განაჩენი

სისხლის სამართლის 18.02.2020
საქმის ნომერი
150100118002513570
ინსტანცია
თარიღი
18.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №150100118002513570

საქმე №1ბ/217-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2020 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივნები: ლელა ბახტაძე და გიორგი ჩუბინიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები: გ---------------------ე და ვ----–------ე.

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: შ-----------------ი, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, პირადი ნომერი C--------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: აზერბაიჯანი, ბ-----------------------------

 

ადვოკატები: კ------------–---ი, რ------------ და ი-----------.

 

თარჯიმნები: ას--------–--------ი და ზ----------------.

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის დამძიმება, კერძოდ, შ-----------------ისთვის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის დანიშვნით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნები. იმ პირობებში, როდესაც შ-----------------მა ფაქტიურად არ აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, სახელწიფო ბრალმდებელს დაუსაბუთებლად მიაჩნია მისთვის განსაზღვრული სასჯელის ზომა. პროკურორს, სასჯელის დანიშვნისას ასევე გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, როგორც საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, ასევე დანაშაულის ჩადენის სახე და ხერხი.

 

განაჩენი სააპელაციოს წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ-----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------–---–მა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ შ-----------------ს უსაფუძვლოდ ჩამოართვა ქონება, რადგან აღნიშნული გამოიყენება მაშინ, როდესაც უტყუარად დადგენილია ჩამორთმევის საჭირო სამი პირობიდან ერთ-ერთი მაინც, კერძოდ, სახელწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა ან ცალკეულ პირთა უფლებების და თავისუფლებების დაცვის ინტერესები ან ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. სასამართლოს მიერ კი არ იქნა დასაბუთებული თუ რომელი პირობის არსებობიდან გამომდინარე ჩამოართვა შ-----------------ს ავტომანქანა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარე დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, დაცვის მხარე დაეთანხმა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ დაადგინა:

შ-----------------მა ჩაიდინა საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 07 მაისს, 19:00 საათზე, თურქეთის რესპუბლიკიდან ავტომანქანა ,,მერსედეს ბენცით“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით 9------ საბაჟო გამშვები პუნქტის ,,კარწახის“ გავლით საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის რესუბლიკის ორი მოქალაქე ე-––-------–------ი და შ-----------------ი. შ-----------------მა ზემოაღნიშნული ავტომანქანით, კერძოდ მისი სალონის საჰაერო სისტემაში დამალვის გზით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა პრეპარატი ,,სუბოქსინის“ 1400 (ათას ოთხასი) ცალი აბი, რაც შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება ,,ბუპრენორფინს“ საერთო წონით 11,1992 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შ-----------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ შ-----------------ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების: ვ------------–---–-ს, გ------------------–--ის, ი---------------ის, ვ-----–------------ის ჩვენებებით, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: რ------------–---–ის, ე-––-------–------ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 07 მაისის ამოღების ოქმით, 2018 წლის 08 მაისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით, 2018 წლის 08 მაისის დათვალიერების ოქმებით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 09 მაისის ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულ შ-----------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

შ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, ის რომ იგი აღიარებს ჩადენილს.

 

შ-----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

პალატა ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად კი, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 07 ივნისის №54აპ-16 განაჩენში მითითებულია: „... საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადექვატური... ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით პატიმრობის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათავლისწინებებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნით მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები...“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით.

 

სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასჯელის განსაზღვრისას პალატა ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს (შ-----------------მა ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს სახელწიფო საზღვარზე გადმოიტანა სპეციალური სამალავის გამოყენებით, ამასთან, აბები შეფუთული ჰქონდა ე.წ. ფოლგაში, რათა გაძნლებულიყო მისი აღმოჩენა) მოვალეობათა დარღვევის ხასიათს (მან საქართველოში შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი მედიკამენტის ,,სუბოქსინის“ 1400 აბი, რაც მისი მართლსაწინააღმდეგო ნების მომეტებულ საშიშროებაზე მიუთითებს), შ-----------------ის ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა ჩადენილი დანაშული) და თვლის, რომ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სასჯელის მიზანი შ-----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს და განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის მიმართ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გასაკიცხაობის ხარისხი და შესაძლო შედეგით გამოწვეული სიმძიმე.

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ნიშნავს ბრალდებულისთვის, მსჯავრდებულისთვის მის საკუთრებაში ან კანონიერ მფლობელობაში არსებული, განზრახი დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისათვის რაიმე სახით გამიზნული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. დანაშაულის საგნის ან/და იარაღის ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ჩამორთმევა ხდება სასამართლოს მიერ, ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა განზრახი დანაშაულისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა დანაშაულის საგანი ან/და იარაღი ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და მათი ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე ან/და ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად.

 

მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნათელია, რომ ნორმა არის კუმულაციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონება მხოლოდ მაშინ შეიძლება დაექვემდებაროს ჩამორთმევას, როდესაც სახეზეა რამდენიმე პირობის ერთობლიობა, კერძოდ: პირველ რიგში ჩადენილი უნდა იყოს განზრახი დანაშაული, შემდეგ სახეზე უნდა იყოს ან დანაშაულის საგანი, ან დანაშაულის იარაღი, ან დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი და დადგენილი უნდა იყოს მათი ჩამორთმევის სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობა ან ცალკეულ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ინტერესები ან/და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 06 თებერვლის №450აპ-18 განჩინებაში განმარტებულია, რომ ,,დანაშაულის იარაღი არის ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად განკუთვნილია ანდა სპეციალურად ადაპტირებულია დანაშაულის ჩასადენად ან მისი ჩადენის გასამარტივებლად. მოცემულ შემთხვევაში ავტომანქანა „მერსედეს ბენცი“, რომელშიც მოწყობილი იყო სამალავები და მათი გამოყენებით შესაძლებელი გახდა სასაზღვრო კონტროლის მალულად საქონლის გადმოტანა, უპირობოდ განიხილება, როგორც დანაშაულის იარაღი, რადგან აღნიშნული ავტომანქანისა და მასში მოწყობილი სამალავების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ რაოდენობის საქონლის სასაზღვრო კონტროლის მალულად გადმოტანა".

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, რაშიც დაედო მსჯავრი შ-----------------ს სუბიექტური მხრივ წარმოადგენს განზრახ დანაშაულს. განზრახი დანაშაულის ჩადენა კი ქონების ჩამორთმევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.

 

პალატას მიაჩნია, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 9------, წარმოადგენს დანაშაულის იარაღს, ვინაიდან შ-----------------მა იგი გამოიყენა დანაშულის ჩასადენად, კერძოდ, მან საქართველოში ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა ავტომანქანის სალონის საჰაერო სისტემაში დამალვით, რაც არ არის ავტომანქანის სალონში არსებულ ნივთების შესანახი ადგილი და წარმოადგენს ისეთ ადგილს, სადაც დამალული ნივთი დიდი ალბათობით დარჩება მებაჟე კონტროლიორის ყურადღების მიღმა და უკიდურესად ამცირებს მისი აღმოჩენის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ნარკოტიკული საშუალების ავტომანქანის სალონის საჰაერო სისტემაში შენახვის მიზანი იყო მათი დამალვა ამ მანქანის გამოყენებით მათი საქართველოში შემოტანა. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა მანქანის გამოყენებას დანაშაულის იარაღად.

 

პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა აღნიშნული მუხლის მესამე კომპონენტიც, კერძოდ შაჰმარ ჰუსეინვისთვის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევა საჭიროა სახელმწიფო და საზოგადოებრივი აუცილებლობიდან, ვინაიდან, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშულს, შესაბამისად, სახეზეა ახალი დანაშაულის თავიდან აცილების ინტერესი და თვლის, რომ ავტომანქანა, რომელშიც სპეციალური სამალავია მოწყობილი, არ უნდა დარჩეს თავისუფალ ბრუნვაში, რადგან მაღალია ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 06 თებერვლის N450აპ-18 განჩინება).

 

ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სამხრე კამერისა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი 2 CD დისკზე, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი #---------- შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი აზერბაიჯანული 100 მანათიანი კუპიურა, ორი ცალი თურქული 20 ლარიანი და 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 1 ცალი თურქული რკინის მონეტა, 1 კოლოფი სიგარეტი „ვინსტონი“ 17 ცალი ღერით, 1 ცალი მოშავო ფერის მაჯის საათი და 1 ცალი სანთებელა, შ-----------------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - დაუბრუნდეს მის მფლობელს შ-----------------ს.

 

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები, 13 ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი და მოთეთრო ფერის 3 ცალი ქაღალდის კოლოფი წარწერით „სუბოქსინი“, შ-----------------ის სისხლის ნიმუში და 1 ცალი მოშავო ფერის ქუდი განადგურდეს.

 

პალატა თვლის, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო მსჯავრდებულ შ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რისი გათვალისწინებითაც პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

მსჯავრდებულ შ-----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ცვლილება შევიდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განაჩენში.

 

შ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.

 

შ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკაბებიდან - 2018 წლის 07 მაისიდან.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ შ-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შ-----------------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

შ-----------------ს უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, შ-----------------ს, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 9------, რომელიც განთავსებულია საბაჟო-გამშვები პუნქტის „კარწახის“ ავტოსადგომზე და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

სამხრე კამერისა და გარე სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერი 2 CD დისკზე, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტი #---------- შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შ-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ორი ცალი აზერბაიჯანული 100 მანათიანი კუპიურა, ორი ცალი თურქული 20 ლარიანი და 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 2 ლარიანი მონეტა, 1 ცალი თურქული რკინის მონეტა, 1 კოლოფი სიგარეტი „ვინსტონი“ 17 ცალი ღერით, 1 ცალი მოშავო ფერის მაჯის საათი და 1 ცალი სანთებელა, შ-----------------ის სახელზე გაცემული აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - დაუბრუნდეს მის მფლობელს შ-----------------ს.

 

ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები, 13 ცალი ვერცხლისფერი ფოლგის ქაღალდი და მოთეთრო ფერის 3 ცალი ქაღალდის კოლოფი წარწერით „სუბოქსინი“, შ-----------------ის სისხლის ნიმუში და 1 ცალი მოშავო ფერის ქუდი განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

ვახტანგ მრელაშვილი