განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2020
საქმის ნომერი
330100119003208549
ინსტანცია
თარიღი
13.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003208549

№1ბ/1953-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე

სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ნათია ქომოშვილი

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: მ------ მ----–-----ი

მსჯავრდებული: ზ------ მ---–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N1----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------–--–-------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის წევრის მიმართ გაცემული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა).

 

სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

მხარეთა პოზიციები:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ზ------ მ---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ მ----–-----მა. აპელანტებმა მოითხოვეს, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ის ემყარება მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს, რომ დანაშაული ჩაიდინა ზ------ მ---–---–მა. ბრალდება არ დასტურდება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, და მიუხედავად იმისა რომ დანაშაული არ ჩაუდენია მსჯავრდებულს, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ მიიღო გადაწყვეტილება სასჯელის განსაზღვრასთან მიმართებაშიც, დაუნიშნა ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, როდესაც არ არსებობდა ამის აუცილებლობა. შესაბამისად, აპელანტები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, შესავალ სიტყვაში მსჯავრდებულმა ზ------ მ---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ მ----–-----მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, ხოლო დასკვნით სიტყვაში მსჯავრდებულმა ზ------ მ---–---–მა უარი განაცხადა დამცველის მონაწილეობაზე, განმარტა, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ცვლილების შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენში და დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებლებმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნათია ქომოშვილმა, მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენის, უცვლელად დატოვება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

ზ------ მ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ გაცემული, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 5 აგვისტოს, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლის მიერ, თ-- მ---–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, ყოფილი მეუღლის ზ------ მ---–---–ის მიმართ გამოცემულ იქნა N0----- შემაკავებელი ორდერი, 30 დღის ვადით. აღნიშნული ორდერის საფუძველზე, ზ------ მ---–---–ს განესაზღვრა მოძალადის სტატუსი და აეკრძალა მითითებულ ვადაში მსხვერპლთან - თ-- მ---–---–თან მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. მიუხედავად ამისა ზ------ მ---–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 11 წუთზე, ზ------ მ---–---–მა თავის კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- თ-- მ---–---–ს, ნომერზე 5----------- მისწერა შეურაცხმყოფელი სიტყვების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ზ------ მ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ზ------ მ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 სექტემბრიდან.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე:

 

2019 წლის 5 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერით, ზ------ მ---–---–ს აეკრძალა 30 დღის ვადით მსხვერპლთან - თ-- მ---–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

 

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ თ-- მ---–---–ის კუთვნილ ნომერზე 2019 წლის 29 აგვისტოს 20:11:38 საათზე, მობილური ტელეფონიდან - ნომრით +99----------, ლათინური ანბანით შესულია მოკლე ტექსტური შეტყობინება ,,წაკლაშკა ბავშვს ტელეფონი ჩაურთე და დამალაპარაკე, შენ ყველას შ....“.

 

დაზარალებულ თ-- მ---–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2019 წლის 5 აგვისტოს შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლის შესაბამისად, ზ------ მ---–---–ს 30 დღის ვადით აეკრძალა მასთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ის იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის სატელეფონო თუ სოციალური ქსელის გამოყენებით. 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 11 წუთზე ზ------ მ---–---–მა - კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან 5----------- მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელშიც ეწერა შეურაცხმყოფელი სიტყვები და ითხოვდა მათ საერთო შვილთან დალაპარაკებას.

 

მოწმე ბ-–--ი მ---–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, დადგენილია, რომ 2019 წლის 29 აგვისტოს, დედასთან - თ-- მ---–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც თ-- მ---–---–მა, ზ------ მ---–---–ისგან, რომლის მიმართაც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება შეურაცხმყოფელი სიტყვებით. მანვე განმარტა, რომ ნომერი 5----------- ეკუთვნის მამას - ზ------ მ---–---–ს და სხვას ამ ნომრით სარგებლობის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

 

ზ------ მ---–---–მა წარდგენილ ბრალებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.

 

სამართლებრივი შეფასება:

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ზ------ მ---–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, ,,არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 პუნქტის შესაბამისად, ,,დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

სააპელაციო პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია აშკარა, დამაჯერებელ და შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ ზ------ მ---–---–მა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. კერძოდ: უდავო მტკიცებულებით 2019 წლის 5 აგვისტოს N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ ზ------ მ---–---–ს აკრძალული ჰქონდა თ-- მ---–---–თან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია მასთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. დაზარალებულ თ-- მ---–---–ის და მოწმე ბ-–--ი მ---–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, ზ------ მ---–---–მა 2019 წლის 29 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათსა და 11 წუთზე თ-- მ---–---–თან განახორციელა კომუნიკაცია და კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან მიწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება. დაზარალებულის და მოწმის ინფორმაციით, მობილური ტელეფონის ნომერი, საიდანაც დაზარალებულს მიუვიდა ტექსტური შეტყობინება, ეკუთვნის ზ------ მ---–---–ს და სხვას არავის აქვს აღნიშნული ნომრით სარგებლობის შეასაძლებლობა. ამასთან დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონის ნომერი - 5----------- ეკუთვნის ზ------ მ---–---–ს. ამასთან დაცვის მხარეს, სხვა პირის მიერ ტელეფონით სარგებლობის თაობაზე, დასაბუთებული პოზიცია არ წარუდგენია, რაც ბრალდების მხარეს წარმოუქმნიდა საწინააღმდეგოს მტკიცების ვალდებულებას. ამდენად, აღნიშნული უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ზ------ მ---–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულება და კომუნიკაცია განახორციელა მსხვერპლთან, რაც წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდაა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიღებულია დასაბუთებული და კანონიერი განაჩენი.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ზ------ მ---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ თავს ცნობს დამნაშავედ, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და წარსული ნასამართლობა.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელთა სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ზ------ მ---–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მოცემულ შემთხვევაში ექვს თვეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით ზ------ მ---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით (2017 წლის 12 დეკემბრის განაჩენი, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილი), სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის, ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული იქნა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები, მათ შორის ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება და წარსული, დამამძიმებელი გარემოებები - დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ და დანაშაულის რეცედივი. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახის შერჩევისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ზ------ მ---–---–ი არაერთხელა ნასამართლევი სხვადასხვა სახის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის და ბოლოს პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2019 წლის 5 აპრილს. ხუთ თვეზე ნაკლებ პერიოდში კი, კვლავ ჩაიდინა დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ სასჯელის მიზნების უზრუნველყოფა შეუძლებელია ისეთი სასჯელის გამოყენებით, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი და ადეკვატური სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, არ არსებობს დანიშნული სასჯელის შემცირების ან დამძიმების წინაპირობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი ზ------ მ---–---–ის მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ მ----–-----ის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის დაზუსტებული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ მ----–-----ის სააპელაციო საჩივარი და მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის დაზუსტებული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ზ------ მ---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 4 სექტემბრიდან.

 

მსჯავრდებულ ზ------ მ---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები:

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე