განაჩენი

სისხლის სამართლის 17.02.2020
საქმის ნომერი
330100118002765314
ინსტანცია
თარიღი
17.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002765314

საქმე №1ბ/1338-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–-----------;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ო------–------, დაბადებული - 1----–-–-------------, აზერბაიჯანის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ქ-------------------------------------------; დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–------------–---------------)

 

კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით); 2) საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით).

 

ადვოკატი - ფ----------------;

 

თარჯიმანი - ე-–------------;

 

სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო------–------მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე მ------------------------–---–ების საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტექნიკას, ძვირფასეულობას, ფულად თანხასა და სხვადასხვა პირად ნივთებს. აღნიშნული ქმედებით მ------------------------–---–ებს მიადგათ 1985 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის პირველ ნოემბერს, ო------–------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----------–-----------------ში მდებარე თ-----------–---ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა თ-----------–---ის აქტიური ქმედებით, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ო------–------ის ქმედების შედეგად თ-----------–---ს შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენით:

 

ო------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ო------–------ის ადვოკატმა ფახრად მუსაევმა.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგენილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად ვერ დადასტურდა ორხან საფიევის მიერ დანაშაულის ჩადენა, კანონით დადგენილი წესით გაუქარწყლებელი ე ჭვი კი, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

2018 წლის 30 ოქტომბრის ეპიზოდი

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა მ------------–---–მა განმარტა, რომ დედასთან - ვ---------------–---–თან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში გააღვიძა ვ---------------–---–მა და უთხრა, რომ მათი საცხოვრებელი სახლის ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური. იგი ადგა და დედასთან ერთად გავიდა გარეთ (თავდაპირველად გავიდა ვ---------------–---–ი, ხოლო შემდეგ - თავად) რა დროსაც დედამისმა შენიშნა პირი, რომელიც მათი ეზოდან გარბოდა ღია ჭიშკარში. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გასაყიდად შეძენილი დუტის ქურთუკები. მოწმემ დაადასტურა, რომ სახლიდან წაღებული იყო მიკროტალღური ღუმელი, ლეპტოპი, ფულადი თანხა საერთო ჯამში დაახლოებით 500 ლარის ოდენობით, გასაყიდი დუტის ქურთუკები, ვერცხლის სამკაულები, ასევე მისი დისშვილის კუთვნილი პლასტიკური ბარათები. ამის შემდეგ, მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს ძაღლებთან ერთად. საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სწორედ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ძაღლების მიერ იქნა აღმოჩენილი მათი სახლიდან წაღებული ნივთების ნაწილი. მოწმის განმარტებით, ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა აღემატება 2000 ლარს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ვ---------------–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ქვედა სართულიდან შემოესმა ხმაური. იგი სწრაფად გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა პირი, რომელიც გარბოდა მისი სახლის ეზოდან. აღნიშნულ პირს ხელში ეჭირა პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო გასაყიდად შეძენილი დუტის ქურთუკები. იგი გაეკიდა ბრალდებულს, თუმცა ვერ დაეწია. ჩვენების მიცემისას მოწმემ დაადასტურა, რომ მათი სახლიდან წაღებული იყო მიკროტალღური ღუმელი, ლეპტოპი და სხვადასხვა პირადი ნივთები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ---–-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით 28 წელი ცხოვრობდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. მომხდარი ქურდობის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, გამთენიისას. მოწმემ დაადასტურა, რომ ქურდობის შედეგად მ------------–---–ის კუთვნილი ნივთების გარდა, დაიკარგა მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული ლ-------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს დეიდამისისგან შეიტყო ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ქურდობის თაობაზე. მან აღნიშნული ფაქტი შეატყობინა 112-ის სამსახურს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (30.10.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც ამოიღეს ხელის კვლები, სუნის ნიმუშები, კვების პროდუქტები, მცირე ზომის ვიდეო კასეტები, ლითონის საგანი, შავი მონიტორი და ხის ზარდახშა. ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე (მდებარე: ი-----------–------------–----------------ის მიმდებარე ტერიტორია) არსებული მონიტორის წარწერის ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი №12 იდენტურია ო------–------ის (დაბადებული: 2---------) მარცხენა ხელის ცერა თითის ანაბეჭდისა.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - მ------------–---–მა. მანვე განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა არის კატეგორიული.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, დაახლოებით 05:00 საათზე, შეტყობინების საფუძველზე გავიდა ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში. შემთხვევის ადგილზე მისულს დაზარალებულმა განუმარტა, რომ მის სახლში შესული იყო უცხო პირი, რომელმაც მოიპარა საოჯახო და სხვადასხვა პირადი ნივთები. მოწმემ დაადასტურა, რომ სახლი იყო არეულ მდგომარეობაში. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა სამზარეულოს იატაკის ზედა ნაწილიდან და იმ ოთახიდან, სადაც კარადის უჯრა იყო გამოწეულ მდგომარეობაში, აიღეს სუნის ნიმუშები.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ო------–------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - მ----------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ კუთვნილი სახლი, რომელიც მდებარეობს ქ-------–--–----------–-----------------ში, მიქირავებული ჰქონდა ორი ადამიანისთვის (მათ შორის ერთ-ერთი იყო ბრალდებული). მოწმემ დაადასტურა, რომ მასთან მისულ გამომძიებლებს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე თანხმობა განუცხადა.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით (02.11.2018) დგინდება, რომ ო------–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ორი ყელსაბამი, ერთი მრგვალი ფორმის ჯვარი და მუქი ტყავისებრი სამაჯური; აგრეთვე ერთი მუქი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ერთი ცალი მუქი საფულე, ქვითარი მასზე არსებული წარწერით, მომცრო ზომის ფურცლები მასზე არსებული წარწერით და პლასტიკური ბარათები.

 

ნივთის ამოცნობის ოქმით (02.12.2018) დგინდება, რომ მ------------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო ის ქურთუკი, რომელიც 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში დაუდგენელმა პირმა მოიპარა მისი საცხოვრებელი სახლიდან. ამომცნობმა ამოსაცნობი საგანი ამოიცნო ფერით, ბეწვიანი ე.წ. „კაპიუშონით“, ცისფერი იარლიყით და ქურთუკის წინა მხარეს დატანილი წარწერით.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (02.12.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა ო------–------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებული პლასტიკური ბარათები, რომელთაგან ოთხი ცალი პლასტიკური ბარათი არის შემდეგი აღწერილობის: 1) გამოცდების ეროვნული ცენტრის ბარათი, რომელზეც აღბეჭდილია ლ---–-----------–---–ის ფოტო და ბეჭდური ასოებით ქართულ ენაზე აწერია ლ---–-----------–---–ი, საგამოცდო ცენტრი ქ. თბილისი საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტი (ა----–-----–---------------- კმ.), ლ---–-----------–---–ის პირადი ნომერი 0---------- და ბარათის ნომერი 0--------; 2) „ს----–--------ის“ ვიზა ელექტრონის ბარათი, რომელზეც ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია “C-------------------” და დატანილია ნომერი 4---------------. ბარათის მეორე მხარეს აღბეჭდილია ლ---–-----------–---–ის ფოტო და პირადი მონაცემები (რეკვიზიტები); 3) „თ----------ის“ ვიზა ელექტრონის პლასტიკური ბარათი, რომელზეც ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია "L-------------------" და ნომერი 4---------------; 4) „თ----------ის“ ვიზა ელექტრონის პლასტიკური ბარათი, რომელზეც ასევე ლათინური ბეჭდური შრიფტით აწერია "L-------------------" და ნომერი 4--------------3. ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერებაში მონაწილე ლ---–-----------–---–ის განმარტებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული პლასტიკური ბარათები არის მისი საკუთრება, რომლებიც ინახებოდა ქ-------–--–---------------–------------–---------------ში, დეიდამისის - მ------------–---–ის საცხოვრებელ სახლში.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გ-------------–---–------------------–---–-------–------------------–--------–--------------------–--–-–---–-, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე-–-------------მა და უ-----------ვმა დაადასტურეს მათი, როგორც თარჯიმნის მონაწილეობა ო------–------ის სისხლის სამართლის საქმეში. ორივე მათგანმა დაადასტურა მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე. უ-----------ვმა დამატებით განმარტა, რომ მართალია მას თარჯიმნის ლიცენზია არ აქვს, თუმცა სრულყოფილად ფლობს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა თარჯიმნად.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ო------–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულების ვ---------------–---–ისა და მ------------–---–ის ჩვენებებში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ დაინახეს დამნაშავე, რომელსაც მათი კუთვნილი ნივთები გაჰქონდა მათივე სახლიდან. დაზარალებულების ჩვენებები დასტურდება გამომძიებელ პ------------ის ჩვენებით, რომელიც მყისიერად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაზარალებულმა მოუთხრო, თუ როგორ დაინახა უცნობი პირი, რომელიც გარბოდა მისი სახლის ეზოდან. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით კი ცალსახად დგინდება ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლისა და აღნიშნული სახლის მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობას. სახლში შეინიშნებოდა არეულობის კვალი, ხოლო სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. ვინაიდან აღნიშნული ნივთების ნაწილი იყო დაზარალებულების საკუთრება, ამასთან, მათ მაშინვე იცნეს თავიანთი ნივთები, დამატებითი საგამოძიებო მოქმედება - ნივთის ამოცნობა აღარ ჩატარებულა, რაც სრულიად ბუნებრივია.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებს დამნაშავე სახეზე არ დაუნახავთ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ამ უკანასკნელის ამოცნობის საფუძველი, ცალკე აღებული აღნიშნული ფაქტი, ბრალდებულ ო------–------ის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ შეიძლება მივიჩნიოთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია იმგვარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია პირის დამნაშავედ ცნობისთვის. იმ ფაქტს, რომ ნამდვილად ო------–------მა მოიპარა ვ---------------–---–ისა და მ------------–---–ის სახლიდან მათი კუთვნილი ნივთები, ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში აღმოჩნდა ო------–------ის სუნის კვალის ნიმუშის იდენტური.

 

ო------–------ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი კი, ამოიცნო დაზარალებულმა მ------------–---–მა. ასევე ამოღებული იქნა პლასტიკური ბარათები, რომელიც იყო ლ---–-----------–---–ის საკუთრება. ლ---–-----------–---–მა კი, ჩვენებაში დაადასტურა, რომ იგი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა დაზარალებულების საცხოვრებელ სახლში, რამაც განაპირობა მისი კუთვნილი ნივთების შემთხვევის ადგილზე არსებობა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო------–------მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე მ------------------------–---–ების საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტექნიკას, ძვირფასეულობას, ფულად თანხასა და სხვადასხვა პირად ნივთებს. აღნიშნული ქმედებით მ------------------------–---–ებს მიადგათ 1985 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

2018 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდი

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულ თ-----------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–----------–-----------------ში. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, რა დროსაც შემოესმა ხმაური. იგი მივიდა ფანჯარასთან აანთო სინათლე, თუმცა ვერაფერი დაინახა და დაბრუნდა იმავე სართულზე არსებულ საძინებელში. დაახლოებით 5-6 წუთის შემდეგ კვლავ შემოესმა ხმაური, რომელიც გამოწვეული იყო აივნის კარის ბრახუნით. იგი ადგა და გავიდა გარეთ, რა დროსაც შენიშნა ბრალდებული. ეს უკანასკნელი სწრაფად გადახტა მეორე სართულის აივნიდან (მოწმის განმარტებით, აივნიდან გადახტომა შესაძლებელია სახურავზე, იქიდან კი - ღობეზე). მას გაეკიდნენ თავად და მისი შვილი. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ პირს გარეთ ელოდებოდა სხვა პირი, რომელიც გაქცეულს გაჰყვა სირბილით. მალევე გარეთ გავიდა მოწმის მამაც. თავად ჩაჯდა ქუჩაში მდგარ საკუთარ ა/მანქანაში და დაედევნა დამნაშავესა და მის თანმხლებ პირს. აღნიშნულმა პირებმა სწრაფად გააჩერეს ვერცხლისფერი ტაქსი და სცადეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა, თუმცა მოწმემ მათ საკუთარი ა/მანქანით გადაუჭრა გზა, რის შემდეგაც აღნიშნული პირები იძულებულნი გახდნენ გადმოსულიყვნენ ტაქსიდან. მოწმემ ისინი სახლისკენ წამოიყვანა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა გაქცევა მოახერხა. მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელიც გამოიძახა მამამისმა. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მის მიერ შეჩერებული პირი. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი სახლის გარე ფასადზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლებიც ინფორმაციას დაახლოებით 7-10 დღის განმავლობაში იმახსოვრებენ. იმის გამო, რომ არ წაშლილიყო შემთხვევის დღეს გაკეთებული ჩანაწერები, შეეცადა ჩანაწერების კომპიუტერში დამოუკიდებლად გადაწერას, თუმცა არასწორად განხორციელებული პროცედურის გამო, არსებული ჩანაწერი სრულად წაიშალა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რ-------------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–----------–-----------------ში. შემთხვევის დღეს, ღამის საათებში იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შენიშნა ოთახის კარის გაღება. მალევე ოთახში შევიდა მისთვის უცნობი პირი, რასაც მამამისის მხრიდან მოჰყვა აღნიშნულ პირზე დადევნება. მალევე თავადაც გავიდა აივანზე, რა დროსაც შენიშნა მეორე უცნობი ადამიანიც, თუმცა მისი სახე არ დაუნახავს. ეზოში მისი ჩასვლის მომენტში მამამისი იჯდა ა/მანქანაში. მათ მალევე შეიპყრეს დამნაშავე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (02.11.2018) დგინდება, რომ დათვალიერდა თ-----------–---ის კუთვნილი სახლი და მიმდებარე ტერიტორია, მდებარე: ქ-------–--–----------–-----------------ში. თ-----------–---ის სახლის შესასვლელი კარის გარეთა მხრიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია ბუნებრივი აირის მილი. ჯასიმ ატაშოვის განმარტებით, სწორედ აღნიშნული მილის საშუალებითა და ღობეზე გადაძრომით შეაღწია მისთვის უცნობმა ორმა პირმა მისი და მისი შვილის - თ-----------–---ის საცხოვრებელ სახლში. ეზოში შესასვლელი კარის მიმდებარედ და ეზოს შიგნით განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერა. სამეთვალყურეო ვიდეოკამერა აგრეთვე განთავსებულია ეზოში არსებული სახლის მეორე სართულზე, რომელიც ჯასიმ ატაშოვის განმარტებით, მისთვის უცნობმა პირებმა მოტეხეს იმ დროს, როდესაც ცდილობდნენ მის საცხოვრებელ სახლში შეღწევას. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის განმარტებით, სამეთვალყურეო კამერებმა დააფიქსირეს ის პირი, რომელმაც დააზიანა კამერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლის გ--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს, შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები, რომელთაც ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით შეჩერებული ჰყავდათ ერთი პირი. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული პირი ცდილობდა მისი სახლის გაქურდვას. მან და მისმა თანამშრომლებმა აღნიშნულ პირს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და დააკავეს შემთხვევის ადგილზე.

 

მსგავსი ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა გამომძიებელმა ვ-----------------ემ. მანვე დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, თარჯიმნის გამოძახება მოხდა მისი მეშვეობით, იმ თარჯიმანთა ბიუროდან, რომელიც ემსახურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე პ------------ის ჩვენებით დგინდება, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, საგამოძიებო ორგანოში შესული შეტყობინების საფუძველზე, თავის თანამშრომლებთან ერთად გამოცხადდა ქ-------–--–----------–-----------------ში. შემთხვევის ადგილზე მისულს დაზარალებულმა განუმარტა, რომ სახლში ყოფნის დროს შემოესმა ხმაური. ამ უკანასკნელმა საკუთარი სახლის აივანზე დაინახა უცხო პირი, რომელიც ცდილობდა სახლში შესვლას, თუმცა მისი დანახვისას გაიქცა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დამნაშავეს სახლში არ შეუღწევია, სუნის ნიმუში აღებულ იქნა უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც იდგა დამნაშავე.

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნითა და ექსპერტ მ----------------ის ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები ო------–------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის იდენტურია.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ე-–-------------მა და უ-----------ვმა დაადასტურეს მათი, როგორც თარჯიმნის მონაწილეობა ო------–------ის სისხლის სამართლის საქმეში. ორივე მათგანმა დაადასტურა მათი მონაწილეობით შედგენილ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე. უ-----------ვმა დამატებით განმარტა, რომ მართალია მას თარჯიმნის ლიცენზია არ აქვს, თუმცა სრულყოფილად ფლობს როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ ენებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ის გარემოება, რომ შემთხვევის დღეს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა თარჯიმნად.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: გიორგი გოგუა და გიორგი ვადაჭკორია, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობა და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ამსახველი ოქმების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ო------–------მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2018 წლის 2 ნოემბერს, ღამის საათებში გამოვიდა სახლიდან (მდებარე: ქ-------–--–----------–-----------------ში), რა დროსაც მალევე დააკავეს პოლიციელებმა. ის მიიყვანეს იმავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სახლთან, თუმცა დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ. მოწმის თქმით, მასთან ერთად იდგა ორი ბრალდებული, რომლებიც შევიდნენ საცხოვრებელ სახლში, თუმცა იქიდან გამოვიდა მხოლოდ ერთი პირი, რომელიც ცხოვრობდა იმავე სახლში. ამ უკანასკნელს პოლიციელებმა მიუთითეს მასზე და ჰკითხეს განახორციელა თუ არა მან თუ ქურდობა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს. ამის შემდეგ, მან მალევე დატოვა ტერიტორია, თუმცა მალევე გაახსენდა, რომ ქურთუკი დარჩა ა/მანქანასთან. იგი დაბრუნდა, თუმცა პოლიციელებმა იგი დააკავეს. დაკავების მომენტში მას თარჯიმნის მომსახურებით არ უსარგებლია. მოწმემ დაადასტურა, რომ დოკუმენტებზე ხელი არ მოუწერია, ვინაიდან არ ჰყავდა თარჯიმანი, რომელიც აუხსნიდა დოკუმენტში ასახული ინფორმაციის შინაარსს. მანვე განმარტა, რომ დაზარალებულ თ-----------–---ის სახლში არ შესულა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულმა თ-----------–---მა დეტალურად აღწერა, თუ როგორ დაინახა სახლში შესული პირი, რომელიც მის დანახვაზე გაიქცა, გადახტა აივნიდან და სცადა თანამზრახველთან ერთად მიმალვა, რომელიც მას ეზოში ელოდებოდა. თ-----------–---ი დამნაშავეს გაეკიდა უმალვე. ეზოდან გასვლის შემდეგ, იგი სწრაფად ჩაჯდა საკუთარ ა/მანქანაში და გზა გადაუჭრა ტაქსს, სადაც თანამზრახველთან ერთად ჩაჯდა ის პირი, ვინც მის სახლში ჩუმად შეპარვას ცდილობდა. მისმა ქმედებამ დამნაშავეები იძულებული გახადა გადმოსულიყვნენ ტაქსიდან. ამის შემდეგ, იგი შეეცადა აღნიშნული პირების სახლისკენ წაყვანას, რა დროსაც ერთი მათგანი გაიქცა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ბრალდებულის სახით დააკავა მის მიერ შეპყრობილი ერთი პირი. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია მისი ვაჟის რ-------------–---ის ჩვენებასთან და შემთხვევის ადგილზე მყისიერად მისულ პოლიციელთა - გ--------------ისა და ვ-----------------ის ჩვენებებთან, რომლითაც დასტურდება დაზარალებულის მიერ ბრალდებულის შეპყრობის ფაქტი. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი, უტყუარად დასტურდება ბრალდებულ ო------–------ის ყოფნა თ-----------–---ის საცხოვრებელი სახლის შიდა ტერიტორიაზე - კარების ზღურბლთან.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომელმაცარ გაიზიარა ბრალდებულის განმარტება, რომ იგი უმიზეზოდ დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მით უფრო, როდესაც საქმის მასალებიდან დაზარალებულის ან სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბრალდებულის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ დადგენილა.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარეს არგუმენტი, რომლის მიხედვით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების დროს არ მონაწილეობდა თარჯიმანი, ასევე გაჟღერებული აქვს პირველი ინსტანციის სასამართლოში და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ თარჯიმნის მონაწილეობის ფაქტი დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა - ე-–-------------ისა და იუვეს გარაევის ჩვენებებით. იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პირები ნამდვილად მონაწილეობდნენ ბრალდებულ ო------–------ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეში თარჯიმნად, ადასტურებს მათივე მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმებიც. ო------–------ის დაკავების მომენტში თარჯიმნის მონაწილეობას ადასტურებს მოწმე ვ-----------------ეც, რომელმაც თარჯიმანთა ბიუროდან გამოიძახა თარჯიმანი.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის პირველ ნოემბერს, ო------–------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----------–-----------------ში მდებარე თ-----------–---ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა თ-----------–---ის აქტიური ქმედებით, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ო------–------ის ქმედების შედეგად თ-----------–---ს შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ო------–------ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს.

რაც შეეხება ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

ამ დანაშაულის კიდევ ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანი, დანაშაულის ბინაში შეღწევით ჩადენა, რაც მომეტებული საშიშროების მატარებელია.

 

კიდევ ერთ მაკვალიფიცირებელ გარემოებაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).

 

რაც შეეხება დანასაულის მცდელობას, საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის 30 ოქტომბერს, ღამის საათებში, ო------–------მა უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ი-----------–------------–----------------ში მდებარე მ------------------------–---–ების საცხოვრებელ სახლში, სადაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტექნიკას, ძვირფასეულობას, ფულად თანხასა და სხვადასხვა პირად ნივთებს. აღნიშნული ქმედებით მ------------------------–---–ებს მიადგათ 1985 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამდენად სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანანო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ო------–------ი ცნობილია დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ 2018 წლის პირველ ნოემბერს, ო------–------მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–----------–-----------------ში მდებარე თ-----------–---ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა სახლში არსებულ ნივთებს, თუმცა თ-----------–---ის აქტიური ქმედებით, განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ო------–------ის ქმედების შედეგად თ-----------–---ს შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი. ამდენად სახეზეა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ო------–------ი ცნობილია დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთდა ხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სსკ-ით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალობის უფლებას); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულის მიერ განხორციელებული ორივე დანაშაულებრივი ქმედება განხორციელდა ღამის საათებში, ბინაში უკანონო შეღწევით); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინა დანაშაული); დამდგარ შედეგს (დანაშაულებრივი ქმედების ერთ ეპიზოდში ო------–------მა და მისმა თანამზრახველმა ვერ მოახერხეს საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანა, ხოლო მეორე ეპიზოდში დაზარალებულს ბრალდებულის ქმედების შედეგად მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით, სხვისი ნივთების დაუფლებას); აგრეთვე, დამნაშავის პირად პირობებს (ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას) და მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, საბოლოო სასჯელი უნდა განისაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

7. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:

· სამი დისკი შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები, ხელის კვალის ნიმუშები, ლითონის საგანი და ო------–------ისგან აღებული სუნის ნიმუშები უნდა განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კვების პროდუქტები, მცირე ფორმატის ვიდეო კასეტები, „ფილიპსის“ ფირმის კომპიუტერის მონიტორი, ერთი ზარდახშა და მიკროტალღური ღუმელი უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· თ-----------–---ისგან ამოღებული ე.წ. „დივიარი“ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ორი ე.წ „ცეპი“, ერთი სამაჯური და ერთი ჯვარი, ერთი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ქაღალდის ფურცლები, საფულე და პლასტიკური ბარათები უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულო------–------ის ადვოკატის ფ----------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 ივლისის განაჩენი;

 

ო------–------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის და 6 თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ო------–------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.

 

ო------–------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 2 ნოემბრიდან.

 

ო------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

· სამი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვალის ნიმუშები, ხელის კვალის ნიმუშები, ლითონის საგანი და ო------–------ისგან აღებული სუნის ნიმუშები - განადგურდეს;

· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: კვების პროდუქტები, მცირე ფორმატის ვიდეო კასეტები, „ფილიპსის“ ფირმის კომპიუტერის მონიტორი, ერთი ზარდახშა და მიკროტალღური ღუმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· თ-----------–---ისგან ამოღებული ე.წ. „დივიარი“ - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

· საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული: ორი ე.წ „ცეპი“, ერთი სამაჯური და ერთი ჯვარი, ერთი ქურთუკი, ერთი ალბომი, ორი ფოტოსურათი, ქაღალდის ფურცლები, საფულე და პლასტიკური ბარათები -დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან/და მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი