განაჩენი

სისხლის სამართლის 25.02.2020
საქმის ნომერი
340100119003303061
ინსტანცია
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100119003303061

№1ბ/304-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-------------ის, დაბადებულის 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------–----–----------------–--------------ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-–-------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 3 ოქტომბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში მდებარე შპს „ფ-----ს“ ტერიტორიაზე, ა-–-------------მა უკანონოდ მოჭრა 2 ძირი, 12.36 მ3 მოცულობის მუხის ჯიშის პირველი და მეორე ხარისხის ხე, რითაც გარემოს მიაყენა 5450,40 ლარის ზიანი.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენით:

 

ა-–-------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ--------------–---–მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით.

 

აპელანტის განმარტებით ა-–-------------ისთვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა ჩადენილ დანაშაულთან, დამდგარ შედეგთან, ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას და შესაძლოა წამახალისებელიც კი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისთვის.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-–-------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ბო---------------–---–-------------------------------–--------–---–---------------------–-–---–-----–---------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ა-–-------------ის გამოკითხის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-–-------------მა ჩაიდინა ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

რაც შეეხება სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–-------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა მსჯავრდებულ ა-–-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მონანიება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობა, ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე, ხეხრი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედების ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და ისე დაუნიშნა მას სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება და თვლის, რომ მისი დამძიმების საფუძველი არ არსებობს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ ა-–-------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად მითითებულ არგუმენტს, რომ მსჯავრდებულს ექნება რა ლმობიერი სასჯელის მიღების განცდა, აღნიშნული იქნება მისთვის წამახალისებელი ხასიათის და ვერ იქნება ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად. სააპელაციო პალატის აზრით, აღნიშნული წარმოადგენს ჰიპოტეტიურ მოსაზრებას და ბრალდების მხარის პოზიცია დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებულია. მსჯავრდებულ - ა-–-------------ის პიროვნება არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც აბსტრაქტული დანაშაულის სუბიექტი. ამდენად, სახელმწიფო ბრალმდებლის ზემოთმითითებული აბსტრაქტული მოსაზრება მოკლებულია კანონიერ საფუძველს და ვერ იქნება გაზიარებული.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს მსჯავრდებულ ა-–-------------ის ნასამართლობაზე, რომელიც თავად აპელანტის განმარტებით, მსჯავრდებულს მოხსნილი აქვს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის 2019 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, „გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.“ სააპელაციო პალატა მჯავრდებულ ა-–-------------ისთვის სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას ვერ გაითვალისწინებს მის წარსულ ნასამართლობას, რომელიც პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მოხსნილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის ლმობიერებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა-–-------------ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი ;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

ა-–-------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-–-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს კახეთის სააღსრულებო ბიუროს. ჯარიმის თანხა შეტანილი იქნეს კახეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე.

 

ნივთიერი მტკიცებულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- 2 ძირ მუხის ხის მერქანს, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს -გაუკეთდეს კონფისკაცია და მიექცეს სახელმწიფო საკუთრებაში;

 

- 2 ცალი ურემი, რომელიც ჩაბარებული აქვს კ---------------------ეს - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

- 2 სული ცხენი, რომელიც ხელწერილით ჩაბარებული აქვთ ა-–-------------ს და ლ--------------ს - დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი