიური ფიზიკური ან მორალური ტკივილის მიყენება; ხოლო დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი არის მოპყრობა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანში შიშის, მწუხარების და დათრგუნვის გრძნობის აღძვრას, რამაც შეიძლება დაამციროს იგი, შელახოს მისი ღირსება და გატეხოს მისი ფიზიკური და მორალური მდგრადობა. (იხ. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, Irland v. UK, 1978 წელი). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ სისასტიკის მინიმალური ზღვარის შეფასება შედარებითია და დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე, მათ შორის მოპყრობის ინტენსიურობასა და ხანგრძლივობაზე, მოპყრობით გამოწვეულ ფიზიკურ და სულიერ ტკივილსა და შედეგებზე, ზოგიერთ შემთხვევაში კი - პირის სქესსა, ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როდესც სასამართლო იხილავს საკითხს- არის თუ არა მოპყრობა დამამცირებელი - იგი ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას მოპყრობის მიზანზე, ანუ იყო თუ არა მოპყრობის მიზანი პირის დამცირება და აბუჩად აგდება. (ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, Aksoy v. Turkey).
საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადამიანის თავისუფლება დაცულია. თავისუფლების აღკვეთის ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შეფარდება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება. არავის შეიძლება აღეკვეთოს თავისუფლება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. ამავე ნორმის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ყველას, ვინც არის დაკავების ან დაპატიმრების მსხვერპლი ამ მუხლის დებულებათა დარღვევის გამო, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
პალატა კიდევ ერთხელ უთითებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილზე, რომლის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქციით მე-18 მუხლის მეოთხე ნაწილი) ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).
„კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება №2/3/630).
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე#ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) უსაფუძვლო გამდიდარების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13)23.07.2013წ) განმარტებაზე, რომ ,,დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი."
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს. ხსენებული კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომელიც ადგენს, რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
ამავე კოდექსის მე-18 მუხლი ასევე განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ან კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტის მიმართ.
პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით საქმეზე N1/2146-15, ოლ---–-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 13 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ოლ---–-----ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა 2012 წლის 26 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 (ორი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ოლ---–-----ეს საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. ოლ---–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2015 წლის 30 მარტიდან. აღნიშნული განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 08 ივლისის განაჩენით საქმეზე N1ბ/1157-15, უცვლელად იქნა დატოვებული.
ასევე, პალატა იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მარტის განჩინებით საქმეზე N560აპ-16 მსჯავრდებულ ოლ---–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---- ხ--------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივლისის განაჩენში შევიდა ცვლილება: ო-–----–-სკაძე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 10 მარტისა და 2015 წლის 13 მარტის ეპიზოდები), ასევე – სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 21 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. ოლ---–-----ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან.
პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სახის სასჯელი უნდა დაეკისროს მას.
პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნეს მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე - სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება ზემოაღნიშნული მუხლის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ გამართლებულს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს კომპენტენციას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მისი უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ამრიგად, მოქმედი კანონმდებლობით არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს,რომ არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, გონივრული დასამართლიანი ანაზღაურების სახით. კანონი არ ადგენს მორალური ზიანის ოდენობას, რამდენადაც მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება,როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უსაშველოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას. მართალია მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღავრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს მიხედულებით უნდა გადაწყდეს. შელახული სიკეთის ხასიათიდან გამომდინარე და სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. როგორი დიდიც არ უნდა იყოს კომპენსაცია, იგი მაინც ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებებლია მისი სრულად აღდგენა. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ევრო-სასამართლოს პრაქტიკა არ არის ერთგვაროვანი და ევრო-სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (პატსურია ვ. გეორგია; ნიკოლაიშვილი ვ. გეორგია; ჟასჰი ვ. გეორგია). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე #ბს-648-623(2კ-13).
პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (რამიშვილი და კოხრეიძე საქართველოს წინააღმდეგ), რომელშიც აღნიშნულია, რომ განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში.
ასევე, პალატა იზიარებს, სასამარლოს მოსაზრებას, რომ უკანონოდ დაკავება/პატიმრობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა მორალური ზიანი. სახეზეა მიზეზობრივი კავშირი, სახელმწიფო ორგანოების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა მოწყდეს რეალობას. მოთხოვნა წარმოადგენს მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას, ხოლო ანაზღაურების მოცულობის ოდენობას გონივრულ ფარგლებში განსაზღვრავს სასამართლო. შელახული სიკეთის ხასიათის, სულიერი ტანჯვის ხარისხის ზუსტად განსაზღვრის შეუძლებლობის გამო, უფრო მართებულია ზიანის კომპენსაცია, რამდენადაც ეს შესაძლებელია საერთოდ. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრულად აღდგენა.
პალატა ეთანხმება, პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული იძულების ფორმებს, სახელდობრ, იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელეს თავისუფლება ჰქონდა აღკვეთილი ფაქტობრივად 23 თვისა და 18 დღის განმავლობაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. მართალია, ამა თუ იმ ფორმით თავისუფლების აღკვეთა ყოველთვის იწვევს დისკომფორტს, მაგრამ დაპატიმრებული პირი, გონივრულ ფარგლებში, მაინც ვალდებულია ითმინოს ეს, როდესაც დაცულია გარკვეული სტანდარტები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ტანჯვის დონე, რომელიც გარდაუვალად უკავშირდება დაკავებას (პაპონი საფრანგეთის წინააღმდეგ, 2002 წლის 25 ივლისი, §40) და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელი ყველა შემთხვევაში იწვევს სირთულეს და ტანჯვას. იმავეს ვერ ვიტყვით პირზე, რომელიც უკანონოდ და დაუსაბუთებლად არის დაპატიმრებული. ის არ არის ვალდებული, ითმინოს პატიმრობასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატება თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობაში ან შეზღუდვაში. უკანონოდ დაპატიმრებული პირის პატიმრობაში ყოფნაა, როგორც ასეთი, უკანონობა, მიუხედავად იმისა, დაირღვევა თუ არა რეჟიმის რომელიმე მოთხოვნა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც დასტურდება, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წარმოებული პაციენტის სამედიცინო ბარათით და მხარის განმარტებით. ამასთან, საქმის მასალებს ერთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომ ის რეგისტრირებული იყო 2015 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე, თუმცა გამოცდებზე გასვლა ვერ შეძლო, რადგან იმ დროისათვის იყო პატიმარი და მისი განმარტებით, მისი ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას არ სურდა ბადრაგის თანხლებით მისულიყო გამოცდაზე.
სააპელაციო სასამართლო მორალური კომპენსაციის ოდენობის შეფასებისას ითვალისწინებს საერთაშორისო და შიდაეროვნული კანონმდებლობით აღიარებული აბსოლუტური უფლების დარღვევის ხასიათს, მის მნიშვნელობას დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნისას განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფორმების სისასტიკეს, ინტენსიურობასა და ხანგრძლივობას, ბრალის ხარისხს, ასევე მოსარჩელის მიმართ დამდგარი ზიანის სიმძიმეს, არაადამიანური მოპყრობით გამოწვეულ ფიზიკურ და სულიერ ტკივილს, რისი გათვალისწინებითაც, მიიჩნევს რომ განსახილველ შეთხვევაში ოლ---–-----ისთვის მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა გონივრულია და საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ოლ---–-----ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები მის შეცვლასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაზიარებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას,რომ მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელისთვის მორალური ზიანის სახით 15000 (თხუთმერი ათასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში.
აპელანტ ოლ---–-----ე სააპელაციო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაეკისროს მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
პალატა იზიარებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას პატიმრობის კოდექსის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს. მე-2 პუნქტის თანახმად ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, განჩინება, დადგენილება და მოსამართლის ბრძანება, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით; ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით; ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით.
ამავე კანონის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით, ხოლო მე-4 ნაწილის შესასაბამისად, სარჩოს ნაცვლად დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს კომპენსაციის მიღება, თუ არსებობს საამისო მნიშვნელოვანი საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ ,,ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
ამდენად, კანონით განსაზღვრულია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები, სამართლებრივი მდგომარება და პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული სახელმწიფოს ხარჯზე უზრუნველყოფილია კვებით, რომელიც შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს.
ამდენად, პალატა იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომ სარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის სახით პატიმრის ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და ამანათებისა და ხანმოკლე პაემნების ხარჯის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ამანათებისა და ხანმოკლე პაემნების ხარჯის -2187 ლარის გაღების დამადასტურებელი მტკიცებულება. ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას პატიმრის სატელეფონო მომსახურების თანხის მოპასუხისათვის დაკისრებასთან დაკავშირებით.
როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლის მიხედვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სატელეფონო საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ხარჯითა და პენიტენციური დაწესებულების კონტროლით. ამდენად, სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება გააჩნია მსჯავრდებულს, რომელიც წარმოადგენს მის უფლებას და არ არის დაკავშირებული აუცილებლობასთან.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მატერიალური ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, ხელშეკრულება N014/1- 15,ხელშეკრულება N014-15, N014/1-15 ხელშეკრულების დანართი და N014-15 ხელშეკრულების დანართი, რომლის მიხედვითაც ადვოკატის ჰონორარი, რომელიც იცავდა მოსარჩელის უფლებებსა და ინტერესს სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას წარმოადგენს ჯამში 3000 ლარს. საქმეში წარმოდგენილი განაჩენების მიხედვით, ოლ---–-----ეს სისხლის სამართლის საქმეზე საადვოკატო მომსახურებას უწევდა მ---- ხ--------ე. მოსარჩელე უკანონო დაკავებისა და მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებების ეფექტური დაცვისთვის მიემართა ადვოკატისთვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას ფულად ზარალსა და მოპასუხის ქმედებას შორის.
პალატა კვლავაც მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე (Ramishvili and Kokhreidze v. Georgia), რომლს თანახმად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ ფულად კომპენსაციასა და კონვენციის დარღვევას შორის უნდა იყოს კონკრეტული მიზეზობრივი კავშირი. სრული კომპენსაციისთვის (restitutio in integrum) საჭირო თანხის ზუსტი გამოთვლა შეიძლება შეაფერხოს დარღვევით გამოწვეული ზიანის ბუნდოვანებამ. ასეთ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი როგორც წარსულ, ასევე მომავალ ფულად ზარალთან მიმართებაში. ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს სასამართლოს დისკრეციას და უნდა იყოს ობიექტური. ამდენად, იმ პირობებში როდესაც არსებობს სახელმწიფოს ბრალეული ქმედება, დგინდება მიზეზობრივი კავშირი აღნიშნულ ქმედებასა და ზიანს შორის, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ზიანის ოდენობას არ ასახავს არითმეტიკული სიზუსტით, არამედ მიუთითებს გონივრულ ოდენობაზე, სასამართლო უფლებამოსილია შემოიფარგლოს აღნიშნული მონაცემებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას,რომ მოთხოვნა მოცემულ ნაწილში ფაქტობრივ-სამართლებრივად დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელისთვის მატერიალური ზიანის სახით 3000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოღანიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, ვერ გაიზიარებს მეორე აპელანტის საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილში კანონიერია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს ძალაში.
5. საპროცესო ხარჯები:
5.1„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით აპელანტები გათავისუფლებული არიან სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ოლ---–-----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: გიორგი გოგიაშვილი