განაჩენი

სისხლის სამართლის 14.02.2020
საქმის ნომერი
160100119003106914
ინსტანცია
თარიღი
14.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100119003106914

საქმე №1ბ/112-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ზ---------------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 04 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №0----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის დმანისი, სოფელ კ-----–----–--ში, ფაქტობრივად მცხოვრების მარნეული, 2---------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ზ---------------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ზ---------------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზიარატ მაგგერამოვის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. მარნეული, 2------------------ში მდებარე ზ---------------------ისა და ა-----------–------------–-ს საცხოვრებელ სახლში, ზ---------------------მა უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლე ა-----------–------------–-ზე, კერძოდ, მოიხსენიებდა უშვერი სიტყვებით და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ მუშტი - მარჯვენა მკლავის არეში, რის გამოც ა-----------–------------–- წაიქცა და მარცხენა მკლავით დაეცა იატაკზე. მის მიმართ განხორციელებული ქმედების შედეგად ა-----------–------------–-მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული ქმედებისათვის ზ---------------------ს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ზ---------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ ზ---------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ზ---------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ---------------------მა ნამდვილად ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა. აპელანტმა მიუთითა საქმეში არსებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები ორივე მხარის მიდამოში; ასევე, ა-----------–------------–-ს სხეულზე არსებული დაზიანებების დათვალიერების ოქმზე, რომლის მიხედვით, მას ორივე მკლავზე აღენიშნება სილურჯეები, რომლებიც, დაზარალებულის გადმოცემით, მას მიაყენა მისმა ქმარმა ზ---------------------მა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რა დროსაც დაზარალებულმა პირდაპირ მიუთითა პოლიციის თანამშრომლებს, თუ სად და როგორ იძალადა ფიზიკურად მისმა მეუღლემ. აპელანტმა ასევე მიუთითა გამომძიებელ ბ------–------–---ის ჩვენებაზე, ასევე, დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე და სასამართლოზე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებზე, რომელებითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ---------------------მა იძალადა მისი მეუღლის მიმართ, რა დროსაც დაზარალებულმა დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

აპელანტმა ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/11548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში ასევე უშვებს ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობით, თუ იარსებებს სათანადო გამაწონასწორებელი ფაქტორები. ასევე, დამაბალანსებელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ბრალდებულის დაცვის და მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გადარჩენის ინტერესს ემსახურება. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპელანტმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა იზიარებს ბოლნისის რაიონული სასამართლოს არგუმენტებს ზ---------------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------------------ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ფაქტს. აპელანტის მიერ ზ---------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებლად მიჩნეული საქმეში არსებული მტკიცებულებები ერთობლიობაში უტყუარად ვერ ადასტურებენ მის ბრალეულობას. კერძოდ:

 

პალატა უპირველესად ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მითითებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების საგამონაკლისო შემთხვევებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსში განვითარებულ მსჯელობაში არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს.

პალატა განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო შემთხვევას ზ---------------------ის სისხლის სამართლის საქმეში ადგილი არ აქვს, ვინაიდან დაზარალებულმა ა-----------–------------–-მ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებს.

 

პალატა განმარტავს, საქმის მასალებიდან არ იკვეთება, რომ ეს უფლება დაზარალებულის მიერ გამოყენებულ იქნა რაიმე მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო, არ დასტურდება ზ---------------------ის მხრიდან ოჯახის წევრების დაშინების ან სხვაგვარი გავლენის ნიშნები, რაც დაზარალებულს აიძულებდა დასახელებული პროცესუალური უფლებით სარგებლობას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ასახული საგამონაკლისო შემთხვევა, ირიბ მტკიცებულებაზე დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, სახეზე არ გვაქვს.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება ზ---------------------ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი, კერძოდ, აპელანტი ასახელებს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, რომლის მიხედვით, გარეგანი დათვალიერებით ა----------–------------–-ს 08.07.19 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთი ორივე მხარის მიდამოში, რომლებიც განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. აპელანტმა ასევე მიუთითა ა-----------–------------–-ს ვიზუალური დათვალიერების შესახებ ოქმზე, რომლის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ა-----------–------------–-ს ორივე მკლავზე აღენიშნება სილურჯეები. ამავე ოქმის მიხედვით, დაზარალებულის გადმოცემით, მას მკლავებზე არსებული დაზიანებები მიაყენა მისმა ქმარმა ზ---------------------მა 2019 წლის 06 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე. დაზიანებების დაფიქსირების მიზნით, გადაღებულ იქნა ფოტოსურათები და დაფიქსირებულ იქნა ზემოაღნიშნული დაზიანებები.

 

პალატის აზრით, აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად, ნათელია, რომ ა-----------–------------–-ს სხეულზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და ვიზუალური დათვალიერების ოქმში აღწერილი დაზიანებების მიღების დრო და მიმყენებელი პირის ვინაობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დადგენილად, რადგან აღნიშნული არ არის დადასტურებული თავად დაზარალებულის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებით. ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც ასევე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

პალატა ცალკე ყურადღებას მიაპყრობს საგამოძიებო ექსპერიმენტის (შემთხვევის ვითარების აღდგენის) ოქმის დამოუკიდებელ მტკიცებულებად ჩათვლის საკითხს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის შესამოწმებლად მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო ექსპერიმენტი. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების საფუძველი გახდა მოწმე ა-----------–------------–-ს გამოკითხვის ოქმი. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, მან პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და არ მისცა ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ნათესავს. შესაბამისად, პალატა შეუძლებლად მიიჩნევს იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შემავსებელ მტკიცებულებად ჩათვლას, რომელშიც გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციის გადამოწმება მოხდა. დასახელებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თავისი შინაარსით შემოწმებითი ხასიათისაა და ამ საგამოძიებო მოქმედების დროს სხვა სახის დამატებითი მტკიცებულება არ გამოვლენილა.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს გამომძიებელ ბ------–------–---ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული ა-----------–------------–-. ასევე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი (ვითარების აღდგენა), რა დროსაც დაზარალებულმა განმარტა რომ დაზიანებები მიაყენეს საძინებელ ოთახში და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ექსპერიმენტში ასევე მონაწილეობას იღებდნენ თარჯიმანი და გამომძიებელი დავით ბოჭოიძე. ბ------–------–---მა დაადასტურა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. აღნიშნულ მოწმესთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ ის არ არის ფაქტის შემსწრე თვითმხილველი და გადმოსცემს მხოლოდ სხვისგან, თუნდაც პირველწყაროსგან მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მისი ჩვენება, თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საგამონაკლისო წესს რომ ადგილი არ აქვს მოცემულ საქმეში, სასამართლომ უკვე იმსჯელა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეზე, პირის ბრალდება „მთლიანად დამოკიდებულია“ დაზარალებულის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაზე და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა ვერ ადგენს ობიექტურ გარემოებებს და ვერ უზრუნველყოფს საქმეზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

 

დასკვნის სახით, პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. შესაბამისად, სასამართლო ასკვნის, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს საკმარისი ფაქტობრივი და მტკიცებულებითი საფუძველი გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადგენად, რომ ზ---------------------მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის მიმართ. პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში საკმარისია ზ---------------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რადგან არასაკმარისი და ირიბი ხასიათი საფუძველს აცლის პირის ბრალეულობის დასადასტურებლად მათ გამოყენებას.

 

პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, რომელმაც აღნიშნული ბრალდების დამტკიცება უნდა შეძლოს უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ---------------------ის დამნაშავეობაში. სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება ზ---------------------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა, წარმოადგენს ამ მტკიცებულებების ანალიზის შედეგად წარმოქმნილ ვარაუდს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საფუძლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ”in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის დასახელებული დანაწესიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. იგივე შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ხსენებული კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ზ---------------------ის ბრალეულობის დასადგენად, ისინი არ ქმნიან დანაშაულის ერთიან სურათს და, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ზ---------------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ---------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

ზ---------------------ს უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე