განაჩენი

სისხლის სამართლის 20.02.2020
საქმის ნომერი
120100119003220172
ინსტანცია
თარიღი
20.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100119003220172

საქმე №1ბ/147-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 თებერვალი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

მსჯავრდებული - ა----–--- ს--------ი, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------------------------- საგარეჯოში, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ს------------------------------------–-----–--.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1(ერთი) წელი;

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თ-------------------–მა. წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით, აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა----–--- ს--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება, შემდეგ გარემოებათა გამო: აპელანტს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, ვინაიდან არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას უნდა ეხელმძღვანელა მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებით, რომლითაც უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი, აგრესიული, ძალადობრივი დანაშაული, კერძოდ, მან დაზარალებულს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ ორჯერ დაარტყა დანა და კიდევ ცდილობდა მისთვის დაზიანების მიყენებას. ა----–--- ს--------მა დაზარალებულს დაზიანება მიაყენა დანის გამოყენებით, ამასთან, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მას არ გამოუძახებია სასწარაფო სამედიცინო დახმარება და არ უცდია რაიმე სახით დახმარებოდა მ-----------------ს. აპელანტის მოსაზრებით, მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისას გასათვალისწინებლია, რომ მან წარსულში ჩაიდინა ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა იგი კვლავ ჩადის ძალადობრივი ხასიათის განზრახ დანაშაულს, რაც მიუთითებს მის მისწრაფებას განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისაკენ. აპელანტის შეფასებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისილებელიც კი არის. ზემოაღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი და კანონიერი სასჯელი.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ შესაგებელი არ წარმოადგინა.

 

სასამართლომ დაადგინა:

ა----–--- ს--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 28 აგვისტოს, დაახლოებით 13:00 საათზე, ბ-----------------------------–-–----------–-- საძოვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას ა----–--- ს--------მა მ-----------------ს დაარტყა დანა მარცხენა მხარის და მარცხენა ხელის არეში, რის შედეგადაც მ-----------------მა მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ა----–--- ს--------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებელები: ლ------------------------------------ ხოლო საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეების მიერ უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ა----–--- ს--------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა: ნ-----–---------–--–---–-------–------–---------------------------------------------–----------------–---–-----------------------–-----, ასევე, ბრალდებულ ა----–--- ს--------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ ა----–--- ს--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა----–--- ს--------მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ა----–--- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

ა----–--- ს--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემობა არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, ამასთან, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. პალატა აცხადებს, რომ აღნიშნული რეგულაციის შემოღებით, კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი არ მოიხადონ პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოებისგან იზოლაციაში, რაც სრულად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით.

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან. მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა----–--- ს--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული ლმობიერი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ვინაიდან მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, რაც იძლევა საფუძველს, ვარაუდისთვის რომ მან შესაძლოა მომავალშიც გააგრძელოს დანაშაულებრივი ქმედება. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ ა----–--- ს--------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენის გამოტანიდან სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოტანამდე ა----–--- ს--------ის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ფსიქოლოგიურ ან ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია (საწინააღმდეგო არგუმენტი ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია). ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთ მითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენას დანის გამოყენებით, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. მოცემულ შემთხვევაში ა----–--- ს--------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა მიეკუთვნებოდა თუ არა ცივ იარაღთა კატეგორიას აღნიშნული საკითხის გარკვევის მიზნით გამოძიების მიერ დანიშნული იქნა კომპლექსური ტრასოლოგიური, ბიოლოგიური ექსპერტიზა. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა დანის იარაღისადმი კუთვნილებიის ფაქტს. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტს მსჯავრდებულის წარსულ ნასამართლობასთან დაკავშირებით და აღნიშანვს, რომ ა----–--- ს--------ს წარსული ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამდენად, აღნიშნული არგუმენტები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დასანიშნად.

 

სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები, ა----–--- ს--------ის პიროვნული მახასიათებლები, წარსული და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ცნობილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, რა დროსაც საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ბრალად შერაცხული ქმედების სიმძიმესა და ხასიათთან ერთად, შეაფასა და გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ მითითებული საფრთხეებიც და სწორედ, აღნიშნული გარემოებების შეფასებითა და გათვალისწინებით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ა----–--- ს--------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის შესახებ და ითვალისწინებს რა ა----–--- ს--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, ა----–--- ს--------ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს, რასაც აღიარებს და გულწრფელად ინანიებს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პალატას ა----–--- ს--------ის მიმართ მიაჩნია, რომ არსებობს პირობითი მსჯავრის გამოყენების საფუძვლები და სასჯელის დამძიმება, ასევე საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, ვინაიდან შემცირებულია მისგან მომდინარე საფრთხეები, რომლის აღკვეთა ა----–--- ს--------ის პიროვნების, ასევე ჩადენილი დანაშაულისადმი მისი დამოკიდებულებისა და სინანულის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება არასაპატიმრო სასჯელის გამოყენების პირობებშიც.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა----–--- ს--------ის მიმართ სასჯელის ისეთი სახე და ზომის განსაზღვრა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, ასეთ ეფექტურ ღონისძიებად პალატას მიაჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება და მის მიმართ გამოსაცდელი ვადის დადგენა, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და ა----–--- ს--------ის სათანადო ქცევას. სააპელაციო პალატის შეფასებით, მსჯავრდებულის მიმართ ძირითად სასჯელთან ერთად დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის - 5000 ლარის ოდენობით გამოყენება, რომლის გადახდის შესაძლებლობა მსჯავრდებულს აქვს ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს ა----–--- ს--------ის სათანადო ქცევას და სასჯელის მიზნებს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.

 

სააპელაციო პალატის შეფასებით, სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა----–--- ს--------ის მიმართ დანიშნულია სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი დამძიმება პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის თ-------------------–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალციხის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის თ-------------------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 დეკემბრის განაჩენი ა----–--- ს--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ა----–--- ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მსჯავრდებულ ა----–--- ს--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი -2019 წლის 28 აგვისტოდან 2019 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

მსჯავრდებულ ა----–--- ს--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა 5000 ლარი დაუბრუნდეს გირაოს შემტანს ა--–--------–----------------------, (თანხა გადახდილ იქნა 2019 წლის 31 აგვისტოს ,,ლიბერთი ბანკში“), განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად.

 

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის კონტროლი და მისი დახმარებას განაახორციელოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯარიმის გადახდაზე კონტროლს განახორციელებს სააღსრულებო ბიურო მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

-ა/მანქანა ,,ვაზ 21214’’ (სახ. ნომ. S--------- და მ-----------------ის ტანისამოსი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მ-----------------ს.

-დანა და ქარქაში, მოწითალო ფერის ლაქა, მოწითალო ფერის ლაქა (ა/მანქანიდან), მ-----------------ის სისხლის ნიმუში და ა----–--- ს--------ის სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი