განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2020
საქმის ნომერი
330100119003239774
ინსტანცია
თარიღი
12.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003239774

№1ბ/126-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე მერაბ ჯორბენაძე

 

სხდომის სახე – ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ვ-------ი ჯ--------ე, დაბადებული: 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------–----------–----------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

სასჯელი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობის 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ანა კალანდაძემ. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ვ-------ი ჯ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და შესაბამისად ვ-------ი ჯ--------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას, ბრალდებულს შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელი განუსაზღვრა, რაც ჩაუთვალა პირობით. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე რომ ვ-------ი ჯ--------ემ დანაშაული ჩაიდინა ალკოჰოლური სასმელი ზემოქმედების ქვეშ, სპეციალურად მომარჯვებული სპეციალური საშუალების გადატეხილი ბოთლის გამოყენებით და საჯარო ადგილას, ამასთან დაზარალებულს დაზიანება მიაყენა გულმკერდის არეში. აპელანტს მიაჩნია რომ ამგვარად მსუბუქი სასჯელის დანიშვნით შესაძლოა მოხდეს ძალადობრივი ქმედების წახალისება და საზოგადოებას გაუჩნდეს დაუცველობის განცდა. ვ-------ი ჯ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელი ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი ითხოვს ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ვ-------ი ჯ--------ის მიმართ სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით და მას განესაზღვროს სანქციის მაქსიმუმთან მიახლოებული თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

სასამართლომ დაადგინა:

ვ-------ი ჯ--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 09 სექტემბერს, გამთენიისას, ქ. თ---–--–----------–---–-------------თან ვ-------ი ჯ--------ეს შელაპარაკება მოუვიდა, ამავე მისამართზე მდებარე ღამის კლუბ „ბანკის“ უსაფრთხოების თანამშრომელთან ე--------- ჩ-----ესთან, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ჩაარტყა გულმკერდის არეში და გაიქცა ქიაჩელის ქუჩის მიმართულებით. ე--------- ჩ-----ე დაედევნა მას რა დროსაც ქიაჩელის ქუჩაზე ასასვლელი კიბის მოაჯირთან ვ-------ი ჯ--------ემ კვლავ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ე--------- ჩ-----ეს, კერძოდ გადატეხილი ბოთლი დაარტყა გულ–მკერდის არეში და მიაყენა გულმკერდის წინა კედლის არა შემავალი ნაკვეთ–ნაჩხვლეტი ჭრილობა. ე--------- ჩ-----ე გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენით, ვ-------ი ჯ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ვახტანგ ჯინჭარაძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2019 წლის 9 სექტემბრიდან, 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ე--------- ჩ-----ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების თ------ კ-----ის, ო----- ფ---–---–--–---–ის, მ-----– ი---–---–ის, ხ----- ჯ-----ს, ე----- ნ-------ს, კ---- მ------–---–ის, რ---–---- დ-------ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითა და თავად ვ-------ი ჯ--------ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ-------ი ჯ--------ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ-------ი ჯ--------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ვ-------ი ჯ--------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოსაზრებას, რომ ვ-------ი ჯ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი მსუბუქია და განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის ადგილი, დაზარალებულის ქმედება, დანაშაულის ჩადენა ნასვამ მდგომარეობაში და ვ-------ი ჯ--------ეს, სანქციით გათვალისწინებული სხვადასხვა ალტერნატიული სასჯელის სახეების მიუხედავად, ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე ექვსი თვით მეტი. ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ვახტანიგ ჯ--------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი და ხასიათდება დადებითად, დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით, რაც სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებელის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სახელმწიფო ბრალმდებელის, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ანა კალანდაძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის განაჩენი ვ-------ი ჯ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ვ-------ი ჯ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 9 სექტემბრიდან 2019 წლის 28 ოქტომბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ეს, საქართველოს სსკ–ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. ამასთან, მსჯავრდებულ ვ-------ი ჯ--------ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

 

ვ-------ი ჯ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ე--------- ჩ-----ის ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მომწვანო ფერის მინის ბოთლის ფრაგმენტები (FCD 1289308) – განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

 

შპს „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტი, საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ ამოღებული ე--------- ჩ-----ის ტანსაცმელი – დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ჯორბენაძე