განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
160100119002935156
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119002935156

საქმე №1ბ/106-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-–---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 08 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლევის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მარნეულის რაიონი, ს------–--------–----–--------------------–----------------------–ი, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით ი-–---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-–---------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ი-–---------------ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე მარნეულის რაიონის სოფელ ყ-----–----–--ში მდებარე მ-------------- ოჯახის მფლობელობაში არსებულ სახლში, ი-–---------------მა, ხელის კეფის არეში ერთჯერადი დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ა-----------------------ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აღნიშნული ქმედებისათვის ი-–---------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ი-–---------------ის მიერ მის მიმართ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ზემოაღნიშნული მუხლით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ მიიჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო ი-–---------------ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ--------------–--ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი-–---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტმა განმარტა, რომ არსებითი განხილვის სხდომაზე დაზარალებულმა და მოწმეებმა, რომლებიც ი-–---------------ის ოჯახის წევრები არიან, სასამართლოზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, თუმცა მათ არ განუცხადებიათ სასამართლოზე, რომ ი-–---------------ი უდანაშაულოა და მან არ იძალადა მამის - ა-----------------------ის მიმართ. აპელანტის მითითებით, მოწმე კ------–------მა, რომელიც ი-–---------------ის მეგობარია, ვერ უარყო ძალადობის ფაქტი და აღნიშნა, რომ ი-–---------------ი იწევდა მამისკენ დასარტყამად, მაგრამ ვერ იხსენებს, დაარტყა თუ არა.

აპელანტმა მიუთითა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ა-----------------------მა დეტალურად აღწერა და აღიდგინა ვითარება მისი შვილის მიერ განხორციელებული ძალადობა და მისთვის მიყენებული ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ა-----------------------ს მართალია არ აღენიშნება დაზიანება, მაგრამ ექსპერტ მ--------–----------ის მიერ მისი პირადი გასინჯვის დროს, დაზარალებული განიცდიდა ტკივილს კისრის უკანა ზედაპირზე, რაც ექსპერტმა მიუთითა მის მიერ გაცემულ დასკვნაში.

აპელანტმა ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/11548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ასევე უშვებს ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობით, თუ იარსებებს სათანადო გამაწონასწორებელი ფაქტორები. ასევე, დამაბალანსებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გადარჩენის ინტერესს ემსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ი-–---------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-–---------------ის მიერ ა-----------------------ის მიმართ ძალადობისა განხორციელების ფაქტს. აპელანტის მიერ ი-–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ ი-–---------------ის ბრალეულობას.

 

ი-–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ძირითადად ეყრდნობოდა ისეთ პირდაპირ მტკიცებულებებს, როგორიცაა დაზარალებულ ა-----------------------ისა და მოწმე ტ------------------ას გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის ოქმები, რომლებიც ი-–---------------ს ამხელდნენ მის მიერ ჩადენილ ძალადობაში, თუმცა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას აღნიშნულმა პირებმა ისარგებლეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს შვილისა და ძმის − ი-–---------------ის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საგამონაკლისო შემთხვევებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაში არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

 

პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას ი-–---------------ის სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულმა და მოწმემ გამოიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. პალატა განმარტავს, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთება, ეს უფლება მოწმეთა მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო. არ დასტურდება ი-–---------------ის მხრიდან ოჯახის წევრების დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულს და მოწმეს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს. ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა და მოწმემ უარი განაცხადეს ბრალდებულის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემაზე, თუმცა არ უარყვიათ ი-–---------------ის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ასეთი მსჯელობა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რადგან დაზარალებულების უარი ოჯახის წევრის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე, არ შეიძლება განხილულ იქნეს დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათი უარყოფა არ მომხდარა ამავე პირების მიერ. მოცემულ შემთხვევაში არსებითია, რომ საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ი-–---------------ის მხრიდან ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ დასახელებული პირების მიერ ჩვენებების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებობს ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ი-–---------------მა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული და მიუთითებს მოწმე ფ-----–------ის ჩვენებაზე, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ მითითებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ისინი არ არის გამყარებული არც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმე ფ-----–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იცნობს ა-----------------------ს და მასთან აქვს კარგი ურთიერთობა. შემთხვევის დღეს იყო მეზობელ ი-–------- ერთად, გაიგონა ხმაური, თუმცა არ დაუნახავს დარტყმის მომენტი. როგორც მისთვის ცნობილია მამა-შვილს აქვს კარგი ურთიერთობა. ფ-----–------მა დაადასტურა ჩვენება რომელიც მისცა გამოძიების ეტაპზე, სადაც მან განმარტა, რომ მართალია, დაინახა თუ როგორ იწევდა დასარტყმელად ი-–---------------ი მამისაკენ, თუმცა უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავს.

 

პალატა ცალკე ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ჩათვლის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი გახდა მოწმე ა-----------------------ის გამოკითხვის ოქმი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ა-----------------------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. შესაბამისად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლას, რომელშიც გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით შემოწმებითი ხასიათისაა და ამ საგამოძიებო მოქმედების დროს სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ გამოვლენილა.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, პირადი გასინჯვით ა-----------------------ს 04.04.19 წ. სხეულზე ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება. პალატას მიაჩნია, რომ დაზიანების არსებობის შემთხვევაშიც კი ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. აპელანტს მიაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში არსებული მითითება, რომ პირადი გასინჯვისას ა-----------------------ი უჩივის ტკივილს კისრის უკანა ზედაპირზე, ადასტურებს ი-–---------------ის მიერ მამის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ შეიძლება დადგინდეს ტკივილის მიმყენებელი პირის ვინაობა, ასევე არ შეიძლება მსჯელობა ამ ტკივილის წარმოშობის მიზეზებზე, რაც არა მხოლოდ ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს. ამასთან, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის მსჯელობას ტკივილის განცდის ინდივიდუალურობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი დადასტურებული უნდა იქნეს თავად მოწმის მიერ, რასაც, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობის ფონზე, პალატა განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამატყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ი-–---------------მა განახორციელა მამის მიმართ ძალადობა. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ი-–---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, სხვა კანონების შესაბამისად და თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე. დასახელებულ მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებები იმავდროულად უნდა შეფასდეს მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები პალატას არასაკმარისად მიაჩნია ი-–---------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ი-–---------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ი-–---------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ი-–---------------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ--------------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ი-–---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ი-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. გირაოს სახით გადახდილი 5 000 ლარი დაუბრუდნეს მის შემტანს - ფ------–---------ს (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

ი-–---------------ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე