განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003034362
№1ბ/29-20
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე
სხდომის მდივანი: ნანა გიგიტაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ლაშა ამირანაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ნ------- ი--–---–ი
მსჯავრდებული - გ------- ბ--–---ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, პირადი ნომერი 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-----–---------------------------------------------------ში (ყოფილი ლ------------------–----------------–-----------------------------).
თარჯიმანი: მარია კირვალიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია სასამართლო სხდომა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ და მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და გ------- ბ--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება. აპელანტს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ფაქტობრივი გარემოებების ნაწილში კანონიერიც არის და დასაბუთებულიც, მაგრამ დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უსამართლო. აპელანტი განმარტავს, რომ სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების ხასიათი, აღნიშნულის სიმძიმე, წარსული ცხოვრება, ბრალდებულის პიროვნება და განუსაზღვრა აშკარად მსუბუქი სასჯელი. ისეთი ძალადობრივი დანაშაულისათვის როგორიცაა ოჯახში ჩადენილი ძალადობა, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული მსგავსი მსუბუქი სასჯელი და შემდგომ უკვე მისი ძალაში დატოვება ქმნის მომეტებულ საფრთხეს, რომ მსუბუქი სასჯელი შესაძლოა წამახალისებელი აღმოჩნდეს მისთვის და მან კვლავ განახორციელოს ძალადობრივი ხასიათის დანაშაული. მით უმეტეს რომ ამის საფრთხე ოჯახური ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე ყოველთვის არსებობს. ამდენად თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გ------- ბ--–---ის მიმართ არის უსამართლო დანიშნული სასჯელის ნაწილში, შეუსაბამოა ქმედების სიმძიმესთან და პიროვნების მახასიათებლებთან და ამიტომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით და მას უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე, დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ი--–---–მა შესაგებელი წარმოადგინა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, სახელმწიფო ბრალმდებელმა, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა ამირანაშვილმა, მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს, განმარტა, რომ სააპელაციო საჩივარში, სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა სასჯელის გამკაცრების თაობაზე გულისხმობს დანიშნული სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, მოითხოვა მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის მიმართ, არ მოხდეს დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა და განაჩენით დანიშნული სასჯელი მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------- ბ--–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------- ი--–---–მა მხარი არ დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი, გ------- ბ--–---ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:
გ------- ბ--–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები); მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი). გ------- ბ--–---ის მიერ ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 10 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თ---–--–---–--------------------------------------------------–ში საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, გ------- ბ--–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ---- მ----–---–ს, კერძოდ, ფეხსაცმელი ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც ნ---- მ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ------- ბ--–---ი დანის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობით, დაემუქრა ნ---- მ----–---–ს, რომ წასულიყო სახლიდან, თორემ მოკლავდა და არ აცოცხლებდა მას, ხოლო 2019 წლის 14 მაისს, ასევე დაურეკა და მიწერა მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები, რომ დაჩეხავდა, სახეს დაუმახინჯებდა და მოკლავდა მას, რის შედეგადაც ნ---- მ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ------- ბ--–---ის ქმედებების შედეგად ნ---- მ----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
2019 წლის 15 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, თ---–------------------------------ში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების გამო, გ------- ბ--–---მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, ნ---- მ----–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელი ერთხელ დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ნ---- მ----–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ------- ბ--–---ი, ასევე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ---- მ----–---–ს, რომ თუ არ დაბრუნდებოდა სახლში, დანას დაარტყამდა და არ აცოცხლებდა მას, რის შედეგადაც ნ---- მ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გ------- ბ--–---ის ქმედებების შედეგად ნ---- მ----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენით გ------- ბ--–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლება აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლება აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ბ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ–ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 15 მაისიდან, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ სასჯელის ნაწილში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გ------- ბ--–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებული უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ - ნ---- მ----–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით, მოწმეების - ნ----- ს-------–--ის, ლ-------------ის, და თ------- წ--–--–-–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით და თავად გ------- ბ--–---ის აღიარებითი ინფორმაციით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------- ბ--–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის ორი ეპიზოდი). მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები).
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეურიგდა დაზარალებულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში განსაზღვრის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი გ------- ბ--–---ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება და კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ალტერნატიული არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა ან დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, იმთავითვე არ გულისხმობს მის უსამართლობას. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, მართალია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის და მისი არსებობის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, მოცემულ შემთხვევაში, პალატა მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ს, ვერ დაუმძიმებს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელის ზომას, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად - სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, აპელანტმა კი დანიშნული სასჯელის ზომა მიიჩნია სამართლიანად და საბოლოო მოთხოვნაში მოითხოვა არა დანიშნული სასჯელის ზომის დამძიმება, არამედ პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმა. შესაბამისად, მიუხედავად კანონის მოთხოვნისა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას გასცდეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის ფარგლებს და დანიშნული სასჯელის ზომა უნდა დარჩეს უცვლელად.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას პირობითი მსჯავრის გამოყენებაზე უარის თქმის და სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დანიშვნის თაობაზე პალატა განმარტავს, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, რომ გ------- ბ--–---ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, დანაშაულის ჩადენის შემდგომი ქცევით დაიმსახურა დაზარალებულისგან პატიება, ასევე დანაშაულის ჩადენის მოტივის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, მსჯავრდებულის პირადი და ეკონომიკური პირობების და ქმედების შემდგომი ყოფა-ქცევის, გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, გ------- ბ--–---ის მიმართ გამოყენებული პირობითი მსჯავრი სრულიად საკმარისია მსჯავრდებულზე ზემოქმედების მოსახდენად, რომ მას გაუჩნდეს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა. შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გ------- ბ--–---ის მიმართ დანიშნული სასჯელი, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლით, 297-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სახელმწიფო ბრალმდებლის, თბილისის ისანი–სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლაშა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 20 ნოემბრის განაჩენი გ------- ბ--–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
გ------- ბ--–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის და 2019 წლის 15 მაისის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს:
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 10 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 15 მაისის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს დანარჩენები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- ბ--–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დროის პერიოდი - 2019 წლის 15 მაისიდან, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დამატებითი ვალდებულება გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად შეტანილი ფულადი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
მსჯავრდებული გ------- ბ--–---ი, საქართველოს სსკ–ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ვალდებულია და სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი. საქართველოს სსკ–ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- ბ--–---ის მიმართ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება – გ------- ბ--–---ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ერთი ცალი დანა – განადგურდე,.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მერაბ ჯორბენაძე